აგვისტოს ომი მეექვსე წელია, თავის საიდუმლოებებს ინახავს

აგვისტოს ომი მეექვსე წელია, თავის საიდუმლოებებს ინახავს

რუსეთ-საქართველოს ომის მეექვსე წლისთავზეც უპასუხოა კითხვები: რატომ დავთმეთ თითქმის უბრძოლველად კარგად გამაგრებული კოდორის ხეობა? რატომ არ მოვინდომეთ ახალგორისთვის ბრძოლა? ვისი უპასუხისმგებლობითა და დანაშაულის გამო დარჩა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება ალაფად მოწინააღმდეგეს?

მართალია, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ახალმა ხელმძღვანელობამ აგვისტოს ომის ფაქტებზე უწყებრივი მოკვლევა ჩაატარა და შედეგებს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, მთავრობას გაუგზავნიან, მაგრამ სავარაუდოდ, ამ მოკვლევის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გახდება საჯარო და ისიც - მოგვიანებით.

ასეთი უწყებრივი მოკვლევა, ბუნებრივია, პასუხს ვერ გასცემს მთავარ კითხვებს, რომლებიც დღემდე აწუხებს საზოგადოებას და რომლებიც აგვისტოს ომამდე, ომის დროსა და მის შემდეგ ქვეყნის უმაღლესი პირების - პრეზიდენტის (შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის), მაშინდელი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების და ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსის მოქმედებას ან უმოქმედობას უკავშირდება.

ჩვენ ყურადღების გამახვილება შეგვიძლია ერთ საიდუმლო ფაქტზე, რომლის შესახებ აქამდე არ დაგვიწერია: 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დამუშავდა გეგმა, რომლის თანახმად, შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებს თავდაცვის საბრძოლო დანაყოფებთან ერთად ახალგორის რაიონში უნდა განეხორციელებინათ შეტევა, რათა კვლავ შესძლებოდათ ამ რაიონის კონტროლი, თუმცა მერე რატომღაც ჩანაფიქრი აღარ განახორციელეს.

ყველაზე გულსატკენია კოდორის ხეობის თითქმის უბრძოლველად დათმობა, არადა, იქ მასშტაბური საფორტიფიკაციო სამუშაოები იყო ჩატარებული. ხეობაში შეზიდული გახლდათ დიდძალი საჭურველი და საწვავი. ამაში რამდენიმე ათეული მლნ ლარი დაიხარჯა და თითქოს ყველაფერი იყო მზად იმისთვის, რომ კოდორის ხეობის დამცველებს მოწინააღმდეგე დიდხანს შეეჩერებინათ, თუმცა, ყველაფერი სხვანაირად, ჩვენთვის სავალალოდ დამთავრდა.

თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, თითქოს ჩვენი გაკეთებული შემოვლითი გზით ოჩამჩირესთან სადესანტო ხომალდებიდან გადმოსხმული რუსი მედესანტეები ისარგებლებდნენ (ისინი გალის გავლით ზუგდიდში შევიდნენ), კოდორის ხეობის დამცველებს ზურგიდან დაარტყამდნენ და მათ ალყაში მოაქცევდნენ. ამ მოსაზრების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კოდორის ხეობიდან ქართველი პოლიციელებისა და სამხედროების დროულმა გამოყვანამ ისინი დაღუპვასა და ტყვეობას გადაარჩინა.

თავდაცვის უწყებაში ჩატარებული მოკვლევა, მართალია, პოლიტიკურ კითხვებს ვერ გასცემს პასუხს, მაგრამ მან აუცილებლად ნათელი უნდა მოჰფინოს არანაკლებ სატკივარს: რატომ ჩავაბარეთ მოწინააღმდგეს გორის სატანკო ბატალიონის, საარტილერიო ბრიგადის და 1-ლი ქვეითი ბრიგადის, ასევე - სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ათობით ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, საზენიტო-სარაკეტო "ბუკები", ასობით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა და რამდენიმე ათასი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის - ახალნაყიდი ამერიკული ავტომატური კარაბინები?

ამ კითხვებზე პასუხების მიღება არა მარტო ახალ ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებასაც სჭირდება, რათა ვიცოდეთ, როგორც გადასახადის გადამხდელებმა, ჩვენი გაცემული თანხა მართლა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას მოხმარდა თუ ზოგიერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისა და სამხედროს გამოისობით მოწინააღმდეგეს ალაფის სახით დარჩა.