ერთი შეხედვით "ლიბერალიზმი" ჩვენებური თავისუფლების ლათინური თარგმანია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ბოლოსართი, იზმი, მის იდეოლოგიურ დატვირთვაზე მიუთითებს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ქართული შესატყვისის ბარბარიზმით ჩანაცვლებას საკუთარი კულტურული მიზეზები აქვს და ეს არასოდეს ხდება შემთხვევით.
მაგალითად, "თანაცხოვრება" ოჯახური ტერმინია, იგი ძალაუფლებადაკარგული მტარვალების ხროვის დათმენას ვერ მიესადაგება, ამიტომ საჭიროა, გარედან მოგვახვიონ ტერმინი "კოჰაბიტაცია". სიტყვა "სინამდვილე" ზედმეტად სუფთად ჟღერს, ამიტომ მათთვის, ვისთვისაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ადამიანთა ცხოვრების წესების საუკუნეობრივი ჭეშმარიტების გადაღრეცა არის სასურველი, სიტყვა "რეალობა" უფრო მოსახერხებელია. ამავე მიზეზებით "ჟამთასვლას" "ეპოქა" სჯობნის, "ურთიერთობებს" - "კომუნიკაცია",“"ღონისძიებას" - "აქტივობა", "სამართლიან სასჯელს" - "კრიზისი" და ა.შ. ნუ გვეგონება, რომ ყველაფერი პირველწყაროდან მოგვდის, სხვადასხვა საუკუნეში ზოგი რუსეთის გავლით მკვიდრდება ჩვენთან, ზოგიც კი ევროპის, თურქეთის, სპარსეთისა თუ სხვათა გავლენით. ეს ჩვენი და ნებისმიერი სხვა კულტურისათვის გარდაუვალი პროცესია. ყველა ეპოქა ჩვენ თავისი მცნებებით გვასვამს ბეჭედს, თუმცა, იქნებ არასოდეს ვყოფილვართ ასეთი მასობრივი შემოტევის პირობებში.
ამ მდგომარეობაში ჩვენთვის დაუშვებელია, ჩავიკეტოთ, ყველაფერ ახალს ვებრძოლოთ და როგორც ჩვენი პირველი პოსტსაბჭოური საზოგადოებრივი მოაზროვნეები მოგვიწოდებდნენ, ვიოლინოს ყელფანდური ვუწოდოთ. ამ აბზაციდანაც კი ყველა ბარბარიზმი რომ ამოვიღოთ და წინაქართული შესატყვისებით ჩავანაცვლოთ, უმალვე დავკარგავთ თანამედროვე მკითხველისათვის მის ჟღერადობასა და სიადვილეს. ჩვენს აზროვნებასა და ქმედებაში დაუშვებელია გადამეტებული, ნაძალადევი და ქართველისთვის არაბუნებრივი კატეგორიულობა და ექსტრემიზმი. მაგრამ ზუსტად ასევე დაუშვებელია, დაუფიქრებლად ჩავიხუტოთ გულში ყველაფერი, რაც გარედან შემოდის, დავიღალოთ მისი ავკარგიანობის გარჩევისაგან და ჩავიქნიოთ ხელი. მაშინ ჩვენ სამშობლოს მეციხოვნეობაზე ვიტყვით უარს, გავხდებით მისი მოღალატეები, მცდარად ვირწმუნებთ, რომ ეროვნულობას, ოჯახსა და ბავშვის ბედნიერებას მტერი აღარა ჰყავს და ჩავაბარებთ ამ მტერს ჩვენი სახლის გასაღებს.
თავად "ლიბერალიზმმაც", როგორც ტერმინმა, ამასობაში იმდენი ფორმაცია გამოიცვალა დასავლეთში, რომ ძალიან ძნელია მისი ქრესტომათიული განმარტების მონახვა. იქნებ არც ღირდეს ამ წერილში ამის მცდელობა. სჯობს, ავიღოთ ლიბერალიზმის უნივერსალური, კრებითი თვისებები, დამოუკიდებლად მისი ქვეკატეგორიებისაგან და ვცადოთ მისი შედარება თავისუფლების ჩვენებურ განმარტებასთან.
საერთოდ, როდესაც თავისუფლების რაობაზე ვმსჯელობთ, მთავარი შეკითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, არის ის, თუ რა შეხედულება გვაქვს სამყაროს საწყისის შესახებ. თუ იმანუილ კანტის ტერმინს ვისესხებთ, თუ მის მიერ ნახსენები ზნეობრიობის მეტაფიზიკური საწყისის არსებობისა არა გვწამს, მაშინ, ალბათ, ლოგიკურია არც იმის გვეშინოდეს, რომ თავისუფლების ძიებაში რაიმე საფრთხე გველის. ამავე ლოგიკით, თუ არ არსებობს აბსოლუტური სიკეთის საწყისი, რომელიც ჩვენ გვზრდის და გვწყალობს, მაშინ არ არსებობს არც ბოროტი, რომელიც ჩვენი მტერია. და თუ ისინი არ არსებობენ, მე, თავისუფალი ნებით სიკეთისაკენ მიმავალს, არც არავინ მელის და მიცავს და ამავე გზაზე უკუღმა სვლისას არავინ მისაფრდება უპატრონოდ დარჩენილს. მაშინ სიყვარულისაგან თავისუფლება არ ნიშნავს ავტომატურად სიძულვილის მონობას, მაშინ სინათლისაგან გაქცევა არ ნიშნავს სიბნელეში შევარდნას.
თუ ადამიანის სიკვდილის ან, როგორც ქართველები ვამბობთ, გარდაცვალების მიღმა არაფერია, მაშინ ვართ რა ერთადერთი არსებები, მცოდნენი საკუთარი მოკვდაობისა, უსათუოდ უნდა ვესწრაფოდეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნების მიღებას ამქვეყნიური სიცოცხლის განმავლობაში. და ყველას, ვინც ამაში არ დაგვეთანხმება, ჩვენს მტრებად, თუ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებად უნდა აღვიქვამდეთ. ფიზიოლოგია კი თავად გვიკარნახებს, რა არის უფრო სასიამოვნო ჩვენთვის ამ წარმავალ, დროებით სიცოცხლეში - ხორციელი თუ სულიერი და რა უფრო სარწმუნო არის ჩვენთვის - ხილული თუ უხილავი. და თუნდაც საკუთარი ემპირიული დაკვირვებებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აშკარად გვაწუხებდეს ამ ჩვენი მატერიალისტური მსოფლხედვის ალოგიკურობა, ეგ არაფერი: ყოველთვის მოვნახავთ სინდისის ჩაჩუმების საშუალებებს, სინდისი ხომ ჩუმი და უხილავია, მისი ჩაჩუმების საშუალებები კი - ხმაურიანი და ხილული.
თუ თავისუფლება, როგორც მდგომარეობა, გულისხმობს რაღაცისაგან გათავისუფლებას, თუ გნებავთ, რაღაცის მიმართ გარკვეულ პოზიციურ მდებარეობას, მაგალითად, იმ რაღაცასთან ზურგითა თუ უარყოფით დგომას და თუ ჩვენ არ ვცნობთ დუოპოლარულ სამყაროს, თუნდაც არათანაბარი სიძლიერის ორი პოლუსით, მაშინ სახით საითაც გინდა, დადექი, ზურგით მაინც არაფერს უდგახარ. ამრიგად, ლიბერალური ფსევდოლოგიკის დაცვადობას ორი აქსიომა ხდის შეუძლებელს:
1. თუ რამე არ არსებობს, მისგან თავისუფლებაც შეუძლებელია.
2. ორიენტირებისა და პოლუსების არარსებობა ხილული სამყაროს კანონებსაც კი ეწინააღმდეგება, გრავიტაცია იქნება ეს, მაგნიტური ორი პოლუსი თუ სხვა. და როგორ შეიძლება მატერიალისტურმა მსოფლხედვამ თავისი მსჯელობა მატერიის კანონების საპირისპირო ლოგიკაზე დააფუძნოს?
ეს რაც შეეხება თავისუფლებას პიროვნების ჭრილში. ერის თავისუფლება კი, როგორც სუბსტანცია (ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია - ყველა საგნისა და მოვლენის საფუძველი - რედ.), ალბათ, საერთოდ კარგავს ამ პრიზმაში ყოველგვარ აზრს. თუ მარადისობის ოკეანეში დროებითი კიაფი ვარ, არ წაუღია ჩემი ჭირი იმას, თუ რა იყო ჩემამდე და რა იქნება ჩემ მერე?! არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ პლანეტარულ მასშტაბშიც. ოღონდ მე ვიყო კარგად, რამდენსაც მოვასწრებ, და რაღა მნიშვნელობა აქვს, რა ენაზე ვიქნები კარგად. მაშინ იდეა ჩემი და ჩემნაირების ცხოვრების წესის მოწყობისა აკინძულია ჩემს უფლებასა და სურვილზე, რაც მსიამოვნებს, მხოლოდ ის ვაკეთო, იგი არის იდეა არა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე, არამედ უფლებებსა და თვითნებობაზე აგებული საზოგადოებისა, იგი არის იდეა მარქსისტული ინტერნაციონალისა, თუ ადამ სმიტისეული საბაზრო გლობალიზაციისა. ეგ ორივე ერთი ოხერია, ერთმანეთს ვითომ დაპირისპირებული, მაგრამ სინამდვილეში კაცობრიობის დამღუპველი, უფსკრულისაკენ მიმავალი ვექტორის მარჯვენა და მარცხენა წახნაგები.
ამრიგად, სამყაროს ზებუნებრივი საწყისის რწმენის გარეშე, თავისუფლების ჩვენეულ განმარტებას ლოგიკურად ვერც იდეოლოგიურად და ვერც გეომეტრიულად ვერ წარმოვიდგენთ და ვერ დავასაბუთებთ, ვერც პიროვნულ და ვერც ეროვნულ ჭრილში. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების ძიება ემგვანება შეპყრობილის ტლინკაობას, არ მომეკაროთ, არ შემიშალოთ, სივრცეში მინდა ვიქროლო ქაოსურად, სანამ "ოფსილა" მეყოფაო. ეს არ არის თავისუფლება. ეს არის სწორედ ლიბერალიზმი.
სიტყვა "თავისუფლება" ეტიმოლოგიურად ქართულში უფლის არსებობას ეყრდნობა. დამოუკიდებლად რელიგიური კუთვნილებისაგან, ქრისტემდე ეს სიტყვა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი საკუთარი თავის უფალია. სწორედ ამიტომ ჭირს ყოველთვის ქართველურ კულტურაში თავისუფლების მატერიალისტური, ათეისტური კონოტაციის (კონოტაცია - დამატებითი, თანმდევი მნიშვნელობა ენობრივი ერთეულისა - რედ.) დამკვიდრება, რამეთუ ეს საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენი კულტურის დნმ-ს. და თავისუფლების ეს თეისტურ-ქართველური (თეიზმი - რელიგიური მოძღვრება, რომელიც აღიარებს, რომ არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა ქვეყანა და განაგებს მას; თეისტი - თეიზმის მიმდევარი - რედ.) განსაზღვრება ზედმიწევნით ემთხვევა კაცობრიობის მთავარი წიგნის, "შესაქმის" თავს და რადიკალურად ეწინააღმდეგება ლიბერალურ აზროვნებას. ამ უკანასკნელის განსჯით, "შესაქმეს" წიგნი ალოგიკურია, რადგან თუ უფალს ადამიანისათვის მართლა სიკეთე უნდოდა, მაშინ უბრალოდ არ უნდა დაედგა ედემში ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ნაყოფის ხე, არ მიეცა ადამიანისთვის საცდური და ის იქნებოდა ბედნიერი. ღირსებადაკარგული, მატერიალისტური საფუძვლის მქონე ლიბერალიზმი ვერც კი ამჩნევს ასეთ შემთხვევაში ადამიანის უდიდეს შეურაცხყოფას: ადამი თურმე უნდა ყოფილიყო იძულებით მოყვარული ღმრთისა, დასაქოქი სათამაშო, უნებო მარიონეტი, მომწყვდეული თაყვანისცემისათვის. ასეთი ადამიანის ნდომა შეუძლია იმ ძალას, რომელსაც სჭირდება თაყვანისცემა, მაგრამ არა იმ საწყისს, რომელსაც არაფერი შეიძლება სჭირდებოდეს და რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი ქმნილება. და სწორედ ეს უკიდეგანო სიყვარული შემქმნელისა ქმნილებისადმი განაპირობებს შექმნისას სიუხვეს, სისავსეს, სრულქმნას. სიყვარულის საწყისი ადამიანს თავისნაირად, თავის უფლად ქმნის. და საპასუხოდ, ადამიანის მხრიდან მხოლოდ თავისუფალი ნებით არჩეული სიკეთის გზა არის სრულყოფილი და არა არჩევანის არარსებობისა, თუ იძულების გამო შემოქმედისაკენ გადადგმული ნაბიჯი მარიონეტის მხრიდან.
ამიტომ უდავოა, რომ ჩვენს კულტურულ წიაღში თავისუფლება პირველ რიგში არ ნიშნავს რაღაცისთვის ზურგის შექცევას, რაღაცისთვის წინააღდგომას, რაც ძველებრაულად სატანად ითარგმნება.
ჩვენს ენაში, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ჩვენს მსოფლმხედველობას, თავისუფლება ნიშნავს შეუზღუდავ, უკიდეგანო შესაძლებლობას ადამიანისა, თავად აირჩიოს, რა ქნას, როგორ მოიქცეს, როგორ იცხოვროს. მაგრამ ქართველურ კულტურაშივე, თავისუფლება, თავად სიტყვის ფუძეშივე აღიარებს უფლისა და შესაბამისად, ბოროტის არსებობასაც, და ამრიგად ნახსენები არჩევანი, მხოლოდ კარგსა და ცუდს, სინათლესა და სიბნელეს, სიკეთესა და ბოროტებას შორის შეიძლება გაკეთდეს. ეს არჩევანი ვერ იქნება სივრცეში დეზორიენტირებული, მულტივექტორული და უაზრო. ამიტომ, თუ გნებავთ, თავისუფლება ქართველისათვის არის არჩევანის შეუზღუდავი საშუალება თეთრსა და შავს შორის. არც ერთ დიდ რელიგიაში არ არსებობს რწმენა იმისა, რომ ადამიანს ძალუძს სულ სიკეთისაკენ იაროს და არ დაეცეს. მაგრამ ასევე, არც ერთ დიდ რელიგიაში არ არსებობს უნანელობის კულტი, ის, რასაც ლიბერალიზმი ასეთი გაშმაგებით გვახვევს თავს თავისუფალი არჩევანის წმინდა დროშას ყალბად და მზაკვრულად ამოფარებული. ყველა ადამიანის უფლებაა, გააკეთოს ეს არჩევანი თავად, მაგრამ იგი მხოლოდ არჩევანად რჩება... და რაოდენ საოცარია, რომ ამ არჩევანის გაკეთების ჯანსაღ მიმართულებასაც ისევ ქართული ენა მიგვანიშნებს, რამეთუ ქართულშივე "გაკეთება" და "სიკეთე" ერთი ფუძის სიტყვებია და მადლობა ღმერთს ამისათვისაც.