მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა (მეორე ნაწილი)

მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა (მეორე ნაწილი)

...ავაზაკობასა და ძალაობაზე აშენებული საბჭოური ინდუსტრიალიზმი და მისი წეს-რიგი, მათ შორის საბჭოური მავნე მიწათმფლობელობაც, უნდა დანგრეულიყო და აკი დაინგრა კიდეც!

არსებული მდგომარეობა - უპატრონო მიწა, ხიზნები და სტარტზე მდგარი ახალი ჯაყოები

ღვთის მადლით, საქართველომ სახელმწიფოებრიობა მე-20 საუკუნის მიწურულს კვლავ დაიბრუნა, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე უმძიმესი საბჭოური მემკვიდრეობით დატოვებულ საბედისწერო პრობლემათა თითქმის გამოუვალ მორევში აღმოჩნდა!

ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა, სწორედ მიწის საკითხია. მართალია, საბჭოური საერთო-სახალხო საკუთრება მიწაზე დასრულდა, მაგრამ ამ საკუთრების მემკვიდრე ქართულმა სახელმწიფომ მიწის ჯეროვნად პატრონობა დღემდე ვერ მოახერხა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჯეროვანი პატრონობა უწინარესად ის იქნებოდა, რომ ქვეყანა მძიმე მემკვიდრეობიდან საბოლოოდ გათავისუფლებულიყო, „საერთო-სახალხო“, ე.ი. აბსტრაქტული მიწათ-მფლობელობისგან ხელი აეღო და რაც მთავარია: კერძო და სათემო მიწათ-მფლობელობის ქართული წეს-რიგი ახალ ვითარებაში პრაქტიკულად თავიდან, ხელახლა დაემკვიდრებინა!

საუბედუროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართულ თემს უმთავრესი უფლებები არ დაბრუნებია - იგი მესაკუთრე სამართალ-სუბიექტს დღემდე არ წარმოადგენს! ხოლო სათემო ქონებას მოკლებული სოფელი უკვე ქართული სოფელი კი არა, არამედ ბედისწერას მინებებული დასახლებაა, სადაც მკვიდრი თემი კი არ სახლობს, არამედ სწორედაც რომ - ხიზნები! სოფლისათვის თავის დროზე წართმეული სათემო ქონება, მართალია, „საერთო-სახალხო საკუთრებად“ აღარ იწოდება, მაგრამ რა ბედენაა? იგი ფორმალურად სახელმწიფოს მიერ მიღებულ იმ ქონებრივ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი გამოუყენებელია, უსარგებლო და უარესიც: აღურიცხავი და დაურეგისტრირებელია, ე.ი. იურიდიულად ეს მიწა დღემდე უპატრონოა!

არასრული და არც თუ მთლად ზუსტი სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელი მიწის ბალანსის მიხედვით, რომელიც 2004 წლის შემდგომ საერთოდ აღარც იწარმოება (?!), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით!) შეადგენდა 3025,8 ათას ჰექტარს, მათ შორის, სახნავი - 802,1 ათას ჰექტარს, მრავაწლიანი ნარგავები - 263,5 ათას ჰექტარს, სათიბი - 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი - 1796,6 ათას ჰექტარს. ეს სტატისტიკა სისტემური მიწათ-მოწყობის წარმოების შედეგად დამუშავებულ, ობიექტურ მონაცემებს კი არ ასახავს, არამედ საბჭოური დროის მონაცემების კორექტირების (ღმერთმა უწყის რა მეთოდოლოგიით) შედეგია.

ასეა თუ ისე, საბჭოთა დროს მიწა აღირიცხებოდა და მიწათ-მოწყობაც, მართალია, საბჭოური წესით, მაგრამ მაინც წარმოებდა. სავალალოა, რომ დღეს საქართველო იმ ველურ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება (ისიც საკითხავია, შემორჩა კი დედამიწაზე მსგავსი ქვეყანა?), სადაც მიწათსარგებლობის კადასტრი არ არსებობს, ხოლო მიწის უფლებრივი კადასტრი („საჯარო რეესტრი“) უმძიმეს მდგომარეობაშია: ბოლო მონაცემებით აღრიცხული და დარეგისტრირებულია მხოლოდ 1070, 5 ათასი ჰა სასოფლო მიწა, ამ დარეგისტრირებული მიწიდან სახელმწიფო საკუთრებაშია 380, 4 ათასი ჰა. როგორც ვხედავთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯის, რომელიც განუახლებად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს და თანასწორად ეკუთვნის ქართველთა წარსულ, აწმყო და მომავალ თაობებს, უდიდესი ნაწილი, ე.ი. არსებული მონაცემებით 1955,3 ათას. ჰა მიწა, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფონდის 65% (!) აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და იურიდიულად უპატრონოა! არანაკლებ სავავალო მდგომარეობაა არა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის აღრიცხვიანობის თვალსაზრისითაც.

აღურიცხავობის გამო დღემდე უაღრესად რთულია იმის გარკვევა, თუ რა მოცულობის მიწა ეკუთვნის კერძო სექტორს, სახელმწიფოს და რამდენია ე.წ. რუხ ზონაში, ანუ გაურკვეველ მფლობელობაში.

უარეს დღეშია, საერთოდაც მოუწესრიგებელი და აღურიცხავია მიწათსარგებლობა! გულსაკლავია, რომ გეორგიანული კულტურის უძველეს ქვეყანაში დღეს მიწის მიმართ ისეთი უდიერი დამოკიდებულებაა, რომელსაც ალბათ ანალოგიც კი არ მოეპოვება თანამედროვე მსოფლიოში! დღეს არავინ უწყის, რეალურად რა მდგომარეობაშია საქართველოს მიწის ფონდი, სად, ვის ხელში და რამდენი გვაქვს მიწა, რისი პატრონები ვართ - რამდენი გვაქვს სახნავ-სათესი, საძოვარი და სათიბი, ბაღი, ვენახი, ბოსტანი, ტყე, წყლის ფონდის მიწა, სამრეწველო დანიშნულების, განაშენიანების, რეკრეაციის და სხვ. მიწები. აღარაფერს ვამბობ მიწათ-მოწყობაზე, რომელიც სსრკ-ს დაშლის მერე ფაქტობრივად საერთოდ მოიშალა; ანდა თუნდაც ქალაქგეგმარებასა და ზოგადად, ტერიტორიების სივრცით დაგეგმარებაზე, რაც სავალალო და კატასტროფულ მდგომარეობაშია! ბუნებრივია, ამ ველურ ყოფაში უსაგნო საუბარი რაიმე ეკონომიკურ წესრიგსა ან მით-უმეტეს განვითარებაზე, ოდენ მტკნარი სიცრუეა, წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი!

განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ყველაფერთან ერთად ასევე კატასტროფულ მგომარეობაშია მიწის სამართალიც! დღეს მოქმედ უაღრესად ფრაგმენტულ და წინააღმდეგობრივ კანონმდებლობაში საერთოდაც არ არსებობს საზოგადო, მწყობრი და ერთიანი სამართლებრივი პრინციპები, რაც მიწასთან, როგორც ქვეყნის განუახლებად და უმთავრეს რესურსთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრს მოაწესრიგებდა.

პირველ ყოვლისა, ეს ეხება, მიწასთან დაკავშირებულ საკუთრებით ურთიერთობებს. დღემდე არა გვაქვს მკაფიო და დამაჯერებელი, საბოლოო პასუხი კითხვზე: ვინ შეიძლება იყოს საქართველოში მიწის მესაკუთრე? მკითხველს კარგად მოეხსენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების საკითხთან დაკავშირებული ცხარე დებატები, რომელიც დღეს-დღეისობით საკონსტიტუციო სასამართლომ ვითომ გადაწყვიტა; ამჟამად უცხოელებს მკვიდრ მოსახლეობასთან თანასწორად და ყოველგვარი შეზღუდვის ან რაიმე წინასწარი პირობის გარეშე აქვთ საქართვველოს მიწაზე საკუთრების შეძენის უფლება; ცხადია, ამ „გადაწყვეტით“ ცხარე დებატები სულაც არ დახურულა, ქართველთა დიდი უმრავლესობა ამგვარ „გადაწყვეტას“ არ დაეთანხმება და სრულიად სამართლიანადაც!

მიწასთან დაკავშირებულ პრინციპულად გადაუწყვეტელ ან არასწორად გადაწყვეტილ საკითხთა პრობლემურობა მხოლოდ მიწაზე უცხოელების სადავო უფლებებით არ ამოიწურება; ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და ზოგადად იმ ვითარების შედეგი, როცა ქვეყანა და მისი მკვიდრი მოსახლეობა მიწას ჯეროვნად ან არ, ან ვერ პატრონობს!

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის სამართალი მკაფიო და ცალსახა პასუხს მიწის მესაკუთრე სუბიექტებზე ვერ იძლევა; ამის საბუთია თუნდაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონი. კურიოზია, სამართლებრივი ნონსენსია, რომ ამ კანონის მე-4 მუხლი, რომელიც მიწის შესაძლო მესაკუთრეებს ჩამოთვლის, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრე სუბიექტს, მხოლოდ კერძო საკუთრების ჩამორთმევასა და მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით, გაკვრითა და ფრაგმენტულად მოიხსენიებს; არადა, რეალურად, ფაქტობრივი მდგომარეობით, მიწის ყველაზე მსხვილი მესაკუთრე, როგორც ცნობილია, სწორედაც რომ სახელმწიფოა! მართალია, კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, რასაკვირველია, სახელმწიფოს მიიჩნევს სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ, მაგრამ ეს კანონი ზოგადადაც არა სახელმწიფო ქონებით სარგებლობას, მისი გამოყენების, მართვისა და დაცვის ჯეროვან რეჟიმებს, არამედ ოდენ სახელმწიფო ქონების განკარგვას, მის პრივატიზებას ანდაც სარგებლობის უფლებით გადაცემას აწესრიგებს! ეს თავისთავადაც კიდევ ერთი უმძიმესი ფუნდამენტური პრობლემაა: მართლაც, როგორ წარმოგიდგენიათ ყველაზე მსხვილი და საჯარო მიზნების განმახორციელებელი მესაკუთრე ქვეყანაში, რომელიც, როგორც ირკვევა, არა ქონების მოვლასა და სწორ მართვაზე, არამედ კანონის თანახმად თურმე მხოლოდ იმაზე უნდა ზრუნავდეს, ეს საკუთრებაში არსებული ქონება და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - მიწა, როგორმე თავიდან მოიშოროს და ნებისმიერ მსურველს მიყიდოს!

უარესი კურიოზია, რომ არც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონით, არც ტყის და წყლის კოდექსებით მუნიციპალიტეტი საერთოდაც არ მოიხსენიება, როგორც მესაკუთრე სუბიექტი (?!); არადა, იმისათვის, რომ საზოგადოებრივ, საჯარო ქონებას ჯეროვანი პატრონი გამოუჩნდეს, რათა მან საზოგადო სარგებელი მოიტანოს, სახელმწიფო საკუთრების დეცენტრალიზაციას (ე.ი. სახელმწიფო ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას) გაცილებით უფრო გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ქონების პრივატიზაციას!

სავალალოა, რომ მსგავსი კურიოზებით ძალზე „მდიდარია“ ჩვენი კანონმდებლობა. თუნდაც მარტო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმა რად ღირს (იხ. ამ კოდექსის 107-ე მუხლის მე-4 ნაწ.), რომლის თანახმადაც მიწაზე საკუთრების უფლება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს შორის „შეჯიბრზე“ ხდება დამოკიდებული: თურმე უპატრონო მიწა იმისი იქნება, ვინც მის რეგისტრაციას დაასწრებს (?!), ზუსტად ისე, როგორც ეს „ველურ დასავლეთში“, ამერიკის კოლონიზირების დროს ხდებოდა!

როგორც ვხედავთ, საბჭოთა დროიდან ხიზნებად ქცეული ქართველები ისევ ხიზნებადვე არიან დარჩენილნი; მაგრამ, თუკი ადრე ხიზნებზე გაბოლშვიკებული ჯაყო „ზრუნავდა“, დღევანდელი ხიზნები უმეტესწილად ბედის ინაბარა არიან მიტოვებულნი. უარესიც: მიიჩნევა, რომ მათ გაუმართლათ, თუკი სადმე ახალი ჯაყო გამოჩნდება და სოფლის საზოგადო ქონებას, როგორც ეშმაკნი უპატრონი ეკლესიას, ისე დაეპატრონება! ეს ახალი ჯაყოები ან პატრონ-კლიენტელური ურთიერთობებით დაწინაურებული აქაური ხეპრენი, ანდაც მხსნელებად შერაცხული „უცხოელი ინვესტორები“ არიან. რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა მამულის გაყიდვა ქვეყანაში ყველაზე მომგებიან „ინვესტირებად“ არის მიჩნეული!

რა თქმა უნდა, ასეთი ლიკვიდატორულ-გამყიდველური პოლიტიკის ავტორ-შემოქმედნი საქართველოს დღევანდელი ხელისუფალნი არ არიან. „ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა“ - ეს წინა ხელისუფლების, სააკაშვილის კორპორაციის „საავტორო გამოგონებაა“. სააკაშვილის კორპორაციას საკუთარი სარგებლისათვის მართლაც ყველაფრის, არა მხოლოდ მიწის, ალბათ დედა-მშობელისაც კი, გაყიდვა შეეძლო; ყოველივეს ჰყიდდა კიდეც, გარდა, რასაკვირველია, სინდისისა, რადგან ეს უკანასკნელი მას საერთოდაც არ გააჩნდა! ამ გამყიდველური პოლიტიკის გამოხატულებას წარმოადგენდა მიწათ-მფლობელობის პრინციპული მოუწესრიგებლობაც, რადგან უპატრონოს გაყიდვა უფრო იოლია, როცა არც კანონმდებლობა და არც მიწის კადასტრი ხელს არ შეგიშლის!

დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთი ხანობა შეაჩერა ეს გამყიდველური პროცესი, მაგრამ მხოლოდ დროებით! საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიწის უსისტემო და ქაოტური გაყიდვა უკვე 2014 წლის მაისიდან ისევ განახლდა. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 172 ათასი ჰა სასოფლო მიწა, რომელსაც მუქთად - 1 ჰექტარს 672 ლარად ნებისმიერ მსურველზე ასხვისებდა (იხ. გაზ. „რეზონანსი“, 01.07.2014წ. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=20860)

მიწა დღესაც ჩალის ფასად იყიდება და უსასყიდლოდაც, არც თუ იშვიათად, ძღვენადაც კი რიგდება (გაიხსენეთ თუნდაც ციხისძირის ბოლო მაგალითი)! უცხოელთა ხელში მამული ისევე გადადის, როგორც ეს თავის დროზე ნიკო ლორთქიფანიძემ დაიტირა!

ისიც საყურადღებოა, რომ დღეს, როგორც არასდროს, გლობალიზაციისა და პოსტ-ინდუსტრიალიზმის ეპოქაში, მიწას, რომელსაც უგერგილო მფლობელისათვის არაეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში ფასი კატასტროფულად სწრაფად ეკარგება, უპატრონოდ არავინ დატოვებს! თუ თავადვე არ მივხედავთ და არ მოუვლით, თუკი ხიზნებიდან ისევ პატრონებად ვერ ვიქცევით, ახალი ჯაყო უკვე ჩასაფრებულია, სტარტზეა და დიდხანს არ გვალოდინებს! მისგან თავის დახსნა კი უფრო რთული იქნება და ვინ იცის, ეგებ შეუძლებელიც!

გამოსავალი....

უპატრონოდ შთენილი საქართველოს მიწის ფონდის განიავებასა და ყოვლად უსისტემო, სტიქიურ გაყიდვას სასწრაფოდ ბოლო უნდა მოეღოს. თუკი არ გვინდა საკუთარ ქვეყანაში უმიწაწყლო ხიზნებად დარჩენა, საჭიროა მიწის რეფორმის დაუყოვნებლივ დაგეგმვა და დროის დაუკარგავად განხორციელება!

სასწარფოდ მისაღებია მიწის კოდექსი!

რა პრინციპებს უნდა დაეფუძნოს მიწის რეფორმა და გამომდინარე, მიწის კოდექსი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ქვეყანამ?

განსასჯელად გთავაზობთ ამ ძირითად პრინციპებს:

1. მიწა ქვეყნის განუახლებადი და ძირითადი რესურსია, ამიტომ მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობები განსაკუთრებულად რეგულირდება. მიწის კოდექსმა თავი უნდა მოუყაროს ყველა საკანონმდებლო ნორმას, რომელიც აწესრიგებს მიწის ფლობასა, სარგებლობასა და განკარგვასთან, ასევე მიწაზე უფლებების რეგისტრაციასთან, მიწათ-მოწყობასთან, მიწის დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი და საართველოს მოქალაქე. უცხოელი ფიზიკური პირი ან საქართველოს არა რეზიდენტი იურიდიული პირი, მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუკი მისი საკუთრების უფლება არ ლახავს ეროვნულ ინტერესებს და არსებით საზოგადო სარგებელს მოიტანს.

3. უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების მიწა, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სახელმწიფო არ სარგებლობს და რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის მიზანშეწონილობასაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო სახელმწიფო გამგებლობიდან გამომდინარე (ანუ კონრეტულად რომელი სახელმწიფო კომპეტენციის განსახორციელებლად უნდა მოხდეს მიწის კონკრეტული ნაკვეთით სარგებლობა და გამოყენება) არ დაასაბუთებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (ვთქვათ, ერთი წლის პერიოდი) კანონით უნდა გამოცხადდეს და უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს მუნიციპალურ საკუთრებად. თუკი მომავალში აღმოჩნდება, რომ მუნიციპალური მიწის ნაკვეთი აუცილებელია რომელიმე სახელმწიფო კომპეტენციის განსახორციელებლად, იგი შეღვათიან ფასში, უპირატესი შესყიდვის უფლებით, შესაძლოა გამოისყიდოს სახელმწიფომ.

4. მიწის უფლებრივი კადასტრის („საჯარო რეესტრის“) მოწესრიგებაზე თავიდან-ბოლომდე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ, რომელმაც გარდამავალ პერიოდში (სავარაუდოდ ორი წელი) საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს როგორც საკადასტრო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე მიწის საკუთრების პირველადი რეგისტრაცია. გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ მიწის ნაკვეთებს, ანდაც უდავო სასამართლო წარმოებით დადასტურდება, რომ უკანასკნელი არა ნაკლებ 10 წლის განმავლობაში სარგებლობენ სასაოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, საკუთრების რეგისტრაცია უნდა იყოს უსასყიდლო. უდავო სასამართლო წარმოების პროცედურა ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა განსაზღვროს კანონმა. უნდა გაუქმდეს ე.წ. მიწის საკუთრების აღიარების კომისიები, რომლებიც საკრებულოებთან არსებობენ.

5. სასოფლო დასახლებები, აგრეთვე მსხვილ სასოფლო დასახლებათა უბნები უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორც კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირები: მესაკუთრეთა ამხანაგობების - კონდომინიუმების სამართლებრივი ფორმით. შედეგად სოფელი ან სოფლის უბანი, აგრეთვე, უბანთა გაერთიანებაც იქნება არასამეწარმეო იურიდიული პირი. მიწის კოდექსით ამ იურიდიულ პირს, ე.ი. სოფელსა ან სოფლის უბანში შექმნილ კონდომინიუმს უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში უნდა გადაეცეს სოფლის (შესაბამისი უბნის) ადმინისტრაციულ საზღრებში მოქცეული არაპრივატიზებული მიწა; სახნავ-სათესი, სათიბი, საძოვარი, ასევე ტყის ფონდისა და წყლის ფონდის მიწები, აგრეთვე თავად დასახლების ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწაც (ქუჩები, მოედნები, ტროტუარები, შიდა სამეურნეო გზები და ა.შ.); კონდომინიუმის წევრებს უპირატესი უფლება ექნებათ დააფუძნონ სასოფლო-სამეურნეო საწარმო -კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით, რომელსაც თავის მხრივ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცემა კონდომინიუმის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და განვითარებას. ამ სახით თანამედროვე პირობებში აღდგება ტრადიციული ქართული სამართლით არსებული და რუსეთის იმპერიის მიერ ავაზაკობა-ძალადობით გაუქმებული კერძო და სათემო საკუთრება მიწაზე! მიწის კოდექსმა უნდა მოაწესრიგოს კერძო მესაკუთრესა და თემს, ე.ი. კონდომინიუმს შორის წარმოქმნილი ურთიერთობებიც! მაგალითად, თუნდაც ის, რომ კერძო მესაკუთრეს თემის, ე.ი. კონდომინიუმის დაუკითხავად არ უნდა შეეძლოს მიწის გასხვისება ანდა სარგებლობის უფლებით გადაცემა!

6. სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო კონდომინიუმის მუდმივ სარგებლობაში გადაცემული მუნიციპალური საკუთრების მიწის პრივატიზება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ თავად კონდომინიუმის ინიციატივით, ან მისი თანხმობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით. მიწის პრივატიზაციისას სავალდებულო უნდა გახდეს მყიდველის მიერ მიწათ-მოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმის, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და მიწათ-მოწყობის ნორმატიულ დოკუმენტებს, წარმოდგენა. თუკი მესაკუთრე დაარღვევს მიწათ-მოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმით აღებულ ვალდებულებებს, მაშინ თავად კონდომინიუმის (თემის) ანდაც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინიციატივით შესაძლებელი უნდა იყოს მიწის ამ ნაკვეთის საჯარო ვაჭრობით გაყიდვა, იმ პირობით, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება შესაბამის მუნიციპალიტეტს ან კონდომინიუმის ფარგლებში დაარსებულ კოოპერატივს.

7. უნდა შეიცვალოს პრეზუმფცია, რომ დაურეგისტრირებელი ქონება სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევა. ამის სანაცვლოდ, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ დაურეგისტრირებელი მიწა ან მიტოვებული უძრავი ქონება მიჩნეული უნდა იქნეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიცაა უპატრონოდ დარჩენილი მიწის ნაკვეთი, საკუთრებად. ბუნებრივია, ეს ქონებაც შესაბამის კონდომინიუმს უსასყიდლო და მუდმივი სარგებლობის უფლებით უნდა გადაეცეს.

8. საქალაქო დასახლებებშიც კონდომინიუმები უნდა ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების (როგორც დღესაც არის), არამედ საერთო ეზოებისა და ასევე, საუბნო დონეებზე. აქაც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მუნიციპალური საკუთრების მიწა მათ უნდა გადაეცეთ მუდმივ და უსასაყიდლო სარგებლობის უფლებით.

9. უნდა მოწესრიგდეს ტერიტორიის დაგეგმარება და მიწათ-მოწყობა. სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების პროცესში, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარი კომპეტენციაა, ჩართული უნდა იყვნენ სასოფლო და საქალაქო კონდომინიუმები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა მიწათმფლობელებიც. მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებას უნდა განეკუთვნოს მიწათ-მოწყობა - ტერიტორიაზე როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის კადასტრის სისტემური წარმოება. მიწის დანიშნულების შეცვლა უნდა გახდეს ასევე მუნიციპალიტეტის დელეგირებული კომპეტენცია; მიწათსარგებლობის კადასტრის წარმოებისა და ზოგადად, მიწათ-მოწყობის, ასევე სივრცით-ტერიტორიული დადგემარების უზრუნველსაყოფად და სათანადო სტანდარტებისა თუ ნორმების შესამუსავებლად სახელმწიფო დონეზე უნდა შეიქმნას (ვთქვათ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან) ცალკე სსიპი: „მიწათმოწყობისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ეროვნული სააგენტო“.

10. მიწის კოდექსმა უნდა აღადგინოს 1921წ. საქართველოს კონსტიტუციის 116-ე მუხლის ის პრინციპი, რომ „მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას

საზოგადოების წინაშე.“ მიწის ყოველი მესაკუთრისათვის (მათ შორის სახელმწიფოცა და მუნიციპალიტეტიც იგულისხმება) აუცილებელია სრულად აღდგეს მიწის რენტა - მუნიციპალური გადასახადი, რომელიც გათვალისწინებულია დღევანდელი საგადასახადო კოდექსით, თუმცა 5 ჰა-მდე ფართობის მესაკუთრეები, ასევე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი და სხვ. გათავისუფლებულნი არიან ამ გადასახადისგან. მიწის კოდექსმა უნდა დაადგინოს, რომ მიწის ნაკვეთის ნებისმიერი მესაკუთრე, რომელიც მიწას მოაცდენს და ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მიწის რენტას არ გადაიხდის, ვალდებულია მიწა საჯარო ვაჭრობით გაყიდოს, ასევე იმ პირობით, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება შესაბამის მუნიციპალიტეტს, კონდომინიუმის ფარგლებში მოქმედ კოოპერატივს.

....არჩევნები ახლოვდება. თუკი საქართველოს მოქალაქეს სურს მამულის პატრონობა და არა თეიმურაზ ხევისთავის უიმედო და უილაჯო მდგომარეობაში ხიზნად მუდმივად დარჩენა, მისი მოქალაქეობრივი ვალია არჩევნებში მონაწილე თითოეულ პარტიას მოჰკითხოს: როგორ, რა გზით და რა ვადებში აპირებს ის მიწის საკითხის მოწესრიგებას? მათ პასუხზე უნდა გახდეს დამოკიდებული არჩევნების შედეგები, რაც ქართველ მოქალაქეთა საერთო პასუხისმგებლობაა!