ინტრიგები ივანიშვილის შუშის სასახლეში

ინტრიგები ივანიშვილის შუშის სასახლეში

29 აპრილს საქართველოს მთავრობა უნებლიეთ გადადგა. ვინაიდან ბოლო ერთ თვეში სოლოლაკის შუშის სასახლიდან 3 მინისტრი გადააყენეს, ბოლო, სპორტის უფროსი, ლევან ყიფიანი მე-7 აღმოჩნდა და კანონის მიხედვით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი გაუშვა ავადმყოფობის მიზეზით (ამას ვინ ჭამს?), შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი მიაყოლა, ასევე უცნაური მიზეზით (კაცმა ლამის იტირა, სახლში მინდა ჩემს ოჯახთან, გამიშვითო. არც ამას ჭამს ვინმე), ბოლოს კი ლევან ყიფიანის დროც დადგა. პრინციპში, ყიფიანს წირვა შუშის სასახლეში აღდგომის წინა დღეს გამოუყვანეს, როცა ბიძინა ივანიშვილს სპორტსმენ-პარლამენტარები შეხვდნენ (სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, შოთა ხაბარელი, ვალერი გელაშვილი) და ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და წიგნი აჩუქეს. არც ეს ჭამა არავინ, ჩვენ მაშინვე ვწერდით, რომ ამ დეპუტატებმა ივანიშვილს ლევან ყიფიანზე კომპრომატები დაუდეს. საქმე ეხება სპორტის სფეროში უმოქმედობას, რეფორმების ჩაფლავებას, საბიუჯეტო თანხების საეჭვოდ განაწილებას სპორტულ ფედერაციებს შორის, სპორტის განვითარებისთვის გამოყოფილი 43 მილიონი ლარის არასწორად წარმართვას, ინფრასტრუქტურული პროექტების დასამარებას და კადრების არასწორად შერჩევას. როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, სპორტსმენმა დეპუტატებმა მსუყე კომპრომატები ჯერ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნეს და როცა მიხვდნენ, ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყვებოდა, ზემოთ, შუშის სასახლის ბინადარს მიმართეს:

"სხვათა შორის, იგივე სცენარი ამუშავდა შავლიაშვილისა და ხოკრიშვილის მიმართაც, ჯერ კომპრომატები დაუდეს ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს. მწვავე რეაქცია ამ ყველაფერზე მოჰყვა შუშის სასახლიდან და გაუშვეს კიდეც 3 მინისტრი ერთმანეთის მიყოლებით. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ცოფები ყარა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო შეიკრიბა და გაიმართა ბჭობა მინისტრების გაშვების თაობაზე.

მაგალითად, ხოკრიშვილის განთავისუფლების საკითხი პოლიტსაბჭოზე გადაწყდა თითქმის ორი კვირის წინ, მაგრამ ეს საიდუმლოდ შეინახეს მანამ, სანამ რაიმე დამაჯერებელ არგუმენტს მოიფიქრებდნენ. თუმცა ბოლოს მაინც ნამეტანი გულუბრყვილოდ გამოუვიდათ, ამხელა კაცი გამოვიდა და დაიწყო, სახლში მინდაო. როგორც ჩანს, შიშს მართლა დიდი თვალები აქვს, თუ დასაჭერად გაქვს საქმე, კი უნდა იტირო, ჩემს ოჯახთან მინდა, შვილები მენატრებაო.

ისე, მაინც უცნაურია, რატომ წყდება მინისტრების გაშვების საკითხი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომებზე და არა მთავრობის სხდომებზე? აშკარაა, დღეს პირველ ინსტანციას წარმოადგენს შუშის სასახლე, ხოლო მეორე ინსტანციას - პოლიტსაბჭო, ანუ ზემოთ ხსნიან, ქვემოთ - აფორმებენ".

როგორ ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანიშნული მინისტრები მართლა ასეთი კორუმპირებულები და გათახსირებულები არიან, ხოლო დანარჩენებს თავზე პატიოსნების შარავანდედი ადგათ? არა, აქ არაფერ შუაშია ღარიბაშვილის კადრები, ყველა მშვენივრად მოერგო მიხეილ სააკაშვილის სისტემას, სადაც ფული წვიმასავით მოდის და ამიტომაც არავინ ცდილობს, რაიმე შეცვალოს. რომ არა შიდა ინტრიგები, რომ არა შიდა დაპირისპირებები, ასეთი საჩოთირო საკითხები არც გახდებოდა საჯარო. მაგალითად, როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, ლევან ყიფიანს არავინ ეხებოდა, სანამ ლუკა კურტანიძემ პარლამენტში არ გადაინაცვლა:

"გაიხსენეთ, როგორ გამოუშვეს კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციიდან მავანმა დაინტერესებულმა თუ მოსყიდულმა პირებმა, კვერცხების სროლით და დედის გინებით. მაშინ ლევან ყიფიანმა ხმა არ ამოიღო და როგორც ამბობენ, კურტანიძის გაშვებას კულუარებში მხარიც კი დაუჭირა. და აი, დადგა დრო ანგარიშსწორებისა, გახდა თუ არა ლუკა კურტანიძე შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ეგრევე დაიდო კვლევა, შემდეგ ეს კვლევა, ანუ კომპრომატი დაიდო ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე. როდესაც ვსაუბრობ ყიფიანზე, ავტომატურად ვგულისხმობ შავლიაშვილს და ხოკრიშვილს, რადგან, ვიმეორებ, ისინიც იგივე სცენარით მოიშორეს. თუმცა აქ ერთიც უნდა დავაზუსტოთ, ყიფიანი თავისი ხასიათით ცოტა უფრო მძიმე არტილერია აღმოჩნდა, სანამ ის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს დაუპირისპირდებოდა, დიდი გარჩევები ჰქონდა სამინისტროშიც და მან იანვარში სამსახურიდან გააგდო თავისი ერთ-ერთი მოადგილე, თამაზ თევზაძე. მათ შორის ბოლოს მუშტი-კრივიც კი გაიმართა. ყიფიანმა თევზაძეს საქმე ბოლოს მაშინ გაურჩია, როდესაც ეს უკანასკნელი ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო. მაშინ ყიფიანს უთქვამს, ჩვენგან ამ ღონისძიებას არავინ დაესწრებაო, მაგრამ თევზაძემ არ დაუჯერა".

თუკი რამდენიმე თვის წინ ფარული ინტრიგები შედარებით დაბალ, ანუ მინისტრებისა და სამინისტროების დონეზე მიდიოდა, ახლა ამ ყველაფერზე თამასამ აიწია და სამკუთხედიც შეიკრა - გარკვეული ძალები ცდილობენ, სამკვდრო-სასიცოცხლო შუღლი ჩამოაგდონ ღარიბაშვილ-ივანიშვილ-კალაძეს შორის.

ცოტა ძნელი დასაჯერებელია, დაინტერესებულმა ძალებმა ეს ბოლომდე მოახერხონ, მაგრამ ამ ეტაპზე "წარმატებას" მაინც აღწევენ, ანუ პერიოდულად ამ სამ ადამიანს შორის ურთიერთობას მაინც აფუჭებენ. აბა, წარმოიდგინეთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს რომელიმე მინისტრზე კომპრომატებს უდებენ, ის კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან კი არ გადის, შემოვლითი გზებით ახერხებს მიზნის მიღწევას, ანუ "ასინეთების" საშუალებით მოქმედებს. ასევე, ფუჭდება კონტაქტი პერიოდულად კახი კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის და აქაც "ასინეთები" თამაშობენ დიდ როლს. ინკოგნიტო წყაროს თქმით, ყველაზე მეტად სიმშვიდეს მაინც კახი კალაძე ინარჩუნებს. თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როცა ის აშკარად წამოეგო პროვოკაციაზე:

"ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ის არის, რომ ეს სამეული ხშირად არ ცდილობს, ყველა დეტალი ერთმანეთში გაარკვიოს. ენა ისეთი რამეა, მხოლოდ ოჯახებს კი არა, სახელმწიფოებსაც ანგრევს. ამას ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც, ეს ადამიანი თავისი პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის ჩაიკეტა და მხოლოდ ყურში მოსისინე "ასინეთების" ამარაა დარჩენილი.

დაუკვირდით, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, პარლამენტარებსაც ველაპარაკე და ლევან ყიფიანსაც, მაგრამ არაფერი გამომივიდაო. რომ არა შუშის სასახლეში მიღებული გადაწყვეტილება, რომელია მათგან ისეთი მეამბოხე, რომ პრემიერ-მინისტრისთვის არ დაეჯერებინა? არა, სპორტსმენმა დეპუტატებმა სააღდგომოდ "დაბრო" ზემოდან მიიღეს და პრინციპში, ღარიბაშვილის მცდელობას აღარც ჰქონდა აზრი. მან ასევე განაცხადა, ლევან ყიფიანმა ერთი თვის წინ მომმართა განცხადებით გადადგომის თაობაზე, მაგრამ მისი თხოვნა არ დავაკმაყოფილეო.

ზუსტად ერთი თვის წინ იყო აღდგომა და "შეტყობინება" ზემოდან, რომ ყიფიანი უნდა წასულიყო, მაგრამ არ გაუშვეს, ანუ ივანიშვილის გადაწყვეტილება დაამუხრუჭეს. როგორ ფიქრობთ, მოსწონს ასეთი მუხრუჭები ბატონ ბიძინას? "ბიძინა სკაზალ, ბოგ სკაზალ", მორჩა და გათავდა. მას უკვე უსისინებენ ორივე ყურში, რომ ღარიბაშვილიც ღალატობს და კალაძეც, ერთმა უკვე ხელში ჩაიგდო მთელი ენერგო-სექტორი, ხოლო მეორემ - თავისი კორუმპირებული ნათესავებისა და ძმაკაცების ხელით უკვე მიითვისა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და გადასულია ფულის კეთებაზე.

გარკვეულმა ძალებმა ძალიან კარგად იციან, რომ, თუ ბიძინა ივანიშვილს კალაძესა და ღარიბაშვილს საბოლოოდ ჩამოაცილებენ, მერე მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა ძალიან იოლი იქნება".

უკვე გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპორტის მინისტრად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დაინიშნება. ამ ინფორმაციას გარკვეულ წრეებში არაოფიციალურად გვიდასტურებენ, მაგრამ ვინ გახდება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეს ჯერ არავინ იცის. სხვათა შორის, "ნაციონალებს" ჰქონდათ ერთი მანკიერი ჩვევა, რამდენიმე ტიპს ამოიჩემებდნენ და ყველა სამინისტროში ნიშნავდნენ "ჩამოტარებით". ასეა არჩილ თალაკვაძის შემთხვევაშიც - ჯერ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ახლა კი სპორტის მინისტრად ნიშნავენ. იმედია, ამით არ დაკმაყოფილდებიან და რამდენიმე თვეში შერიგებისა თუ დაძმაკაცების მინისტრად გაამწესებენ. თალაკვაძესთან პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შეიძლება, ერთი ადამიანი ყველგან წარმატებული იყოს? რაღაც არა მგონია.

ასეა თუ ისე, რამდენიმე დღეში მთავრობა ხელახლა დაკომპლექტდება, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მხოლოდ ორი ახალი მინისტრი გვეყოლება, მაგრამ, სავარაუდოდ, ფარული ინტრიგები უფრო გაძლიერდება როგორც შუშის სასახლეში, ისე სამთავრობო კულუარებში, რათა უფრო დაასუსტონ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა და უფრო გაუფუჭონ ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. ვნახოთ, რა გამოუვათ.