თანამედროვე ადამიანს ფანტასტიკურად გაუმართლა. 100 000 წლის წინ, ადამიანის აფრიკიდან გამოსვლის შემდეგ, დღემდე არსებული 5000 თაობიდან, მხოლოდ ჩვენ გვხვდა წილად მოწმე და თანამონაწილე გავხდეთ დედამიწაზე პლანეტარული ცივილიზაციის დაბადებისა. როგორც ვარაუდობენ, „დაბადების“ პროცესი დაახლოებით ამ საუკუნით შემოიფარგლება და დედამიწაზე პირველი დონის ცივილიზაციის შექმნის პროცესი დასრულდება. მშობიარობის „ჭინთვები“ ჩვენს თვალწინ - ლოკალური და რეგიონალური ომების, ეკონომიკური კრიზისების და ტექნოლოგიური რევოლუციების ფონზე მიმდინარეობს.
დიახ, თუ გაგვიმართლა და ჩვენი უგუნურობით ჩანასახში მყოფი ჩვილი დაბადებამდე არ დავღუპეთ, მივაღწევთ სტატუსს - პირველი დონის პლანეტარული ცივილიზაცია!
ერთადერთი რამ გვევალება - მოაზროვნე ადამიანმა „შეცდომა“ არ უნდა დაუშვას და მივიღებთ შედეგს - საზოგადოებას ცხოველური დაპირისპირების გარეშე, თავისუფალ, განათლებულ, მეცნიერულ და აყვავებულ ცივილიზაციას.
არიან ძალები - ადამიანთა ჯგუფები, ცალკეული ლიდერები და სახელმწიფოები, რომლებიც ინსტიქტურად, პირველყოფილი აზროვნებით ებრძვიან განვითარებული მსოფლიოს „მოძრაობას“ პირველი დონის ცივილიზაციისკენ. მაგრამ მეცნიერება, ეკონომიკა, ფანტასტიკური ტექნოლოგიები - არის ძალა, რაც ამ „მოძრაობას“ შეუფერხებლად უზრუნველყოფს. გონებაამღვრეულ ადამიანთა ფაქტორი თავისთავად გაქრება. დანარჩენი დროის და „ტექნიკის საქმეა“.
ეს შეუქცევადი „მოძრაობა“ დღეს უკვე ცვლის ეკონომიკისა და კაპიტალის ბუნებას, ასევე ყველა ტრადიციულ თეორიულ კონცეფციას. მთავრდება მატერიალური კაპიტალიზმი, შესაბამისად - ეკონომიკის ციკლურობის და კრიზისების ეპოქა, ქრება ეროვნული და ეთნოსური ჯგუფების ფაქტორი, იცვლება სახელმწიფოთა ტრადიციული შინაარსი და სტატუსი, როგორც საზოგადოების „მოწესრიგების“ ფორმა. სწორედ ასე, ამ წამს იბადება ინტელექტუალური, ციფრულ ტექნოლოგიებზე და სულ სხვა შინაარსზე დაფუძნებული კაპიტალიზმი. სწორედ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პლანეტარული ეკონომიკის - ეკონომიკური (და არა ეროვნული თუ ეთნოსური) კავშირების, სავაჭრო ბლოკების ფორმირება. ეკონომიკა ხდება ჯერ რეგიონალური, შემდეგ კი გlობალური. სიმდიდრის (კაპიტალის) წყარო ხდება ინფორმაცია, ის ელექტრონებით და ინფორმაციის „ბაიტებით“ იზომება და მოძრაობს მთელ პლანეტაზე ელექტრონის სიჩქარით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებით.
ადამიანის მიერ დღემდე განხორციელებული რევოლუციის სამი ტალღა - სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული და ციფრულ-ტექნოლოგიური, არის მხოლოდ მცირე ეტაპები პლანეტარული ცივილიზაციის შექმნის გზაზე. ეს იქნება სულ სხვა განზომილების მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში.
ამგვარად, ჩვენ ნულოვანი დონიდან, პირველი დონის ცივილიზაციისკენ მივისწრაფით. მეცნიერება სულ სამ დონეს გამოყოფს: პირველ, მეორე და მესამე დონეებს ეთმანეთიდან ათასობით წელი აშორებს. და ფუნდამენტური ძალა ამ პროცესში - სხვადასხვა დონის ცივილიზაციების ფორმირებაში, ერთადერთი, ყოველივეს შემქმნელი ძალა - ენერგიაა!! ფიზიკოსები ხომ ნებისმიერ ობიექტს და თვით ცივილიზაციასაც კი, აფასებენ ენერგიის მოხმარების დონით, რაოდენობით და ხარისხით.
ამ თემაზე, თუ ფანტასტიკად არ მოგეჩვენებათ, გაგასაუბრებთ ამ სფეროს სპეციალისტებთან - ნიკოლოზ კარდაშოვთან და მიჩიო კაკუსთან.
ცივილიზაციათა დონეები - პლანეტარულიდან ღმერთის სამყოფელ (Q დონის) ცივილიზაციამდე!
ფიზიკოსები ცივილიზაციებს აფასებენ მოხმარებული ენერგიის დონით და რაოდენობით.
ცივილიზაციათა შეფასება და კლასიფიკაცია ენერგოშეიარაღების და ენერგომოხმარების კრიტერიუმით, პირველად ნიკოლოზ კარდაშოვმა დაამკვიდრა (არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც). მან შემოიღო რაოდენობრივი შკალა და დაყო მიწიერი თუ უცხო ცივილიზაციები სამ ტიპად:
პირველი ტიპი - პლანეტარული, მოიხმარს სრულად მხოლოდ იმ რაოდენობის ენერგიას, რაც პლანეტაზე არსებობს ალტერნატიულად და ვარსკვლავიდან პლანეტამდე აღწევს;
მეორე ტიპი - ვარსკვლავური, მოიხმარს მთელ ენერგიას, რასაც ვარსკვლავი ასხივებს. ასეთ ცივილიზაციას შეუძლია მთელი ვარსკვლავის ენერგიით მანიპულირება და თვით ამ ვარსკვლავის „მართვა“;
მესამე ტიპი - გალაქტიკური, მოიხმარს მილიარდობით ვარსკვლავის ენერგიას და კოლონიზებული აქვს მთელი გალაქტიკა.
ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია რაოდენობრივად შევაფასოთ ნებისმიერი ცივილიზაციის სიძლიერე. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება 10 მილიარდჯერ და მოიხმარს 10 მილიარდჯერ მეტ ენერგიას (გალაქტიკაში დაახლოებით 10 მლრდ ვარსკვლავია).
ამ კლასიფიკაციით დედამიწის ცივილიზაცია მიეკუთვნება ნულოვან კლასს. ჩვენ ენერგიას ვიღებთ მხოლოდ ამ პლანეტაზე არსებულ, დაღუპულ მცენარეთა ნარჩენებისგან და ვიყენებთ უმნიშვნელო შესაძლო ალტერნატიულ წყაროს.
თუ საზოგადოება მიაღწევს მეორე ტიპის ცივილიზაციას, ის პრაქტიკულად დაუძლეველი და სრულიად დაცული ხდება ნებისმიერი - შიგა თუ გარე (კოსმოსური) კატაკლიზმისგან. მისი განადგურება არ შეუძლია არაფერს, მეცნიერებისთვის ცნობილი ძალებიდან. შესაძლებელი იქნება ყველაფრის მართვა, მათ შორის - ამინდის, გამყინვარების, კომეტების, პლანეტების და თვით საკუთარი „მზის“ (ვარსკვლავის). ისინი შესძლებენ პლანეტების და ახლო-მახლო არსებული ვარსკვლავების კოლონიზებას.
თუ საზოგადოება მიაღწევს მესამე ტიპის ცივილიზაციას, ის მოახდენს ისეთი ოდენობის ენერგიით მანიპულირებას, რომლის გამოყენების პირობებშიც დრო და სივრცე კარგავს სტაბილურობას და აინშტაინის გრავიტაციის თეორია ინგრევა. ამ დროს, დროისა და სივრცის კავშირი ირღვევა და ჩნდება პორტალები სხვა სამყაროში გასაღწევად... ასეთია ე. წ. „პლანკის ენერგიის“ - 1028 ელექტრონვოლტის ეფექტი. ის კვადრილიონჯერ აღემატება ენერგიას, ვიდრე ამას იყენებს დიდ ადრონულ კოლაიდერში გამომუშავებული ამაჩქარებელი.
და ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ჩვენი უსუსური, თოთო ცივილიზაცია უნდა „გავზარდოთ“ და არ დავღუპოთ, რათა სრულწლოვან ასაკს - პირველ დონეს მიაღწიოს! შესაძლოა, მრავალი უცხო ცივილიზაცია უკვე განადგურდა კიდეც სწორედ ნულოვანიდან პირველი ტიპის ცივილიზაციამდე გარდამავალ პერიოდში - რომელ ეტაპზეც ჩვენ ამჟამად ვართ. ამიტომ, ეს ყველაზე საშიში, შესაძლოა, გადაულახავი ეტაპიცაა, მრავალი მიზეზის გამო - პირობითად „ველურობიდან“, ჭეშმარიტად გონიერ არსებებად ჩამოყალიბების გზაზე. ჩვენ შეიძლება გაუაზრებელიც კი გვაქვს, რომ რეალურად მიმდინარეობს ეს ისტორიული „გადასვლა“ - გარდამავალი პერიოდი. გლობალიზაციის არსიც კი ადეკვატურად ვერ გაგვიგია, არათუ კაცობრიობის „მოძრაობის“ მასშტაბური მიზანი. შეშინებული ვკითხულობთ - ხომ არ გვართმევენ ვიღაც „სატანები“ ეროვნებას, მენტალობას, ტრადიციებს? და ბუნდოვნად გვესმის (თუ გვესმის, საერთოდ), რომ გლობალიზაცია მხოლოდ გონიერი კაცობრიობის კონსოლიდაციაა მთავარი მიზნისკენ - პლანეტარული ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე...
არსებობს მოსაზრება თეორიულად შესაძლო, მეოთხე ტიპის ცივილიზაციისა, რომელიც დამატებით ითვისებს და იყენებს ენერგიას არაგალაქტიკური (ანტიმატერიალური) წყაროდან. ერთადერთი ცნობილი არაგალაქტიკური ენერგიის წყარო - ეს შავი ენერგიაა, რომელიც ხილული სამყაროს მატერიის 73%-ს შეადგენს, მაშინ, როცა გალაქტიკათა ხილულ სამყაროზე ენერგიის მხოლოდ 4% მოდის.
ეხლა თქვენ შეაფასეთ, რა შეიძლება ერქვას (და შეეძლოს) ასეთ ფენომენს. ალბათ, ეს ღმერთების სამყოფელია!