მიზეზები, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ტელევიზიით გამოჩენა დასჭირდა

მიზეზები, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ტელევიზიით გამოჩენა დასჭირდა

პრეზიდენტის ვიზიტი ჩაშლილია! "ხათრის პოლიტიკა" სრულდება, პოლიტიკური ფრონტის ხაზი იხსნება! ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან გამოდის, რაც ნიშნავს, რომ მისი ხელისუფლების ოცნება მთავარ "მეოცნებეზე" გადის!

საქართველო არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს ებუტებიან, ასე ხდება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში - საფრანგეთში და ყველაზე დიქტატორულ ქვეყანაში - რუსეთში, ხოლო გაეროს სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის, ორი დამოუკიდებელი დელეგაციის ჩასვლის პრეცედენტით გამოწვეული უხერხულობა პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ და მისი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა შექმნეს. გაეროში პრეზიდენტისთვის გამზადებული სავარძლის გამო, ერთმანეთი რომ არ დაეხოცათ, ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, მეორე სკამიც დაედგათ პოლონეთის პრემიერისთვის.

გაეროს კედლებს სხვა ბევრი სკანდალიც ახსოვს, ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა გაერო "გველების ბუდედ" მონათლა და ტრიბუნიდან გოგირდის ახრჩოლება მოითხოვა. თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ რვაჯერ განაცხადა უარი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობაზე, ვიდრე მკვდრადშობილი ორგანო რეფორმებს არ გაატარებდა... პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაეროს მსოფლიო ლიდერების პაემნის ადგილს უწოდებს, ეს არის ადგილი, სადაც გეძლევა საშუალება, მსოფლიო ლიდერებს თავი წარუდგინო, გამომსვლელს 5 წუთი ეძლევა მოხსენებისთვის. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში 5 წუთი ძალიან ცოტა და ამავდროულად ძალიან ბევრია.

ბოლო წუთამდე პრეზიდენტი მარგველაშვილი კატეგორიული იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტის ტელევიზიით გავრცელება საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას ვიზიტი ჩაშლილად გამოეცხადებინა, "როდესაც მარგველაშვილი ბატონი ივანიშვილისგან არცთუ დაუმსახურებელ საჩუქარს დასთანხმდა, მას უნდა სცოდნოდა ისიც, რომ ყოველ დაუმსახურებელ საჩუქარს ფორმალური თუ არაფორმალური ვალდებულებები მოსდევს. დღეს მას დაუმტკიცეს, "кто хозяин в доме", - ასეთია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასება.

დღეს ყველა სვამს კითხვას, როგორ განვითარდება მოვლენები და რას უნდა ველოდოთ? ჯერ კიდევ ვიზიტის ჩაშლილად გამოცხადებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამერიკიდან გააკეთა განცხადება, აშშ-ს დეპარტამენტმა შემთხვევით გაიგო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩასვლას აპირებს და ეს საგარეო უწყებამ "გაუჩალიჩაო", 11 სექტემბერს კი ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ მარგველაშვილმა განაცხადა: "დაპირისპირება რაც იყო, სამწუხაროდ, გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში. გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის საწინააღმდეგოდ. მუშაობის შედეგად ვიზიტი ჩაიშალა. ეს არის რეალურად არასწორი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ გადაიდგა".

რეალურად, რა დინებებია აისბერგის ქვეშ, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ამასაც მალე შევიტყობთ. ექსპერტი კახა კახიშვილი, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება, თუკი არ შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც ასეთ საკითხებს დაარეგულირებს. ექსპერტები ცალსახად აცხადებენ, რომ უკვე კარგად ჩანს დაპირისპირება და იკვეთებიან ფიგურები, რომლებიც ცალკე თამაშის თამაშს ცდილობენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზრუნველი დედის როლშია და ვიღაცებს უქმნიან აზრს, რომ დროა, დატოვონ "ქართული ოცნება". ხელისუფლებაში ივანიშვილის მიერ მოყვანილ კოალიციას დღეს უკვე სხვა ამოცანა აქვს - დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით გაიძლიერონ პოზიციები. დღეს ბიძინა ივანიშვილის ერთგულ ძალს მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს, დანარჩენებისთვის, მთავარი ამოცანაა თავის გადარჩენა. კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა ზუსტად იციან, რომ 2016 წლის არჩევნებზე, მათი ადგილი ხელისუფლებაში შეზღუდული იქნება და ამიტომაც ისინი ივანიშვილის ზურგსუკან თამაშობენ. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ შეთქმულება გარდაუვალი გახდება 2016 წლის მოახლოებასთან ერთად, ვიღაცა მაგრად აურევს და ვინ იქნება ის "ვიღაც"? ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ მიანიშნებს, რომ მარგველაშვილი ცუდად იქცევა. "ეს კაცი (პრეზიდენტი) კონკურენციას აგრძელებს, მაშინ როცა ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში ორი დელეგაციის წასვლა ლამაზი არ იქნება. ეს ძალიან მარტივი თემაა საანალიზოდ. სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, რა უნდა ამის დალაგებას, სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არაფრად დაგიდევს და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, არადა კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. თან ძალიან აწყობს! პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას როგორც კონკურენტს, ისე განიხილავს და უნდა, რომ მას ხელი შეუშალოს. ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, "ქართული ოცნების" გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და ა.შ. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი ხელს ჩაჰკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა, ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი". - ყოფილი პრემიერი, როგორ ჩანს, ძალიან გაბრაზებულია, მისთვის პრეზიდენტის ქმედებები იმდენად მიუღებელია, რომ უსაქმური და პოლიტიკურად კასტრირებული  უმრავლესობის უნიათობაც კი გადაფარა, ამას კი აუცილებლად ექნება ლოგიკური გაგრძელება, მაგრამ რა?

ბიძინა ივანიშვილი, მისი ხათრით არჩეულ პრეზიდენტს გადაგვიყენებს? - ვერა! მისი გადაყენების კანონიერი მექანიზმი იმპიჩმენტია, პრეზიდენტს რომ იმპიჩმენტი მოუწყო მან სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ჩაიდინოს, რაც მარგველაშვილს ჯერ არ გაუკეთებია. რომ შეიქმნას კომისია, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მოამზადებს და გამიჯნავს პრემიერისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ჯერ ერთი, ივანიშვილს არ ჰყავს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა და ცვლილებებს "ნაციონალები" მხარს არ დაუჭერენ და მეორეც, სასწაული რომ მოხდეს და ცვლილებები შევდეს, ეს  მოდელი მაინც 2018 წლის მერე ამოქმედდება, როცა ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი კი არა, პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტი ეყოლება. დღეს რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელზე, მაგრამ, ფაქტობრივად, ნახევრად საპარლამენტო მოდელში ვართ, რადგან ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ვალდებულია, შეასრულოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის 69-ე მუხლის მიხედვით (ისე კი რა საოცარი დამთხვევაა, გაეროს 69-ე სესიაზე, პრეზიდენტს უფლება ჩამოერთვა, კონსტიტუციის 69-ე მუხლის მიხედვით იმოქმედოს. - ნ.ს.), 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

საქართველოს, საგარეო ურთიერთობებში ამავდროულად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრიც. კონსტიტუციონალისტები თანხმდებიან, რომ პარალელური ფუნქციები იწვევს კონფლიქტს, კონსტიტუცია დასახვეწია და ვინც არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, იგივე პრობლემები დადგება. 

რჩება გადაყენების ერთი გზა, აიძულო, რომ თავისი ნებით წავიდეს, რასაც ის არ გააკეთებს! ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი კი გაუგებრობა იქნება. მაშ, სადაა გამოსავალი? გამოსავალი ან შერიგებაშია, ან პოლიტიკური კრიზისის შექმნაში და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებაში, გამოაცალო მარგველაშვილს "ქართულ ოცნებაში" შემავალი მედროვეები და "ნაცებთან" ერთად აახვევინო, მაგრამ ამის უფლებას ბიძინა ივანიშვილს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული მოღალატეები არ მისცემენ! როგორც ირკვევა, ივანიშვილი მარგველაშვილთან შერიგებას არ აპირებს, ის კვლავ უხსენებს პრეზიდენტს ძველ წყენას: "რა შუაშია მთავრობა იმაში, რომ ის პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და გუნდის არც ერთ წევრს არ ჰკითხა მაშინ, როცა იცოდა მათი უარყოფითი განწყობა, თვითონაც უარყოფითი განწყობა ჰქონდა. ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხულიც არ ჰქონდა და პროკურატურას (სააკაშვილის დოკუმენტებზე. - ნ.ს.) გრიფი "საიდუმლო" მთელი თვე არ მოუხსნა, სანამ არ გასაჯაროვდა. რა შუაშია აქ მთავრობა? ის, რომ ერთი თვე არ ხსნი გრიფს ელემენტარულ საბუთს და, ამავდროულად, აცხადებ, რომ კონკურენციაში გინდა იყო ხელისუფლებასთან, ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას".

ფაქტია, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის არჩევანში შეცდა, მაგრამ როგორც ალასანია იტყოდა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ჩვენ, ალბათ, ახალ პოლიტიკურ რეალობას შემოგვთავაზებს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა არავინ იცის, რა იქნება ეს "რეალობა", ერთი რამ ცხადია, ისე კი სროლა დასწრებაზეა, მით უფრო პოლიტიკაში!