მეოთხე წელი დასრულდება მალე, სააკაშვილის ცხრაწლიანი აღვირახსნილი მმართველობა რაც დაასრულა ქართველმა ამომრჩეველმა, მაგრამ ნაციონალებთან დაკავშირებულ საოცრებათა კასკადს მაინც ბოლო არ უჩანს საქართველოში.
რომელი ერთი ვახსენო?
თუნდაც პირველი საოცრება რამოდენიმე დღის წინანდელი მუქარის სახით, სრულიად საქართველოს რომ შემოუთვალა ჩვენში სავალალოდ ცნობილი ევროპის სახალხო პარტიის სახელით, ვინმე ჯოზეფ დოულმა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დევნას თუ არ დაანებებთ თავს, ვიზალიბერალიზაციას დაემშვიდობეთ ო.
ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ აყენებს ჯოზეფ დოული საკუთარ თავსა და პარტიას მთელ ევროკავშირზე მაღლა. ნუთუ სუვერენული სახელმწიფოსათვის შენგენის ზონაში თავისუფალი მგზავრობის დაშვება მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის გადასაწყვეტია?
კიდევ უფრო გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლება საკადრისი ოფიციალური პასუხის გაცემა ჩვენი ქვეყნისა და ერის შეურაცმხყოფელ ამ თავხედურ განცხადებაზე, თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
დარწმუნებულ ვარ, სააკაშვილის უცხოელი ძმაბიჭებიდან ერთი მაინც რომ „მოეყვანათ ჭკუაზე“ ხისტი დიპლომატიური მეთოდების მეშვებით (მაგალითად, გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში შემოსვლის აკრძალვით), ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო.
ზედმეტი მგონია ნაციონალთა ზემოთ აღნიშნული მეგობრებისათვის ერთადერთი, სავსებით ლეგიტიმური კითხვის დასმაც: „რატომ არის დღევანდელ საქართველოში ქურდბაცაცებისა და პოლიტიკური ყაჩაღების კანონიერად დასჯა იმ სასამართლოს განაჩენით, რომლის წევრები, სხვათა შორის, სააკაშვილის დროს იყვნენ დანიშნულები, პოლიტიკური დევნა, ზუსტად იგივე ქმედება კი, განხორციელებული დემოკრატიულ და არც თუ ძალიან დემოკრატიულ სხვა ქვეყნებში - სამართლის აღსრულება?“
ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად არ ველი იმ მარტივი მიზეზით, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური დასკვნის გამოტანისათვის, ორივე თვალის გახელაა საჭირო.
დაუშვებელია, ევროპის სახალხო პარტია იქნება ეს, ჯოზეფ დოული, თუ ვინც გინდა სხვა, ცხრა წლის განმავლობაში „ხუჭავდეს თვალებს“ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში ხელისუფლების მიერ ჩადენილ უამრავ მძიმე დანაშაულსა თუ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე და გაუთავებელ, უსირცხვილო „ჟივილ-ხივილს“ ტეხდეს დღეს-დღეობით „ქართული ოცნების“ მიერ ნაციონალთა ვითომდა, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან ნამდვილად ვერ ვუწოდებდი მხოლოდ ტენდენციურობას. ეს გაცილებით მეტია და ჩემი აზრით პოლიტიკური კორუფციის მკაფიო ნიშნებსაც ატარებს. ამიტომაცაა სავალალო ჩვენი მთავრობის გაუგებარი და გაუთავებელი დაყვავება ჯოზეფ დოულისა და მისი ამფსონების მიმართ. თითქოს ეს უკანასკნელნი მიშას მიერ ანგაჟირებული „შებერტყილი“ პოლიტიკოსები კი არა, პატარა ბავშვები იყვნენ, ფოჩიანი კამფეტებით რომ უნდა დაასაჩუქრო და წარამარა ეფერო.
არ შეიძლება არ დავეთანხმო გამოცდილი დიპლომატის, თედო ჯაფარიძის მოსწრებულ რეპლიკასაც მიშას ევროპელი „ძმაკაცების“ პროვოკაციული ბრალდებების პასუხად რომ ითქვა ერთ-ერთ დიდ ევროპულ ფორუმზე: „საქართველო თავზე წამოსარტყმელი პატარა ბავშვი ნუ გგონიათო“.
უკვე მესმის ყველასგან დაშინებული ჩვენი თანამემამულის წამოძახილიც: „როგორ შეიძლება ჩვენი დასავლელი მეგობრების წყენინებაო“.
გეთანხმებით, მეგობრის წყენინება დიდი ცოდვაა, მაგრამ ისეთი თითიდან გამოწოვილი დანაშაულის, საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ვითომ და პოლიტიკური ნიშნით დევნა რომ არის, საქართველოს სახელმწიფოზე გაუთავებელი დაბრალება არ მგონია მეგობრული საქციელი იყოს.
მეორე საოცრება გახლავთ ქართულ უნივერსიტეტებში დღეს შექმნილი ამაზრზენი ვითარება.
არავისთვისაა საიდუმლო, თუ როგორ იმართებოდნენ მიშას დროს დედა უნივერსიტეტი და სხვა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები. გაძეძგილი იყო იქაურობა ვანო მერაბიშვილის აგენტურით, სტუდენტური თვითმმართველობები კი ნაციონალური მოძრაობის „კომკავშირისა“ და „ჰიტლერიუგენდის“ ფუნქციებს ასრულებდნენ.
რატომღაც არავინ ძრავდა მაშინ კრინტს, თითო ოროლა სტუდენტისა თუ პროფესორის გარდა, ოდეერისა თუ სპეც-სამსახურების რაიმე სხვა სახით არსებობაზე უნივერსიტეტების კედლებში.
2003-12 წლებში ქართველი სტუდენტობის მოზრდილი ნაწილისათვის ალბათ ბუნებრივიც იყო ეს, ასევე როგორც მიშას დაუნდობელი და უსამართლო ხელისუფლების შიშიც. ახლა არიან ჩვენი ბავშვები და ბევრი სხვებიც დიდ გულზე, ვინაიდან მშვენივრად იციან, რომ რაც არ უნდა თავს გაუვიდეთ, გიორგი კვირიკაშვილი მათ მამა შვილურად მოეფერება და არ დაუნგრევს მიხეილ სააკაშვილივით ცემა-ტყეპით თავ-ყბას.
თავს გაუვიდეთო, რომ ვახსენე, არ გაუვიდათ თუ რა?
გავიხსენოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლახან განვითარებული სტუდენტური „ბუნტი“, რომლის ორგანიზატორებს შორის ნაციონალებმა თავისი „ვირის ყურები“ ვერაფრით ვერ დამალეს, მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოთა შორის სამართლიანად აღშფოთებული პატიოსანი, თუმცა მიამიტი სტუდენტობაც ბლომად იყო.
რა შუაშია ნაციონალებიო თუ იკითხავთ, ცნობილ ლათინურ გამოთქმას გავიხსენებ: "cui prodest ?", ანუ ვის აწყობს ეს?
ამის შემდეგ თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, რომ ნებისმიერი სტუდენტური ბუნტი მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას აწყობს, რომელსაც მხოლოდ რევოლუციური გადატრიალების გზით ძალუძს ხელისუფლებაში დაბრუნება და თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა: „რომელია ეს პოლიტიკური პარტია“, ნამდვილად შემეპარება ეჭვი მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში.
ასეა თუ ისე, ამბოხებულმა სტუდენტებმა ლადო პაპავა გადააყენეს!
შეიძლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ბევრს ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზიები, ვფიქრობ შეცდომებიც დაუგროვდებოდა, მაგრამ დედა უნივერსიტეტის თავკაცი სავალალოდ ცნობილი და 2003-12 წლებში დისკრედიტირებული სტუდენტური თვითმმართველობისა და ერთი მუჭა „პორტირებული ნაციონალების“ მიერ „აგორებული“ ბუნტის ორგანიზატორთა იოლი „საკბილო“ ნამდვილად არ უნდა გამხდარიყო.
ხშირად ვიგებ დღევანდელ საქართველოში ინფორმაციასაც, რასაც მესამე საოცრებას ვუწოდებდი. ეს არის ქართულ უნივერსიტეტებში პოლიტიკური ნიშნით პროფესორების სამსახურიდან დათხოვნა სხვადასხვა ფსევდო სამართლებრივი მექანიზმების (მაგალითად შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის და სხვ.) გამოყენებით.
განსაცვიფრებელი ის არის, რომ პოლიტიკური ნიშნით „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე პროფესორები კი არ იდევნებიან, როგორც ჯოზეფ დოული, ევროპის სახალხო პარტია და „ძმანი მისნი“ ივარაუდებდნენ, არა!
პირიქით, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ახერხებენ განსხვავებულად მოაზროვნე კოლეგების ქართული უმაღლესი სკოლისაგან მოშორებას, თავად კი კომფორტულად აგრძელებენ მუშაობას და კაი დიდი ხელფასების მიღებასაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თუ ვინმეს სურვილი ექნება, ზემოთ ნახსენებ სავალალოდ ცნობილ ნაციონალ ექს-მაღალჩინოსანთა თუ უნივერსიტეტიდან დაუნდობლად გაძევებულ პროფესორების გვარებისა და სახელების ჩამოთვლაც შეიძლება, თუმცა ეს ზედმეტად მიმაჩნია. თბილისში ხომ ისედაც ყველამ იცის ყველაფერი.
კიდევ ერთი საოცრება მხოლოდ ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ ანგაჟირებული უნივერსიტეტის ზოგიერთი რექტორის ასეთი აღმაშფოთებელი და მოქმედი ხელისუფლების შეურაცხმყოფელი თავგასულობა საქართველოს განათლების სამინისტროს რეაგირების გარეშე რჩება, რომელსაც თვალები დაუხუჭავს, პირში კი წყალი დაუგუბებია.
ეს არის დღევანდელ საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დევნა მისტერ დოულ?
„პატრონი რომ ჰყავდეს“ ჯოზეფ დოულს, ნამდვილად კისერში წაავლებდა მას ხელს და გვარიანადაც შეანჯღრევდა, კარგად რომ დაენახა „ბრუციანი“ თვალებით ის, რაც რეალურად ხდება დღევანდელ საქართველოში, რათა კარგად დაფიქრებულიყო არაობიექტური პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე.
ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ყველამ, ქართველმა თუ უცხოელმა, რომ სააკაშვილის მომხრეები კი არ იდევნებიან დღევანდელ საქართველოში, პირიქით, ნაციონალთა ნარჩენები აგრძელებენ 2003-12 წლებში დამუშავებული ბინძური მეთოდებით პატრიოტულად განწყობილ ოპონენტთა აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნას, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ პილატესავით „იბანს ხელებს“ და რესპუბლიკელებთან საქმის გარჩევითაა მხოლოდ დაკავებული.
ყველასთვის კარგად ცნობილი აღმოსავლური გამოთქმაც - „ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის“, ჩემი სტატიის სათაურად რომ ავირჩიე, ზედგამოჭრილი მგონია ჩვენი დღევანდელობისათვის.
მიდის ნაციონალური მოძრაობის „ქარავანი“ და ზუსტად ისე, როგორც მათი მმართველობის დროს იყო, ცდილობს ჩვენი სამშობლოც მოუსავლეთში გაიყოლოს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი სფინქსივით დუმს, რითაც ნებსით ნუ უნებლეთ მოგვიწოდებს ყველას, თვალი დავხუჭოთ ნაციონალთა უმსგავსობებზე.
ისინი კი, რომლებიც მაინც გაბედავენ გაბრძოლებას და იმაზე ლაპარაკს, რომ სააკაშვილის ხროვას ყველაფერი ხახვივით შერჩა, რომ ჯოზეფ დულისა და სხვათა დახმარებით ნაციონალ-რევანშისტები, რომელთა ადგილი ციხის საკანშია, დაუნდობლად დევნიან განსხვავებულად მოაზროვნეებს, რომ უკვე აღარავის სჯერა სამართლიანობის აღდგენისა საქართველოში, ქარავანზე უიმედოდ მყეფარე ძაღლებს ემსგავსებიან.
მაშ არ ყოფილა საშველი? საშველი ის არის, რომ ახსოვდეს ყველას - საპარლამენტო არჩევნებია კარზე მომდგარი და თითოეული ჩვენთაგანმაც უნდა თქვას გაბედულად თავისი სიტყვა საარჩევნო ყუთთან. მაშ მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ საყვარელი სამშობლოს სასიკეთოდ.