რა დარღვევები ხდება კერძო დაცვის სამსახურებში და რა კადრები მუშაობენ აქ?

რა დარღვევები ხდება კერძო დაცვის სამსახურებში და რა კადრები მუშაობენ აქ?

რა დარღვევები ხდება კერძო დაცვის სამსახურებში და რა კადრები მუშაობენ აქ? რას ეწოდებოდა შავი ყულაბა და სად მიდიოდა კომპანიებზე დარიცხული ფული?

"ქრონიკას" ესაუბრება კერძო დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. აქვე დავსძენთ, რომ "ქრონიკა" არაფერს ამტკიცებს. ეს თემა აქტუალურია, რადგან პირადი დაცვის მომსახურებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. ამიტომაც მონაყოლს უცვლელად ვბეჭდავთ.

- ზოგადად, საქართველოში კერძო დაცვის სამსახურების ჩამოყალიბების ერა იწყება 2000 წლიდან. იმ კერძო დაცვის სამსახურებს გაგაცნობთ, რომელმაც 15 წლის წინათ დაიწყო ჩამოყალიბება. ეს სამსახურები თავიდან აიგო ასეთი სისტემით: დააარსებდნენ ფირმას, შემდეგ იქმნებოდა სხვადასხვა ჯგუფები, ძირითადად, ამის უკან იდგნენ ყოფილი ძალოვნები და ჯერ შევარდნაძისა და შემდეგ სააკაშვილის ხელში ეს სამსახურები არასოდეს მოიაზრებოდნენ "კრიშის" გარეშე, რადგანაც ამ სამსახურებში ძალიან დიდი ფული ილექებოდა. საერთოდ, არსებობდა სახელმწიფო და, ასევე, კერძო ობიექტები და მათ ყველას დაცვა სჭირდებოდა და სჭირდება. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ამ სამსახურებში დიდძალი ფული მიედინება თანამშრომლების ხარჯზე, რადგანაც იქ მომუშავეებს საერთოდ არ ექცევათ ყურადღება დღემდე.

ამბობთ, დიდძალი ფულიო და ამიხსენით, კერძო დაცვის სამსახურებში კონკრეტულად საიდან შედის ფული?

- ზოგადად, თანამშრომლობა ხდება საგანგაშო ღილაკითაც და ცოცხალი დაცვითაც. მაგალითად,

ბიზნესმენს, ცნობილი რესტორნის მეპატრონეს, ან ქარხნის მფლობელს, ან ოფისის მფლობელს სჭირდება დაცვა, ამ შემთხვევაში ის ქირაობს ხალხს, ცოცხალი დაცვის ღირებულება კი იწყება 800 ლარიდან. ამ დროს თანამშრომელს აქედან უხდიან 200-300 ლარს, დანარჩენი სამსახურს რჩება, ასე იყო ადრეც და დღესაც ასეა.

საერთოდ, დაცვის სამსახურებს ძირითადი შემოსავალი შესდით ცოცხალი დაცვიდან და ეს ფული მისდით კერძო პიროვნებებს: ფირმის დამფუძნებლებსა და სხვადასხვა მენეჯერებს. საქმე ისევ და ისევ ისაა, რომ თანამშრომლებს ეს ფირმები ნორმალურად ფულს არ უხდიან.

"ლიჩნიკებად" ძირითადად რა კადრები მიდიან სამუშაოდ?

- ესენი არიან ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენლები და, ასევე, ყოფილი სპორტსმენები. საქართველოში სიის მიხედვით რომ მივყვეთ, ათი დაცვის სამსახურია და ამ სამსახურებში შიგნით ძალიან ბევრი პრობლემაა, ბევრი სისხლის სამართლის დანაშაულიც ხდება.

მაგალითად, ავიღოთ დაცვის სამსახური "ომეგა მ.ბ.რ", ანუ "ომეგა ემბეერი", რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ბაზარზე და შეიქმნა 2005 წლის აპრილში. მას დღეს ჰყავს ორი მეწილე, ყოფილი "სპეცნაზელი" და ბენდუქიძის ყოფილი დაცვის უფროსი მინდია ლორთქიფანიძე და უშიშროების ყოფილი თანამშრომელი რამაზ ჩიჩუა, რომელიც არის დღევანდელი პრეზიდენტის მძახალი. ეს ჩიჩუა იმით არის საინტერესო, რომ უშიშროების სამსახურში ყოფნის დროს იყო მხილებული ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილის გატაცებაში და ამისთვის ის სასჯელსაც იხდიდა.

ანუ უშიშროების თანამშრომელმა ბავშვი გაიტაცა?

- დიახ, ფულის გამოძალვის მიზნით, რისთვისაც ჩიჩუა იჯდა ციხეში, მერე გამოვიდა და დღეს ამ კომპანიის 50% წილის მფლობელია. ამ "ომეგა ემბეერს" დღეს აქვს ძალიან ბევრი ობიექტი, ერთ-ერთია სავაჭრო ცენტრი "საბა" და მისნაირი სხვაც, მაგრამ ამ ობიექტებზე თანამშრომლებს უხდიან ძალიან ცოტას, 200 ლარს, თუმცა დანარჩენი თანხა მიდის ამ პიროვნებების ჯიბეებში.

კიდევ ერთი პრობლემაა ზოგადად ამ დაცვის სამსახურებში, ესაა თანამშრომელთა ფორმა და მისი შეძენა. საქმე ისაა, რომ ამ უხარისხო ტანსაცმლის კომპლექტზე აქ მომუშავეებს ართმევენ 150-დან 200 ლარამდე, ანუ ამაში ბიჭები თავად იხდიან ფულს და ეს მათი ლამის ერთი თვის ხელფასის ოდენობაა. ამ მხრივ შევარდნაძის დროსაც განუკითხაობა იყო, ასევე მიშას დროსაც და ახლაც ასეთივე მდგომარეობაა. სხვათა შორის, "კრიშა" რომ ვახსენე, ამ "ომეგას" მიშას დროს ჰყავდა ბენდუქიძე "კრიშად", მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ამ პრობლემას დღესაც არაფერი ეშველა, "კრიშები" ისევ არიან. რაც შეეხება თანამშრომელთა უფლებების შელახვას, კერძო დაცვის სამსახურებში შვებულებები არ აქვთ აქაურ თანამშრომლებს და, თუ გაუშვებენ ცოტა ხნით, ისიც უხელფასო შვებულებაში.

კი, მაგრამ შრომის კოდექსი ხომ მიღებულია და ეს არ სრულდება ამ სამსახურებში?

- არა. დაცვის თითქმის ყველა სამსახურში 60, ხან 80 საათის მანძილზე ამუშავებენ თანამშრომლებს და ამ ზეგანაკვეთურ სამუშაოს არავინ უნაზღაურებს მათ, ამ დროს 40 საათითაა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო დრო, მაგრამ გითხარით, რაც ხდება. ასევე, მეორე ლიდერი კომპანიაა დაცვის სამსახური "თორნი", რომელიც არჩილ გეგენავას ეკუთვნის. ეს სამსახური დასაწყისში შეიქმნა გეგენავას ბიზნესობიექტების საკურატოროდ, ანუ დასაცავად, და შემდეგში გაფართოვდა და ერთ-ერთ წამყვან დაცვის სამსახურად ჩამოყალიბდა: მთელი შარდენი დღეს მისი დაცვის ქვეშაა. ამ დაცვის სამსახურსაც იგივე პრობლემები აქვს, რაც "ომეგას": თანამშრომლებს 200-250 ლარი აქვთ, ფორმის ფულს აქაც ართმევენ, დარღვეულია შრომის კანონმდებლობა და, როგორც ამ დღეებში ინფორმაცია მომაწოდეს, აქ ერთი თვის წინ ასეთი რამ მოხდა: ამ დაცვის სამსახურის მენეჯმენტში დირექტორად მუშაობს მალხაზ თარხნიშვილი, რა თქმა უნდა, ის გეგენავას ნდობით აღჭურვილი პირია, "თორნის" აღებული ჰქონდა ერთ-ერთი ობიექტი აეროპორტის მხარეს, რაღაც ქარხანა იყო იქ და გარკვეული დროის შემდეგ ამ ქარხანასა და "თორნს" შორის ხელშეკრულება შეწყდა. მაგრამ იქ ხომ დაცვის ბიჭები მუშაობდნენ?

ჰოდა, "თორნს" ხელფასი არ მიუცია თავისი თანამშრომლებისთვის, კონკრეტულ ერთ დაცვის თანამშრომელს ჰქონდა ამ სახით 730 ლარი ასაღები, წელი გავიდა ისე, რომ მას თავისი ფული არ მისცეს და ერთხელაც ურეკავს ეს თანამშრომელი თარხნიშვილს და ეუბნება, მომეცით ჩემი ფულიო და ამაზე მას იქიდან უხეშად პასუხობენ, რაზეც ამანაც ხურდა დაუბრუნა და უცებ თარხნიშვილი ეუბნება, რომ ამოდი ოფისშიო. ეს ბიჭიც ასულა და იქ დაახვედრეს ოპერატიული ჯგუფი და თავად თარხნიშვილის ბიჭი და მისი მეგობარი. ანუ ამ თანამშრომელს აქეთ დაუყენეს ძალოვნები, მეორე მხარეს - ძველი ბიჭები, გესმით? რომელ მხარესაც წაიყვანდა ეს ბიჭი საუბარს, სამართლებრივად, თუ ძველბიჭურად, ის მხარე უპასუხებდა. ჰოდა, თარხნიშვილმა, რატომ შემაგინეო, - ბიჭს ეკითხება. ეს თანამშრომელი პასუხობს, მე ჩემი ხელფასი მოგთხოვეთ და თქვენ თავად მომაყენეთ შეურაცხყოფა ტელეფონით და რაზეც ანალოგიურად გიპასუხეთო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონია, რომ დააგდეს თურმე ძირს და ურტყეს ხელით, ფეხით და თან გააფრთხილეს, არ წამოგცდეს არსად პოლიციაში, თორემ უარეს დღეში აღმოჩნდებიო.

მოკლედ, ფული მოითხოვა და ამაზე გალახეს და გაუშვეს?

- კი, და აი, ასეთი ხალხია დღესდღეობით ამ კომპანიებში. ეს გალახვის ამბავი ამათ ჯერჯერობით შერჩათ, რადგანაც ამ ბიჭს მეგობრები ვესაუბრეთ და ვუთხარით, რომ სასამართლოში ან პოლიციაში შეეტანა საჩივარი, მაგრამ, ეტყობა, ისე შეაშინეს, რომ დღეს ეს ადამიანი საქართველოში აღარ არის, წავიდა ქვეყნიდან. შემდეგი დაცვის სამსახური, ასევე ლიდერი ამ სფეროში, არის "დეტი", რომელიც ეკუთვნის გიორგი რამიშვილს, მეტსახელად "ზარალას" და ძირითადად რამიშვილის ბიზნესობიექტებს იცავს. ეს იქნება "რადისონი", მთლიანად "რესპუბლიკის მოედანი" თუ სხვა ბიზნესცენტრები. აქაც ანალოგიურად ხდება შრომის კოდექსის დარღვევა, როცა ბიჭები იცავენ 100 000-იან და 1 000 000 დოლარიან ქონებას და იღებენ 250-300 ლარს. შემდეგი დაცვის სამსახური არის "ალგანი", რომელიც ეკუთვნის უშიშროების ყოფილ თანამშრომლებს ალეკო გაგნიძეს და გიორგი ნემსაძის, მათი ინიციალებიდან არის სახელწოდება შემდგარი. აღნიშნული დაცვის სამსახური წარმოადგენს პირველ ლიდერ კომპანიას სხვა დაცვის სამსახურებს შორის, ყველაზე მეტი რესტორანი, კაფე და ქარხანა ამ დაცვის სამსახურს ეკუთვნის, აქაც ანალოგიური პრობლემაა, აქაც ბიჭებს 24 საათის მანძილზე 200 ლარად ამუშავებენ და როცა რესტორან "თაღლაურას" დაცვის ბიჭებმა ეს გააპროტესტეს და მოითხოვეს, ხელფასი მოგვიმატეთო, სოდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა გოგი მელიქიძემ, რომელიც "ალგანში" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებს, უპასუხა, რა გინდათ, მშვენიერი ხელფასი გაქვთ, წელიწადში 2400 ლარს იღებთ და თან საჭმელიც ხომ გაქვთო?

თუ ასეთი განუკითხაობაა ამ სამსახურებში, დაცვის თანამშრომლები რატომ ჩერდებიან?

- სხვაგან სად წავიდნენ, ამ ტოტალურ უმუშევრობაში? იძულებულები არიან. აქაც ფორმაზე 150 ლარს აჭრიან, არანაირი შრომით კოდექსს არ ცნობენ და სრული განუკითხაობაა... ასევე, ცნობილი დაცვის სამსახურია "ინტერსექიურიტი ჯორჯია", რომელიც ეკუთვნის თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს იოსებ ალავიძეს და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, მეტსახელად "ჭუტას", მათაც უამრავი ქსელი და დასაცავი ობიექტი აქვთ, აქაც ირიცხება ასეულ ათასობით ლარი, მაგრამ აქ ზოგიერთ თანამშრომელს 190 ლარი აქვს, მოკლედ, იგივე სიტუაციაა - შრომის კოდექსის დარღვევა. ასევე, ცნობილია "იუნაითედ სექიურითი", ესაა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი სახის, იმერეთის გუბერნატორის დავით მუმლაძის ფირმა.

ყველაზე დიდი რომელი დაცვის სამსახურია?

- "ვიქტორია სექიურიტი", რომელიც ამ კერძოებს შორის მართლაც, ყველაზე მრავალრიცხოვანია ქვეყნის მასშტაბით, მას ყველა რეგიონში აქვს თავისი ფილიალი, თუმცა ყველაზე მეტი ობიექტი თბილისში აქვს. მისი ერთ-ერთი მეწილე არის ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ბიძა, გენერალი გიორგი ხაზარაძე, მათი დაცვის ობიექტები არის "ბილაინი", "ქარვასლა" და სხვა უამრავი ობიექტი. საერთოდ, ამ დაცვის სამსახურებს რაც შეეხებათ, 2009 წლის თებერვალში პალიკო კუბლაშვილმა, რომელიც მაშინ იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა პარლამენტში, მიიღო კანონი და დაცვის სამსახურები ჩარჩოებში მოაქცია, ხდებოდა ასე:

დაცვის სამსახურის შექმნა რომ გინდოდა, არეგისტრირებდი ფირმას, მოიზიდავდი ხალხის რესურსს და იქმნებოდა სამსახური, მაგრამ კანონის მიხედვით ამ სამსახურებს დაუწესეს მოსაკრებელი, წელიწადში 50 000 ლარი, პლუს 200 000 ლარი უნდა ჰქონოდა ანგარიშზე, რადგანაც ფირმა თუ გაკოტრდებოდა, თანამშრომლების ხელფასები უნდა დაფარულიყო, მაგრამ ეს არაა ყველაზე ცუდი, რაც ამ კანონში ჩადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის დეპარტამენტს მიეცა უფლება, მისულიყო და შეემოწმებინა დაცვის სამსახურის თანამშრომელი და იგივე ფორმის გამო დაეწერა ჯარიმა 500 ლარი, თუ საბუთი დარჩებოდა სახლში - 2000 ლარი და ასე შემდეგ. ეს ახლაც ასე ხდება. მაგრამ ამ ჯარიმას იხდის ჯერ ფირმა და მერე თავად დაცვის თანამშრომელი, რომელიც თვეების მანძილზე აბსოლუტურად უხელფასოდაა, რადგანაც მას ხელფასი მთლიანად ექვითება და ეს დღევანდელმა მთავრობამ გაითვალისწინოს, რადგანაც თავად ახორცილებენ ეს ფირმები დაცვას ცოცხალი ძალითაც და სიგნალიზაციის სისტემებითაც და რა გამოდის? კონკურენტ ფირმებს შეუძლიათ მისი დაჯარიმება და შევიწროება? და არის შემთხვევები, რომ დაცვის პოლიცია იგდებს ხელში მერე ამ ობიექტებს. სხვათა შორის, მერაბიშვილის დროს აქედან შავი ფულიც მიდიოდა პოლიციაში, რადგანაც ვერავინ აკონტროლებდა დაცვის პოლიციას, მას შეეძლო, თავისი მონიტორინგით ისე შეეწუხებინა და შეევიწროებინა რომელიმე ობიექტი, რომ მერე აეხია კერძო მფლობელისთვის.

მერაბიშვილის დროს დაცვის პოლიციას დიდ ყულაბას ეძახდნენ, რადგანაც  გაწვევის დროს ჯარისკაცები მიჰყავდა დაცვის პოლიციას და კაცზე რომ სხვაგან ირიცხებოდა 700 ლარი, აქ ირიცხებოდა - 1200 ლარი, აქედან ჯარისკაცი იღებდა 70 ლარს და დანარჩენი ფული სად მიდიოდა, კაცმა არ იცოდა. მერაბიშვილის დროს ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა კახა ლეგაშვილი და ამ ფულს კურატორობას უწევდა ამირან მესხელი. ეს იყო უზარმაზარი ფული, რომელიც ხმარდებოდა მიტინგების კარგად დამრბევლების პრემირებასა და მსგავს სამარცხვინო ამბებს, რადგანაც ეს "შავი ყულაბა" იდო მაშინდელ შსს-ში.

კომენტარების დრო მოვიდა და რიგის მიხედვით ვუკავშირდებით "ომეგა ემბეერის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რამაზ ჩიჩუას:

- დავიწყოთ იმით, რომ არავინ "გვკრიშავს"... ზეგანაკვეთურად თუ ვინმე მუშაობს, ჩემო ბატონო, იმას აქვს დამატებითი ანაზღაურება, რომელიც გაწერილია ბრძანებით და ჩვეულებრივად იღებს ხელფასს. რაც შეეხება ჩემს პატიმრობას, ეს ის დროა, როცა კვირაიამ ყველა დაიჭირა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა, რატომ დაიჭირა ეს ხალხი. მთელ "ომეგას" დასდევდა კვირაია, პატივცემულო. ზოგი დახოცა, ზოგი ციხეში ჩაყარა, რადგანაც ამერიკული ჯგუფი არ უნდოდა რომ ყოფილიყო, უნდოდა, რომ ყოფილიყო რუსული ჯგუფი. ესაა მარტივი ამბავი, მეტი არაფერი. 

ანუ თქვენთან თანამშრომლების უფლებები და შრომის კოდექსი არანაირად არ ირღვევა?

- კი, ესაა ნაჭიდავები თემა.

მის შემდეგ ვუკავშირდებით "თორნის" წარმომადგენელს მალხაზ თარხნიშვილს:

- რაც შეეხება აეროპორტის ობიექტს, ის სასამართლოზეა გადაცემული, რადგანაც ამ ობიექტმა და მისმა ხელმძღვანელობამ ჩვენ თანხა არ გადაგვიხადა, რაზეც ის გადაცემულია სასამართლოზე და ველოდებით თანხის ამოღებას. რაც შეეხება მაგ თანამშრომელს, მას ჰქონდა ჩემთან ურთიერთობა, ძალიან უხეში, იყო ნასვამ მდგომარეობაში და ტელეფონზე მაგინა, მე დავიბარე და ავუხსენი, რომ შეეძლო, მას ეჩივლა, მაგრამ საქმე გადაცემული გვქონდა სასამართლოში და მიმდინარეობდა თანხის ამოღება. თანამშრომლის ცემა სად გაგონილა? რაც შეეხება აჩიკო გეგენავას, მას სახეზეც არ ვიცნობ.

ამ შემთხვევაში სულ არ არის საჭირო, გეგენავას სახეზე იცნობდეთ..

- მესმის და არც მაინტერესებს, მაგრამ ასეთი აზრი მუსირებს, რომ გეგენავასია. რაც შეეხება თანამშრომლების უფლებების დარღვევას, მე თბილისში არ ვარ და თუ სურვილი გაქვთ, შემდეგ კვირაში მობრძანდით და გაჩვენებთ ხელშეკრულებებს, რასაც გვიხდიან ობიექტები, თანამშრომლებს იმის მიხედვით ვაძლევთ თანხას.

სამწუხაროდ, "დეტის" ვერ დავუკავშირდით, "ვიქტორია სექიურიტი" დაგვპირდა, რომ დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ ამაოდ ველოდეთ. რაც შეეხება "ალგანს", კომპანიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.