21 მარტის აქციის შემდეგ, თეა თუთბერიძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სტატუსი გაავრცელა: "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის გასაგონად, თქვენ ხართ ჩმორები და არამხოლოდ! თუ რატომ, ამას თქვენც მიხვდებით და ვფიქრობ, სხვებიც".
ვის გულისხმობდა თუთბერიძე? რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება? რას ამბობს "ნაციონალებში" არსებულ პრობლემებზე?
"ალიას" თეა თუთბერიძე ესაუბრა:
თეა, ბოლო სტატუსში, რომელიც "ფეისბუკით" გაავრცელე, ვინ იგულისხმე, შეგიძლია დააკონკრეტო?
- ვიგულისხმე ყველა, ვინც იმ სიტყვას იმსახურებს, დავით ბაქრაძით დაწყებული და სხვებით დამთავრებული.
"ნაციონალების" ლიდერებისგან ვინმე შეგეხმიანა ამ სტატუსის გამო? რა გითხრეს და შენ რა უპასუხე?
- არა, რა თქმა უნდა. ეგ მაკლია სრული ბედნიერებისთვის. ჩემთან მსგავსი სახის ვერც შეხმიანება მოხდება და ვერც პასუხის მოთხოვნა. ეს მათ მოსთხოვენ ხოლმე პასუხებს გამოთქმულ მოსაზრებებზე, ვინც ცუციკებივით ოთხზე დამდგარი დარბიან ვიღაცების წინ. მე ამ კატეგორიას არ განვეკუთვნები, საბედნიეროდ. ყოველთვის მქონდა საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი, ვამბობ დღესაც და ვიტყვი მომავალშიც, რამდენადაც ეს მისაღები ან მიუღებელი არ უნდა იყოს ვინმესთვის.
შენი აზრით, რა მოხდა 21 მარტის აქციაზე? ამბობენ, რომ ახალაიას ხსენება არ უნდოდათ პოლიტპატიმრად მერაბიშვილთან და უგულავასთან ერთად, რამაც ანი ნადარეიშვილი გააბრაზა და აქცია მის დასრულებამდე დატოვაო.
- ანი ნადარეიშვილი ღირსეული პიროვნებაა, მას ყოველთვის შეუძლია, თავი ღირსეულად ეჭიროს, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი. ანი ზოგიერთების დონემდე არასდროს დავა. რაც შეეხება ახალაიას ხსენება უნდოდათ თუ არა, ეს, ვფიქრობ, იმ ადამიანებისთვის უფროა პრობლემა, ვისაც მისი სახელისა და გვარის ხსენების კომპლექსი აქვს. ბაჩო ახალაია იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირველი ექსმაღალჩინოსანი და დღეს ის ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარია, 12 გამამართლებელი განაჩენით. ამას ვიღაცები იტყვიან, თუ არ იტყვიან, ფაქტი არის ფაქტი. ფაქტია ისიც, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ციხეებში სხედან და ხელისუფლება ამ პოლიტიკური დაჭერებით კვებავს მათ მხარდამჭერებს. ის, რაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით მოხდა, ვგულისხმობ, 9 თვის თავზე მორიგი ახალი ბრალის წაყენებას მისი ციხეში გამომწყვდევის მიზნით, ეს ამ ხელისუფლებას შემოუბრუნდება ძალიან ცუდად და არამხოლოდ ეს. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს პრეტენზიები ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, სამწუხაროდ, დღეს ისიც პოლიტიკური პატიმარია და ყოფილი მინისტრების გარდა, არაერთი პირი ზის დღეს ციხეში პოლიტიკური ნიშნით.
ბაჩო მისი დაკავების დღიდან აჩვენებს საზოგადოებას, ვინ არის რეალურად ის. წლების განმავლობაში მის მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ბინძური და ცილისმწამებლური პიარი, რომელსაც არ ახორციელებდნენ მხოლოდ კრიმინალები, კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი ე.წ. უფლებადამცველები და პოლიტიკოსები, არამედ მას ძირს უთხრიდნენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომელ ხელისუფლებაშიც ბაჩო ახალაია იყო და რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.
ხალხი რატომ გამოვიდა აქციაზე, ბევრად მეტს ელოდნენ, რა იყო მთავარი პრობლემა?
- ვფიქრობ, რომ ხალხი არ იყო ცოტა აქციაზე. ეს "ქართულ ოცნებასა" და მის მხარდამჭერებს უნდათ, სასურველი რეალობად წარმოაჩინონ. ხალხი იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე მე პირადად მოველოდი. პრობლემა იყო სხვა რამ. ის, ვინც აქციაზე მოვიდა, არ დარჩა აქციის დასრულებამდე. არ უნდა შექმნილიყო გადაჭარბებული მოლოდინები (რევოლუციის მოლოდინს ვგულისხმობ). ადამიანები გარდატეხის მოლოდინით იყვნენ მისული აქციაზე. შესაბამისად, დარჩნენ იმედგაცრუებულები. რევოლუციის მომხრე მე არ ვარ. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, ისევე როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. რევოლუციას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები და მე ეს ძალიან კარგად დავინახე 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. თუმცა იმ პერიოდში სხვა გზა, გარდა რევოლუციისა, არ იყო, რადგან მაშინ შევარდნაძის ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა არჩევნების შედეგები. რომ დავუბრუნდეთ 21 მარტის აქციას, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს საკუთარი არასწორი ქმედებების შედეგი. დაინახოს, რომ ხალხი არ შეეგუება ქვეყნის უკუსვლას. ყველა აქციისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამომსვლელების სიტყვები იყო მოკლე და მკვეთრი. გამომსვლელში იგრძნობოდეს ქარიზმა და ა.შ. ეს ამ აქციას აკლდა და სწორედ ამიტომაც ხალხმა აქციის დასრულებამდე დატოვა თავისუფლების მოედანი. პრინციპში, რომ ვთქვათ, არც აქვთ ეს ქარიზმა "ნაციონალური მოძრაობის" იქ გამომსვლელ ლიდერებს. ქარიზმატული ლიდერი "ნაციონალებში" მხოლოდ სააკაშვილია.
"ნაციონალები" ჯგუფებად რატომ დაიყვნენ, რა უთანხმოებებია პარტიაში?
- "ნაციონალური მოძრაობა" ჩანს, რომ არის ერთიანი და ამავე დროს, არ არის. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არის სერიოზული პრობლემები. ამას დამალვითა და დაფარვით არ ეშველება. მე ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ბევრი რამ არის შესაცვლელი და გადასახედი. სხვაგვარად ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და არც უნდა მოვიდნენ. იმის მიუხედავად, რომ საშინლად არ მომწონს დღევანდელი ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ ვთვლი რომ ისინი, ვინც დღეს არიან ხელისუფლების სათავეში, არიან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მტრები და რუსული ინტერესების გამტარებლები, არ მინდა ჩემს ქვეყანას მართავდნენ შუშის კოლბაში მყოფი პუტინის მონა ოლიგარქის ხელისბიჭები, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ეტაპზე ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არის მზად ხელისუფლებაში მოსასვლელად.
ამბობენ, რომ სააკაშვილი ცდილობს ყველა იმ ადამიანისგან გაემიჯნოს, ვინც ციხეშია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ემიჯნება ციხეში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს. სააკაშვილი ბოლომდე ცდილობს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნოს ერთიანობა, მაგრამ აქ არსებობს ძალიან ბევრი "მაგრამ". ბევრი ხალხი გამოვიდა არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის, ან სხვა პოლიტიკური პატიმრის მხარდასაჭერად, არამედ იმ მდგომარეობის გასაპროტესტებლად, რა ვითარებაც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში, დაწყებული ეკონომიკური პრობლემებით, დამთავრებული ქვეყნის საგარეო კურსის აშკარა შეცვლის მცდელობებით.
როგორ ფიქრობ, "ნაციონალების" შიდაგუნდური განხეთქილება რას მოიტანს?
- კარგს, ალბათ, არაფერს. თუმცა ვფიქრობ, ასეც ვეღარ გაგრძელდება. ბევრი რამ არის შესაცვლელი "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით. ამ "ერთობით" ისინი ვერაფერს მიაღწევენ. როგორც ვხედავ, ბევრს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს შექმნილი პარტიის შიგნით. ფიქრობენ, რომ ის, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" შექმნა, პარტიას უნდა ჩამოშორდეს. ვინც ამას ფიქრობს, ვურჩევდი, რომ თავად გავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან და შექმნან სხვა პოლიტიკური გაერთიანება. მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმ ადამიანებსაც არანაკლები შეცდომა აქვთ დაშვებული, ვინც დღეს სააკაშვილის შეცდომებს ითვლის. ხოლო მე თუ მკითხავთ, მიხეილ სააკაშვილის მთავარი შეცდომა სწორედ ის გადაჭარბებული ნდობა იყო ზოგიერთების მიმართ გუნდის შიგნით, რაც მას ჰქონდა. სწორედ ამან დაღუპა სააკაშვილი და არამხოლოდ სააკაშვილი, ქვეყანაც. ვიღაცები დღეს თვლიან, რომ არა ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის გუნდში იყო, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობა". თვლიან იმასაც, რომ დროა, სააკაშვილმა ასპარეზი დაუთმოს სხვა ადამიანებს. თუმცა იმას, ალბათ, არ ფიქრობენ, რომ რეალურად იმ დონის პოლიტიკოსი, რა დონის პოლიტიკური ფიგურაც მიხეილ სააკაშვილია, დღეს არა თუ "ნაციონალების" შიგნით, არამედ ქვეყნის შიგნით არ ჰყავს. მე კი მგონია, რომ არა მიხეილ სააკაშვილი, ვერც ის ადამიანები იქნებოდნენ იქ, სადაც იყვნენ და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა ძლიერი პარტია. ხალხი სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს და არა "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეულ ლიდერებს.