ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით ქართველი ერის თვითგამორკვევის პროცესი შემდგარია: ერი-სახელმწიფო დაფუძნებულია 26 მაისის დამოუკიდებლობისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტებით; ამჟამად მოქმედებს 1995 წლის 21 აგვისტოს კონსტიტუცია, რომლის პრეამბულაშიც მინიშნებულია, რომ იგი ეყრდნობა “ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას“;
მიუხედავად ამ თითქოს სრული ფორმალურ-იურიდიული გარკვეულობისა, ახალი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგობრივი, რთული და მტკივნეული ისტორია ნათლად ადასტურებს - თვითგამორკვევის პროცესი სულაც არ დასრულებულა, რადგან ეკლიანი გზა ეროვნული დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია;
თვითგამორკვევის, ანუ ეროვნული თავისუფლების სუბლიმაციის პროცესის გასააზრებლად არსებითია თავისუფლების ნეგატიური და პოზიტიური შინაარსის გაცნობიერება. პიროვნული თავისუფლების ანლოგიურად, ეროვნულ თავისუფლებასაც ორი ასპექტი აქვს – ნეგატიური და პოზიტიური. ნეგატიური თავისუფლება, ანუ „თავისუფლება რაღაცისგან“, უარმყოფი თავისუფლებაა, რომელიც გარეშე ძალისადმი დამოკიდებულებას ანგრევს. ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება ამ ნეგატიური თავისუფლების რეალიზაციას ნიშნავს; იურიდიულად იგი გაფორმებულია დამოუკიდებლობის (1918 წლის 26 მაისისა და 1991 წლის 9 აპრილის) აქტებით;
დამოუკიდებლობის იურიდიული გაფორმება, სუვერენიტეტის შეცნობა მის მატარებელ სუბიექტს – ქართველ ხალხს იმწუთასვე აყენებს მუდმივი არჩევანის წინაშე: ან რაიმე გარეშე ძალას კვლავ დამორჩილდეს და თავადვე უარყოს ეს თავის–უფლება, ანდა თავისსავე შინაგან ძალასა და ენერგიაზე დაყრდნობით ამაღლდეს პოზიტიურ თავისუფლებამდე.
პოზიტიური თავისუფლება აღარ არის მარტოოდენ „თავისუფლება რაღაცისაგან“, ის უპირველესად „თავისუფლებაა რაღაცისათვის“. პოზიტიური თავისუფლება ღირებულებითი ორიენტაციისაა და იგი არა უარყოფითა და ნგრევით, არამედ ქმნადობით, შენებით, შემოქმედებით გამოიხატება. ეროვნული თავისუფლების სუბლიმაციის, ანუ ნეგატიური თავისუფლებიდან პოზიტიურ თავისუფლებამდე ამაღლების გზა სახელმწიფოებრიობის შენებასა და უწინარესად, კონსტიტუციურობის დაკვიდრებაზე გადის. კონსტიტუციური მიზანი – მთლიანად სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების, ღირსების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ეს ყოველივე კი კონსტიტუციური ღირებულებებით: კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებების გარანტირებით, მოქალაქის ვალდებულებათა აღსრულებით, ხელისუფლებათა შეზღუდვით, მათი კანონის ფარგლებში მოქცევით და საჯარო ინტერესების მსახურებით, თავისუფალი შრომის მეშვეობით თვითრეალიზაციით, სოციალური სოლიდარობით მიიღწევა.
კონსტიტუციაში აქ არ უნდა ვიგულისხმოთ მარტოოდენ ფორმალური დოკუმენტი, არამედ სრულად და მთლიანობაში ის იურიდიული თუ ფაქტობრივი საფუძველი, რითაც ხდება სახელმწიფოებრივი ცხოვრების აგება და მოწესრიგება. კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა და ქართულად „დადგენას“, „გარკვევას“ ნიშნავს. კონსტიტუცია სწორედ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას ადგენს, მის გარკვეულობასა და სიცხადეს გულისხმობს, ხოლო მისი ხორცშესხმა, რეალური მოქმედება და აღსრულება ეროვნული თავისუფლების პოზიტიურ რეალიზაციას ნიშნავს.
თუ კონსტიტუცია არ არსებობს ან მხოლოდ ფორმალურია და ფაქტობრივად არ აღსრულდება, ეროვნულ თავისუფლებას მხოლოდ ნეგატიური საზრისი აქვს – იგი უცხო სახელმწიფოთაგან დამოუკიდებლობას შესაძლოა გულისხმობდეს, რაც თავისთავად ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქართველი ხალხის სუვერენიტეტის გარანტირებულობას. არაკონსტიტუციურ გარემოში ძალაუფლება ფორმალიზებული, დანაწილებული და ინსტიტუციონალიზებული არ არის, ის ან „ზნედაცემული ქალივით ქუჩაში გდია“, გააფთრებული ბრძოლის ან უსირცხვილო ვაჭრობის საგანია ანდა უარესი – უზურპირებულია, მიტაცებულია და მთელი სისრულით ერთ ჯგუფს, სულაც ერთ პირს უპყრია ხელთ. ამგვარ ვითარებაში, ქართველი ხალხი სუვერენული სუბიექტი აღარ არის, მარტოოდენ ობიექტია, რომელზედაც სურვილისამებრ ბატონობენ...
ამრიგად, ეროვნული თავისუფლების სუბლიმაცია დამოუკიდებლობის აქტიდან მომდინარეობს და კონსტიტუციურობით გრძელდება. სანამ კონსტიტუციურობა საბოლოოდ არ დამკვიდრებულა, თვითგამორკვევის პროცესიც ჯერ დასრულებული არ არის.
როგორია ჩვენი თვითგამორკვევის შინაარსი, ე.ი. თავისუფლებისაკენ მიმავალ რომელ გზას ვადგევართ და როგორ უნდა ვიაროთ?! ამის გარკვევა სათავეებიდანვე უნდა ვცადოთ და სწორედ ამიტომ კრიტიკულად გასააზრებელია ჩვენი სახელმწიფოს ფუძემდებლური იურიდიული აქტები.
დამოუკიდებლობის აღდგენა თავისუფლების მიღწევის სათავეა, მისი საწყისი ეტაპია. სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევისათვის ჩვენი ვინაობა და წარმომავლობაა ყველაზე მთავარი. მარადიული შეკითხვა: ვინა ვართ, როგორც ერი და სახელმწიფო, საიდან მოვდივართ, რა მემკვიდრეობას ემყრება ჩვენი სუვერენული უფლებები განსაკუთრებულ აქტუალობას ამ უფლებათა დასაბუთებისას იძენს. მე–20 საუკუნეში ქართველთა წინაშე ეს შეკითხვა მთელი სიგრძე–სიგანით ორჯერ დაისვა და ფუძემდებლური იურიდიული აქტებით იქნა პასუხგაცემული 1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს. დამოუკიდებლობის ამ აქტებზე შენდება დღეს ჩვენი თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. შევეცადოთ კრიტიკულად გავიაზროთ ისინი.
1918 წლის 26 მაისის აქტი
„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ 1918 წლის 26 მაისის ეროვნული საბჭოს მიერ იქნა მიღებული. შინაარსობრივად ეს აქტი მოკლე დასაბუთებისა და სახელმწიფოს დამფუძნებელი გადაწყვეტილებებისაგან შედგება. გადაწყვეტილებები 7 პუნქტადაა ჩამოყალიბებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია 1–ელი და მე–2 პუნქტები. 1–ელი პუნქტი ამბობს: „ამიერითგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“; ხოლო მე–2 პუნქტი განსაზღვრავს: „დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმაა დემოკრატიული რესპუბლიკა.“
ამრიგად, დამოუკიდებლობის აქტი საყოველთაოდ, შინ თუ გარეთ წარადგენს მანამდე უცნობ, სრულიად ახალ სრულუფლებოვან სამართალსუბიექტს - მის უდიდებულესობა „საქართველოს ხალხს“, რომელიც „ამიერითგან სუვერენულ უფლებათა მატარებელია“; ამკვიდრებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და შემდგომ, მე–2 პუნქტში ადგენს ამ სახელმწიფოს პოლიტიკურ ფორმას.
რითი საბუთდება სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის ეს გადაწყვეტილებანი? ანუ რა არგუმენტებს ემყარება ეს თვითგამორკვევა? ვინ არის ეს ახალი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“, რამდენად ლეგიტიმურია და საიდან წარმოდგება მისი სუვერენული უფლებები? რატომაა საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა? ამ შეკითხვებზე დამოუკიდებლობის აქტს დასაბუთების ნაწილში უნდა გაეცა საფუძვლიანი პასუხი.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ „დამფუძნებელ მამებს“ დამოუკიდებლობის დასასაბუთებლად მაინცადამაინც თავი არ მოუკლავთ და მყარი არგუმენტების საძებნელად შორს არ წასულან. შექმნილი ისტორიული მომენტი – აი, მათი დასაბუთების კრედო. ზემოთ ჩამოთვლილ კითხვათაგან სიღრმისეული პასუხი არც ერთ მათგანზე არ არის გაცემული, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ ფორმას – იგი საერთოდ დაუსაბუთებელია, როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ თუკი სუვერენული სუბიექტი ქართველი ხალხია, მასასადამე ხალხის ძალაუფლება, ე.ი. დემოკრატია დასაბუთებას არც საჭიროებს;
გარემოებათა გამო დამოუკიდებლობა სასწრაფოდ იყო გამოსაცხადებელი და როგორც ქართველებს გვჩვევია, ეს უდიდესი საქმეც წინასწარ მოუმზადებლად, სახელდახელოდ გავაკეთეთ. ამ დასაბუთებიდან, რაც 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტშია მოყვანილი, უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვები წარმოიშვება, ვიდრე თვითგამოსარკვევ შეკითხვებზე პასუხებია მოცემული.
დავიწყოთ თავიდან. აქტის პირველსავე წინადადებაში თითქოს ხდება საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული დასაბუთება: „მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო“. თუ დავაკვირდებით, იოლად დავინახავთ, რომ ეს წინადადება მხოლოდ ნახევრად სიმართლეა: აქაც და საერთოდ, ამ აქტის მთლიან ტექსტში, ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები „დამოუკიდებლობისა და თავისუფლების“ გამომხატველი და მატარებელი ისტორიულად არსებული კონკრეტული სუბიექტი.
საქართველო არსებობდა არა ზოგადად, როგორც გაურკვეველი ფორმის „სახელმწიფო“, არამედ სრულიად კონკრეტული სახით – როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სამეფო (უფრო ზუსტად – ჯერ ერთიანი სამეფო და შემდგომ, როგორც მისი მემკვიდრე სამეფოები და სამთავროები). ბუნებრივია, როცა დამოუკიდებლობის ისტორიული დასაბუთება გვსურს, სუვერენიტეტის მატარებელ სუბიექტს – ბაგრატიონთა დინასტიას ვერაფრით გვერდს ვერ აუქცევთ. მაგრამ აქ ლეგიტიმური ხელმწიფების (ძალაუფლების) პრობლემაც უმალ წარმოიშვება.
დამოუკიდებლობის აქტში სამეფოს მხოლოდ ზერელედ მოხსენიების შემთხვევაშიც კი, უმალვე დადგებოდა ტახტის, ე.ი. საქართველოს მეფეთა და მათ მემკვიდრეთა უფლებრივი საკითხი. ეს აშკარაა, რადგან ქართული სუვერენიტეტის ისტროიულად როგორც მეფეთა უფლება არსებობდა; ხოლო როდესაც ისტორიულ ასპარეზზე ახალი სუბიექტი - ქართველი ხალხი გამოვიდა, მას უწინარესად ისტორიულად არსებულ სუვერენულ სამართალ-სუბიექტთან მიმართება უნდა გაერკვია; ეს საკითხი კი ეროვნულ საბჭოს სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ იმთავითვე აქვს მიჩქმალული. დამოუკიდებლობის ისტორიული დასაბუთებისას ეროვნული საბჭო არ მიუთითებს მე–19 საუკუნემდე კონკრეტულად არსებულ ქართლ–კახეთის, იმერეთის სამეფოებსა და აგრეთვე გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროებზე (რომელთა მთავრები აღიარებდნენ ბაგრატიონთა სუზერენობას), არამედ ზოგად და ამ კონტექსტში აბსტრაქტულ ტერმინს – „სახელმწიფოს“ იყენებს. ეროვნულ საბჭოს ამით სურს ისე, რომ სავსებითაც არ გაწყვიტოს წარსულთან ისტორიული კავშირი, დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას უმთავრეს ისტორიულ სამართალ–სუბიექტთა, საქართველოს მეფეთა და მთავართა უფლებრივი პრობლემის არა თუ გადაწყვეტა, არამედ არსებობაც კი.
ამ სანახევრო ტყუილით სუვერენიტეტის მატარებელი ახალი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“ ოდენ აბსტრაქტული „ქართული სახელმწიფოს“ მემკვიდრეა. ამ აბსტრაქტულ მემკვიდრეობას დამოუკიდებლობის აქტში კონკრეტული სამართლებრივი შინაარსი არა აქვს და გაურკვეველი რჩება, თუ მემკვიდრეობით მიღებულ რა უფლებათა საფუძველზე ცხადდება იგი სუვერენიტეტის მატარებლად. ასევე არაფერია ნათქვამი არც იმის თაობაზე, რომ „საქართველოს ხალხი“ სუვერენულ უფლებებს არა მემკვიდრეობით, არამედ იმთავითვე, ბუნებითი სამართლის ძალით ატარებს. იქნებ ეს ნათქვამი არაა, მაგრამ იგულისხმება? ტექსტის შემდგომი განხილვა მიანიშნებს, რომ სუვერენულ უფლებათა წყარო დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით არც ბუნებითი სამართალია და არც მემკვიდრეობა, არამედ სრულიად შემთხვევითი, გარეშე გარემოებანი.
დამოუკიდებლობის დეკლარაციის სანახევროდ ცრუ პირველ წინადადებას მოჰყვება მეორე, უკვე აშკარა ტყუილი: „მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.“ ეროვნული საბჭო მე–19 საუკუნემდე არსებული ქართული პოლიტიკური სუბიექტების სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვისა და რუსეთის მიერ მე–19 საუკუნეში საქართველოს ანექსიის აშკარა ფაქტს ურცხვად უარყოფს! საქართველოს ანექსიის ფაქტს დამოუკიდებლობის აქტი რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთებად ასაღებს! ამ სიცრუით კიდევ ერთ უკანონობას სჩადის ბაგრატიონთა დინასტიის „თამაშგარე“ მდგომარეობაში დასატოვებლად და ტახტის უფლებათა შესარყევად. ამასთან, ეს სიცრუე ასევე ახალი სამართალ-სუბიექტის – საქართველოს ხალხის სუვერენულ უფლებათა ლეგიტიმურობასაც არანაკლებ ემუქრება.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბაგრატიონები აიძულეს უარი ეთქვათ საკუთარ უფლებებზე და მე–19 საუკუნეში საქართველო ნებაყოფლობით არ შეერთებია რუსეთს. ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის სამთავროების ძალადობით გაუქმება რუსეთის მხრიდან წარმოადგენდა ამ სუბიექტების სუვერენულ უფლებათა ფეხქვეშ გათელვასა და სრულ უკანონობას. იმის მაგივრად, რომ ეროვნულ საბჭოს ხაზი გაესვა საქართველოს ანექსიის ფაქტზე, რუსეთის მიერ სუვერენულ უფლებათა ხელყოფაზე, საქმის ვითარება გააუკუღმართა და მე–19 საუკუნემდე არსებულ ქართულ სუბიექტებს საკუთარი ნებით „ათქმევინა“ უარი სუვერენიტეტზე. რა არის ეს, თუ არა ისტორიულ ტყუილზე დამყარებული ცხადი უსამართლობა? ეს უსამართლობა, რაც გარეშე მტრისაგან დაცვის ვალდებულების ფასად რუსეთის ანექსიის გამართლებაში გამოიხატება და ბაგრატიონების სუვერენულ უფლებათა იგნორირებას უკანონოდ ახდენს, არ შეიძლება გამოყენებული იქნას არც ახალი სუბიექტის –„საქართველოს ხალხის“ უფლებათა დასაბუთებისათვის.
განსაკუთრებით სავალალოა, რომ ეროვნულ საბჭოს სურს საქართველოს სუვერენული უფლებები რუსეთის მიერ გარეშე მტრისაგან დაცვის ვალდებულებათა შეუსრულებლობიდან გამოიყვანოს. დამოუკიდებლობის აქტის თანახმად ქართველთა სუვერენიტეტი (აქ მნიშვნელობა აღარა აქვს სუბიექტს – ტახტი იქნება ეს თუ ,,საქართველოს ხალხი“) თავისთავად არსებული უფლებები კი აღარ არის, არამედ წარმოშობილია „კანონიერი“ სუზერენის – რუსეთის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შედეგად. მართლაც, დამოუკიდებლობის აქტის შემდგომი წინადადება რუსეთის მიერ გარეშე მტრისაგან დაცვის ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტის კონსტანტირებაა: „რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.“ ამ წინანადებიდან არაპირდაპირ ისიც კი სჩანს, რომ რუსეთს საკუთარი ნებით და არც იძულებით არ უთქვამს უარი საქართველოს მიმართ არც ვალდებულებებზე და არც უფლებებზე, არამედ „დიდი რევოლუციის მსვლელობით“ განპირობებულ დაუძლეველ გარემოებათა, ე.ი. ფორს–მაჟორული ვითარების გამო „დაუტევა ამიერკავკასია“.
დამოუკიდებლობის ამგვარი „რუსული“ და იმავდროულად, ფორს–მაჟორული წარმომავლობიდან სუვერენული უფლებების თაობაზე არსებითი სადავო შეკითხვაც კი წარმოიშობა: რა მოხდება, თუ შინაგანი წყობა რუსეთს კვლავ მისცემს შესაძლებლობას თავს იდოს საქართველოს გარეშე მტრებისაგან დაცვა და გამომდინარე, საქართველოს მიმართ სუვერენული უფლებების აღდგენა მოითხოვოს?!
ამ საჭირბოროტო კითხვაზე ნათელი პასუხის გაუცემლად, ეროვნული საბჭო დამოუკიდებლობის აქტის დასაბუთებაში შემდგომ მიუთითებს რუსეთის დატევების შედეგად შექმნილ დროებით პოლიტიკურ წარმონაქმნზე – ამიერკავკასიის კავშირზე, რომელიც „გარეშე ძალთა ზეგავლენით“ დაირღვა. როგორც ვხედავთ, დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, თუკი თითქოსდა შემთხვევით ნახსენებ აბსტრაქტულ ისტორიულ მემკვიდრეობას მხედველობაში არ მივიღებთ, საქართველოს სუვერენიტეტის წანამძღვრები სავსებით გარეშე, ქართველების სუვერენულ უფლებებთან არსებითად დაუკავშირებელი შემთხვევები ყოფილა, კერძოდ: დიდი რევოლუციის გამო რუსეთის წასვლა და გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის კავშირის დარღვევა.
ამ მცდარი წანამძღვრებიდან, ცხადია, გამომდინარეობს ასევე მცდარი დასკვნაც, რომელსაც ეროვნული საბჭო ასეთი სახით აყალიბებს: „ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შექმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.“
გამოდის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ისტორიულად არსებული, უდავო, უპირობო, თავისთავადი და წარუვალი უფლებები კი არა ყოფილა, არამედ ფორს–მაჟორულ ვითარებაში („დიდი რევოლუციის მსვლელობა“) რუსეთის წასვლის და ამიერკავკასიის კავშირის დაშლის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლობა. ეროვნული საბჭო ლამის იძულებული გამხდარა მიეღო დამოუკიდებლობის აქტი. ქართული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, დამოუკიდებლობის ამ აქტის თანახმად, გარეშე შემთხვევთა მიერ შექმნილ აუცილებლობაზე და არა შინაგან თავისუფლების შეცნობაზეა დამყარებული.
ამ ზოგადი ანალიზიდანაც კი სრულიად ნათელია, რომ შეკითხვას – „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რას ემყარება ჩვენი სუვერენული უფლებები?“, ეროვნულმა საბჭომ მკაფიო და სამართლიანი პასუხი ვერ გასცა. იქნებ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი ამ ახალი დემოკრატიული რესპუბლიკის ეფემერული დამოუკიდებლობისა?
წარსულთან ისტორიული კავშირის ფაქტობრივმა გაწყვეტამ 1918–1921 წლის რესპუბლიკის წარმომავლობას იმთავითვე საბედისწერო დაღი დაასვა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ რესპუბლიკის მესვეურებს არა ეროვნული, არამედ მარქსისტულ-კლასობრივი იდენტობა და მიზნები ამოძრავებდათ; მათ არ აღუსრულებიათ ქართული სამართალი, არ აღუდგენიათ ისტორიული ბედუკუღმართობის გამო წართმეული სუვერენული უფლებები, რადგან ეს უფლებები ქართული ტრადიციული სამართლის ძალით ბაგრატიონების დინასტიას ეკუთვნოდა; არ მომხდარა არც მეფეთა ისტორიულად ლეგიტიმური ხელმწიფების ცნობა და არც სახაალხო სუვერენიტეტის ბუნებითი სამართლით დასაბუთება.
დამოუკიდებლობის აქტის განხილვისას რჩება შთაბეჭდილება, რომ, გარემოებთა წყალობით ქართველ მენშევიკებს ხელში ჩაუვარდათ ძალაუფლება (როგორც, ვთქვათ, ლენინს, რომელიც ოქტომბრის გადატრიალების დაწყებისას ამბობდა: „ძალაუფლება ქუჩაში გდია, საჭიროა უბრალოდ ხელში ავიღოთ იგი“) და რა გასაკვირია, რომ მისი და მასთან ერთად „საქართველოს ხალხის“ სუვერენულ უფლებათა შენარჩუნება ვერ შესძლეს. ჭეშმარიტი ნათქვამია: ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო.
მიუხედავად ყველაფრისა, პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ, მართალია, არაკმარი იურიდიული დასაბუთებით, მაგრამ ფაქტობრივად, ისტორიის ასპარეზზე გამოიყვანა ახალი სრულუფლებიანი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“. სწორედ ამ ახალმა სუბიექტმა უკვე მე–20 საუკუნის ბოლოს დაიბრუნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ წართმეული სუვერენული უფლებები. დემოკრატიული რესპუბლიკისაგან დატოვებულ უმთავრეს მემკვიდრეობას უნდა მივაკუთვნოთ საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი ძირითადი საფუძველთაგანია.
მთავარი პრობლემა, რაც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ გადაწყვიტა, ვერც დამოუკიდებლობის აქტსა და ვერც კონსტიტუციაში, მემკვიდრეობითობის საკითხია. საიდან წარმოსდგება საქართველოს ხალხის სუვერენული უფლებები? რა მიმართება არსებობს სუვერენული უფლებების ისტორიულად მატარებელ ბაგრატიონთა დინასტიასა და მე–20 საუკუნეში გაჩენილ ახალ სამართალ-სუბიექტს – „საქართველოს ხალხს“ შორის? ის, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებმა ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნეს, მის გადაწყვეტას არამც და არამც არ ნიშნავს. ეს პრობლემა დღესაც მწვავედ დგას ქართველი ერის წინაშე. ამ პრობლემის გადაწყვეტას პირდაპირ უკავშირდება ქართული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა.
მართლაც, ვინ არის საქართველოს ხალხი? უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელი სუბიექტი თუ შემთხვევით, რუსეთის იმპერიაში მიმდინარე „დიდი რევოლუციის“ ქარტეხილიდან შობილი, გარკვეულ ტერიტორიაზე განსახლებული, უპატრონოდ „დატევებული“ მოსახლეობა, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს, საბედისწერო გარეშე გარემოებათა გამო, გადაწყვიტა საკუთარ თავს თავადვე მოუაროს?
იგივე შეკითხვები, არსებითად იმავე, მაგრამ გარეგნულად სხვა ისტორიული გარემოებებისას, ამჯერად უკვე საბჭოთა იმპერიის დაშლის პირობებში, ქართველი ერის წინაშე მე–20 საუკუნის ბოლოსაც დადგა და პასუხგაცემული იქნა 1991 წლის 9 აპრილის „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში“. თუ როგორ, ეს მომავალ წერილში გავარკვიოთ.