ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

ზაჰესის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ნაირაშვილი რამდენიმე წელია, ხელისუფლებას სთხოვს, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მდგომარეობას შეისწავლის. ის ამბობს, რომ  კაშხალი 1987 წლის წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. მართალია, შეაკეთეს, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰესის სრულფასოვანი რეაბილიტაცია არ მომხდარა, ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია.

ვლადიმერ ნაირაშვილი: - ზაჰესი კომპანია "ენერგო-პროს" ეკუთვნის. ბოლო წლებში კი ჩაატარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ უხარისხოდ. მფლობელი აცხადებს, რომ ის ჯეროვნად უვლის თავის საკუთრებას და მე მოსალოდნელი საფრთხე მეჩვენება. ნეტავ მეჩვენებოდეს! დაუდევრობა კაშხლის ფარებსაც ეტყობა - როცა ჰესი გამართულად მუშაობს, თუ ფარები აწეული არ არის, წყალი არ უნდა გადმოდიოდეს.

ზაჰესის ფარებში წყალი ჩანჩქერივით მოედინება (ასე ყოველდღიურად უზარმაზარი ელექტროენერგიაც იკარგება).

ფარები თვითნებურად იმართება - 2011 წელს ერთ-ერთი მათგანი თავისით ჩაირთო, საბედნიეროდ, აწევისას. წყალდიდობა რომ ყოფილიყო და ჩაკეტვისას ჩართულიყო, უბედურება დატრიალდებოდა. კაშხლის ბეტონის კედელიც იმდენად დაზიანებულია, რომ შესაძლებელია, დაინგრეს. "ენერგო-პროში" ჩემი თხოვნა-გაფრთხილება ყურად არ იღეს და გამომიცხადეს, თუ თქვენსას არ იშლით, სასამართლოში გვიჩივლეთო. იმ დროს სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. მივმართე კანცელარიას. იქაც მითხრეს, "ენერგო-პროს" სასამართლოში უჩივლეთო. კიდეც რომ მეჩივლა, ჩემს სარჩელს არ განიხილავდნენ, განაცხადებდნენ, რომ საჩივარი უსაფუძვლოა. ენერგეტიკის სამინისტროსაც მივმართე, სპეციალისტებთან შეხვედრა ვთხოვე. სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტრომაც წამიყრუა. არადა, წყალი ქვას აპარებს, დიდი რაოდენობით ქვას. სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ბალასტის ამოღება მდინარიდან, კაშხლიდან ორ კილომეტრში. ეს ადგილები 2013 წელს პირწმინდად იყო გაწმენდილი, 2014 წელს კი, დანგრეული არხის შეკეთების დროს, ისევ შეივსო ბალასტით. საგუბარში  ძალიან ბევრი ქვა არის.

ქვის გატარება კაშხალში კი  დაუშვებელია, რადგან ის იწვევს კაშხლის ნგრევას, რაც მოხდა კიდეც 1987 წელს. ასეთ დროს სადგურის ფუნქციონირება საშიში და შეუძლებელიც კია, ამიტომაც კიდევ ერთხელ ვთხოვ დახმარებას მედიას. 18 მეტრ სიმაღლეზე დაგუბებული წყალი თუ გაგვექცა, ელიავას ბაზრობას ორი მეტრი სიმაღლის ტალღა გადაუვლის. 1987 წლის წყალდიდობის დროს მტკვარში ჩატანილი რკინაბეტონის 200-ტონიანი ნაჭერი ახლაც მდინარეშია იმის ნიშნად, თუ რა ძალა აქვს წყალს.

მალხაზ მიმინოშვილი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი: - ჰიდროტექნიკური ნაგებობები სახელმწიფო დანიშნულების მაღალი რისკის ობიექტებია და ვის ხელშიც უნდა იყოს, მათ საიმედობას მაინც სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს.

სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივიღეთ კანონი, რომელიც განსაზღვრავდა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების უსაფრთხოების მონიტორინგის აუცილებლობას. ამჯერად, რადგან არის ეჭვი, ზაჰესის მდგომარეობით სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს და "ენერგო-პროს" მოსთხოვოს ინსპექტირება. შესაძლოა, ვიზუალურად არაფერი ჩანდეს, მაგრამ ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება გახდეს აუცილებელი. 

ანზორ ჭითანავა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი: - თუ ვინმე ზაჰესის უსაფრთხოებასა და მოსალოდნელ საშიშროებაზე ლაპარაკობს, ე.ი. რაღაც ფაქტებს ეყრდნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ ფაქტებს შეისწავლის. წარსულში არსებობდა "საქენერგო", რომელსაც ზედამხედველობის ფუნქცია ეკისრებოდა. ისინი დღე და ღამე აკვირდებოდნენ ენერგოობიექტებს, იკვლევდნენ, რა ღონისძიებები იყო საჭირო უსაფრთხოებისთვის და შედეგებს წარუდგენდნენ მინისტრთა საბჭოს, რომლის დადგენილების საფუძველზე გაიცემოდა საჭირო თანხები.M სამწუხაროდ,

დღეს ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და როდესაც რამეს შენიშნავ, ჩინოსანთა დიდ ნაწილს მზად აქვს ფორმულა - ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერსო.

ასეთ ჩინოსნებს გაფეტიშებული ჰყავთ კერძო მფლობელები და მათაც ჰგონიათ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები საქმე გააკეთონ, ზედმეტ ხარჯებს კი თავი აარიდონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათი ჯიბიდან დაკარგული შემოსავალია, არადა ამ ფულს ელექტროენერგიის ტარიფიდან, ყოველგვარი გარჯის გარეშე, ჩვენი ჯიბიდან იღებენ. 

ხომ შეიძლება  ვლადიმერ ნაირაშვილის ვარაუდი საფუძვლიანი იყოს? ზეპირად ვერ განსჯი, რა ხდება ჰესის ნაგებობაზე. ამას ზერელედ მსჯელობა კი არა, გამოკვლევა სჭირდება.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია მაღალი რისკის ნაგებობებზე უსაფრთხოების მონიტორინგის თანამედროვე სტანდარტების სისტემის არსებობაა.

დავით მირცხულავა: - ნებისმიერი კაშხალი და ჰიდროტექნიკური ნაგებობა, როგორც საკმაოდ დიდი რისკის მქონე, უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი უსაფრთხოების კონტროლის სისტემით. ზაჰესი და ლაჯანურჰესი ძალიან ძველი ნაგებობებია, ამიტომაც ორივე მოითხოვს მეტ ყურადღებას, ვიდრე ახალი ან ნორმალურ პირობებში მომუშავე ნაგებობები. ზაჰესი თითქმის საუკუნის ნაგებობაა, 1927 წელს აშენდა. ლაჯანურჰესის კაშხალი 1956 წელს აშენდა, რიონჰესი კი - 1928 წელს. დაძველებულ ნაგებობებს მეტი ყურადღება სჭირდება, რათა დაზიანებამ, ავარიებმა და ინციდენტებმა კატასტროფები არ გამოიწვიოს. 

"კვირის პალიტრა" კომპანია "ენერგო-პროს" წარმომადგენლებს ესაუბრა.

- არა მხოლოდ ზაჰესში, ყველა ჩვენს მფლობელობაში არსებულ ჰესზე ტარდება შესაბამისი სამუშაოები და გამოირიცხება კატაკლიზმები, უბედურება და ა.შ.  კომპანია თვითონ არის დაინტერესებული, რომ მის მფლობელობაში არსებულ აქტივს, ქონებას არაფერი დაემართოს. გვერწმუნეთ, ყველაფერი დადგენილი ნორმის ფარგლებში კეთდება, - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.