„ჩვენ მოკუნტულნი, თქვენ გაბღენძილნი, ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია....“

„ჩვენ მოკუნტულნი, თქვენ გაბღენძილნი, ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია....“

ბანკების უამრავი მოვალის უფლებებისა და ინტერესების დასაცავდ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლზე ჩემმა მითითებამ და სამართლიანობისაკენ მოწოდებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად მძაფრი რეაქცია გამოიწვია. არ მინდა მარქსისტულ-რევოლუციური ტერმინების გამოყენება, მაგრამ ფაქტია: ამ მოწოდების განხილვისას ფეისბუქსა თუ მედიაში საზოგადოება „ჩაგრულ-მჩაგვრელთა კლასებად“ დაიყო; 389-ე მუხლმა „ჩაგრულებში“ „სამართლიანობის აღდგენის“ იმედი გააღვივა, მაგრამ უმალვე ამ იმედს ცივი წყალი გადაასხეს და ეს დასაწვავი 389-ე მუხლიც „ჩაგრულთათვის“ უიმედოდ განმარტეს „მჩაგვრელთა“ ვექილებმა!

ოპონენტები უკვე ბრალსაც მდებენ, რომ, თურმე ამ მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე „უპასუხისმგებლოა“ მსგავსი "არაკომპეტენტური" განცხადებების კეთება და ხალხის „შეცდომაში შეყვანა“!

რა მეთქმის ამ „ბრალდების“ საპასუხოდ?! როცა „მძიმე სოციალური ფონის“ შექმნაზე პასუხისმგებელნი და მათი ვექილები ხელს ჩემსკენ იშვერენ, როგორ გაბედე და ხმა ამოიღე უსამართლობაზეო, უმალ დიდი ილიას „პასუხის პასუხი“ მახსენდება. ამ შემთხვევაზეც მართლა რომ ზედგამოჭრილია სწორედ ის სიტყვები, რაც ილიას დავესესხე და წერილის სათაურად მაქვს გამოტანილი:

„ჩვენ მოკუნტულნი, თქვენ გაბღენძილნი, ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია....“

დალოცვილებო, უპასუხისმგებლობა ჩემი განცხადება კი არ არის, არამედ იმათი ანტი-ხალხური, დამღუპველი ქმედება, ე.ი. მავანთა მოქმედება ან უმოქმედობა, რამაც სწორედაც შექმნა ეს უმძიმესი სოცილური ფონი!

სოციალური ფონი უკიდურესად ხომ სწორედაც იმიტომ დამძიმდა, რომ რიგით ქართველებს, რომელთაც ისედაც მწირი შემოსავალი მხოლოდ ლარში გააჩნიათ, ამ ლარის ეკონომიკიდან ფაქტობრივი განდევნის, არნახული დოლარიზაციის და ეროვნული ვალუტის ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურების გამო, მარტო შარშან ბანკებისათვის ზედმეტად თითქმის 500 მლნ. ლარის გადახდა მოუწიათ!

ნუთუ ამის შემდეგ, კიდევ ჩემი, უამრავი თანამემამულის მსგავსად, თავადაც ზედმეტად გაზრდილი და კვლავაც დაუსრულებლად მზარდი ვალებისაგან შეწუხებული, „მოკუნტული“, რიგითი მოქალაქის განცხადებაა უპასუხისმგებლობა?!

ხოლო მათი, ე.ი. იმ „გაბღენძილთა“, რომელთაც ეს კრიტიკული სოციალური ფონი განაპირობეს და ახლა გაიძახიან - „ხელებიც დაგვიბანიაო“, აგრეთვე მათ დამცველ-ხელშემწყობთა რიხიანი პასუხი ამ განცხადებაზე რაღა არის? მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნიმუში?!

საუბედუროდ, ბანკისა და კლიენტის ურთიერთობების განმარტებისას „გაბღენძილთა“ სამართლებრივი ლოგიკა ორ პუნქტიან პრიმიტიულ „წესს“ ვერა სცილდება. აი, ეს ორპუნქტიანი პრიმიტიული და ძალზე იოლად გასაგები „წესიც“:

„1. ბანკი ყოველთვის მართალია. 2. ხოლო თუ ბანკი მართალი მაინც არ არის, მაშინ იხილე 1-ლი პუნქტი!“

თურმე ასეთი „წესია“ ყველასგან და ყოველთვის უაპელაციოდ მისაღები და დასაცავი! ხოლო ვინც ამ „წესს“ სადავოდა ხდის, იგი უპასუხისმგებლო ყოფილა!

ნუთუ ეგ არის სამართალი, როცა ლარის 45%-იანი, რეკორდული გაუფასურების გამო ბანკისათვის გასულ წელს უკვე გადახდილი და კვლავაც გადასახდელი ვალიცა და ზედ სარგებელიც უკვე უსაშველოდ გაიზარდა, ხვალ კი ისიც მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიმატებს და ამ ზრდას, უნიათო მთავრობის დაპირებათა მიუხედავად, ბოლო არც უჩანს?!

თუკი ლარის გაუფასურების გამო მთლიანად ქვეყანა ზარალობს, სად გაგონილა ისეთი სამართალი, როცა მოქალაქეები ვალებში უნდა დაიხრჩონ და ბანკებმა კი იხეირონ?! აბა, ის რა სამართალია, როცა ერთი მხარე 500 მილიონს არამად ისე იშოვნის,  თითს თითზე არ დააკარებს, ამიტომ უფრო მეტად „გაიბღინძება“, მეორე მხარე კი ამ 500 მილიონს უბრალოდ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მხოლოდ იმისთვის, რომ თურმე შეცდა და ვალი დოლარში აიღო, დაკარგავს და უფრო „მოიკუნტება“’?!

დალოცვილებო, თუ ზარალია, ერთად ვიზარალოთ, თუ ხეირია, ერთად ვიხეიროთ! სად გაგონილა, აბა, ის რა სამართალია, როცა ჩვენს ხარჯზე ხეირობთ, ხოლო თქვენი ხეირი ჩვენ გვაზარალებს?!

განა ცხადი არ არის, რომ ეს სწორედაც რომ ოდენ „გაბღენძილთა“, ე.ი. იმათი, ვინც სულ უფრო მზარდი ვალებისაგან „მოკუნტული“ თანამოქალაქეების გატყავების ხარჯზე გაქსუებულა და მათი ვექილების „სამართალია?!“ ასეთი „სამართალი“ ჭეშმარიტ სამართლიანობაში ვერასგზით მოთავსდება! ისევე, როგორც - „ჩვენ მოკუნტულნი, თქვენ გაბღენძილნი, ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია....“

ნამდვილი სამართალი ხომ ყველასთვის ერთი უნდა იყოს! თუ საქმე ისე წავიდა, როგორც მიდის, ე.ი. თუკი „გაბღენძილებს“ თვიანთი გაგების სამართალი ექნებათ, რომელსაც იძულებით უნდა დავემორჩილოთ და რაც ჩვენი, რიგითი მოქალაქეების გაგებით, სწორედაც რომ უსამართლობაა, აი, მაშინა ნახეთ სოციალური ფონის არამცთუ დამძიმება, არამედ უკვე აფეთქებაც, რომელიც ყოველივეს მიწასთან გაასწორებს!

ეს რომ არ მოხდეს, „მოკუნტულნი“ ნამდვილ სამართალს ვითხოვთ და ეს არ არის უპასუხისმგებლობა. პირიქით! პასუხისმგებლობა რომ გვაკისრია, ამიტომაც ვითხოვთ ისეთ სამართალს, რომელზეც ნათქვამია: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლადო!“ ასეთი და არა „გაბღენძილთა“ სამართალი არის სოციალური მშვიდობის და თანხმობის საფუძველი!

რა ვუყოთ, თუ ვერ დავდუმდებით და „მართალი სამართლის“ ძიებისას „გაბღენძილებს“ კიდევაც გავანაწყენებთ?! განაწყენდებიან და დაე, ცივი წყალი დალიონ!

„მართალი სამართალი“, ე.ი. ნამდვილი სამართლიანობა დღეს სწორედ იმას მოითხოვს, რომ ეკონომიკის დოლარიზაციას, ეროვნული ვალუტის დაუნდობელ დევნა-შევიწროვებას, მის დამცირებასა და ზღვარდადუდებელ გაუფასურებას, ყოველივე ამის გამო კი ჩვენი, მცირედ ლარ-შემოსავლიანი და საერთოდაც დოლარ-უშემოსავლო რიგითი მოქალაქეების ბანკების წინაშე ვალების დაუსრულებელ ზრდას ბოლო მოეღოს!

შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რომ ეს მოთხოვნა ვინმემ, ვისთვისაც სამართლიანობის გრძნობა სრულიად უცხო არ არის, უსამართლოდ და უპასუხისმგებლოდ მიიჩნიოს!

მართლაც: ჩემი, ისევე როგორც ყველა რიგითი ქართველის ეკონომიკური აქტივობა, შრომა და შრომიდან გამომდინარე შემოსავალიც ლარში განიზომება! ამ ლარის იმედად ვარ მეც, ჩემსავით ყველა რიგითი ქართველიცა და ჩვენს კმაყოფაზე მყოფი, ჩვენი შრომის მოიმედე ქვეყანაც! როცა ლარი უფასურდება, „მოიკუნტება“, ხოლო გასავალს კი „გაბღენილი“ ბანკები დოლარში გვიანგარიშებენ, უფასურდება ჩვენი გარჯა და შრომაც! იმას მოვითხოვთ, რომ თუკი შრომა-გარჯა და აქედან შემოსავალი ლარში ფასდება და განიზომება, ჩვენი ყოველი გასავალი და გადასახდელიც, მათ შორის, უწინარესად ბანკისათვის გასასტუმრებელი ვალიც, ასევე ლარში განიზომებოდეს!

არის ამ მოთხოვნაში რაიმე უსამართლო ან უპასუხისმგებლო? ცხადია არა, პირიქით!

მაგრამ, ერთია სამართლიანობა და მეორე კანონიერება, რადგან კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი - ჩვენში, ვინაიდან თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს დიდი ტრადიციით ვერ დავიკვეხნით და ასეთი სახელმწიფოს აღმშენებლობის მხოლოდ 25 წლიანი და მეტად წინააღმდეგობრივი ისტორია გვაქვს, ყველა შემთხვევაში როდია სამართლიანი! ამიტომაც, რაც უდავოდ სამართლიანია, ზოგჯერ და არასრულყოფილი კანონმდებლობის გამო, არც თუ იშვიათად, ჩვენდა სავალალოდ, კანონიერი სულაც არ არის.

კონკრეტული მოთხოვნა, რაც მე ჩემს მოწოდებაში დავაყენე, ისაა, რომ ვინაიდან უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაუფასურებას ბოლო არ უჩანს, ფულის კურსი არასახარბიელოდ და სწრაფად იცვლება, იმისათვის, რათა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი ზღვარდაუდებელ ვალად არ გადაგვექცეს, სესხის გაცემის დროს ფიქსირებული კურსით ლარში გადაანგარიშდეს და მისი გასტუმრებაც ამ კურსის შესაბამისად მოხდეს!

აქვს კი ამ მოთხოვნას, რაც უთუოდ სამართლიანია, კანონით გამაგრებული საფუძველი?

მე ვფიქრობ, რომ აქვს: მიუხედავად ჩვენი კანონმდებლობის არასრულყოფილებისა, რის გამოც სამართლიანობა, ვაი რომ, არც თუ იშვიათად ფერხდება, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი მაინც ქმნის ამ სამართლიანი მოთხოვნისათვის კანონისმიერ საფუძველს!

******

ოპონენტები მიმტკიცებენ, რომ ვცდები, თანაც „ჭკუას მარიგებენ“, სხვა რამ წერია ამ შენს მიერ მოყვანილ სკ-ის 389-ე მუხლშიო და კანონის ნორმის სწორად წაკითხვას მირჩევენ!

უნდა მოგახსენოთ, ღრმად პატივცემულნო, რომ კანონების კითხვა და მათი პროექტების წერა ჩემი ხელობაა, რითიც აგერ უკვე მეოთხედი საუკუნე შესრულდება, პროფესიულად ვარ დაკავებული! მართალია არა საბანკო, არამედ სხვა, კერძოდ - ადმინისტრაციული და სახელდობრ, მუნიციპალური სამართლის სფეროში ვმუშაობ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არა აქვს, რადგან სამართლის ნორმის ისე გაგება, როგორც ეს ქართული ენით სამართლებრივ აქტში შავით თეთრზე წერია, ნამდვილად არ მესწავლება!

ოპონენტები არც უარყოფენ და ეს შეუძლებელიცაა, რომ სკ-ის 389-ე მუხლში მართლაც ის წერია, რაც მოვალეთა უფლებების დასაცავად მივუთითე, ე.ი. ფულის კურის შეცვლისას ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს იმ კურსით, რაც არა გადახდის, არამედ, ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება!

მაგრამ, ოპონენტების აზრით, ფულადი ვალდებულების შესრულების ეს სამართლიანი და კანონით დადგენილი წესი მხოლოდ სამად სამ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს, სახელდობრ, მხოლოდ მაშინ, როდესაც: ფულის ერთეული იცვლება, ან ხდება ვალუტის ნომინალის ცვლილება (დენომინაცია), ანდაც ქვეყანაში ჰიპერინფლაციაა.

კი მაგრამ, ღრმად პატივცემულნო, თავად ნორმაში და არც სადმე კანონში მსგავსი არაფერი რომ არ წერია?!

კანონის კითხვისას ყველა დამწყებმა იურისტმაც კარგად უნდა იცოდეს ის მარტივი პრინციპი, რომ თუ ნორმა ზოგადი არ არის, მხოლოდ კონკრეტული შემთხვევებისა და გარემოებებისათვის არის დადგენილი, ე.ი. მხოლოდ გარკვეული შემთხვევების დროს მოქმედებს, მაშინ თავად ამავე ნორმაში ან იმ სამართლებრივ აქტში მაინც, რომელიც ამ ნორმას შეიცავს, ეს პირდაპირ და მკაფიოდ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიეთითება! აგრეთვე, ამომწურავად მითითებული უნდა იქნას ყველა ის გარემოება, რომლის დადგომაც აუცილებელია ნორმის მოქმედებისათვის.

სკ-ის 389-ე მუხლის სათაური ასეთია: „ფულადი ვალდებულებების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებისას“ და იგი წესს ადგენს ფულის კურსის შეცვლის არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევისას, არამედ ზოგადადაც - ყოველი იმ შემთხვევისათვის, რომელიც კურსის შეცვლას უკავშირდება!

ნორმა სულ ორი წინადადებისაგან შედგება. პირველი წინადადება ზოგადად და არა რაიმე კონკრეტული გარემოების შექმნისას, მიუთითებს ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებასა, აგრეთვე ვალუტის შეცვლის შემთხვევაზე და ადგენს, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ვალდებულების გადახდის გაანგარიშების საფუძველია არა ვალდებულების გადახდის, არამედ ვალდებულების წარმოშობის დროის შესაბამისი კურსი. ხოლო მეორე წინადადება მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევას შეეხება, როცა ფულის ნომინალის ან მისი დასახელების, ანუ ვალუტის შეცვლა ხდება. ამასთან, კანონი ზოგადად ფულის კურსის ცვლილების გამო ვალდებულების შესრულების ერთიან წესს ადგენს (იხ. ნორმის პირველი წინადადება), ხოლო ვალუტის შეცვლის კონკრეტულ შემთხვევაში კი დამატებით აკონკრეტებს, რომ ამ დროს გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს, ე.ი. ვალუტის ძველ და ახალ ნომინალებს შორის.

საუბარი ჰიპერინფლაციასა და ცალკე დენომინაციის, ე.ი. ფულის ნომინალის შეცვლის შემთხვევებზე საერთოდაც არ არის, არც ის მიეთითება, რომ ეს წესი კურსის ცვლილების მხოლოდ გარკვეული გარემოებებისას მოქმედებს. მაშ, საიდან მოიტანეთ, როცა ეს არც ამ ნორმაში, არც ამ, ან სხვა კანონში არსად წერია, რომ 389-ე მუხლში მოყვანილი წესი მხოლოდ კონკრეტული შემთხვევებისათვის და არა ზოგაგად, ე.ი. კურსის ცვლილების ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს?!

საიდან და სასამართლოს პრაქტიკიდან და სასამართლოს მიერ ნორმის განმარტებიდანო - გვიმტკიცებენ ოპონენტები.

ამის პასუხად ღრმად პატივცემულებს უნდა მოვახსენოთ, რომ სასამართლოს განმარტება უთუოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი პრაქტიკისათვის, მაგრამ იგი დოგმა არმც და არამც არ არის! ხოლო იურიდიული ძალა ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი აქტის, ამ შემთხვევაში - კანონის ნორმას აქვს და არა სასამართლოს პრეცენდენტს!

რა ვუყოთ თუკი სასამართლოს პრეცენდენტი და სასამართლოს განმარტება ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის საწინააღმდეგოა? ხელი ავიღოთ ამ მოთხოვნაზე, როცა კანონია ჩვენს მხარეს? რასაკვირველია, არა! პირიქით: უნდა ვეცადოთ და ყველას, მათ შორის, თუ ეს საჭირო გახდა, სასამართლოსაც, დავუსაბუთოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მართლები და არა სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება! იმასაც შეგახსენებთ, რომ უახლეს ისტორიაში ეს უჩვეული შემთხვევა სულაც არ არის, ჩვენი სასამართლო ნებსით თუ უნებლიედ მრავალჯერ შემცდარა, ხალხის ინტერესებისა და კანონის საწინააღმდეგოდაც არაერთგზის მიუღია გადაწყვეტილება!

როგორც ვხედავთ, კანონის ნორმის სწორედ წაკითხვის პრობლემა აქ არ დგას, თუმცა ოპონენტები იმასაც გვიკიჟინებენ, რომ თურმე ეროვნული ვალუტის ფიქსირებული კურსით ვალდებულების განსაზღვრა ე.წ. ნომინალიზმის პრინცპს, რაც საერთაშორისოდ მრავალი საუკუნის განმავლობაში აღიარებულია და მოქმედებს, ეწინააღმდეგება.

მკითხველი რომ არ გადავღალო ნომინალიზმის პრინციპის ვრცელი და რთული იურიდიული განმარტებებით, მარტივად ვიტყვი, რომ ეს პრინციპი სხვას არაფერს გულისხმობს, თუ არა იმას, რომ ერთ ნომინალში გამოხატული ფულადი ვალდებულება იმავე ნომინალში და ოდენობით უნდა შესრულდეს. ე.ი. თუ ვალად ავიღე 100 ლარი, დასაბრუნებელიც 100 ლარი მექნება, ხოლო, თუ 100 დოლარი, შესაბამისად - ასევე 100 დოლარი უნდა დავაბრუნო!

რასაკვირველია, საერთაშორისო ბაზარზე, სადაც გადახდისა და ღირებულების საზომად არა ერთი, არამედ რამდენიემე სხვადასხვა ვალუტაა, ნომინალიზმის პრინციპი თითოეული ვალუტის მიმართ დაცულია; როგორც წესი, ამ დროს ფულადი ვალდებულების ღირებულების საზომად რომელიმე კონვერტირებადი და მყარი კურსის მქონე ვალუტა, მაგ. დოლარი, ევრო ან სხვ. გამოიყენება.

ბუნებრივია, საერთაშორისო ურთიერთობებში მოქმედი წესების შიდა ბაზარზე უცვლელად გავრცელება, ე.ი. მრავალ ვალუტიანი სისტემის, სადაც ნომინალიზმის პრინციპი თითოეული კონვერტირებადი ვალუტის მიმართ დაცულია, შედეგად იმას გამოიღებს, რაც უკვე მოხდა კიდეც: ეკონომიკის განუხრელ დოლარიზაციას, ეროვნული ვალუტის მუდმივ დამცირებასა და მის უმოწყალო განდევნას, ღირებულების საზომად, გადახდისა და დაგროვების საშუალებად არა ლარის, არამედ დოლარის სულ უფრო მზარდ გამოყენებას, რისი თანმდევი პროცესიც უეჭველად იქნება ლარ-შემოსავლიანი მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად გაღატაკება და ბანკების წინაშე მათი დავალიანების ზღვარდაუდებელი გაზრდა!

*****

როგორც ვხედავთ, სკ-ის ამ ერთი, პრობლემური 389-ე მუხლის განხილვამ აშკარად დაგვანახა, რომ ქვეყანაში ორგვარი სამართლებრივი ლოგიკაა: არსებული სოციალურ-ეკონომიკური და თუ გნებავთ, სოციალურ-პოლიტიკური ვითარების კვალობაზე ამ ორ ლოგიკას „მოკუნტული ლარისა“ და „გაბღენძილი დოლარის“ ლოგიკებს დავარქმევდი!

„მოკუნტული ლარის“ ლოგიკა თავის წანამძღვრებად შემდეგ პრინციპებს ემყარება:

- ქვეყანას თავისი დამოუკიდებელი ეროვნული ვალუტა გააჩნია;

- ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტა გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა;

- ფულადი ვალდებულებები ეროვნულ ვალუტაშია გამოხატული;

ამ წანამძღვრებიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყანას საკუთარი ეკონომიკური სივრცე აქვს, რომლის საზღვრები კანონით არის დაცული და ამ საზღვრებში ეროვნული ვალუტა არა მხოლოდ გადახდის, არამედ დაგროვების და ყველა მატერიალური ღირებულების, მათ შორის - ვალდებულებების ღირებულებათა საზომი უნივერსალური საშუალებაა! ამ ლოგიკის ძალით 389-ე მუხლი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების ღირებულება ვალდებულების წარმოშობისას ამ უნივერსალურ საზომში - ლარში გამოიხატება და ეს ღირებულება უცხოური ვალუტების მიმართ ფულის კურსის შემდგომ ცვლილებაზე არ არის დამოკიდებული!

ამის საპირისპიროდ, „გაბღენძილი დოლარის“ ლოგიკა გვიმტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საკუთარი ეროვნული ვალუტა გააჩნია (და არიან ისეთებიც, რომელთაც დაუჩემებიათ - ეროვნული ვალუტა მხოლოდ ზედმეტი ტვირთია „კარგახსნილი“ პატარა ეკონომიკის ქვეყნისთვისო!), ამ ვალუტასთან, ე.ი. ლართან ერთად ნებისმიერი უცხოური ვალუტაც მიღებულია, როგორც გადახდის, დაგროვებისა და ღირებულების საზომი საშუალება; ღირებულების უნივერსალური საზომი საერთოდაც არ არსებობს და ყველა ღირებულება, მათ შორის ფულადი ვალდებულებისაც, ფარდობითია! ამ დროსს ე.წ. ნომინალიზმის პრინციპი აბსოლუტურია და ყველა ვალუტის მიმართ უთუოდ გარანტირებული; აქედან გამომდინარე, სკ-ის 389-ე მუხლი ოდენ ფიქციაა და იგი მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებისას, ე,ი, ფულის დენომინაციის, ფულის შეცვლისა და ჰიპერინფლიაციის დროს გამოიყენება!

რასაკვირველია, ეს ორი, ე.ი. „მოკუნტული ლარისა“ და „გაბღენძილი დოლარის“ ლოგიკა ერთიმეორეში ვერ თავსდება და ვერც მოთავსდება!

რომელ მხარესაა საქართველოს კანონმდებლობა, რომელ ლოგიკას მისდევს იგი, რომელ ვალუტას იცავს, დღესდღეისობით „მოკუნტულ ლარსა“ თუ „გაბღენძილ დოლარს“?!

თუ მხოლოდ ერთ, ე.ი. ცალკე 389-ე მუხლს ავიღებთ, რასაკვირველია, კანონმდებლობა „მოკუნტული ლარის“ მხარესაა, მაგრამ კანონმდებლობა მხოლოდ ერთი ცალკე ნორმა არ არის, იგი არა ფრაგმენუნტულად, ე.ი. ცალკ-ცალკე ნორმების, არამედ მთლიან სისტემად უნდა მუშაობდეს!

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ერთიანი სისტემა, რომელიც მწყობრ ლოგიკას დაეფუძნება და ეროვნული ვალუტის, ე.ი. დღეს „მოკუნტული“ ლარის მხარეს ურყევად იდგება, მის ღირსებასა და პატივს, მის ძალმოსილებას და გამომდინარე, ლარის მოიმედე საქართველოს მოქალაქეებს დაიცავს, არ გაგვაჩნია!

არ გაგვაჩნია თუნდაც იმიტომ, რომ: „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართალია, ლარი გამოცხადებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერი საშუალებად, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, კანონით განსაზღვრულის (როგორებიცაა: თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და თავისუფალი ვაჭრობი პუნქტები) გარდა, თავადაც განსაზღვროს ისეთი შემთხვევები, რომლის დროსაც გადახდის სხვა საშუალებებიც დაშვებულია!

ამ საჭოჭმანო ნორმაზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა, რომელიც სწორედაც ერთ-ერთ მეციხოვნედ უნდა იდგეს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების სადარაჯოზე, ბოროტად ისარგებლა მინიჭებული უფლებით, გამყიდველურად საერთოდ მოაღიავა ქვეყნის ეკონომიკური სივრცის კარიბჭე და ეს სივრცე ნებისმიერი უცხოური ვალუტის თავისუფალ სათარეშოდ აქცია! როგორ? როგორ და ისე, რომ კომერციულ ბანკებში დაუშვა გადახდის ნებისმერი საშუალების შეუზღუდავად გამოყენება და ამით, ფაქტობრივად სათავე დაუდო ეკონომიკური სივრციდან ლარის გაძევებას!

რაც არ უნდა ვამტკიცოთ დღეს „მოკუნტული ლარის“ ლოგიკის მიმდევრებმა, რომ ლარი გადახდის ერთადერთი კნონიერი საშუალებაა, პრაქტიკაცა და სავალალოდ, მოქმედი კანონმდებლობაც სრულიად საწინააღმდეგოს იოლად დაგვიმტკიცებს! სწორედ იქ, სადაც ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკური სივრცის მთავარი ბასტიონია, სადაც განსაკუთრებით უნდა იყოს ლარის ხელშეუვალი სტატუსი დაცული, ე.ი. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ეს სტატუსი სწორედაც რომ ფეხქვეშ ითელება! ბანკები პრაქტიკულად დოლარში ანგარიშსწორებაზე არიან გადასულნი და ლარი მხოლოდ დამხმარე, მეორეხარისხოვან ვალუტად გამოიყენება! ქართული ეკონომიკის დოლარიზაციის დონე სწორედაც რომ კატასტროფულია და დოლარის მიერ ქვეყნის „ანექსია“ იქიდან, იმ ადგილიდან მოდის, რომელიც წესით ჩვენს ეკომნომიკურ დამოუკიდებლობას უნდა იცავდეს!

ამის სავალაო შედეგია ისიც, რომ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა სესხი უცხოურ ვალუტაში და შემდეგ, ეს სესხი ლარში შემოსავლის მქონეთათვის საბედისწერო კაბალად, რომლისგანაც თავდახსნა ერთობ ძნელია თუ საერთოდ შეუძლებელი არა, იქცევა ხოლმე!

საუბედუროდ, დღეს სწორედ „გაბღენძილი დოლარის“ ლოგიკა და მისი მიმდევრები მძლავრობენ, ხოლო ჩვენი, „მოკუნტული ლარის“ მომხრეთა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება!

*****

არის გამოსავალი? რისი იმედი შეიძლება რომ გვქონდეს?

დიდ გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს, რომ ჰკითხეს, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს კაცს, გარდა საკუთარი თავისაო, უყოყმანოდ უპასუხა: „რასაკვირველია, სახელმწიფოსი და სამართლისა!“

ჩვენი სამართალი იმ დღეშია, რომ, როგორც ვხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც სულ ცოტა ორ, „მოკუნტული ლარისა“ და „გაბღენძილი დოლარის“ ურთიერთსაპირისპირო ფრაგმენტებად, რომლებიც ერთი-მეორეში ვერა თავსდება, არის დაშლილ-დანაწევრებული!

პროცესი შეიძლება ისე საბედისწეროდ წავიდეს, რომ რადიკალიზაცია მოხდეს ამ ორი დაპირისპირებული ლოგიკის მიმდევრებისა და ამგვარ რადიკალიზაციამდე სულ ერთი ნაბიჯია!

დამანგრეველი საფრთხეა, თუ „მოკუნტული ლარის“ ლოგიკა მარქსისტულ-რევოლუციური ყაიდის კლასობრივ იდეოლოგიად ჩამოყალიბდბა და ამ ეტაპზე ბანკების ნაციონალიზაციას პროგრამა მინიმუმად დაისახავს, ხოლო სამომავლოდ უარესიც: ბანკირებს კლასობრივ მტრებად გამოაცხადებს, ხოლო ბოლშევიკური რევოლუციის „გრაბ ნაგრაბლენნოე“-ს თავის დროშად გაიხდის!

მეორეს მხრივ, „გაბღენძილი დოლარის“ ლოგიკა თანდათან რიგითი მოქალაქეების მიმართ კაცთმოძულე, ფაშისტური ყაიდის იდეოლოგიად შეიძლება იქცეს, ისეთად, რომელსაც რიგითი მოქალაქე „ჰომო საკერად“, ე.ი. იმ უბადრუკ სულდგულად, რომელსაც არავითარი ღირსება და უფლება არ გააჩნია, მიაჩნია! მსგავსი რადიკალიზაციის როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაშიც, რასაკვირველია, მოგვჭამა ჭირი სამართალმცა და სახელმწიფომაც!

ასეთი უბედურება რომ არ დაგვემართოს, სანამ დროა, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს, ქართული სამართლის ლოგიკა გამთლიანდეს და „მართალ სამართლად“ ჩამოყალიბდეს!

დიახ: უეჭველად უნდა გვქონდეს იმედი „მართალი სამართლისა“ და იმ ქართული სახელმწიფოსი, რომელიც სწორედ ამ „მართალ სამართალს“ აღასრულებს და დაიცავს!

ხოლო სანამ ეს არ მომხდარა, დაე მკითხველმა თავად განსაჯოს, რომელეთან უფრო ახლოა „მართალი სამართალი“ – „მოკუნტული ლარისა“ თუ „გაბღენძილი დოლარის“ ლოგიკასთან?

განსაჯოს და იქნებ შემომიერთდეს, რომ გავერთიანდეთ და რიგითი ქართველი მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნა „ძლიერთა ამა სოფლისათა“ როგორმე შევასმინოთ!

-