საერთაშორისო მაწანწალამ ბუნაგი ოდესის ოლქში დაიდო და სრულუფლებიანი გუბერნატორია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვისი კაცია მიშა? ამაზე დასავლეთი ჯერ არ ფიქრობს, რადგან ახალი მსოფლიო რუკა იწერება და უკრაინაში მიშა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. თუმცა ერთი რამ საყურადღებოა, არაერთი წყაროსგან "ალიასთვის" ცნობილი გახდა, რომ ოდესა, რომელიც მაღალკვალიფიციური კრიმინალების თავშესაფარია, მაფიოზების, ისეთი ავტორიტეტების, რომლებიც ერთი ზარით ადამიანის სიცოცხლეს სასწორზე აგდებენ, იმუქრებიან, სააკაშვილს ქართველ კრიმინალებში არ შევეშალოთ, თუ პრობლემებს შეგვიქმნის, გაძლიერებული დაცვაც ვერ უშველის, ისე ავაორთქლებთ, ჩვენი მოგონილია პროკურორების ციხიდან გატაცება და პრეზიდენტების ჩვენს ჭკუაზე სიარულიო... მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ზურაბ ადეიშვილი ჩაიყვანა, ის ოდესის პროკურატურას უხელმძღვანელებს. დუეტი შედგა, ვნახოთ, ვინ უფრო დიდი კრიმინალი აღმოჩნდება - სააკაშვილი, თუ ისინი, ვისაც ოდესის ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა - ქალამნად...
"ალია" დაუკავშირდა უკრაინაში მცხოვრებ გიორგი სიგუას, რომელიც პირველი ქართველი დიპლომატი გახლდათ უკრაინაში, ის არის "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წევრი, საერთაშორისო მეცნიერ-ეკონომისტთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და ეკონომიკის დოქტორი.
მაშ ასე, რას ყვებიან უკრაინაში სააკაშვილზე? რამდენად გადაჭარბებული ინფორმაციები მოდის ჩვენამდე?
"ალიას" გიორგი სიგუა ესაუბრა:
რატომ არჩია უკრაინამ უცხოელების თანამდებობებზე დანიშვნის გზა? როგორია თქვენი თვალით დანახული უკრაინის ხელისუფლება?
- თანამდებობებზე უცხოელების მოძალება და მათი დანიშვნა ძნელი სათქმელია, საიდან მომდინარეობს - ეს არის რუსეთის კარნახით თუ ევროპა-ამერიკის მხარდაჭერით განხორციელებული საკადრო დანიშვნები. ამ საკითხზე გადაჭრით ვერავინ ვერაფერს ამბობს, ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდს, როცა საქართველოში გამოაგზავნა რუსეთმა თავისი კაცი, ცხონებული კახა ბენდუქიძე თავისი ლიბერტარიანული იდეოლოგიით და პოლიტიკური ფილოსოფიით. აქაც ასეთი ვითარებაა, ლიბერტარიანელთა ზეობაა, ლიტვიდან მოიწვიეს ეკონომიკის მინისტრად პიროვნება, რომელიც პროფესიით ეკონომისტიც არ არის და ეკონომიკაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. აქ როგორ ფიქრობენ, იცით? რადგან კაცმა ფული იშოვა, მათ ჰგონიათ, რომ ეკონომიკა იცის.
რა განწყობაა უკრაინის მოსახლეობაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიმართ, რომლებიც, ფაქტობრივად, მართავენ უკრაინის პოლიტიკას?
- ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის, თუმცა წლების მანძილზე პიარი, რომ საქართველოში მათ საოცარი წარმატება ჰქონდათ, ეკონომიკის ბუმი იყო, ეს გავლენას ახდენს. მაგრამ უკრაინელმა მეცნიერებმა როცა საქართველოს ეკონომიკაში ჩაიხედეს, თუ რა ხდებოდა იმ 9 წლის მანძილზე, ისინი დღეს მხრებს იჩეჩენ და არაფრით არ ესმით, რაში გამოიხატება ეს წარმატებები. მაგალითად, ავიღოთ ყოფითი კორუფცია, როგორიც არის ავტოინსპექციის მიერ ქრთამის აღარ აღება... ეს ძალიან მუშაობს უკრაინელებზე, ამ ყოფითი კორუფციის ალაგმვის შემდეგ რაც არ უნდა უმტკიცო ადამიანებს, რომ ეს ერთი ყოფითი ფაქტორია და უფრო უარესია, როცა სასამართლოს სისტემა მოსპო სააკაშვილმა, ეს არ ესმით. ტყუილში აცხოვრებს სააკაშვილი უკრაინელებს.
თქვენი აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოდესის გუბერნატორად დაენიშნა მიხეილ სააკაშვილი? ეს იყო პოროშენკოს შეცდომა, თუ იძულებითი ნაბიჯი?
- სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ისე კი, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ისტორიამ არ იცის ფაქტი, როცა პრეზიდენტს დაეტოვებინოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა. სააკაშვილი პარლამენტში უკრაინელებს დაჰპირდა, რომ უკრაინა იქნება პირველი ტურისტული ქვეყანა მსოფლიოში, ეს ხომ ზღაპარია?.. უკრაინას არა აქვს ასეთი ტურისტული პოტენციალი, სამაგიეროდ, აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი. ტურიზმი - ეს არის დაბალკვალიფიციური შრომა, ის არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის აყვავების საფუძველი გახდეს და შენ ტურიზმი აქციო პრიორიტეტად, უკრაინისთვის არის აბსოლუტური სიბრიყვე, მაგრამ ამ საკითხზე რატომღაც არც იაცენიუკი და არც პოროშენკო ყურს არ იბერტყავენ. დიდი შანსია, რომ რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, ეს კეთდება რუსეთის კარნახით. ოდესა ესაზღვრება დნესტრისპირეთს, რუსეთის სტრატეგიული გეგმა კი გულისხმობს უსაფრთხოების ქამრის შექმნას შავ ზღვაზე. რუსეთმა ყირიმი უკვე დაისაკუთრა, ახლა ოდესის, დნესტრისპირეთის, ნიკოლაევის ოლქების, შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის ჯერია. ასე რომ, ვეჭვობ, მიშას მიზანი იქნება ამ პროცესის ხელშეწყობა. ახლა მიშა იძახის, ოდესას გადავაქცევ შავი ზღვის დედაქალაქადო. ოდესა დღესაც, მიშას გარეშე, კულტურისა და მეცნიერების ყველაზე დიდი ცენტრია. ოდესა გახლავთ უკრაინის მეორე კულტურული ცენტრი, ტურიზმი იქ აუცილებლად გაიზრდება, რადგან უკრაინელები ყირიმში თითქმის ვეღარ დადიან, მიშა დაიწერს ქულებს, რომ ოდესა გადავაქციე შავი ზღვის ტურისტულ დედაქალაქადო. დაიწყება გაუთავებელი პიარი. არ გამოვრიცხავ, რომ ოდესა სააკაშვილისთვის ტრამპლინი გახდეს იმისთვის, რომ მთავრობაში მოვიდეს.
როგორც კი სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა, ვწერდით, რომ სააკაშვილი აუცილებლად დაუმიზნებდა უკრაინის პრეზიდენტობას, რასაც ექსპერტები კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა სააკაშვილი მიზანთან ძალიან ახლოსაა. უკრაინული და საერთაშორისო მედია წერს, რომ სავარაუდოდ, მას პრემიერ-მინისტრობის ამბიცია გაუჩნდება. რას საუბრობენ უკრაინის კულუარებში? სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, რამდენად ახლოს არის მიზანთან?
- აქ არის აბსურდის თეატრი და სავსებით შესაძლებელია ის მთავრობის თავმჯდომარედ ვიხილოთ, უკრაინაში ყველაფერი შესაძლებელია. უკრაინელ ხალხს სჭირს გაურკვევლობა. სააკაშვილმა ოდესის ოლქში მთავარ პროკურორად წაიყვანა ზურაბ ადეიშვილი. მათ აქ ყველაფერი გასდით, ფაქტობრივად, ძალოვანი სტრუქტურები მათ ხელშია.
ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრად კვიტაშვილი დაინიშნა, ქრონიკული დაავადებების წამლები გაქრა. მაგალითად, ჩემს სიმამრს დიაბეტი აქვს, 6 თვეა ინსულინს ვერ ვშოულობთ, ამ წამალს ხელზე ვყიდულობთ, ორმაგ ფასს ვიხდით, ასევე გაწყდა დიალიზის პრეპარატები, ასევე აღარ იშოვება "ვიჩ-ინფიცირებულებისთვის" პრეპარატები. თქვენ წარმოიდგინეთ, ამაზე უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილებას ჯერჯერობით არ გამოთქვამს. საზოგადოებას ნაკლებად აქვს შეფასების უნარი, მაგრამ თუ ვითარებას ერთი ბიძგი მიეცა, მერე ამ ხალხის გაჩერება შეუძლებელია.
სამწუხაროდ, ჩვენი ბრალია, რაც დღეს ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ შეფასება არ მისცა სააკაშვილის რეჟიმს, იმ ლიბერტარიანელებს, რომლებმაც ქვეყანაში ბევრი უბედურება დაატრიალეს. ასევე, ვადანაშაულებ დღევანდელ მთავრობას, რომლის გულშემატკივარი და მხარდამჭერიც ვარ, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ ამ ლიბერტარიანელების გასამართლება თავისთავად მოხდება, მათი პოლიტიკური ფილოსოფიის გავრცელება ძალიან საშიშია და ეს თავისთავად არ აილაგმება. აუცილებელი იყო, ეს იდეოლოგია პოლიტიკურად გასამართლებულიყო საქართველოში, რომ მერე სხვაგან აღარ ეხარა. ძალიან დიდი სიბრიყვე იყო ის, რომ ხელისუფლებამ გაანადგურა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოპოვებული ვიდეოფაილები, რომლითაც ხალხს აშანტაჟებდნენ. ეს უნდა ყოფილიყო გამოძიებული, ვისი დავალებით, რატომ კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ამის განადგურება იყო დიდი დანაშაული. სააკაშვილი ასეთ ხერხს მიმართავდა, - იცით, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოვედი, არ იყო ელექტროენერგია, გაზი, გზები, არ იყო სკოლები, ე.ი. ქართველები ველური ხალხი იყოო... ჩამოდის უცხოელი და ხედავს, - გაჩირაღდნებულია ქალაქი, ოპერის თეატრი გვაქვს, უნივერსიტეტებია და ჰგონიათ, რომ მიშამ რამდენიმე წელიწადში ეს სასწაული მოახდინა და ხალხი გამოქვაბულიდან გამოიყვანა. უკრაინელები საქართველოში რომ ჩამოდიან, ხედავენ უცხოურ ავტომანქანებს, კარგად აღზრდილ ხალხს, გაჩირაღდნებულ ქალაქს, ჩამოდიან უკრაინაში და ამბობენ, - ოჰ, მიშა ჯადოქარია. ის კი არ იციან, ხალხს როგორ აშანტაჟებდნენ, ატერორებდნენ, მიშას დროს პენსია 40-50 დოლარი იყო, უკრაინის ვიცე-პრემიერს, სერგეი ტიგიბკოს ვკითხე, - ტოქშოუებში რომ გამოდიხარ, ქართულ გამოცდილებას პროპაგანდას რომ უწევ, სოციალური სფერო მიგყავთ და თქვენ თუ იცით, მიშას დროს საქართველოში პენსია რამდენი იყო? - არ ვიციო და ავუხსენი, რომ დაახლოებით 40 დოლარი იყო. ამის შემდეგ, როცა ერთ-ერთ ტოქშოუში საქართველოზე დაუსვეს კითხვა, უპასუხა, - თავი დაანებეთ საქართველოს, იქ პენსია 40 დოლარი იყო. რამდენი პატიმარი გვყავდა, რა დონის უმუშევრობა იყო, სასამართლო სისტემა, რომ ფაქტობრივად მოსპეს, ხალხისთვის ეს დეტალები უცნობია.
კონკრეტული წყაროები გვიყვებიან, რომ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა უკრაინელი ბიზნესმენების დაბარება და დატერორება დაიწყეს, წილებში ჩაჯდომა მოინდომეს და არეკეტებენ. ეს რამდენად რეალურია?
- ჯერჯერობით ასეთი რამ არ ხდება. მთავარი იცით, რა არის? მიხეილ სააკაშვილს აქ ყურს უგდებენ, ყურადღებით უსმენენ, ის ხალხის ყურადღებას იპყრობს პიარით, ყველა ტოქშოუში მონაწილეობენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, ალბათ, ეს უფასოდაც არ ხდება, ყველგან მიდის იმის პროპაგანდა, რომ "ნაციონალებმა" საქართველო გადაარჩინეს, საქართველო ააყვავეს, ჩვენი მხრიდან კი ამის დეზავიურება არ ხდება, არავინ პასუხის გამცემი არ არის, რაიმე კონტრპროპაგანდას ადგილი არ აქვს, უკრაინელებიც ფიქრობენ, რადგან არავინ გამოთქვამს პროტესტს, სხვათა შორის, არც საქართველოს საელჩო უკრაინაში აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს ამის გასანეიტრალებლად. უკრაინაში საქართველოს ელჩი, მიხეილ უკლება ჩემი მეგობარია, წესიერი პიროვნებაა, მაგრამ ფაქტია, რომ აბსოლუტური იგნორია, არანაირი კონტრნაბიჯები არ იდგმება და უკრაინელები მუდმივ რეჟიმში ისმენენ, რომ მიშა მაგარია, რომ "ნაციონალებმა" საქართველო ტოპ-ათეულში შეიყვანეს, მაგრამ ჩვენს ელჩს რას ვერჩით, საქართველოს მთავრობა ამაზე რაიმე რეაქციას ახდენს?!..
მიშა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს რა ანტურაჟი შეუქმნა?
- ყველა არხზე, ყველა ტოქშოუზე მიშა და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალური მილიარდერი, რომელიც რუსეთის კარნახით მოქმედებს, მისი მიზანია საქართველო შეუერთოს რუსეთს, ის არის ქართველი ხალხის მტერი და რა ვიცი, რა სისულელეებს აღარ ლაპარაკობენ. თუ ამას პასუხს არ გასცემ, ეს ხალხი დაიჯერებს და მერე ჩვენ ვის დავაბრალოთ?
დღეს ბევრი საუბარია, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი მარგველაშვილი, მიანიჭებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას? უკრაინის კანონმდებლობით პირს ორმაგი მოქალაქეობის უფლება აქვს?
- არა, უკრაინის კანონმდებლობით, ეს იკრძალება, საქართველოში შესაძლებელია მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და მოითხოვოთ საქართველოს მოქალაქეობაც. უკრაინის კანონმდებლობით და კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობა საერთოდ დასაშვები არ არის, თუმცა ბევრ დეპუტატს სამ-სამი პასპორტი აქვს, მიშასაც ექნება სხვა ქვეყნის პასპორტი - ჰოლანდიის, შეერთებული შტატების... ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქე გახდა, ვეღარ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას. ვფიქრობ, სააკაშვილმა იმიტომაც მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რომ უკრაინის მთავრობას საშუალება ეძლევა, დაიცვას იგი, სანამ მოქალაქე არ იყო, უკრაინას არ ჰქონდა საშუალება, სააკაშვილი დაპატიმრებისგან დაეცვა, დღეს უკრაინას უკვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ დააჭერინოს და მისი მოქალაქე ბოლომდე დაიცვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ, თუ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები მას დაუმტკიცებენ, რომ ის დამნაშავეა და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულები, რომ უკრაინამ სააკაშვილი არ გადმოსცეს. მაგრამ ეს უკვე უკრაინის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
სააკაშვილი მაინც იმ ჭკუაზეა, რომ საქართველოში ჩამოვა და ერთადერთი კაცი, ვისაც ქონებას ჩამოართმევს და ფულს წაართმევს, მეტიც, გაასამართლებს, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი... როგორც ექსპერტს, გეკითხებით, ის ამას შეძლებს?
- იცით, რა მინდა გითხრათ? როცა ჰიტლერმა წააგო ომი, ნიურნბერგის პროცესამდე დამნაშავეები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ გერმანიის ისტორია გმირებად შერაცხავდა და ძეგლებს დაუდგამდა, მხოლოდ ნიურნბერგის პროცესმა დაუსვა წერტილი მათ ასეთ ბრიყვულ ოცნებებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ლიბერტარიანელები თავისთავად დასამარდებიან, ეს ასე არ იქნება, მათ შანსი ყოველთვის რჩებათ. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მართებს ხელისუფლებას და ამ კუთხით ბევრი უნდა იმუშაოს. იცით, სააკაშვილმა უკრაინაში როგორ ახსნა ის, რატომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა? საქართველოში ჩემი პარტია დასუსტდა, დავტოვე იმიტომ, რომ ამ პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია და ამიტომ დავტოვე საქართველოს მოქალაქეობაო. მის ამ ნათქვამში რა ლოგიკაა, თქვენ თვითონ იმსჯელეთ.