ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს. "აირაი"-ს კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას? 36%-ით "ქართული ოცნება" ლიდერობს, `ნაციონალური მოძრაობა" - 14%, "თავისუფალი დემოკრატები" - 10%, "ლეიბორისტული პარტია" - 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" - 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 5%.
ცხადია, ასეთი კვლევები ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასავლეთი დაინტერესებულია ვადამდელი არჩევნებით და ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოყვანით. ირაკლი ალასანია თვლის, რომ ის ალტერნატიული ძალაა და კვლევებით კმაყოფილია. ხელისუფლება ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს კვლევები ადამიანების აზროვნების მანიპულირების, დაშინების, მოტყუებისა და დაპროგრამების ხერხია...
"ალია" ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:
ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, რას უკავშირდება თებერვალში ჩატარებული კვლევა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებულია?
- კარგად ვიცით, ამ ტიპის კვლევები და ეგზიტპოლები ადამიანებს შოკში როგორ აგდებს, ამის მიზანი არის ის, რომ წინასწარ დადონ ის შედეგი, რაც ამერიკელებს აწყობთ და მოსახლეობა შეაგუონ იმ შედეგებს, რაც ამერიკელებს უნდათ, რომ საქართველოში მიიღონ. ის, რომ ამ კვლევებს სიმართლესთან შეხება არ აქვს, არაერთგზის დავინახეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგახსენებთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალურ მოძრაობას" როგორ უწერდნენ "ენდიაი" და სხვები 60-70%-ს, "ქართულ ოცნებას" - 10%-ს, ხოლო რა შედეგი მივიღეთ, ეს ყველას კარგად გვახსოვს.
თქვენ რეიტინგიდან ვერ "მოგტეხეს", თუმცა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გაქვთ, ფაქტობრივად, ბარიერს "გადაგალახვინებენ". როგორ აპირებთ, ამ კვლევებს დაუპირისპირდეთ?
- ჩვენ ამას შეგუებულები ვართ. ამერიკელები ჩვენ გვთვლიან პრორუსულ ძალად, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პროქართული ძალა და მათთვის პროქართული ძალა პრორუსულ ძალასთან ასოცირდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროდასავლური ძალები წინ წამოწიონ, დაუწერონ მაღალი რეიტინგი და მოსახლეობა მათ ხელისუფლებაში მოსვლას შეაგუონ. ეს არის პირდაპირი ბრძოლა მოსახლეობის ტვინების გამოსარეცხად, ეს არის იმ პროექტის ნაწილი, რასაც ამერიკელების გეგმა ჰქვია. ისინი თვლიან, რაც არ უნდა დაუჯდეთ, მათ უნდა ჰყავდეთ თავიანთი მონები საქართველოს ხელისუფლებაში და არა ისინი, ვინც არიან პროქართული ძალები, ვინც საქართველოს ინტერესების განხორციელებას აპირებენ.
სხვათა შორის, მსგავსი კვლევები ძალიან წარმატებულად ბიძინა ივანიშვილმაც გამოიყენა საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც ამ კვლევებს დაამატა თავისი პოზიცია და განაცხადა, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებსო. ამ განცხადებით მოსახლეობა დააფეთა და ხალხი პირდაპირ მეუბნებოდა, - რა ვქნათ, ქალბატონო ნინო, ჩვენ თქვენთვის გვინდოდა ხმა რომ მოგვეცა, მაგრამ თუ მარგველაშვილი და ბაქრაძე გადიან მეორე ტურში, "ნაციონალების" მოსვლას ისევ გვირჩევნია "ოცნების" კანდიდატს მივცეთ ხმაო. ასეთი მაქინაციებით ცდილობენ, მოსახლეობას ტვინები გამოურეცხონ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად ეს მოსახლეობაზე აღარ იმუშავებს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხომ არ დაიწყო მზადება?
- ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული არ არის, ამიტომაც წინასწარ თადარიგი დაიჭირეს. სხვა შემთხვევაში მართლა გაუგებარია, ამდენი ხნით ადრე, რატომ უნდა ჩატარებულიყო ეს კვლევა?! ახლა "ენდიაი" ჩაატარებს კვლევას, მერე რომელიმე სხვა ამერიკული კომპანია და მერე "ნაციონალები" დადებენ მათთვის სასურველ შედეგებს, ამით ცდილობენ მოსახლეობა წვეთ-წვეთად მოწამლონ!
თავიდან ბოლომდე გაყალბებულია ეს კვლევები, რომლის დიდ ნაწილს აკეთებს "თავისუფალი ინსტიტუტის" ხალხი საქართველოში, მერე ვაშინგტონში ციფრებს ახლიდან გადაწერენ ხოლმე. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან, რომ ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი გამოსდით ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოში აწარმოებენ, კერძოდ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს კი არ მოემსახურებიან, არამედ აშშ-ს მონები იქნებიან, და პირდაპირ იქნებიან მართულები აშშ-ს ადგილობრივი საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც კი არა.
მე ბევრჯერ გავაფრთხილე ამერიკელები და ახლაც ვაფრთხილებ, რომ ეს საქართველოში აღარ გამოუვათ, რადგან უკურეაქციას იწვევს, ეს აღიზიანებს მოსახლეობას, ქმნის ანტიდასავლურ განწყობებს და იმედგაცრუებას დასავლური ფასეულობების მიმართ. რადგან არ ესმით და ვერ გაიგეს დელიკატურად, ადამიანურად ნათქვამი და მაინც აგრძელებენ უტიფრობას, მაშინ ამ უტიფრობაზე მიიღებენ საკადრის პასუხს სრულიად ქართველი საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად გამოჩნდება არჩევნებში, როგორი შოკიც ჰქონდათ 2012 წელს იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად სჯეროდათ ამ კვლევების, ისეთივე შოკი ექნებათ ახლაც ვაშინგტონში. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რა პროექტი ხორციელდებოდა საქართველოში, როცა სააკაშვილის რეჟიმი იყო, რა პროექტის განხორციელებას ცდილობენ ახლა, უკრაინაში. ოღონდ ამას, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგები მოსდევს ქვეყნებისთვის.
თქვენ არ აპირებთ აშშ-ი ვიზიტს და რეალური ამბის ჩატანას?
- ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან აშშ-ი ვიზიტის აზრს ვერ ვხედავ. სენატში, სადაც სააკაშვილს ზარ-ზეიმით იღებენ და მთავარი მომხსენებელია, ნამდვილად არ ვაპირებ ლაპარაკს! პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს ღირსების შელახვა, უპატივცემლობა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტას და გაბუტვას ვაპირებ. არ ვარ ის პოლიტიკოსი, ვინც რაღაცაზე გაბრაზდება და გაიბუტება, ეს არ არის პოლიტიკოსის ქცევა. მე ვაპირებ, შეძლებისდაგვარად ნორმალური ურთიერთობების გაგრძელებას ამერიკელებთან.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში აუცილებლად მოვა ის ძალა, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება და ასევე, კარგად უნდა ესმოდეთ ის, რომ საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის არც რუსეთთან და არც ამერიკასთან ბრძოლა.
კიდევ ერთხელ გაიჟღერა მარგველაშვილისა და პუტინი შეხვედრის საკითხმა. როგორ ფიქრობთ, ეს შეხვედრა გაიმართება?
- მე ამ საკითხზე სერიოზულად კომენტარის გაკეთებას ნამდვილად აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ სამჯერ გამოაცხადა პუტინმა, მზად ვარ, შევხვდეთო. ხან ერთმანეთს ეჩხუბნენ, არა მე უნდა წავიდე და არა მეო, ხან პირობები დაუწყენს, რაც ძალიან სასაცილოა, წინასწარ შედეგები მოსთხოვეს ჩაუსვლელად. ახლა გამოაცხადეს, რომ 9 მაისს მოსკოვში აღარ ჩავდივართო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინს მეტი საქმე არ აქვს ქართველებს ეხვეწოს, არიქა თქვენი ჭირიმე დაგველაპარაკეთო, გეგონება, ჩვენს ტერიტორიაზე კი არ იდგეს რუსეთის ჯარი, ჩვენი ჯარი იდგეს კრასნოდარის მხარეზე და ჩვენს ჯარს ჰქონდეს რუსეთის ტერიტორიები დაკავებული. ეს უკვე აღარ არის სერიოზული, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ ღირს!
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს ბოიკოტს უცხადებს მინისტრთა კაბინეტი, თქვენი აზრით, ეს სწორია?
- რაც ხდება, ეს არის ძალიან სამარცხვინო! ასევე სამარცხვინოა ის, რომ მარგველაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა, ოღონდ ამას აკეთებს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის იდეით მოვიდა, რომელიც კოაბიტაციას გმობდა და მთელი საპრეზიდენტო არჩევნები გვპირდებოდა, რომ კოაბიტაცია დამთავრდებოდა! რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლაზე მინისტრების არდასწრებას, ეს არის ცირკი და სანახაობა... რა თქმა უნდა, მთავრობა უნდა მივიდეს, კონსტიტუციაში ასეთი რამის დაწერა არც არის აუცილებელი, იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყნებში და ნორმალურ ხალხს არ სჭირდება კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ, როდესაც შენი ქვეყნის თუნდაც სიმბოლური პრეზიდენტი მოდის პარლამენტში და გამოდის სიტყვით, მით უმეტეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სახელმწიფოს, ხალხის პატივისცემაა, მივიდეს მთავრობა, ერთი საათით დაჯდეს და პოზიციები დააფიქსიროს. ეს არის ცირკი, როცა მთავრობის შეშინებული წევრები იმის გამო არ მიდიან, რომ ემანდ ბიძინა არ გაუბრაზდეთ, ვერ ბედავენ იმის თქმას, მივლენ თუ არა პარლამენტში და ყველა შეჩერებულია იმას, რა მესიჯი წამოვა ბიძინასგან. ეს არის მარაზმი!
სხვათა შორის, ამ კვლევების მიხედვით თუ დაკომპლექტდება ჩვენი მომავალი პარლამენტი, დაქცეულა და დაღუპულა საქართველო. დააკვირდებით, ალბათ, რომ ამ კომბინაციის მიხედვით პარლამენტი, პრაქტიკულად, ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვერც მთავრობას ვერ აირჩევს, ვერც პრემიერ-მინისტრს, ვერც ორგანულ კანონს და ვერც კვორუმით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. რაც ამერიკელებმა გვიწინასწარმეტყველეს, თუ ჩვენ ერთი წუთითაც დავიჯერეთ, რომ ეს კვლევა არის მართალი, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავისი გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ადამიანებით მანიპულირება და ქართველი ხალხით თამაში დამთავრებულია!
"ნაციონალებმა" ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლეს. მთავრობის იმპიჩმენტის დაყენებით, ისინი წერტილოვანი დარტყმებს ახორციელებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე, მერიაზე, საბოლოოდ მათი მიზანია დაანონსებული აპოკალიფსის შექმნა. როგორ ფიქრობთ შეძლებენ?
- მე არ მგონია, რომ ვინმე "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე სერიოზულად აღიქვამდეს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაბედა თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება, იქ, სადაც 26 მაისს მათ დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ამისთვის ჩვენ ბიძინა ივანიშვილს "მადლობა" უნდა გადავუხადოთ, რომ გააცოცხლა დამნაშავე ორგანიზაცია და ამხელა თავხედობის უფლება მისცა! 21 მარტს უსამართლობების ჩამდენი ძალა გველაპარაკებოდა სამართლიანობაზე, ეს ხომ ცინიზმის მწვერვალია? "ნაციონალურ მოძრაობაზე" ლაპარაკი ადეკვატურად არ მიმაჩნია. ერთადერთი, მათ აქვთ ფული, ამერიკელების ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც "ნაციონალებს" ძალიან ათავხედებთ, თუკი ოდნავ მაინც მიეცემათ იმის საშუალება, რომ "მაიდანი" გაიმეორონ, თბილისში ამას აუცილებლად შეეცდებიან. ამის საფრთხე კი ნამდვილად არსებობს...