“ამაზე არავინ ლაპარაკობს!

“ამაზე არავინ ლაპარაკობს!"

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" შსსამინისტროს მიმართავს და 13 ივნისის სტიქიური უბედურების საკითხის ირგვლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციები გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას აპირებენ. რა კითხები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს განვითარებული სტიქიური უბედურების ირგვლივ, რა ნახეს საკუთარი თვალით და რა რეკომენდაციებით მიმართავენ ხელისუფლებას?

"კვირის ქრონიკას" არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" დამფუძნებელი, ვასო ურუშაძე ესაუბრა:

- სტიქიის ზონასთან ახლოს ვცხოვრობ. 13 ივნისის ღამეს, მთელი ღამე რიგით მაშველებთან ერთად ვიმყოფებოდი მოვლენების ეპიცენტრში. ძალიან ბევრი პრობლემა დავინახე შიგნიდან, მდგომარეობა იყო ძალიან ქაოსური და არაკონტროლირებადი.

რა ნახეთ ისეთი იმ საღამოს სტიქიის ზონაში, რაზეც ჯერ არ უსაუბრიათ?

- მივყვები ქრონოლოგიურად. დაახლოებით 21:00 საათზე, ძლიერი წვიმა რომ დაიწყო, შიგადაშიგ აივნიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნეოდა. დაახლოებით 22:00 საათზე, როცა წვიმა არ შეწყდა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, ისევ გავედი აივანზე და თვალი გადავავლე მოვლენებს. ჩემი აივნიდან ვერეს ხეობის ახალი გზა ძალიან კარგად ჩანს. განსაკუთრებით მზიურისა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდი. ამ დროს, ძალიან დიდი მოცულობის მეწყერი  ჩამოწვა სოფელ ახალდაბაში, რომელმაც ჯერ ჩახერგა და მთლიანად გაანადგურა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საავტომობილო  გზის 500-მეტრიანი მონაკვეთი და ამის შემდეგ ჩახერგა მდინარე ვერეს ხეობა და მიმდებარე ტერიტორია. ამ დროს ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე შეიმჩნეოდა წყლის დონის მატება, პრობლემა ექმნებოდათ ავტომობილებს გადაადგილებაში, ვხედავდი, მანქანებს ძრავი უქრებოდათ. ნელ-ნელა საცობს ქმნიდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არსად არ ჩანდა. 22:30 საათზე თავად დავრეკე 112-ში, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არავინ მიპასუხა. ამ დროს სტიქიის ნიშნები არ იყო, თუმცა, მოძრაობა უკვე პარალიზებული გახლდათ. მწყობრიდან გამოსული მანქანები კიდევ უფრო ემატებოდნენ. დაახლოებით 10 წუთში ჩავედი ახალ გზასთან. ამ დროს, ვაკე-საბურთალოს ხიდთან წყლის დონე იმდენად იყო მომატებული, რომ ავტომობილები თითქმის აღარ ჩანდნენ. იმდენად ძლიერი იყო წყლის ნაკადი, რომ ავტომობილები თან მიჰქონდა წყალს. იქ მყოფი ადამიანები ფიზიკურად ვერაფერს ვაკეთებდით, რადგან წყალთან ერთად მდინარეს უკვე ჩამოტანილი ჰქონდა მეწყრული მასები, ხის მასალა, ავტომობილები, ნანგრევები და სხვა, ფიზიკურად მიახლოება იყო შეუძლებელი. ბევრმა ადამიანმა მიატოვა ავტომობილი და ტერიტორიას გაეცალა, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ბოლო წუთამდე ცდილობდა, ავტომობილები არ მიეტოვებინა. ამ დროს უკვე, წყლის მეწყრული მასა იმდენად დიდი იყო, რომ მანქანებს სათამაშოებივით ატრიალებდა და ითრევდა. ჯოჯოხეთური ვითარება იყო. ვხედავდი ავტომობილს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაძირული, რომელში მჯდომი ადამიანიც შველას ითხოვდა. ფანჯრების ელექტრონული სისტემა, დასველების შემდეგ მწყობრიდან გამოდის და შუშის ჩაწევა შეუძლებელია, კარის გაღება მცდელობადაც კი არ ღირს, იმდენად დიდია წყლის წნევა. ამ შემთხვევაში, არსებობს ერთადერთი გამოსავალი, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეგლამენტის გათვალისწინებით, მძღოლებს ევალებათ, ავტომობილის სალონში იყოს სპეციალური ჩაქუჩი, რომელსაც აქვს ორი დანიშნულება - ერთი თავით არის ბასრი - ღვედის გადასაჭრელი, შესაძლოა ამ დროს ღვედიც გაიჭედოს, და მინის ჩასამტვრევი, ჩაქუჩი არის სპეციალურად მოწყობილი და ძალიან მარტივად, ერთი მირტყმით ხდება მინის ჩამტვრევა. სხვა ნებისმიერი ნივთით, რაც შეიძლება იყოს ჩვენს ავტომობილში, შუშის ჩამტვრევა თითქმის შეუძლებელია. სიტუაცია ბევრად რთული იყო, როცა არ ჩანდნენ მაშველები და არც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მაშველები რომ გამოჩნდნენ, ამ დროს ახალ გზაზე მთლიანად გაითიშა ელექტროენერგია და გარეგანათება, ხილვადობა თითქმის არ იყო, ისმოდა მხოლოდ ხალხის ხმა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. სიტუაცია იყო ქაოსური, არაკოორდინირებული, მაშველები არ იყვნენ აღჭურვილები შესაბამისი ტექნიკით, არ ჰქონდათ განათების ხელსაწყოები. რაციით გადმოეცემოდა ბრძანება, დახმარებოდნენ ხეობაში ჩარჩენილ ადამიანებს, რამაც გამოიწვია მაშველების აგრესია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო სამაშველო სამუშაოების განხორციელება, არ ჩანდა არაფერი. ამ დროს მაშველებმა ითხოვეს, გამოეშვათ ვერტმფრენი, რომელიც შეძლებდა ხეობის განათებას და მაშველებს მუშაობას გაუადვილებდა. ეუბნებოდნენ, რომ გადასცეს თხოვნა და შეეცდებოდნენ, გამოეშვათ. საბოლოოდ ვერტმფრენზეც უარი უთხრეს. მაშველები ამბობდნენ, თავს ხომ არ მოვიკლავთ, შეუძლებელია შესვლა ამ წყალში და რა გავაკეთოთო?! მაშველები მართლა უძლურნი იყვნენ, იმ დროს რეაგირება მოეხდინათ. როცა მოვიდნენ, ეს უკვე შეუძლებელი იყო. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, გამიჩნდა კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია:

1. თუ 22:00 საათზე ახალდაბაში ჩამოწვა მეწყერი და ჩახერგა ხეობა, რამაც მერე გამოიწვია ღვარცოფის დიდი მასის მოწყვეტა, რომელიც ვერეს ხეობაში ორ საათში ჩამოვიდა და 22:07 წუთზე ამის შესახებ 112-მა იცოდა, რატომ არ დაიწყო ევაკუაცია?

2. როცა სვანიძის ქუჩაზე, ათი დღის წინ ადგილი ჰქონდა დატბორვას, რატომ არ იყო გატანილი თბილისის მერიის სამსახურების მიერ, 3 ივნისს დატბორილ ტერიტორიაზე ჩამოტანილი ხე-ტყის ნარჩენები?

3. ორ საათზე მეტი ჰქონდა საპატრულო პოლიციას იმისთვის, რომ ახალი გზა ჩაეკეტათ, რატომ არ მოხდა გზის გადაკეტვა?

4. რატომ მოხდა 112-ის ცხელი ხაზის პარალიზება?

5. სად იყო ვერტმფრენი, რომელსაც მაშველები ითხოვდნენ?

6. რატომ არ მივიდნენ მაშველები დროულად სვანიძის ქუჩაზე?

ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ვითხოვთ პასუხებს, გამოძიების დაწყებას, რომლის მონიტორინგსაც პირად კონტროლზე ავიყვანთ. აუცილებელია, გამოძიება წავიდეს ამ მიმართულებით და არა ინფრასტრუქტურის კუთხით.

რატომ?

- რაც 13 ივნისის ღამეს მოხდა იმას ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ აგვარიდებდა, ეს იყო სტიქიური უბედურება, უბრალოდ შესაძლებელი იყო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა, სამთავრობო უწყებებს რომ დროულად და ეფექტურად ემოქმედათ. თუნდაც 112-ში ეპასუხათ ჩემს ზარზე და გადაეკეტათ მოძრაობა ახალ გზაზე. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჯერჯერობით არშემდგარი სახელმწიფო ვართ და არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ, მაშინ როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! 342-ე მუხლი, თანამდებობრივი გულგრილობა! იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობებისთვის, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პრიორიტეტი ექნება ადამიანების უსაფრთხოებას და ვერტმფრენებს მხოლოდ გამოფენაზე არ ვნახავთ 26 მაისს.

კი, ჩვენ ვწერდით, რომ იმ ღამეს ცუდად იმუშავა თავდაცვის სამინისტრომ და ტექნიკა არ დაახმარა სტიქიის ზონას. ეს შენიშვნა მაღალ ეშელონებში არ მოეწონათ და რატომღაც ჯარის შეურაცხყოფად მიიღეს!.. გამოძიების კონტროლი როგორ წარმოგიდგენიათ, რა ბერკეტები გაქვთ?

- რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ეს იქნება წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, სასამართლოს გზით და რა თქმა უნდა, აუცილებელია მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების ჩართულობა, პროცესი რომ გამჭვირვალედ წარიმართოს.