"ამათ მარტო ჩვენი ეშინიათ“

როგორი იყო 2014 წელი "ლეიბორისტებისთვის" და რა გაითვალისწინა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნებიდან? რას აპირებენ, როგორ გააგრძელებენ ბრძოლას და რას დაუპირისპირებენ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. რეჟიმს? ამ თემაზე "ქრონიკას" მათი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ესაუბრება:

- 2014 წელი აღინიშნა სახელისუფლებო კრიზისით, მოხდა განხეთქილება უმაღლეს ტრიუმვირატში, ვგულისხმობ პრეზიდენტისა და ივანიშვილის დაჯგუფებებს. შემდეგ ეს გაგრძელდა სამთავრობო კრიზისით, მოხდა განხეთქილება ალასანიას დაჯგუფებასა და ღარიბაშვილს შორის, ეს გადაიზარდა თვითმმართველობის კრიზისში - მოხდა ადგილობრივი სტრუქტურების დაშლა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ივანიშვილი გადაურჩა თავისი უკანასკნელი იმედის დახმარებით - მოსყიდული "ნაციონალებით" და მილიონერი მაჟორიტარების წყალობით.

ისე, "ნაციონალების" გადასვლა უმრავლესობაში წლის გარიგება ნამდვილად იყო.

- არამხოლოდ წლის, საუკუნის პირველი ნახევრის მაინც! რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკური კრიზისია, ეს ჰგავს ავთვისებიან სიმსივნეს და აუცილებლად მიდის მეტასტაზები. ასე წავიდა მეტასტაზები სოციალურ სფეროში, ეკონომიკაში და სულიერ ასპექტში, ასევე საგანმანათლებლო და საგარეო საკითხებში. მე ვთვლი, რომ 2014 წელი დამთავრდა ივანიშვილის იდეოლოგიის სრული კრახით.

არადა, 2015 წლიდან, დაპირების მიხედვით, უნდა გავბრწყინებულიყავით.

- ეს იყო ჟვანია-სააკაშვილის მიერ 1990-იან წლებში შემოგდებული მილიონი სამუშაო ადგილის ივანიშვილისეული ინტერპრეტაცია. ოღონდ იქ არ იყო წლები დაკონკრეტებული... ასე ვთქვათ, "ნამუსიანი" ტყუილი მოგვახვიეს თავს. ახლა შემოგვიგდეს უნამუსო ტყუილი წლების მითითებით. თვითონ მოიმატეს პრემიები, დანამატები, პენსიონერებს დაჰპირდნენ 10 ლარის მომატებას სექტემბერში და იქამდე დააგდეს ლარის კურსი, იმ დონემდე, რომ ის 10 ლარი უკვე გაანულეს.

ახლაც ეროვნული ბანკი ყოველდღე აგდებს ლარის კურსს ერთი პუნქტით.

- ეს არის პოლიტიკური კრახის თანამდევი მოვლენა, ფული არ შედის ბიუჯეტში, ივანიშვილს არ უნდა, თავისი მილიარდებიდან ერთი თეთრი მაინც დახარჯოს, ფული ინვესტიციად გადააქციოს და რა უნდა ქნან? ლარის კურსი უნდა დააგდონ, რათა მეტი გადაახურდაოს ხალხმა და მეტი შევიდეს ბიუჯეტში. აი, ეს არის ამის ფილოსოფია, მეტი არაფერი, სხვა ახსნა ამას არ აქვს.

ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოდის და არც ფული აკლია, რაოდენ უჯიშო თუ მაგარიც არ უნდა იყოს, მას უნდა აწყობდეს, რომ ხალხი ჰყავდეს, ასე თუ ისე, დაპურებული, რათა სიმშვიდე სუფევდეს და თვითონაც წყნარად იყოს. რატომ ხდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხისკენ აღარ იყურებიან?

- ეგ კითხვა მარტო შენ არ გიჩნდება... რამდენიმე წლის წინათ აქ იყო შვედეთის ელჩი, ერთი შეხედვით ცივი და გულქვა სკანდინავიელი, რომელმაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მითხრა: თქვენს მთავრობას არ რცხვენია, ასეთ სიღარიბეში რომ ჰყავს საკუთარი ხალხიო? ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინათ. სიღატაკის ასეთ დონეს არსად არ აკანონებენ, ვინმემ რომც მოინდომოს, ამას ხალხი არ დაუშვებს, თქვენ ვინ ხართ, რა ხალხი ხართო?

იმ უცხოელ ელჩს რა უპასუხეთ, რატომ ვცხოვრობთ ასეთ დაკანონებულ სიღატაკეშიო?

- მე შემრცხვა... იცი, დაახლოებით როგორ მითხრა? დათა თუთაშხია რომ ეუბნება ხალხს: ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, რას დაგამსგავსათ ამ გათახსირებულმა სეთურმაო?! ფაქტობრივად, ეს მითხრა კაცმა ევროპულად, ამდენს როგორ ითმენთო?

ჩვენ არც ერთ ხელისუფლებას არ ვეუბნებით, არ მოიპარო, პრემიები არ გამოიწერო, უბრალოდ ხალხსაც რომ გადმოგვიგდონ რამე, წყნარად ვიქნებით.

- სამწუხაროდ, მაშინაც არ ვიღებთ ხმას, როცა თბილისის გამგეობები ასობით კუბოს ყიდულობენ ამომრჩევლებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ქორწინებები წაახალისონ, მშობიარობა წაახალისონ, სამუშაო ადგილები შექმნან, პენსიები მისცენ, მკურნალობა მართლა გახადონ უფასო, კუბოებზე აცხადებენ ტენდერებს. რა საყოველთაო დაზღვევა? აგერ, ახლა დამჭირდა სისხლის ანალიზი და 130 ლარი გადავიხადე. თუ ეს თანხა არ აქვს ადამიანს, ვერ გაიგებს, რომ სისხლი გაუთეთრდა და უნდა მოკვდეს! თუ გადაუდებელში არ ჩაგითვალეს, არც დაზღვევა მოქმედებს და არც საყოველთაო. ამათ უფასო კუბოებით დაიწყეს პირდაპირ.

2014 წელს "ლეიბორისტებს" ბევრი მოთხოვნა გქონდათ, რამდენიმეს გავიხსენებ: აქციზზე ფასის შემცირებატექდათვალიერების ვადების გადაწევა, გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული ჯარიმების შემცირება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და ასე შემდეგ. შედეგი რა იყო, აქედან რომელიმე გაითვალისწინა ხელისუფლებამ?

- ამ მოთხოვნების შემდეგ ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ ამათ მარტო ჩვენი ეშინიათ, ყველა პოლიტიკური პარტია მოისყიდეს და ყველა დუმს. თუ სოციალურ სფეროში კიდევ ბევრი რამე არ ფუჭდება, თუ არ იზრდება ტარიფები და გადასახადები, ეს არის ჩვენი დამსახურება. ეშინიათ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ დიადნი ვართ, უბრალოდ ერთ ამბავს ავტეხთ. წინასაახალწლო დღეებში ლარის კურსს რომ აგდებდნენ, ეს გათვლილი ჰქონდათ, 2,5 დოლარზე უნდა დაესვათ, ჩვენ ვიყვირეთ, ყოველდღიურად აქციები ვმართეთ და გაჩერდნენ. თუმცა ეს გაჩერება არ არის გარანტია, რომ ლარს ისევ არ ააწყვეტინებენ იანვრის ბოლოს. ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, საქართველოც დაეყენებინა ფეხზე, ისტორიაშიც შესულიყო სამუდამოდ, ამისთვის ბევრი არაფერი არ იყო საჭირო, მაგრამ არ აკეთებს. მაგალითად, ახლა სტამბულში ერდოღანი აშენებს უზარმაზარ ავია-ჰაფს, რომელზეც იქნება კონცენტრირებული მსოფლიო ავია-ხაზები და ლამის მთელ სამყაროს დაიპყრობს ამ კუთხით. აქ შედის 80-მილიონიანი ირანი, პაკისტანი, ჩვენი რეგიონი და ასე შემდეგ. თურქეთი პრაქტიკულად ხდება მონოპოლისტი ამ სფეროში. ახლა რომ ივანიშვილს თავისი მილიარდებიდან ცოტა მოეკლო და შეექმნა სახელმწიფო ავიაკომპანია, ლიზინგით აეღო დაახლოებით 10 საჰაერო ხომალდი, გაეხსნა რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, დამერწმუნეთ, ირანი, პაკისტანი, მთელი კავკასია მოაწყდებოდა თბილისის აეროპორტს და ბიუჯეტის შევსებაც პრობლემა არ იქნებოდა.

რატომ არ აკეთებს, ეს ხომ მაგარი ბიზნესია?

- მას ხარჯის გაწევა აღარ უნდა... ის ახლა მხოლოდ ხარჯებს ეწევა ნინელი ჭანკვეტაძეზე, ქეთი დოლიძეზე, გაცვეთილ და ვირეშმაკა ოლიმპიურ ჩემპიონებზე, დაქირავებულ ოპოზიციაზე. რაც მაგან დახარჯა, უკვე ამოიღო ათმაგად. მოვა დრო, დასხდებიან აუდიტორები და ამ ყველაფერს დაიანგარიშებენ. მან ქვეყანა გამოიყენა ფარად, ფული ათეთრა, ფიზიკურად თავი გადაირჩინა აღარაფერიც აღარ აინტერესებს. დღეს საქართველო არის მისი თავშესაფარი და ჩვენ ვართ მძევლები. თუ ამას ქართველები ვერ გავიგებთ, ჩვენ კიდევ გამოგვიჩნდებიან ახალი ივანიშვილები... რაკი მილიონერებმა გაიგეს, საქართველოში ფულით ხელისუფლების ყიდვა შეიძლებაო, რიგები დგას. მალე გამოგვეცხადებიან ებრალიძეები, ვასაძეები, მალე ტელევიზიებს გაგვიხსნიან და ამდენ ტალახს ვეღარ ჩამოვირეცხავთ. არ შეიძლება, ჩვენ გვიყიდოს ჯერ სოროსმა, შემდეგ გვიყიდოს ადგილობრივმა სოროსმა და სულ ვიყოთ ასე გაყიდულები. თუ საკუთარი თავი არ განვწმინდეთ, ივანიშვილები ყოველთვის მოვლენ და ყოველთვის იქნებიან. ეს ივანიშვილის კი არა, ჩვენი ბრალი იქნება.

არა მგონია, ივანიშვილი კმაყოფილი იყოს იმით, რაც ხდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სამთავრობო ცვლილებები მას უკავშირდება? სოსო ცინცაძემ იცის ხოლმე თქმა, ყველა მკვდარ კატას ერთ კაცს ნუ ჩამოვკიდებთ კისერზეო, ჩამოვკიდოთ ყველა მკვდარი კატა ბიძინა ივანიშვილს? იქნებ პრობლემა მის გარემოცვასა და ხალხშია?

- ქართველ ხალხში რა პრობლემაც არის, მე წინა შეკითხვების დროს პასუხები გაგეცი... ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის ერთადერთი რამ - მას უყვარს მხოლოდ ფული, საკუთარი თავი და თავისი ოჯახი. ამ ფულის გამო მზადაა, დაგვახურდაოს და დაგვდოს ნებისმიერ დახლზე. ეს მისი ტრაგედიაა, შეიძლება მას ეს მიაჩნია ნიჭად არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ფილოსოფიაშიც... მას ახლა ნიცშეს კრიტიკაც დაუწყია და წერს წიგნს ადამიანზე. ალბათ, სჯობს, დაწეროს წიგნი არაადამიანზე ან მატყუარა ადამიანზე, თანაც ეს გააკეთოს საკუთარ თავზე დაკვირვებით, უფრო კარგი გამოუვა. ივანიშვილმა ისტორიაში ჩაიდინა უპრეცედენტო რამ, მან ჩაბარებული ნდობა გაყიდა. ხალხმა მისცა ხმა, მართლა მისცა, 2012 წლის შემოდგომაზე მართლა არ გაუყალბებია, ჩვენი მომხრეები მაგასთან გავარდნენ, ეგონათ, ფულის წვიმა წამოვიდოდა. ამის შემდეგ ხალხის მანდატი გადააბარა უსუფაშვილს, "რესპუბლიკელებს" და სხვებს, რათა თვითონ პასუხისმგებლობა არ აეღო და ზედმეტი ხარჯი არ მოსვლოდა. დამისახელეთ ერთი სნეული ადამიანი, რომელიც მან ხელისუფლებაში მოსვლამდე ან მოსვლის შემდეგ დააფინანსა, მისთვის ქველმოქმედება არ არსებობს, მისთვის არსებობს ვაჭრობა.

აბა, სამებას, გზებს, სკოლებს, ამდენ დაფინანსებულ ინტელიგენციის წარმომადგენელს რა ვუყოთ?

- მისთვის არსებობს ბიზნესი და მოგება. აი, მე გეხმარები, ფულს გაძლევ? გამოხვალ არჩევნებზე და ილაპარაკებ ჩემს სასარგებლოდ. ის ხსნის ხალხს, ის ნიშნავს, ის იპარავს, ის იფორმებს სტრატეგიულ ობიექტებს, რაც რჩება, მისი პატარ-პატარა ფინიები ითვისებენ და მიდის ასე ცხოვრება. თუ ვინმეს მეტი მოუვიდა და ხელი წაუცდა, ეგრევე გააგდებს გარემოცვიდან.

ყველა ოპოზიციური პარტია ივანიშვილმა მოისყიდა, ამიტომ ყველა ჩუმადააო, "ლეიბორისტების" მოსყიდვის მცდელობა არ ყოფილა? მაგ საკითხზე პირადად არ დაგლაპარაკებიან?

- ჩვენი დაშლის მცდელობა ჰქონდა ივანიშვილს 2012 წლის ბოლოს და პირდაპირ ამისთვის გამოუშვა 5 მილიონი. მან პირდაპირ გამოაცხადა, ლიდერის გარდა ყველა "ლეიბორისტს" დაველაპარაკებიო და მერე გაუშვა ფული, რომელსაც გაჰყვნენ ვიღაცები, პარტია დარჩა ადგილზე. ამაზე კონკრეტულად აღარაფერს ვიტყვი. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩემთან ასეთი დალაპარაკებები არ ჭრის. ივანიშვილი ქართული პოლიტიკის უკან დგას 1999 წლიდან, შევარდნაძე პოლიტიკურ საკითხებს მას უთანხმებდა, რადგან აფინანსებდა ნუგზარას, ცეზარას, ახვლედიანს, პაატას და ყველას, ჯოხთაბერიძესაც. ფაქტობრივად, ქვეყანას ეგ მართავდა, შევარდნაძე მაგას ეკითხებოდა, "ლეიბორისტები" უნდა შეეშვა თუ არა პარლამენტში და არც გვიშვებდნენ. ვარდების რევოლუცია ვინ დააფინანსა? ბიძინა ივანიშვილმა. მაშინ ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში.

ყოველთვის ვფიქრობ, რომ მას თქვენ მიმართ რაღაც პიროვნული წყენა აქვს.

- შეიძლება პიროვნულიც არის, მაგრამ მე არ ვიცი... აქ პიროვნულზე მეტად იდეოლოგიური მომენტია, მაგან იცის, რომ მე კლასობრივი მტერი ვარ მილიონერის პარტიისა, რომელმაც ძალაუფლება იყიდა. ჩვენ ვართ კლასობრივი მტრები. მან იცის, რომ ჩვენი გაძლიერება ნიშნავს მილიონერების გაძევებას პოლიტიკიდან, მათ ჩახსნას, მათ დაბრუნებას ეკონომიკაში. ეს კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, როგორ გაზარდა საკუთარი ხელით ზვიგენი. იმას კი არ ამბობს, მილიარდერმა ერთი უპატრონო ბავშვი ავიყვანე და გავზარდეო, სკოლა-ინტერნატს მივხედეო, ზვიგენს ვზრდიო. რა უნდა ელაპარაკო ამის შემდეგ, როცა ამდენი ბავშვი მათხოვრობს ქუჩაში? როცა ამდენი ბავშვი მორიგეობს რესტორნების კუპეებთან, მისი ძმაკაცი მილიონერები ჭამას რომ დაამთავრებენ, შეიძლება 1 ლარი მაინც გაიმეტონ? ბოლო-ბოლო, ძერჟინსკი, რომელიც იყო ჩეკას დამფუძნებელი და ხალხს ხვრეტდა, ისტორიაში შევიდა, როგორც უპატრონო ბავშვების გადამრჩენი. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლა-ინტერნატები გახსნა და პირადად კურირებდა. შეხედეთ ბიზნესებს, ვინ სად და ვის უკან დგას, ესენი გვეუბნებიან, რომ "ნაციონალები" გაუშვეს სადმე, ან დასაჯეს? ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს, მილიონერი მილიონერს არ გასწირავს, მას არც ხალხი აინტერესებს და არც ქალაქში შექმნილი საცობები, მას ჰყავს რამდენიმე თვითმფრინავი, შეუძლია კომფორტულად გადაფრინდეს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ამას წინათ "პირველ არხზე" უსვამდნენ კითხვებს, თბილისში საცობები უკვე აუტანელია, რა გვეშველებაო? ასეთ დამღლელ კითხვებს თქვენ მაინც ნუღარ დაუსვამთ, ის ამაღლებული მოვლენაა და მოკვდავებისთვის დამახასიათებელი პრობლემები მას არ ეხება.

მაგ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებთ... 2015-ში რას აპირებთ და რა პროგნოზი გაქვთ?

- 2015-ში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა მანამდე უნდა გასწორდეს საარჩევნო კოდექსი.

როგორც მე მეუბნებიან, ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს არც საარჩევნო კოდექსის გასწორებაზე და არც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

- იმიტომ არ ფიქრობენ, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგაც პარლამენტში უნდა მოხვდნენ. მაჟორიტარიზმი უნდა მოისპოს, ეს არის საქართველოს უბედურება, მაჟორიტარები არიან ქვეყნის მკვლელები. საარჩევნო კომისიებში ყველას უნდა გვყავდეს თითო წარმომადგენელი, დღეს რომ 12-ვე წევრი ბიძინასია და მე ერთიც არ მყავს, ასე არ გამოვა. ხმების დათვლა უნდა მოხდეს ვიდეოგადაღების ქვეშ, რათა არ ჰქონდეთ საშუალება, პარტიებს თავიანთ ნებაზე უწერონ პროცენტები. რაც მთავარია, უნდა დაინერგოს არჩევნებში ვალდებულების პრინციპი. ვინც არჩევნებზე არ მოდის, სწორედ მათ მოჰყავთ ასეთი უვარგისი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში.