ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს მოსახლეობას უნდა შესთავაზოს და ამისათვის არჩევნებამდე ყველაფერი გააკეთოს - არის სწორედ ზემოხსენებული მესიჯი - „არც ერთი ნაციონალი საქართველოს პარლამენტში“.
ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივ პოლიტიკურ სექტას - (ა)ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ ჰყავს მომხრეები და ზოგიერთი ახლაც წევრიანდება მასში (ცხადია, თანამდებობების გულისთვის), ჩვენი საზოგადოების სერიოზულ ავადმყოფობაზე მიუთითებს.
ამ სექტის აქტიურ წევრებს და იდეოლოგებს უცხოეთის სპეცსამსახურები საგანგებოდ აგროვებდნენ, გადაიბირებდნენ და წვრთნიდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ქართულ რეალურ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დასაპირისპირებლად, ქვეყნის დასაქცევად. ამ მიზნის მისაღწევად მათთვის არ იშურებდნენ ფულს, გრანტებს, ფუფუნებას, უცხოეთში სწავლას და მივლინებებს, ხელისუფლებაზე ზეწოლას მათ დასაწინაურებლად და შესანარჩუნებლად.
ეს არც თუ უნიჭო, მაგრამ უზნეო და ცვედანი ადამიანები ათწლეულებია არ ჩამოდიან „ტელევიზიის ეკრანებიდან, პრესის ფურცლებიდან.
ესაა „ხალხი“, რომლებმაც ძალაუფლების გულისთვის გაიმეტეს როგორც პოლიტიკური მამა ედუარდ შევარდნაძე და მისი მომხრეები, ასევე სასიკვდილოდ არ დაინდეს თავისი უფროსი მეგობარი და გზის გამკვალავ ზურაბ ჟვანია, ბევრი სხვა თანამებრძოლი.
ესაა „ადამიანები“, რომლებმაც აჭარის ხელში ჩაგდებისთვის საქართველოს დააკარგვინეს აფხაზეთი და კოდორის ხეობა, შიდა ქართლის ნაწილი და ქსნის ხეობა, დევნილებად აქციეს ათიათასობით ადამიანი თავის სამშობლოში და საზღვარგარეთიდან მათთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის ნახევარზე მეტი მიითვისეს, უამრავი ადამიანი დაასამარეს.
ესაა „ხალხი“, ვისაც (როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა) გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი, დემაგოგობის და შეუსრულებელი დაპირებების „ოსტატები“, სატელევიზიო დაპურებებით რომ კვებავდნენ ქვეყანას (ამაში მათ ეხმარებოდა და ქართულ საზოგადოებას მეთოდურად წამლავდა რუსთავი-2, რომელიც 2000 წლამდე მართლაც იყო ტელევიზია, დღეს კი არის კომპარტიის ცეკას დროინდელი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება თუ „ორგანო“).
ესაა დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც „ჩარეცხილებად“ გამოაცხადა ჭაღარა, საპატივცემულო ადამიანები და ფაქტიურად არ ახარებდა 45 წელს გადაცილებულ ხალხს, სამაგიეროდ აწინაურებდა გაუნათლებელ, საეჭვო რეპუტაციის და ზნის ახალგაზრდებს.
ესაა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი „პიროვნებები“, რომლებიც ციხეში სვამდნენ ადამიანებს სიმართლისათვის და განსხვავებული აზრის გამოთქმისა და გაფიქრებისათვისაც კი (სულხან მოლაშვილი და ყოფილი პოლიტპატიმრები ამის კარგი მაგალითებია. მოლაშვილს ციხეში წამების და დამცირების შემდეგ შპრიცით განუკურნებელი სენიც კი შეჰყარეს).
ეს ზნედაცემული რეკეტიორები ართმევდნენ ხალხს ქონებას, ფულს, სახლებს, მანქანებს, აგარაკებს, შემოსავლიან ბიზნესებს. ამათაც არ სჯერდებოდნენ და ციხეში გამოკეტავდნენ და ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათი დაქირავებული ჯალათები წამებით ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ არა მარტო ცალკეულ პატიმრებს, არამედ ციხეში მათ სანახავად მოსულ ოჯახის ქალბატონებს.
ესაა ბითურების ნაკრები, რომლებმაც ხერხემალში გადატეხეს ქართული მეცნიერება და განათლების სისტემა, სახე დაუკარგეს მეცნიერებათა აკადემიას და მის ინსტიტუტებს, რითაც საქართველოს ხვალინდელი დღე მოუსპეს და დიდი ხნით გადაუვადეს, შიმშილისათვის გაწირეს ათასობით პროფესორი და ხელოვანი, კულტურის მოღვაწე.
ესაა ე.წ. ცრუ უფლებამცველები (თავიანთი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებით), რომლებმაც დემოკრატიის ჩანასახიც კი მოსპეს საქართველოში, დააშინეს და დაიქვემდებარეს პრესა და ტელევიზია, შექმნეს ე. წ. მედია-ექსპერტთა და პრივილეგირებული „ჟურნალისტების“ კოჰორტა, რომელიც დღემდე ატყუებს და დასცინის ქართულ საზოგადოებას.
ესაა ახალგაზრდობაზე მოჩვენებითად მზრუნველი „ხალხი“, რომლებიც სინამდვილეში ახალგაზრდობას გარყვნილებისა და თავაშვებულებისაკენ, უზნეობისა და უპასუხისმგებლობისაკენ უბიძგებდნენ და აქეზებდნენ.
მათ ყველა სფეროში შექმნეს პრივილეგირებულ და თავხედ, ფაქტიურად საშუალო ან უნიჭო ადამიანთა ფენები, რომლებიც თავზე დაასვეს ნიჭიერ და პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს.
ისინი მზად იყვნენ მთელი საქართველოსთვის გასაყიდად, თუ ამაში კარგ ფასს გადაუხდიდა ვინმე, თუნდაც რუსი, რომელიც თითქოს ეზიზღებოდათ.
ესაა ყველაფერი უცხოურზე უაზროდ დაგიჟებული „ხალხი“, რომლებმაც ქართული სიმღერა, ცეკვა და ქართულად მეტყველება მოანატრეს ქართველებს, ასობით ათასი ქართველი აიძულეს საზღვარგარეთ დამამცირებელ სამუშაოზე წასასვლელად და ისინი დღემდე ვერ ბრუნდებიან საქართველოში.
ესაა „ხალხი“, რომლებმაც მოჩვენებითად გაზარდეს ეკონომიკა და ხალხის კეთილდღეობა, რეალურად ვერ გადაწყვიტეს ქართული სოფლების და რაიონული ცენტრების პრობლემები, დაასამარეს სოფლის მეურნეობა და ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულად აქციეს, შექმნეს ელიტარული კორუფცია, როცა რამდენიმე ადამიანს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ბავშვებს კი პროდუქტის მოპარვისათვის ციხეში სვამდნენ. მათ დაიმონეს პროკურატურა და სასამართლო, არარად აქციეს სამართალდამცავი ორგანოები პოლიციის და სუს-ის გარდა, ქვეყნიდან გააძევეს სამართლიანობა და სრული განუკითხაობა და ვოლუნტარიზმი გაამეფეს. მათი ოჯახებისა და საყვარლების შენახვას, მივლინებებს და ძვირფას ნივთებს ხმარდებოდა ნახევარი ბიუჯეტი და უცხოეთიდან აღებული სესხები.
ესაა უღმერთო ადამიანთა ხროვა, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ქართულ ეკლესიას და ძალადობით თუ საჩუქრებით დაიმორჩილეს ბევრი სასულიერო პირი თუ მღვდელმთავარი. (მათი საბოლოო მიზანი იყო ეკლესიის გახლეჩვა რამდენიმე ნაწილად).
დადგა გადამწყვეტი ჟამი, როდესაც ისინი საბოლოოდ უნდა შევაჩეროთ და ამოვძირკვოთ ქართული რეალობიდან სწორედ არჩევნებზე აქტიური მისვლით და მათი არ შემოხაზვით თუ გადახაზვით.
მაჩვენეთ თუნდაც ერთი მაღალზნეობრივი, პატრიოტი და განათლებული ნაციონალი ლიდერი და საარჩევნო სიის ე.წ სახეები, რომელიც ხალხს უყვარს და უკან დავიხევ.
როგორც გენიალური დავით გურამიშვილი იტყოდა „ვერა ვნახე-რა მე მათი საქმენი მინახვდომარე, რასაც მისდგნენ არ დარჩათ ის საქმე წაუხდომარე“.
თუ ამ ყველაფრის მერე მათ მაინც მიაღწიეს წარმატებას, მე ყოველგვარი წარმოდგენა დამეკარგება ქართველობაზე და ბევრ სხვა პატრიოტთან ერთად მის წინააღმდეგ წასვლა მომიწევს!
P.S. ვიცი ახლაც გამოხტება ვინმე და იტყვის - კი მაგრამ ნაციონალებმა რაღაც კარგიც ხომ გააკეთესო ქვეყნისთვის. მასე კომუნისტებმა რომ ააშენეს და ფეხზე დააყენეს ქვეყანა, ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში ასეთი პრეცენდენტი არც ყოფილა, მაგრამ დღეს მათ მხარს არავინ უჭერს და არც არავინ ჰყვება მათ „დიად საქმეებზე“, როგორც ისინი გადაშენდნენ, იგივე ბედი ელით ნაციონალებსაც საბოლოოდ.
ქვეყანას დათა თუთაშხიები სჭირდება და არა მუშნი ზარანდიები.