რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა "ვიკილიკსმა" მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის, საუნაში გაკეთებული ფარული ჩანაწერი გამოქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი გაკეთებულია ამა წლის 14 ივნისს, 22:27 საათიდან 01:52-მდე:
"მ.ს.: ამდენ ფულს რომ აგზავნი დამპალ პროკურორებზე და მოსამართლეებზე, რას აკეთებენ. რას!
ზ.ა.: მაიცა, მიშა! ყველაფერი უკეთესად მიდის. უკრაინაში შენი აქტიურობით, საერთაშორისო დონეზეც კარქათ წავიდა ხო. ამან შეცვალა ყველაფერი. ხო შეეცადნენ ჩვენ დაჭერას, გამოუვიდათ რამე, პირიქით, ოდესაში რომ წამოვედით, ამან კიდე უფრო შემოატრიალა. მერე ამერიკელებმა ბიძინას მინისტრები რომ დაანიშნინა, თინა და სხვები, ყველამ იცის რო შენი თანხმობით იყო. ამან საქართველოში ყველა თანამდებობის პირი და ბიზნესმენი შეაფიქრიანა. ესეთი განწყობები გაძლიერდა. ეხლა ხო ხედავ კონტაქტები განახლდა. ამ მოსამართლეებმა და პროკურორებმა ჩემ ხელში გაიარა ყველამ. ეხლა ბევრს უნდა ჩვენთან ურთიერთობის აღდგენა. ამიტომ გაიზარდა ხარჯი. ბაჩოს საკითხი უკეთესობისკენ შევატრიალეთ. ვანომ რაღაცეები იყრანტალა, მაგრამ მაგასაც მივხედავთ რა. ირაკლის ხალხი რომ დააჭერინა ბიძინამ, ხო გახსოვს კაბელები, ეგ საქმე საერთოდ დაიშლება მალე. შენ საქმეზე კი რატომ მაჩერებ არ ვიცი, მართლა რა"...
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იარაღს ეხება:
"მ.ს.: მაიცა მაგას გეუბნები ეხლა! ამ პორტების გაერთიანებას ამერიკელებს მიცემენ, ეგენი ინვესტიციას ჩადებენ და დაიცავენ თან. მარიუპოლი რომ ააღებინონ რუსებმა დონეცკის შენაერთებს, პორტი ამერიკელების იქნება უკვე და ზომებს მიიღებენ, არ დათმობენ. კაროჩე ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ვაშინგტონს სხვა შანსი არ ქონდეს, ამ ომში აქტიურად უნდა ჩაერთოს. საბაბი არის შესაქმნელი. ხომ ხედავ გლობალური პროცესები მიდის როგორი. ევროპელები ათამაშებენ ტრაკს, მაგრამ ამ დღეებში პრიბალტიკა გამოაცხადებს ოფიციალურად იარაღის მიწოდებაზე და ამერიკელებიც აძლიერებენ იქ სამხედრო პოზიციებს. პოროშენკო ბოლომდე უჯერებს, თავიდან რომ ვეხმარებოდი, ახლა თვითონ აქტიურობს. ეგ საქმე აქტიურად მიდის. ლონდონში რომ ვიყავი, ფილიპ ბრიდლოუმ, იცი ვინ არის ეგა, ეგ ნატოს სარდალია ევროპაში, მითხრა, რომ უკან არ დაიხევენ და სერიოზული გეგმები აქვთ, მაკკეინიც იგივეს მეუბნება ყოველთვის. პრიდნესტროვიას მივაწვებით ერთად, ბლოკადა უკვე დაიწყო, მთავარია მძიმე შეიარაღების შემოტანა უნდა დაჩქარდეს. მერე ხომ გითხარი, იქ ჩვენი ფირმებია მაკკეინთან ერთად. შენც ხარ იქ. მთელი იარაღი ჩვენით უნდა შევიდეს.
ზ.ა.: მიშა, მე იქ როგორა ვარ, იმ ფირმებში დაფიქსირებული არ ვარ! ბალტიისპირეთმა თუ ოფიციალურად შეიტანა, ჩვენ რა შუაში ვართ ვერ გავიგე!
მ.ს.: რა ვერ გაიგე, რა! კაცო, პრიბალტიკას ტექნიკა აქვს გამოსაცვლელი, უკრაინას ამერიკა ამისთვის ფულს აძლევს. იყიდიან იქ რაღაც ტექნიკას, ისინი კი შეიძენენ ამავე ფულით, ახალ შეიარაღებას. ამერიკიდან მიიღებენ. აბა პრიბალტიკელები რისი გადამხდელები არიან. ასე დაატრიალებენ, თან დაამატებენ ერთ-ორ ტანკს და "ბეტეერს" ჩამოწერილს და ვსიო. ვერ ხვდები! მაგათ რა შეიარაღება უნდა მისცენ კიევს, ეს ზღვაში წვეთია, თვითონ ფაქტს აქვს მნიშვნელობა. ამერიკელები დაიწყებენ მიწოდებას მერე პირდაპირ აქ ჩვენთან. რუსებს ჰგონიათ, რომ დონბასში ომი შეაჩერეს, კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, როგორც სხვაგან გააკეთეს. ამერიკელები ვიეტნამს უკეთებენ პუტინს ცხვირწინ, ხოდა ჩემო კარგო იარაღის წამოსვლას ველოდები. ხომ გითხარი, ჩემი კომპანია იქ არის დამფუძნებელი და ხუთი პროცენტი შენია".
ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, აზრი ორად გაიყო. ერთნი ამბობენ, რომ აგერ, ხომ ვამბობდით, ესენი რა დღეში არიანო, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ეს აბსურდია. ჩვენი რესპონდენტი, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე პირველ კატეგორიას ეკუთვნის და "ქრონიკასთან" სკანდალურ განცხადებებსაც აკეთებს:
- ჩანაწერში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. მოსყიდვა, დაშინება და შანტაჟი ნაციონალების მეთოდია, ასე მართავდნენ ისინი ქვეყანას. ყველაფერი მათ ხელთაა და როგორც უნდათ, ყველაფერს ისე აწყობენ ახლაც. ეს ვის უკვირს? ამაზე თქვენთან უამრავჯერ მისაუბრია. უკრაინაში "ნაცების" შეკრება გაიხსენეთ. ახლა, ისინი ახალ შეფუთვაზე მუშაობენ და ახალ გეგმებს აწყობენ. ხელისუფლების ცვლილებიდან დღემდე, ჯერ გადარჩენას ფიქრობდნენ. ეს რომ გაინაღდეს, ახლა შეტევაზე გადავლენ. მე გეტყვით, ვის გულისხმობდა ადეიშვილი, როცა ამბობდა, რომ მოსამართლეები მოსყიდულები არიან. როცა წარსული იცი, არ არის რთული აწმყოს ახსნა. მიშა რომ ფულზე საუბრობს, სად მიდისო ამდენი ფული, ადეიშვილი ეუბნება, - ვანიჩკა ძალიან ცუდად ამღერდა, მაგრამ არაუშავს, ამას მოვაგვარებთო. სამართლებრივ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, ვანო მერაბიშვილმა ითანამშრომლა ხელისუფლებასთან, ანუ ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თუმცა ამის თაობაზე პროკურატურა არაფერს არ ამბობს. სამაგიეროდ, ადეიშვილი ამბობს, ამ ყველაფერს ჩავფარცხავთო და ასეთ საქმეებში მიდის ფულიო. საკმაო დრო გავიდა ამ მასალების გასაჯაროების მერე. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთავარი პროკურატურიდან გამოსულიყო ვინმე და ეთქვა, რომ ადეიშვილისა და სააკაშვილის აუდიოჩანაწერზე დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, რომელი მოსამართლეებისა და პროკურორების მოსყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ასეთი რამ არ გაკეთებულა, ანუ არ დაწყებულა გამოძიება.
თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რომელ მოსამართლეებსა და პროკურორებზეა საუბარი?
- რამდენი ხანია ვამბობ, რომ პროკურატურაში ადეიშვილის კადრები არიან უმეტესად პროკურორები, ხოლო მოსამართლეები სულ ადეიშვილის კადრები არიან. ჩვენ სასამართლოს სისტემაში გვყავს ბევრი ისეთი მოსამართლე, რომლებიც ადეიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ამ მოსამართლეებს არ სჭირდებათ მოსყიდვა, უბრალოდ, ადეიშვილი სტიმულს აძლევს ფინანსური საკითხით, თორემ მათ მართლა არ სჭირდებათ მოსყიდვა. მე გეტყვით რომელ მოსამართლეებზეა საუბარი, ვინ დაუდგება და უდგას გვერდზე ადეიშვილს. უზენაეს სასამართლოში ასეთი სამი ოდიოზური ფიგურაა. ესენი არიან - მეიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე და ოშხარელი; სააპელაციო სასამართლოში - ცერცვაძე, შავლიაშვილი, სილაგაძე;
სასამართლო სისტემაში, კიდევ ბევრი მოსამართლის დასახელება შეიძლება. მაგალითად, გია ჩემია, მაია თეთრაული, ზაზა მეიშვილის დეიდა - ლია ორკოდაშვილი, გია კახეთელიძე, გელა ბადრიაშვილი. ასევე, დააკვირდით განვითარებულ მოვლენებს. მოსამართლეების მოსყიდვას ახლა მივაქციეთ ყურადღება, ჩანაწერის გამოქვეყნების მერე, მაგრამ რეალურად ეს პროცესები 2012 წელს დაიწყო. ადეიშვილი ზის წყნარად და უკვეთს მუსიკას, ყველა ის პროკურორი, რომელიც "ნაციონალების" საქმეებს იძიებდა და ყველა ის მოსამართლე, რომელიც ამ საქმეებს იხილავს, არის მოსყიდული. გვარები და სახელები ყველამ იცის. პარალელურად დაშანტაჟებულებიც არიან.
რის საფუძველზე ამბობთ ამას?
- განაჩენებს დააკვირდით. ბაჩო ახალაიაზე მარტო 7 გამამართლებელი განაჩენი დადგა.
ძალიან ბევრი ადამიანის სახელი და გვარი დაასახელეთ. რომ ადგეს რომელიმე მათგანი და გიჩივლოთ სასამართლოში, რის იმედად ხართ? რით დაიცავთ თავს?
- მიჩივლონ. რას ვამბობ უსამართლოს?!
ადეიშვილმა კი დატოვა ეს კადრები, მაგრამ მას მერე 3 წელი გავიდა და ვინ მფარველობს ამ ადამიანებს ხელისუფლებაში?
- ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. თავიანთ თავებზე ზრუნავენ და მალავენ მტკიცებულებებს, ანუ ერთმანეთს მფარველობენ.
მოსმენების თემას დავუბრუნდეთ. სააკაშვილს უკრაინელები უსმენენ თუ რუსები?
- რუსეთის ხელია თუ უკრაინის, ფაქტია, რომ უკრაინელები დებილები არ არიან და ნელ-ნელა აზრზე მოდიან, მაგრამ იმათაც ამერიკა აზით თავზე, ჩვენსავით.
უკრაინაში, კონკრეტულად ვის ინტერესებში შედის ამ ადამიანების გაკონტროლება?
- უკრაინაში არის ისეთი ძლიერი პატრიოტული ჯგუფი რომელმაც იცის, ვინ არის და რის მკადრებელია სააკაშვილი. მაგალითად, კოლომოისკი. სრულიად სარწმუნოა, რომ ეს ადამიანები იარაღით ვაჭრობენ. საქართველოშიც იგივეს აკეთებდნენ, ოღონდ იქ მასშტაბებია დიდი... ახლა გამახსენდა, გავიგე - ქარდავა იარაღით ვაჭრობსო. მიშა და ადეიშვილიც ხომ იარაღით ვაჭრობაზე საუბრობენ?! საინტერესო დამთხვევაა. ქარდავა მიშას კაცია... მოვუწოდებ პროკურატურას - ჩემს დევნას თავი დაანებოს და მიშასა და "ნაციონალების" საქმეები გამოიძიოს. მაგრამ სანამ საქართველო ამერიკის კოლონია იქნება და სანამ ამერიკელი გუბერნატორი გვეყოლება, მანამ არც სამართლიანობა აღდგება, არც მიშა და მისი ბანდა არ დაისჯება და შეიძლება რუსეთთან ახალ ომსაც გამოვკრათ ხელი. საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს, რაც ამერიკას არ აწყობს, ამერიკას სჭირდება რუსეთთან დაპირისპირებული და თავისი ყურმოჭრილი მონა საქართველოს სახით.
შეიძლება რუსეთთან ახალ ომსაც გამოვკრათო ხელიო, რამე იცით ამის შესახებ?
- რუსეთთან ომისთვის, ახალი კონფლიქტისთვის, სულ პატარა პროვოკაციაც კი საკმარისია. მიშა კი პროვოკაციების დიდოსტატია. დანარჩენზე საუბრისგან ახლა თავს შევიკავებ.