ვინ უშლის ივანიშვილს ხელს დაპირებების შესრულებაში?

ვინ უშლის ივანიშვილს ხელს დაპირებების შესრულებაში?

მწერალი მერაბ შათირიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს: "სააკაშვილმა, "რუსთავი 2" ის ჟურნალისტს, გაბუნიას, ინტერვიუ მისცა და წინასწარი მომზადებული გადაცემის ანონსში ყური მოვკარი ყოფილი "პრეზიდენტის" სიტყვებს: ქართული ოცნება ჩემი ოცნება იყო და, ამ კვაჭი კვაჭანტირაძემ (ივანიშვილს გულისხმობს) წამართვა!.. თვალები ჭეშმარიტი მამულიშვილის პათოსითა და სევდით მილულა... რა ნაღვლიანი და აღმაშფოთებელი გულწურვაა არა?!.. რა უფლებით ღვრის ეს შუბლში ძარღვგაწყვეტილი ადამიანი ნიანგის ცრემლებს?.. როდემდე უნდა ვითმენდეთ და ვუთმენდეთ, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტინაციონალური და ანტისაზოგადოებრივი ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის ამდაგვარ, საშიშ იდეოლოგიურად ზღვარმოშლილ პარპაშს?! უკრაინის მთავრობასა და პოროშენკოზე კი არ უნდა ავღელდეთ და გავბრაზდეთ, მოვიხედოთ, დავაკვირდეთ, დაუძინებელი მტერი სახლში გვყავს, "რუსთავი 2" და, თუკი ვარგივართ და, მოქალაქეობრივი ღირსების ნატამალი გრძნობა შეგვრჩენია, ასეთი "ბოროტების" ინფორმაციულ "სადგურს" საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ - თუნდაც მორალური სასჯელის ტოლფასისა!.." - წერს შათირიშვილი.

"ალია" მას დეტალებზე სასაუბროდ დაუკავშირდა:

ბატონო მერაბ, ამ სტატუსს ტყუილად არ დაწერდით, რამეს გეგმავთ?

- შესაძლოა, რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობის გაერთიანებული ფორმატით "რუსთავი 2"-ს სიცხე დავუყენოთ. ამ ტელევიზიას ქართველმა საზოგადოებამ ჭკუა უნდა ასწავლოს, ცხადია, ყველაფერზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ჰაერსაც უნდა აკონტროლებდეს, მოსახლეობა არ დაიხუთოს, თუმცა, ისეთ აგენტურ ტელევიზიას, როგორიც არის "რუსთავი 2", რომელიც თავისი იდეოლოგიით, ქვეყანაში განხეთქილების პროვოცირებით, აკონტროლებს კი არა, მათ ხაფანგებს ეგება და ხალხში სუსტი მთავრობის იმიჯს დღითი დღე იმკვიდრებს...

იყო კომერციული ტელევიზია და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული იყოს, არ ნიშნავს, სახელმწიფო დამნაშავეს, ძებნილ პოლიტიკოსს აპიარებდე და საშუალებას აძლევდე, რაც ჯოჯოხეთი დაატრიალა ქვეყანაში, კვლავ იმ ჯოჯოხეთის მოსალოდნელობა შექმნას... ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებასთან ერთად ვიღონებთ, რომ ამ ტელევიზიის დამაპირისპირებელი იდეოლოგიის მქადაგებელი "კანტორის" თავისუფლება შეიკვეცოს... შეიძლება კანონს არ არღვევდე, მაგრამ ჰაერს წამლავდე და მორალურად შხამავდე მსმენელის გონებასა და განწყობას.

კონკრეტულად რას გეგმავთ, როგორ აპირებთ "თავისუფლების შეკვეცას"?

- შევიკრიბებით და შევთანხმდებით, რა გავაკეთოთ და როგორ.

ისე "ნაცები" რომ ცუდები არიან, ვიცით, მაგრამ არც ეს ხელისუფლებაა დიდი მარგალიტი, ხომ ასეა?

- ხელისუფლება დიდი მარგალიტი რომ არაა, ამის შეფასება და ასეთი განწყობა თავად მისი ბრალია. კოჰაბიტაციაში შევიდა პარტიასთან, რომლის ლიდერები და მამამთავრები სისხლის სამართლის დამნაშავენი არიან, ცალკე ეს ადამიანები ციხეში ჩასვა (და სამართლიანადაც) და, მეორე მხრივ, მათი პარტია ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე დატოვა, როგორც ოპოზიციური ძალა. ამიტომაც არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ექსტრადირება არ მოახდინა დამნაშავე "ნაცმოელებისა"... ხელისუფლებას თავიდანვე უნდა გამოეაშკარავებინა 20 000-მდე ფაილი და, საერთოდ, მათი სიმყრალე ჰაერში უნდა გაეფანტა... მოხდა პირიქით, თითქოს დაინდეს. ახლა კი "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობის" მფარველობაში დანაშაულდება მოსახლეობის მიერ და მოსახლეობას ვერ გაამტყუნებ!.. ივანიშვილის დაპირებები სწორედ ამიტომაც ფერხდება, რადგან შემაფერხებელი ძალა, "ნაცმოძრაობის" სახით, თავად "ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა.

"ქართულმა ოცნებამ" ოპონირებისთვის რატომღაც "ნაცმოძრაობა" არჩია და ესეც მათთვის დამღუპველი იქნება, ვიდრე გონს არ მოეგებიან და ხალხთან არ შევლენ ჯანსაღ პოლემიკაში... ასე რომ, დაპირებების შესრულებას შედეგი არ ექნება, არ გამოჩნდება და, ამის მიზეზი ხელისუფლებამ თავის თავში უნდა ეძებოს, თუ ვერ იპოვის, დიდი ხანი არ დაჭირდება, რომ "ნაცმოძრაობას" გადაჰყვეს.

როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ივანიშვილის დაპირებებზე უნდა გკითხოთ, მესამე წელი გადის და ხალხი უარეს დღეშია ჩავარდნილი. არ იციან რომ ხალხი მოჰკითხავს?

- "ქართულმა ოცნებამ" საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომ აქტივისტები გაანაწყენა, უმადურად მოექცა და მათ ნაცვლად, მედროვე ადამიანები, ძირითადად, მედროვე "ნაციონალები", "ქართული ოცნების" "ცხვრის ქურქში" შემძვრალი ყოფილი მოხელეები შეისისხლხორცა, თითქმის ყველა რეგიონში ერთნაირი სურათი და ერთნაირი უკმაყოფილებაა და იცით, ეს უკმაყოფილება რამ განაპირობა? სწორედ "ქართული ოცნების" აქტივისა და მხარდამჭერთა განაწყენებამ; დასაქმებაზე კიდევ არ არის საქმე, მაგრამ ძაღლად რომ არ ჩააგდებ შენი მომხრის თავდადებას, მისი ბრძოლის შედეგად სავარძელში რომ წამოიპლაკები და, ყველაფერს თავი დავანებოთ, ვისაც ეს ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლოდ შენთან ერთად ებრძოდა, თანამებრძოლს დაივიწყებ და გამარჯვების სიკეთეებით ყოფილ მოწინააღმდეგეს დაასაჩუქრებ, ვერაფრით ასცდები ფიასკოს... ღმერთმა ქნას, ეს ელექტორატი გაერთიანდეს, მერე ნახავენ, ვისთვის უნდა ეცათ პატივი, ვინ უნდა დაეფასებინათ და ვინ - არა!.. იყო დემოკრატიული მთავრობა და ხავერდოვანი მმართველობა გქონდეს, იმას არ ნიშნავს, ხალხი მოუსვენრად გყავდეს და საყოველთაო უიმედობა სუფევდეს შენს ქვეყანაში და იცით, ამ ყველაფრის თავი და თავი რა არის?.. ისევ და ისევ, "ქართული ოცნების" მთხლე პოლიტიკა "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ!