თბილისის მერიაში დიდი დაპირისპირება დაიწყო

თბილისის მერიაში დიდი დაპირისპირება დაიწყო

თბილისში მომრავლებული პრობლემებისა და დავით ნარმანიას უუნარო მთავრობის შესახებ, "ალიას" თბილისის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი ესაუბრება:

ალეკო, მასშტაბურ პროექტებს ვინღა ჩივის, ელემენტარულ რაღაცებს ვერ აგვარებენ თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალაქში ორმოების ამოვსებას, ურნების დადგმას, მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას და სხვა, ასეთი მარტივი საკითხების გადაჭრასაც ვერ აბამენ თავს.

- კი, ვერ აბამენ, არ ვიცი, რა სჭირთ, შელოცვილები არიან თუ დაწყევლილები და გამოლოცვა უნდათ... ფაქტია, რომ ქალაქში ორმოებია და მე და თქვენ არ დავდივართ წერაყინით და ამ ორმოებს არ ვთხრით. ამას წინათ სამადლოში ვიყავი.

ზემო წყნეთიდან სამადლომდე ისეთი გზაა, აი, შევარდნაძის დროს ყველაზე ჩაშვებული ხანა რომ იყო, მაშინდელი. ყველა ფეხის ნაბიჯზე ორმოებია, მანქანით ერთ ორმოს ვერ აუქცევ გვერდს. ამას ვერ ამჩნევს ვერავინ. ასეა თბილისის გარეთ ყველგან. თბილისში, ცენტრალური ქუჩებიდან გადაუხვევ თუ არა, ყველგან ორმოებია, თან იმხელა, მანქანას ვინღა ჩივის, ფეხით მოსიარულენი წაიმტვრევენ კისერს. არც ნაგვის ურნები, არც საცობებისგან ქალაქის განტვირთვა და არც არაფერია მოგვარებული. მოკლედ, მონჯღრეულია მთელი თბილისი და ხელის შემვლები არავინ ჩანს.

არადა, რაც დღეს არის გასაკეთებელი, იმას დღესვე თუ არ გააკეთებ, მერე გაცილებით ძვირი დაჯდება მისი გაკეთება. თუმცა, არც ეს ადარდებთ მერიის ჩინოვნიკებს, ის ძვირად გასაკეთებელიც თბილისის ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ჯიბიდან გაკეთდება და რაში ანაღვლებთ? მაგალითად, ამ ორმოების ამოსავსებად გამოყოფილი ფული არის ბიუჯეტში, ამ საქმის მომგვარებელი კეთილმოწყობის სამსახური არსებობს მერიაში, არის მრავალი ფირმა, რომელთაც ასეთი სამუშაოების შესრულების გამოცდილება აქვთ. მაინც ვერ მოუბამთ თავი. არადა, ნორმალური ტენდერის ჩატარება უნდა ამ ყველაფრის თავის მობმას და მოგვარდება ეს პრობლემები.

დავით ნარმანია ხომ ხედავს, რომ ამდენი პრობლემაა ქალაქში და არაფერი კეთდება. დალოცვილო, მოხსენი ვინმე, დაუტატანე ვინმეს და დაანახე ხალხს, რომ გინდა ამ საკითხების გადაჭრა, მაგრამ ვიღაცების გამო ვერ წყვეტ. გამოდის, დიდად არც ნარმანიაა ამ პრობლემების მოგვარებით დაინტერესებული, მე სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებ.

რატომ ვერ ატარებენ ამ ტენდერებს და ამ ელემენტარულ საკითხებს მაინც რატომ ვერ აგვარებენ?

- როგორ არის, იცით? გადაწყვეტილების მიღება არავის არ უნდა, დაშინებულნი არიან მერიის თავკაცები. რაღაცა რომ გააკეთონ, ეშინიათ, ვაითუ კარგად არ გამოუვიდეთ და მერე ბიძინა ივანიშვილთან ცუდად მიიტანენ ამ ამბავს და მის რისხვას, შესაძლოა, გადაჰყვნენ. ისევ არჩევენ, არაფერი გააკეთონ. მით უმეტეს, ახლა ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაუსვეს ვიცე-მერად დავით ნარმანიას. ფაქტია, ეს კაცი ნარმანიას და მის გუნდს გააკონტროლებს და ახლა უფრო ეშინიათ რამის გაკეთებისა, ქუმსიშვილი, თუ ვინმეს რაიმე შეშალა მერიაში, არავის არაფერს აპატიებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის ვიცე-მერად დანიშვნა დაახლოებით იგივეაინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, დავით შავლიაშვილს მოადგილედ და მაკონტროლებლად რომ დაუნიშნა ნოდარ ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილმა?

- კი, დაახლოებით კი არა, იგივეა, ოღონდ შავლიაშვილი დანიშნული მინისტრი იყო, დავით ნარმანია კი არჩეული მერია. ქუმსიშვილი ნარმანიას ვერ გადააყენებს.

სამაგიეროდ, მის მთავრობას მოერევა.

- კი, თუ ბიძინა ივანიშვილის ნება იქნება, მოერევა. მერიის კულუარებიდან ვიცი, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის მერიაში მისვლით ჩვენ შიდა დაპირისპირებას უნდა ველოდოთ, იქ უკვე გარკვეულწილად დაძაბულია ვითარება. რამდენად გამოვა გარეთ ეს ფაქტები, არ ვიცი, მაგრამ კულუარებში დიდი ამბები იქნება. ქუმსიშვილი დავით ნარმანიას გუნდს, ალბათ, ძალიან შეავიწროებს.

ამ დავით ნარმანიას გუნდიდან არავინ არაფრის მაქნისი არ არის და თუ შეავიწროვა ქუმსიშვილმა ისინი და მათ ნაცვლად საქმის გამკეთებელი ხალხი მოიყვანა, მაგას რა აჯობებს? ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ უნდა დაიქოქოს ეს მერია?

- ღმერთმა ქნას, მერია გამოცოცხლდეს, რაღაც გააკეთონ და არ დავეძებ, ვისი კადრები გააკეთებენ საქმეს - მერის თუ ვიცე-მერის. როდემდე უნდა ვინახოთ ამდენი არაფრის მკეთებელი ჩინოვნიკი? ამას დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს, არა? თან მარტო ამ მერიის ჩინოვნიკთა ხელფასები ხომ არ არის, უზარმაზარ თანხებს ვახარჯავთ სხვა სიკეთისთვისაც. წელს მერიის ჩინოვნიკთა შესანახად  თბილისის ბიუჯეტში 90 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ქუმსიშვილისგან, ალბათ, საკადრო წმენდის გარდა მერიაში კორუფციული ფაქტების გამოვლინებასაც უნდა ველოდოთ?

- სავარაუდოდ, ასე უნდა მოხდეს. ხომ გითხარით, მერიაში დიდი დაპირისპირება დაიწყო და არაფერს გამოვრიცხავ. ქუმსიშვილი უკან დამხევი არ ჩანს და არც კორუფციის ფაქტების გასაჯაროებასა თუ მათი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის გადაცემას მოერიდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მსხვერპლი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე, თემურ ხომერიკია, რომელიც გუშინ გადადგა პოსტიდან. შემდეგი ვინ იქნება?

- კი, თემურ ხომერიკი არც მალავს, რომ მის გადადგომაში ქუმსიშვილი იყო ჩარეული. თემურ ხომერიკის მოხსნას მეც ვითხოვდი, მაგრამ ამ კაცს მხოლოდ იმას ვერჩოდი, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმა არ გააჩნდა, სწორი ხედვები არ ჰქონდა. შემდეგი ვინ იქნება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კიდევ რომ იქნებიან და თან ბევრი, გული მიგრძნობს.

ალეკო, თბილისელებს უკვე ყელში ამოუვიდათ დავით ნარმანიასა და მისი მთავრობის უუნარობა. სადამდე მოგვიყვანს ეს? ან თქვენ რატომ არ აყენებთ თბილისის მთავრობის მთლიანად გადაყენების საკითხს?

- კი, თბილისელები უკვე წკიპზე არიან მართლა და აღარ შეუძლიათ ამ უმაქნისი მთავრობის შენახვა. ჩემი ინიციატივა არ დასჭირდება ამ ამბავს. ვფიქრობ, სადღაც 3 თვეს მოიცდიან თბილისელები და მერე, თავად მოითხოვენ დავით ნარმანიასა და მისი გუნდის გადადგომას. არჩეული მერის გადაყენებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მის გუნდს ნამდვილად დაიფრენენ.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პრობლემებს კი არ აგვარებს, არამედ, გვიხსნის, რატომ ვერ აგვარებს პრობლემებს. ეს ეხება არამხოლოდ თბილისის მერიას, მთლიანად ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ საქმე გააკეთონ, ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ეს გაუსაძლისი ყოფა შეუმსუბუქონ, ყოველდღე გამოდიან და საათობით ლაპარაკობენ, რა მიზეზით, რატომ ვერ გაკეთდა კონკრეტული საქმეები. ეგ მიზეზები შენთვის შეინახე, ადექი და გააკეთე, რა, შე დალოცვილო, რაც გასაკეთებელია. ხელისუფლება შენ ხარ, ბიუჯეტი გაქვს, ხალხმა თვითონ მოიკლო, გადასახადები გადაიხადა, ყველა პირობა შეგიქმნა სამუშაოდ და საქმის გასაკეთებლად. თუ ვერ გაკეთდა საქმე და მაშინ ამაში ვიღაცები არიან დამნაშავენი და ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, უნდა მოხსნა და რაღაც მოიმოქმედო. ჩვენ კიდევ, ნაცვლად იმისა, რომ მათ პასუხი ვაგებინოთ, უზარმაზარ ხელფასებს ვუხდით და მეფურად ვაცხოვრებთ. შემოდგომიდან, ვფიქრობ, თბილისელები სერიოზულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ თბილისის მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, შესაძლოა, დავით ნარმანიას გადაყენებაც მოითხოვონ და მათი გამამტყუნებელი კაცი არ იქნება, რადგან ცამდე მართლები იქნებიან.