რა შეუთვალა დასავლეთმა ივანიშვილს ღარიბაშვილის პირით?

რა შეუთვალა დასავლეთმა ივანიშვილს ღარიბაშვილის პირით?

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მოწმის სტატუსით დაკითხვას პროკურატურა აღარ განიხილავს: "ახლა აღარ არის აქტუალური ჩემი მოწმის სახით დაკითხვა. თქვენ გგონიათ, სინდისმა შეაწუხათ და გონება გაუნათდათ?! რეალურად, ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს. ელჩი მოვიდა დაწერილი წერილით ამერიკიდან და უთხრეს, თქვენ, ეტყობა, ვერაფერი გაიგეთო. ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. ეს კი გამოვიდა და თქვა, რომ არაფერი უთქვამთო. უფრო მეტიც, გაფრთხილება იყო არა ღარიბაშვილზე, არა ვიღაც პროკურორზე, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო. ამაზე ილაპარაკეს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა დონეზე. უთხრეს: "შენ დაგიწესებთ სანქციებს, შენს ანგარიშებს დავაყადაღებთ, შენს ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, შენ ვეღარ გადაადგილდები, შენ გექნება პრობლემებიო".

"ალიას" ესაუბრება კანცელარიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე:

- ძირითადად ყველაფერი ის, რაც სააკაშვილმა გააჟღერა, ტყუილია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ადამიანი ნებისმიერი ტყუილის შემცველი ინფორმაციის გაჟღერებისას საუბრობს ისე, რომ ემოციებიდან ვეღარ გამოდის. მას აქვს ის იშვიათი და არა უნიკალური თვისება, რომ იმ მომენტში, როცა ტყუილს ამბობს, ალალად სჯერა ამ ტყუილისა. სააკაშვილი ყვება, რომ აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს 2008 წელს მიფრინავდა ფოთში, იჯდა პილოტის გვერდით, ღრუბელ-ღრუბელ მიფრინავდა და გარშემო ღრუბლები გაძეძგილი იყო რუსული თვითმფრინავებით, ამ დროს კი ფოთში საერთოდ ნამყოფი არ იყო, აგვისტოს ბოლომდე. ამას ისეთი ეიფორიით ყვებოდა, რომ დარწმუნებული ვარ, სჯეროდა თავისი ნათქვამის. მან გულწრფელად წარმოიდგინა, როგორ მიფრინავს ფოთში და როგორ მისდევენ რუსული თვითმფრინავები და ის მაინც, როგორც ერის ლიდერი როგორი უშიშარია, ალყაშია და მაინც მიფრინავს. ამ ინფორმაციას იმიტომ გეუბნებით, რომ მინდა თქვენმა მკითხველმა იცოდეს, როგორი "უნიკალური" ნიჭის ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც ნებისმიერ ქარიზმატულ ტყუილს მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ საკუთარ თავს ფსიქოლოგიური თერაპია ჩაუტაროს. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რაც მან გააჟღერა, ნამდვილად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა არხებით უცხოელებმა და ძირითადად ამერიკელებმა დიპლომატიური ენით აგრძნობინეს ჩვენ ახალ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, თუნდაც მოწმედ დაბარება გამოიწვევს ხმაურს, მაგრამ არამც და არამც ისე, როგორც ეს სააკაშვილს წარმოუდგენია თავის ყველაზე ნათელ ფიქრებში.

სააკაშვილმა საკმაოდ სერიოზული ბრალდება წაუყენა ყოფილ პრემიერს, თუკი სააკაშვილს დავუჯერებთ, გამოდის ივანიშვილმა საკუთარი კაპიტალის დასაცავად უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე?

- ის, რომ საქართველოს ვინმე ემუქრებოდა სანქციებით და მით უმეტეს, უკვე გადამდგარ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც აღარაფერი აკავშირებს ხელისუფლებასთან და ძალაუფლებასთან, ეს არის ისეთი ტყუილი, რომელიც გებელსსაც კი შეშურდებოდა. ეს გამორიცხულია, მე უცხოელებსაც კარგად ვიცნობ და მათ მიდგომასაც. ეს რომ წამოცდენოდა ვინმეს და თუნდაც კულუარულად გაეჟონა ამ ინფორმაციას, ის ადამიანი ყველაფერს დაკარგავდა, თანამდებობასაც და ავტორიტეტსაც, ისეთი უკანონობაა ის, რასაც სააკაშვილი ამბობს. გარდა ამისა, ივანიშვილის პიროვნებიდან გამომდინარე მისი დაშანტაჟება, მით უფრო, რომ ის აღარ იყო ხელისუფლებაში, ძნელად დასაჯერებელია.

ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს განცხადება, რომ სააკაშვილის ნათქვამი არის ყველაფერი ტყუილი და რომ მსგავსი რამ უცხოელი დიპლომატების მხრიდან არ მომხდარა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს შეერთებულ შტატებსაც და დასავლეთსაც, დაადასტურონ, რომ სააკაშვილი ტყუის, ვინაიდან ეს ტყუილები საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს. მოღალატე და სადისტური სისტემის შემქმნელი სააკაშვილი, მიზანმიმართულად ცდილობს, ხალხის დიდი ნაწილი დასავლეთის წინააღმდეგ განაწყოს და ამას აკეთებს ოსტატურად ტყუილების ხარჯზე. საზოგადოებას, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, წარმოიდგინეთ, რა დამოკიდებულება გაუჩნდება დასავლეთზე, რომელიც სააკაშვილს რომ დავუჯეროთ, იცავს პირსისხლიან ჯალათს. სააკაშვილის ტყუილები საქვეყნოდ არის ცნობილი და მისი გახსენება შორს წაგვიყვანს.

სააკაშვილი ირწმუნება, რომ დასავლეთში ყველამ კარგად იცის, კორუფციასთან არანაირი შეხება არ მქონიაო. რით ვეღარ გამოასწორეს, ისევ ასე ცუდად მუშაობს "ქართული ოცნების" პიარი დასავლეთში, რომ დღემდე "დემოკრატიის შუქურად" მოიხსენიებენ ექსპრეზიდენტს?

- სად იყო ოცნება, როდესაც ჯერ კიდევ 2007-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და ცალკეული პირების განცხადებებში პირდაპირ იყო საუბარი ელიტარული კორუფციის აყვავებაზე საქართველოში. ნახეთ "ოქსფორდ ანალიტიკის" ანგარიში 2010 წელს გამოქვეყნებული, სადაც საუბარი იყო ბიზნესის ტერორზე და მოყვანილი იყო კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებები. დამიჯერეთ, როცა ვამბობ, რომ ძალიან ახლოს ვიცნობ სააკაშვილს-მეთქი, არ ვაჭარბებ. ვიცი, პირველი, ვის გამოც იტყუება, ესაა საკუთარი თავი, ეს არის საკუთარი ფსიქოთერაპია მისთვის. მან იცის რამდენი მილიარდი წაიღო ქვეყნიდან და რამდენი გაფლანგა ადგილზე, იცის, რა ქონება ჩამოურიგა დედამისსა და ბიძაშვილებს, ამიტომ ახლა ამ ტყუილებით თერაპიის კურსს იკეთებს, ფსიქოლოგიურ შვებას გრძნობს, როცა ამას ამბობს, თორემ დასავლეთშიც და შეერთებულ შტატებშიც ძალიან კარგად იციან მის შესახებ. ტყუილებით სიმართლის გადაფარვა და ამით ძალაუფლების შენარჩუნება პიარის ერთ-ერთი ხერხია, სააკაშვილს კი პიარი არ ესწავლება. ცუდი ის არის, რომ "ოცნების" ლობისტების მუშაობა დასავლეთში კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ არ უნდა შერჩეს სააკაშვილს ეს ტყუილები და უნდა დაიგზავნოს მიმართვა ყველგან, რათა აშკარა გახდეს ამ ცნობილი მატყუარას რეალური ზრახვები.