მთელი თავისი არსებობის მანძილზე საქართველო არასოდეს მდგარა ასეთი მასშტაბური საფრთხეების წინაშე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ ვცხოვრობთ ძალზედ დეტერმინირებულ მსოფლიოში, სადაც წყდება არა მხოლოდ ძლიერების სუსტებზე გაბატონების საკითხი, არამედ ცალკეული სახელმწიფოების არსებობის მიზანშეწონილობაც კი. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ დროს?
1. რა კითხვები გვაქვს დასავლეთთან?
თუ თავს დავიმშვიდებთ იმით, რომ მტრის გარდა ჩვენ გვყავს მეგობრებიც, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, მაშინ მოდით ამ ურთიერთობებსაც დავაკვირდეთ: დიახ, ჩვენ გვყავს კეთილმოსურნეები, მაგრამ ისინი მათთან მეგობრობის უფლებას მხოლოდ მაშინ გვაძლევენ
თუ დასავლურ ცივილიზაციასთან ზიარებისთვის ტრადიციულ ღირებულებებს ზურგს შევაქცევთ და ფსევდო ფასეულობებსაც ცხოვრების წესად გავიხდით, მათ ნაკარნახევს უკრიტიკოდ შევასრულებთ, თუნდაც რომ ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს. თავის დროზე ავღანეთში წითელი არმიის შეჭრის გამო საბჭოთა კავშირის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დაასუსტა იმპერია და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშალა. დღეს კი, საუბედუროდ, დასავლეთის მიერ რუსეთის მიზანმიმართული დასუსტების ოპერაციას უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღარაფერს ვამბობთ დანგრეულ ეკონომიკაზე და მოსახლეობაში არსებულ გაუსაძლის სიღატაკეზე.
სოციალურ ქსელში დასავლეთის მიმართ სიმპათიის შემცველ კითხვასაც ვეღარ დასვამ, იმხელა აგრესია მოდის ფაქტობრივად.
რა მოხდა, ნუთუ რუსულმა პროპაგანდამ თვალსა და ხელს შუა ასე ღრმად შემოაღწია ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თვალში დასავლეთის სრული დისკრედიტირება მოახდინა?
ნეტავ ეს ასე იყოს, უფრო ადვილი გამოსასწორებელი იქნებოდა, მაგრამ რა ვუყოთ, რომ უფრო რთულადაა საქმე?!
ამიტომ, ამასთან დაკავშირებით დღეს თუ ვინმეს შეკითხვებს უნდა ვუსვამდეთ და პასუხს ვთხოვდეთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება ეს თავად დასავლეთია, რადგან რუსეთს აქვს თავისი მიზნები, რომელსაც ყველა გზით და საშუალებით, ბუნებრივია, ახორციელებს.
რეალურად ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ დასავლეთმა 20 წელი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი ჰქონდა, საქართველოსთან ურთიერთობისთვის, გაფლანგა და წყალში ჩაყარა. ისევე, როგორც ის მილიარდები, რომელიც დასავლეთიდან საქართველოში შემოდიოდა.
ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლური აღარ არის. დარჩენილი ნაწილი შეიძლება მკვეთრად პრორუსული არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულია, გაცილებით დიდი ნაწილი კი არის დასავლეთისგან იმედგაცრუებული.
რა კითხვები გვაქვს დასავლეთთან?
- რატომ არ განავითარა ეკონომიკა საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთის მასშტაბისთვის ძალიან მცირე ინვესტიციებიც კი საკმარისი იქნებოდა ასეთი პატარა ქვეყნის განვითარებისათვის? - ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეკონომიკური სამოთხე შეექმნათ მისი სატრანზიტო ფუნქციების გამოყენებით. ბოლოს და ბოლოს, ინოვაციური ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი შეეძლოთ გაეკეთებინათ.
თუ საუბარი იმაზეა, რომ რუსეთისგან მუდმივად არსებობდა საფრთხე და ეს ფული რატომ უნდა გადაეყარათ? ის ფული, რაც დღემდე დემოკრატიის განვითარებისთვის დახარჯეს, განა გადაყრილი არ არის? მთლიანობში არავინ იცის, რამდენი მიალიარდი დაიხარჯა საქართველოში. 10-15 მილიარდიც რომ ყოფილიყო, ამ თანხით ძალზე იოლად შეიძლებოდა საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენება.
რატომ იფიქრა დასავლეთმა, რომ მხოლოდ პოლიტიკური ელიტების შექმნით გარანტირებული იქნებოდა ამ ქვეყნის პროდასავლური კურსი? რატომ არ შეისწავლა რეალური განწყობები? - თუ ეკონომიკა ფეხზე დადგებოდა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ თავისთავად, პროდასავლური იქნებოდა?!
დასავლეთს რეგიონში საქართველოს სახით რომ შეექმნა ახალი სამხრეთ კორეა, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა გავლენას მოახდენდა ჩვენს ახლო და შორეულ მეზობლებზე?
დღეს რომ საქმე-საქმეზე მიდგეს, რამდენი კაცი გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს, თუ, დავუშვათ, და ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა? ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით. გამოვლენ მხოლოდ ის პოლიტიკური ელიტები, რომელიც დასავლეთმა შექმნა და დააფინანსა. ეს იქნება მაქსიმუმ, 10 ათასი კაცი. ეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების უნარის მქონე ამ ქვეყანაში დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანია. ფაქტია, რომ დასავლეთს ეგონა, რომ ის 10 ათასი კაცი შეცვლიდა 2,5 მილიონის განწყობას?
რატომ არ აირჩია დასავლეთმა სხვა ტაქტიკა და რატომ თვლიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით სრულიად საქართველოს მოსახლეობის ლოიალობის მოპოვებას შეძლებდა? მითუმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობამ“ მძიმე შეცდომები დაუშვა. რატომ ვერ გათვალა, რომ ამ შეცდომებზე თვალის დახუჭვით და უპირობო მხარდაჭერით საკუთარ იმიჯს ლახავდა და აცამტვერებდა ამ ქვეყანაში? - კითხვა დასავლეთის მიმართ ძალზე ბევრია და ურიგო არ იქნებოდა თავად მისთვისაც და მისი მხარდამჭერებისთვისაც, რომ ამ კითხვებზე პასუხები უბრალოდ კი არ გაეცათ, არამედ გაეანალიზებინათ.
დღეს კი დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან დამოკიდებულებაში შეიძლება ასე შევაფასოთ - დასავლეთმა პაუზა აიღო იმიტომ, რომ აქცენტები და რესურსები და ინტერესები სხვა მიმართულებით აქვს გადასროლილი. თუ დასავლეთი რუსეთის დასუსტებისთვის გამიზნულ გრძელვადიან ტაქტიკას იყენებს, მას, შესაძლოა, სულ არ აინტერესებდეს დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაცია. ალბათ ფიქრობს, რამდენიმე წელიწადში რუსეთს აღარ ექნება იმისი თავი, რომ თავის უახლოეს სამეზობლოზეც კი გაავრცელოს გავლენა, შესაძლოა ამიტომ ფიქრობდნენ, რომ რუსეთის ამ სამეზობლოებს შემდგომ მიხედავენ.
2. დასავლეთი თუ რუსეთი?
საქართველოში იდეოლოგიური ომის პარალელურად მიმდინარეობს მცოცავი ანექსიაც, მუდმივად ხდება მავთულხლართების გადმოწევა. ქვეყანაში გვყავს იარაღით შემოჭრილი მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა-წყალი და მცოცავი ანექსიით ახალ-ახალ ტერიტორიებს გვართმევს.
რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ? გამოდის, რომ ომის გარეშეც ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს...
- ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარაფერს აღარ აპოროტესტებს რაც რუსეთს ეხება... განა ვერ ხვდება ხელისუფლება, რომ საინფორმაციო სივრცე ღიაა რუსული პროპაგანდისთვის? შედეგები როგორია?
არაფერს რომ არ აკეთებს, რათა ამას ხელი შეუშალოს - საქართველოს ხელისუფლების ამ პოლიტიკას შეიძლება რაღაც გამართლება მოუძებნო, და სერიოზული გამართლებაც. მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გარდა, მხოლოდ „აღშფოთებითა“ და „შეშფოთებით“ შემოიფარგლება, რეალური პოლიტიკაა, რომ მის მიმართ რიტორიკა შევცვალოთ, თუმცა ამით ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნის, როგორც ოკუპანტის მიმართ უცვლელი რჩება. ენა კი იმისთვის გვაქვს, რომ ზოგჯერ საკუთარი აზრები შევნიღბოთ. სწორია, რომ საქართველო რუსეთს კვლავ განიხილავს როგორც საფრთხეს; ხელისუფლება ფიქრობს და აანლიზებს რუსეთიდან მოსალოდნელ შემოტევებს ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და ა.შ. მიმართულებით და მათი განეიტრალების თაობაზე ზრუნავს. გვაქვს კი სხვა არჩევანი?
- ვინ ვართ ჩვენ, ჩვენი 3,5 მილიონიანი მოსახლეობით და რამდენიმეათასიანი ჯარით, რომ რუსეთის აგრესიას გავუმკლავდეთ? - აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველოს დასავლეთის აბსოლუტური მხარდაჭრა ჰქონდა, მაშინ ვერაფერი გვიშველა დასავლეთმა.
როდესაც ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ დასავლეთს პაუზა აქვს აღებული ასეთ სიტუაციში რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? - შეასკდეს რუსეთს? ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მისი პოზიცია სწორია - გადაწყვეტით ძნელია რამე ამტკიცო. ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის თამაშს თამაშობს.
იგივე წარმატებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალისტურ და პრაგმატულ პოლიტიკას მიმართავს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, რომელიც იმის იმედით, რომ ისარგებლებდა შექმნილი ვითარებით და დროულად აღადგენდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პირდაპირ ასრულებდა გარეშე ძალების დაკვეთას. რისთვისაც არ ერიდებოდა ზოგჯერ ავანტიურას და საკუთარ ხალხს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებდა. დღეს კი - თითო ბარტყის გადაგდებით ვცდილობთ, დრო მოვიგოთ იქამდე, ვიდრე მსოფლიო ჩამოყალიბდება. ეს უკვე მოგვწონს თუ არა, პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც აბსოლუტურად მისასალმებელია, რადგან დღეს ჩვენ ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში და ვიდრე ვნახავთ რა მოხდება რუსეთთან მიმართებაში მსოფლიოში, ჩვენი ვალია, არ გავაღიზიანოთ რუსეთი და შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც გვაქვს.
ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, კერძოდ რუსეთთან დაკავშირებით, არიან უკმაყოფილონიც, რომ კურსი არც ისე სწრაფად შეიცვალა და არც ისე რადიკალურად, როგორც ამას იმედოვნებდნენ. თუმცა ბევრისთვის ძალიან დიდი შედეგია ისიც, რომ გადაიდგა ნაბიჯები ურთიერთობის მოგვარებისთვის. რა გააკეთოს მეტი საქართველოს ხელისუფლებამ? იმაზე წავიდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს? რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან ამ პირობებით? ეს ღალატის ტოლფასი იქნება. თავის მხრივ კი რუსეთი, როგორც ვხედავთ, მისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე არ აპირებს არაფრის დათმობას.
ასე რომ როდესაც დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ეს ყოველივე გასათვალისწინებელია. მითუმეტეს თუ ამას ემოციის დონეზე ვარკვევთ.
3. დიდი პოლიტიკა ჩვენი ემოციების მიღმა დგას
ამასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ისტორია მახსენდება: ერთხელ ერთმა ამბიციურმა და საკმაოდ გავლენიანმა ქალბატონმა ნაცნობი მუსიკოსი მიიპატიჟა და მასთან ერთად მოისურვა ბრამსის მუსიკის მოსმენა. ნაწარმოების შესრულების დროს ის არ იშურებდა კომპოზიტორის მიმართ შენიშვნებს. რეპლიკებით შეწუხებულმა სტუმარმა მასპინძელი ასე ანუგეშა: „ნუ სწუხხართ ქალბატონო, თქვენს აზრს ბრამსისთვის არავითარი მნიშვნელობა აქვს“.
დაახლოებით იგივე ხდება, როდესაც დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. მასზე საუბრის პათოსით კი იმ აღშფოთებული ქალბატონის ემოციისგანაც მაინც და მაინც დიდად არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ეჭვი შეგაქვთ ჩემს ნათქვამში და დასაბუთებას ითხოვთ? - აი ისიც: „თუ ვინმე ამბობს “არა ევროპას”, ეს ნიშნავს: “არა საქართველოს,” საქართველოსთვის კრემლის ტანკებზე უფრო საშიში ახლა ჩეკისტების მიერ მოტყუებული, დამფრთხალი, განათლებაწართმეული, დაყრუებული და გაჯიუტებული ადამიანები არიან.“
ან კიდევ შეიძლება ასეთი სიტყვებიც მოვისმინოთ: „თუ ვინმე ამბობს “არა რუსეთს,” ეს ნიშნავს - “არა საქართველოს.”
მართლაცდა, ემოციური მსჯელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა წინ წამოწეული: დასავლეთი და რუსეთი, დასავლეთი და ანტიდასავლეთი, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?
XVIII საუკუნის მიწურულის „საქართველოებშიც“ გარე სამყაროს ხომ მხოლოდ ორ ფერში აღიქვამდნენ: შავსა და თეთრში. შავი, რა თქმა უნდა, ოსმალეთი და სპარსეთი იყო, თეთრი - რუსეთი. მაშინ რუსებს, როგორც მეგობრებს აქეთ ვეპატიჟებოდით დასახმარებლად. თუმცა როგორც დავინახეთ, მათ ჩვენი მოპატიჟების გარეშეც, თავადაც ჰქონიათ სურვილი აქ შემობრძანების და დამკვიდრების.
ეს შედარება შემთხვევით არ გამიკეთებია, ოღონდ ეგ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური ინტერესების მქონე სახელმწიფოთა რაოდენობა ამჯერადაც არა სამის, არამედ კიდევ უფრო მეტი წევრითაა წარმოდგენილი: აშშ, რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირი, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი... სიჩქარეში ხომ არ გამომრჩა რომელიმე?
ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15-20 წლის შემდეგ სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ, მითუმეტეს, თუ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს, ხოლო რა იქნება რუსეთი პუტინის გარეშე, ისიც არცთუ მეგობართა გარემოცვაში, შეძლებს გაუძლოს მათ დაჟინებულ მზერას? ესეც დროის საკითხია.
ახლა ორიოდე სიტყვა იმაზეც, თუ რატომ გვგონია, რომ დიდი პოლიტიკა ჩვენი ემოციების მიღმა დგას?
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იხსენებს:
2008 წლის 21 თებერვალს შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, სადაც პუტინს უკვე გამზადებული ჰქონდა ჩვენთან სალაპარაკო თემები. მაშინ, ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ საქართველო დაისჯება დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების გამო. თუმცა, პუტინმა დაამატა, ეს თქვენი ბრალი არაა, ეს დასავლეთის ბრალიაო, რაც მთავარია, თქვენი გეოპოლიტიკური განლაგების ბრალიაო. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მას ჰკითხა, საქართველოს და რუსეთის ნორმალური ურთიერთობა აღდგება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეო? პუტინმა უპასუხა: თქვენ არავინ არ გეკითხებათ, თქვენ მაინც შეგათრევენ ნატოში და თქვენს ტერიტორიაზე მაინც განალაგებენ რაკეტებს. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი საჭირო არ არისო," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კიდევ ერთი რესპოდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუა, რომელმაც რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: „კოსოვოს შემდეგ, რომლის დამოუკიდებლობის აღიარებასაც რუსეთი მხარს არ უჭერდა, კრემლმა მიიღო საქართველო. თუკი ასადის მთავრობა დაეცემა და რუსეთი ახლო აღმოსავლეთში იმიჯს დაკარგავს, ყველაზე მარტივი იქნება მისთვის სანაცვლოდ დნესტრისპირეთის დათმობა.“
საინტერესოა სსრკ-ს ყოფილი გენსეკის განაცხადებაც, რომელიც მან უკრაინაში დატრიალებულ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა: „გორბაჩოვმა ზუსტად დაასახელა ის ორი ქვეყანა, რომელთაც უკრაინის პრივატიზირება სურთ“. ეს არის აშშ და რუსეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 50-მილიონიანი სახელმწიფო გაეხვევა სამოქალაქო ომში, დაიშლება ნაწილებად თუ მომხდარის მიუხედავად შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ერთიანობას ეს უკვე უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი კი არაა, არამედ მათი, ვის ხელშიცაა დღეს უკრაინის ბედი.
აი, ეს კი უკვე უკანასკნელი ამბავია: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეიგნოს, თურქეთთან არ შეიძლება საუბარი ისეთივე ულტიმატუმის ფორმით, რომელსაც ევროკავშირი იყენებს უკრაინასა და საქართველოსთან. „მათ უნდა გაიგონ, რომ თურქეთთან საქმის ასე წარმართვა არ შეიძლება. ისინი ასე იქცეოდნენ უკრაინასთან: „ან ჩვენთან ხართ, ან არა“. საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ ორი რეგიონი დაკარგა. ევროკავშირმა ასეთ მიდგომაზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
და მაინც ის, რაც წითელ ხაზად გასდევს ჩვენს დღევანდელ მსჯელობას - სად არის გამოსავალი?
მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს აღორძინება ხომ წარმოუდგენილია ერთიანი ხალხის, ანუ ნაციის არსებობის გარეშე.
„ნაცია“ კი მხოლოდ ერთი ერის წარმომადგენელთ როდი გულისხმობს, იგი გულისხმობს ერთიანი კულტურის, ერთიანი ენის და ერთიანი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით გაერთიანებულ ხალხს. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ თუ როგორ შევძლოთ შერიგება ჯერ თავად ქართველთა, ხოლო შემდგომ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა, საქართველოს გამთლიანება რომ მოხდეს.
დღეს, როდესაც ვცხოვრობთ დეტერმინირებულ მსოფლიოში, სადაც განსაზღვრულია ცალკეული სახელმწიფოების არსებობის მიზანშეწონილობაც კი, მხოლოდ ძლიერ და კონსოლიდირებულ ერებს ექნებათ შესაძლებლობა გაუძლონ დიდ ისტორიულ კატაკლიზმებს.
არის კი ეს შესაძლებელი? არის. ამის მაგალითს კი ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერი - ფინელები გვაძლევენ. თავის დროზე მათ თავიანთი ერთობით შეძლეს ქვეყანა გადაერჩინათ სტალინის შემოტევისაგან, გაუძლეს ჰიტლერის ჭირვეულობებს, „ცივი ომის“ დროს დაპირისპირებულ მხარეებს არ მისცეს შესაძლებლობა ფინეთის გამოყენების, ხოლო, როდესაც ყველამ დაინახა ამ პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის ნება, ამან შედეგი გამოიღო, თავი დაანებეს.
ფინელი ხალხის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა თუ თავისუფლების სიყვარულმა, როგორ გაუძლო ყველა გასაჭირსა და გამოცდას. ფინელებმა შეინარჩუნეს თავისი სახელმწიფოს რწმენა, კულტურა, ტრადიციები და უკიდურეს ჩრდილოეთში, ყინულოვან მიწაზე შეძლეს ქვეყნის აღორძინება და უძლიერეს სახელმწიფოთა შორის ადგილის დაკავება.
ამიტომ ამ გადასახედიდად ერთი რამ ცხადია: განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული და ხისტი ერთ საკითხში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობა არაფრის ფასად არ გაიცვლება. მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დიდი დაპირისპირებისა, უნდა მივაღწიოთ საზოგადოების კონსოლიდირებას, რათა მთელი რიგი საკითხების მიმართ შეგვეძლოს საჭირო დროს, მითუმეტეს თუ ეს ქვეყნის ინტერესებს ეხება, კონსენსუნსის მიღწევა.
დროა დავინახოთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დაკარგული ტეტიტორიების დაბრუნება მხოლოდ ნაციონალური ერთიანობის, მეშვეობითაა შესაძლებელი. მაგრამ როგორ შევძლოთ, როგორ მოვახერხოთ ეს ყოველივე? მითუმეტეს, რომ არსებითად დღეს, ქართული კულტურა, ისე როგორც განათლების სისტემა, რომელმაც უნდა აღზარდოს თაობები პატრიოტული სულისკვეთებით ქვეყანაში განადგურებულია, ვერაფერი ახალი, სერიოზული და მნიშვნელოვანი ვერ იქმნება. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს არა აქვს სამოქმედო პროგრამა, მიზანი და საშუალება, რათა შექმნას ახალი ბირთვი, ახალი ძალა ქვეყნის განათლებული მომავლისა. ეს ყველაფერი შესაქმნელია.
ამიტომ დღეს არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს ანგარიშები ვუსწოროთ, თუნდაც სხვადასხვა შეხედულებისა ვიყოთ ამა თუ იმ საკითხზე. ვინმეს თუ უპატიებელი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე პასუხი მათ მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს და არა ადამიანების ცალკეულმა ჯგუფებმა. რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ერთიანი ეროვნული ცნობიერება. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას და საქართველოს და ქართველი ხალხის დახსნას ამ ურთულესი განსაცდელისგან.