10 წლისა იქნებოდა პატარა ხელმწიფე, ვახტანგ გორგასალი, როცა ოსებმა ისარგებლეს მეფის არასრულწლოვანობით, გადმოვიდნენ ჩრდილო კავკასიიდან, ააწიოკეს სამეფო, გაძარცვეს და მრავალი ტყვე გაიტაცეს, მათ შორის, მეფის სამი წლის და, მირანდუხტი.
როცა გორგასალი გახდა 15 წლის, მოუწოდა ქართლის წარჩინებულებს და შეკრიბა ისინი მცხეთაში.
მეფემ, უკვე დაბრძენებული და გამოცდილი ადამიანივით განაცხადა:
– ისმინეთ ჩემი, მართალია ყრმა ვარ, მაგრამ არ მოვითმენ ოსთაგან შეურაცხყოფას, ღვთის მადლითა ვიძიებ შურს. არ შეიძლება ამის მოთმენა, სირცხვილია.
ადგა სპასპეტი ჯუანშერი და თქვა:
– იცოცხლე, მეფეო, დიდებით. უკვე ხუთი წელია, ოსთაგან ვითმენთ შეურაცხყოფას, რადგან შენ, ჩვენი წინამძღოლო პატარა იყავი, არ შეგეძლო მხედრობა, სარდლობა და სამეფოს მართვა. ახლა კი ვხედავ, მეფეო, უკვე დაბრძენებული ხარ, ძლიერი და მხნე. ჯერ ისევ ყრმა ხარ, მაგრამ ძალგიძს მეფობა. თუმცა, ჯერ ომისა და სარდლობისათვის პატარა ხარ. შენი სიბრძნითა და დედაშენის რჩევით, გამოარჩიე სარდალი ჩვენი ჯარისთვის და ჩაგვიყენე ის სათავეში. ყოვლადწმიდა სამების ძალით, წავალთ და შურს ვიძიებთ. შენ დარჩი დედაქალაქში და განაგე სამეფო საქმეები. უშენოდ წარწმყდება ჩვენი ქვეყანა, რადგან შენი შემცვლელი არავინ არის სამეფოში.
ჯუანშერ სპასპეტის სიტყვას დაემოწმნენ წარჩინებულნი და ერისთავები.
ბრძანა მეფემ:
– შენი ერთგულობის გამო ამბობ, ჯუანშერ, მაგრამ მე არ დავემორჩილები შენს რჩევას. ჩემი პატარა დის სიბრალული გულს მიწვავს. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია.
მიხვდნენ დიდებულები, რომ ვერ დაუშლიდნენ 15 წლის მეფეს. გადაწყდა ლაშქრობა ოსეთზე. ვახტანგ მეფემ გააგზავნა მოციქული თავისი დედის ძმასათან, ვარაზ-ბაკურთან, რანის (ბარდავის) ერისთავთან, რომელიც სპარსთა მეფეს მორჩილებდა. აუწყა მას, რომ ოსებზე აპირებდა გალაშქრებას და დამხმარე ჯარი სთხოვა. ვარაზ-ბაკური სიხარულით დათანხმდა, რადგან მისი ქვეყანაც ააოხრეს ოსებმა.
ქართლის ჯარი – ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი აღლუმზე შეიკრიბა მუხნარსა და ხერკში (საგურამოსთან), არაგვის გაღმა-გამოღმა. ვარაზ-ბაკურმა თორმეტი ათასი მხედარი გამოაგზავნა.
მეფეს ესიამოვნა ჯარის სიმრავლე, მოეწონა ცხენ-კეთილობა და მოკაზმულობა მეომრებისა, მათი მხიარული და საბრძოლო განწყობა. სავსენი იყვნენ მეომრები ოვსთა შურით.
ვახტანგმა სამეფოს გამგებლად დატოვა დედამისი საგდუხტი და თავისი და ხვარანძე. დაწერა ანდერძიც: თუ ვერ დავბრუნდები ცოცხალი, ჩემი და – ხვარანძე ცოლად შეირთოს სეფეწულმა მირიანმა და ის გამოცხადდეს ქვეყნის მეფედო. ანდერძი დედას გადასცა საიდუმლოდ. მირიანი მცხეთაში დატოვა.
თიანეთში ყმაწვილ მეფეს ეახლნენ სხვა კავკასიელი მეფენი ორმოცდაათი ათასი მხედრით. დაიძრა ვახტანგის არმია ჩრდილოეთ კავკასიისაკენ. გაიარეს დარიალის კარი და შევიდნენ ოსეთში.
მაშინ თექვსმეტი წლის იყო ქართველთა იმედი.
ოსებს არ გამოპარვიათ ქართველთა სამზადისი. მათაც შეკრიბეს დიდძალი ლაშქარი, ხაზარებიც შემოიერთეს. მათი ჯარი მდინარე თერგის ნაპირას დაუხვდა ქართველთა ჯარს.
მდინარის გაღმა-გამოღმა მხარეს დაიბანაკეს ქართველთა და ოსთა ჯარებმა. შვიდი დღე იდგა ორი არმია მტრის პირისპირ და ბუმბერაზთა ორთაბრძოლები იმართებოდა.
ერთ დღესაც გამოვიდა გოლიათი თარხან ხაზარი და დაიყვირა:
– ვინ არის უძლიერესი ვახტანგის ჯარში, გამოვიდეს და შემებრძოლოს.
გამოვიდა ფარსმან-ფარუხი, სპარსი, ვარაზ-ბაკურის სამხედრო ნაწილებიდან. ის უძლეველი კაცი იყო, ლომებს შიშველი ხელით იჭერდა, თურმე.
გაიმართა ორთაბრძოლა. პირველსავე შეტაკებაზე ოსთა მოკავშირე ხაზარმა მკერდამდე გაუპო თავი ქართველთა მოკავშირე სპარსელს. შეწუხდნენ ვახტანგის ჯარისკაცები, რადგან არავინ ჰყავდათ მისნაირი ძლიერი მეომარი.
ის ღამე ვახტანგ გორგასალმა ლოცვაში გაატარა. შეწევნას ითხოვდა ღვთისგან, რადგან თარხანთან ბრძოლა გადაწყვიტა. უშიში იყო ქართველთა მეფე, ვითარცა უხორცო. ღვთისა და თავისი ძალის იმედი ჰქონდა.
გათენდა თუ არა, გამოიჭრა ხაზარი ბუმბერაზი და დასცინოდა ქართველებს, მათ მოკავშირეებს და იმუქრებოდა. ვერავინ გაბედა მის წინააღმდეგ გასვლა.
მიუბრუნდა ყმაწვილი ქართველი ხელმწიფე თავის ჯარს და უთხრა:
– არა ჩემი ძალის ან ჩემი სიმხნის მინდობით, არამედ სამების რწმენით გავალ თარხანთან საომრად.
გაუკვირდათ წარჩინებულებს და არ უშვებდნენ, რადგან ჯერ კიდევ პატარა იყო იბერიის მეფე, არც საომარი გამოცდილება ჰქონდა.
არ დაუჯერა თავის სარდლებს გულადმა გორგასალმა, ღმერთს შემწეობა სთხოვა, მიუბრუნდა თავის ჯარს და უთხრა: „ევედრეთ ღმერთს და ნუ შეძრწუნდებით“.
ვახტანგის ჯარისკაცები თავ-თავიანთი რჯულის მიხედვით ევედრებოდნენ ღმერთს იბერიის მეფის გამარჯვებას.
შუბით შეიარაღებული ჭაბუკი მეფე შევიდა მდინარეში. ბუმბერაზმა თარხანმა დასცინა: „მე გოლიათებსა და ბუმბერაზებს ვებრძვი და არა ყმაწვილებს, შენზე უნდა შევირცხვინო თავი?“. თუმცა, პირველივე შეტაკებაზე გორგასალმა შუბით განგმირა ხაზართა უძლეველი ბუმბერაზი.
იბერიის მეფემ მოჰკვეთა თავი თარხან ხაზარს, შეახტა ცხენს და მობრუნდა თავის ლაშქართან. ყიჟინით და ღვთის დიდებით შეხვდნენ ჯარისკაცები გამარჯვებულ მეფეს.
მეორე დღეს სხვა ბუმბერაზი გამოვიდა ოსთაგან საბრძოლად, სახელით ბაყათარ. ის დაუმარცხებელ გოლიათად ითვლებოდა, თორმეტი მტკაველის სიგრძის მშვილდი ჰქონდა და ექვსი მტკაველის სიგრძის ისრები. მოადგა მდინარეს და ყვიროდა:
– ვახტანგ მეფეო, ნუ გალაღდები თარხანის მოკვლით. არ იყო ის ნამდვილი გოლიათი და ამიტომ მოიკლა ყმაწვილის მიერ. თუ გამოხვალ ჩემ წინააღმდეგ საბრძოლველად, ნახავ, რაც არის ფიცხელი ბრძოლა და ვერ გამექცევი. თუ არა და, ვინმე შენი მეომარი შემებრძოლოს, მისთვისაც მზად ვარ.
ჭაბუკმა მეფემ საპასუხოდ უყვირა ბაყათარს:
– არა ჩემი ძალით ვძლიე თარხანს, არამედ ძალით ღმრთისა. არ მეშინია შენი, რადგან მაქვს ჯვარი მისი საჭურველად!
გაემზადა ვახტანგის სპა. მეფე შეახტა შეჭურვილ ტაიჭს, აიღო ფარი ნიანგის ტყავისა, რომელსაც ვერ ხვრეტდა მახვილი და გაეშურა მდინარისკენ. დაუყვირა ბაყათარს: „არ გამოვალ მე მდინარეს, რადგან მეფე ვარ, არ მოგიახლოვდებით ოსების ჯარს, რადგან გინდათ ჩემზე თავდასხმა, ჩემი სიკვდილით კი დამარცხდება ჩემი არმია. შენ მონა ხარ და შენი სიკვდილით არაფერი ევნება ოსთა ჯარს, როგორც ერთი ძაღლის სიკვდილით. გამოდი ჩემს ნაპირას“.
ბაყათურ ოსმა დაუყვირა: „მე, შენი მკვლელი, გამოვალ მდინარეს, უკან დაიხიე მდინარიდან“.
ვახტანგ მეფე გაშორდა მდინარის ნაპირს. წამოვიდა ბაყათარი, გამოსცდა მდინარეს, თან ისრებს ესროდა ქართველთა მეფეს და ასე უახლოვდებოდა. ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი მეფე ოსტატურად იცილებდა ისრებს.
მდინარის გაღმა-გამოღმით მდგარი ჯარები ბუკს აყვირებდნენ და დაფდაფებს სცემდნენ, ყვირილით ამხნევებდნენ საკუთარ ფალავანს. ხმაურისგან მთები და ბორცვები ირყეოდა.
მხოლოდ ორი ისარი გაარტყა ბაყათარმა ვახტანგის ფარს, თუმცა ვერ გაჰკვეთა. ბოლოს ერთი ისარი ვახტანგის ცხენს ესროლა და დაჭრა. ვიდრე დაეცემოდა ცხენი, მეფე გადმოხტა და ხმალი დაასცხო ოსს მხარზე და გულამდე გაჰკვეთა. ამ დროს დაეცა კიდეც ვახტანგის ცხენი.
ქართლის ხელმწიფემ დაიჭირა ბაყათარის ცხენი. ღმერთს მადლობა შესწირა. შემდეგ მოახტა მოკლული ოსი გოლიათის ცხენს და შეტევისაკენ მოუწოდა თავის ჯარს.
მსწრაფლ დაიძრა ვახტანგ მეფის ჯარი, წინ ცხენოსანნი და უკან ქვეითნი, შეუტიეს ოსებს და ხაზარებს. ოსები გადმოდგნენ კლდის თავზე და ისრის წვიმა დააყარეს შეტევაზე გადასულებს.
ვახტანგ მეფე შეუძახებდა და ამხნევებდა თავის გულად მეომრებს. ქართველმა ცხენოსნებმა დაძლიეს აღმართი, გავიდნენ გავაკებაზე და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა.
ვახტანგ მეფე როცა მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, ძრწოდა მტრების მარცხენა მხარე, როცა მარცხენა მხარეს გადაინაცვლებდა, ძრწოდნენ მარჯვნივ განლაგებული ოსები. ლომის ბრდღვინვასავით ისმოდა მეფის ხმა. ხელმწიფის გვერდით მხნედ იბრძოდნენ მისი ძუძუმტე – საურმაგ სპასპეტის ძე არტავაზი და ბივრიტიანი სეფეწული.
დამარცხდნენ ოსები და გაიქცნენ. ქართველთა ჯარმა მტრის დიდი ნაწილი მოსრა, ბევრი კი დაატყვევა.
სამი დღე ისვენებდა ქართველთა არმია და ღმერთს მადლობას სწირავდა. შემდეგ რაზმებად დაიყვნენ და დაიწყეს ოსეთის რბევა. შემუსრეს მათი ქალაქები, დაატყვევეს კვლავ უამრავი და აიღეს დიდი ალაფი.
ვახტანგ მეფემ დაიმორჩილა ოსები და ყივჩაღები. დარიალში ააგო ციხე-სიმაგრეები. ქართველთა მეფის უკითხავად არავის შეეძლო ოსეთიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსვლა. მეციხოვნედ დააყენა იქაური დვალები და სხვა მთიელები.
შემდეგ გაილაშქრეს ოსეთის მოსაზღვრე პაჭანიკეთში, ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე, თერგის სანაპიროებზე. შემდეგ დალაშქრეს ჯიქეთი.
იმ დროს ჯიქები და პაჭანიკები იქ ცხოვრობდნენ. შემდეგში ჯიქები გადმოსახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა რომ სოჭის მხარს ვუწოდებთ (ბოლოს რუსებმა გაწყვიტეს ისინი).
მოარბია ვახტანგ გორგასალმა ჯიქეთი და პაჭანიკეთი და მობრუნდა ოსეთში. ოსები მიუვალ მთებსა და ციხე-სიმაგრეებში გამაგრებულიყვნენ. მათ 30 000 ტყვე მოითხოვეს მეფის დის სანაცვლოდ. მისცა მეფემ 30 000 ტყვე და გამოიხსნა თავისი მცირეწლოვანი და.
მეფემ გაათავისუფლებინა თითოეული ქართველი, რომლებიც ექვსი წელი ტყვედ ჰყავდათ ოსებს. მათი რიცხვი იყო 350 000. შემდეგ მძევლად აიყვანა ოსი დიდებულების შვილები და ამისთვისაც 30 000 ტყვე ოსი გაათავისუფლა. დანარჩენი 650 000 ტყვე ოსი თან წამოიყვანა, პაჭანიკთა და ჯიქთაგან აყვანილ სხვა ტყვეებთან ერთად.
გამოუშვა უკან სპარსთა დამხმარე 10 000 ჯარისკაცი ქართლის მეფემ და სხვა კავკასიელი მეფეები დიდი საჩუქრებით. გამოაგზავნა თავისი და – მირანდუხტი და სხვა ქართველი ტყვეყოფილები დარიალის გზით ქართლში. თვითონ კი ჩრდილო კავკასიის დასავლეთის მიმართულებით, იალბუზის გასწვრივ გაუყვა გზას აფხაზეთისკენ. გზად დაიმორჩილა მთელი კავკასია.
შეუტია აფხაზეთის ციხეებს, სადაც ბიზანტიელთა საოკუპაციო გარნიზონები იდგა. განდევნა ბიზანტიის იმპერატორი ლეონ პირველის ჯარები იბერიის მეფემ და დაიკავა ყოველი ციხე აფხაზეთისა ნიკოფსიიდან ციხე-გოჯამდე.
სამწლიანი (458–461) ლაშქრობის შემდგომ დაბრუნდა 19 წლის, დავაჟკაცებული ქართლის მეფე ქართლში. წინ შემოეგებნენ დედა, დები და მცხეთის მოსახლეობა. მოქალაქეები სახელოვანი ხელმწიფის ცხენს ფეხთ უფენდნენ ტანსაცმელს და ყვავილებს. არათუ იბერიის, არამედ მსოფლიოს არც ერთ მბრძანებელს ასეთ ასაკში, ასეთი დიდებული გამარჯვება არ მოუპოვებია.
ქართლში უკვე მღეროდნენ:
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.