მათრახი ბანკებისა და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად!

მათრახი ბანკებისა და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად!

ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათებას დიდი ეკონომისტობა და ფინანსისტობა არ სჭირდება: ყველანი აშკარად ვხედავთ, რომ ირგვლივ სულ უფრო მზარდი სიდუხჭირეა და საქართველოს ვაი-ეკონომიკა კი მოუსავლეთისაკენ მიექანება!

დოლარის კურსი ისტორიული მაქსიმუმზეა და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა კატასტროფულად დოლარიზებულია და ეროვნული ვალუტისაგან სულ უფრო მეტად იცლება!

დოლარი საქართველოში 2014 წლის ბოლოდან (ნოემბრიდან) 1, 73-დან 2,5 ლარამდე, 45%-ით გაძვირდა, ხოლო ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია!

ეკონომისტები და ფინანსისტების შექმნილ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებენ: „დოლარიზაციის კოეფიციენტის იდეალური მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ია, თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა. 70% - ეს არის კატასტროფა! როცა ქვეყანაში ასეთი მაღალი კოეფიციენტია, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი საერთოდ არაფერს აკეთებს. ვერ გავიგე, ვისი ეროვნული ბანკია ის - ამერიკის ფედერალური სისტემის გაგრძელებაა საქართველოში თუ საქართველოს დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდევარი ეროვნული ბანკი? 

სებ-ის პირდაპირი მოვალეობაა, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შეამციროს. ის კი ამისთვის რას აკეთებს? არაფერს. უშვებს ლარს, რომ ეს ფული ისევ და ისევ დოლარის ყიდვას მოხმარდეს" - მიიჩნევს ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შემოსავლები ლარში აქვს. დოლარიზაცია და ლარის გაუფასურება მათ დუხჭირ ეკონომიკურ მდგომარეობას უკიდურესობამდე ამძიმებს. ხალხი დღითი-დღე მეტად ღარიბდება, ხოლო ქვეყნის მთავრობა ხელს საგარეო ეკონომიკური ფაქტორებისაკენ იშვერს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი იღონა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის! ტყუილია, აშკარა ტყუილი!

რაც არ უნდა თავი იმართლონ ქართული ვაი-ეკონომიკის დღევანდელმა „მამებმა“, ფაქტი ჯიუტია: მათი ხელისუფლების პირობებში ყველა ძირითადი მაჩვენებელი ქვეყნის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მკაფიოდ მეტყველებს! ცხადია, საერთაშორისო ფონი მძიმეა, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმეა ქვეყნის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა და ეს სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა!

თუკი თვალს გადაავლებთ წლის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს, იოლად დარწმუნდებით, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი არ გაგვაჩნია და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღარიბების პროცესი კვლავაც გაგრძელდება!

ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი საბუთია საქართველოს საგარეო ეკონომიკური ვაჭრობის ბალანსი. საქსტატის 2015 წლის წინასწარი მონაცემებით (იხ:http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/FTrade__12_2015_GEO.pdf2015) უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 5, 521 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მართალია, ეს ოდნავ უფრო მცირეა 2014 წელთან შედარებით (შესაბამისად - 5, 773 მლრდ. აშშ დოლარი), მაგრამ აბსოლუტური სიდიდით 1,54-ჯერ მეტია, ვიდრე 2010 წელს (შესაბამისად -3,58 მლრდ. აშშ დოლარი).

საგარეო ვაჭრობის მთლიან ბრუნვაში უარყოფითი სალდო პროცენტულ გამოსახულებაში წლიდან-წლამდე 50%-ს ქვემოთ არ ჩამოდის, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 2014-თან შედარებით 50%-დან 56%-მდე გაუარესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სამჯერ მეტს ყიდულობს უცხოეთში, ვიდრე ყიდის, ანუ საკუთარი გამომუშავებული სახსრებით არ ცხოვრობს! მაშ, რის ხარჯზე გაქვაქვს თავი? დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ რაღა თქმა უნდა - უმთავრესად ვალების ხარჯზე!

საგარეო ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა ვალებს სწრაფი ტემპით, „სტაბილურად“ აგროვებს და კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა საშინაო თვალსაზრისითაც: ეროვნული ბანკის მონაცემებით 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით (იხ.https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304) საქართველოს ეკონომიკის, ე.ი. ფიზიკური პირებისა და რეზიდენტი იურიდიული პირების ჯამური დავალიანება კომერციული ბანკების მიმართ შეადგენდა 15, 9 მლრდ. ლარს, ანუ 1 დეკემბრის კურსით (1 აშშ დოლარი - 2, 4052 ლარი) – 6, 61 მლრდ. აშშ დოლარს. ამ ჯამური ვალიდან ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 5, 6 მლრდ. ლარია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული - 10, 3 მლრდ. ლარი, ანუ - 4,28 მლრდ. აშშ დოლარს. განსაკუთრებით სავალალოა, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები მთლიანი სესხების 64, 8%-ია!

2014 წლის იანვრიდან 2015 წლლის 1 დეკემბრამდე ეკონომიკის დავალიანება ბანკების მიმართ 11, 22 მლრდ. ლარიდან 15, 9 მლრდ. ლარამდე, ანუ 4, 68 მლრდ. ლარით გიზარდა. რასაკვირველია, ამგვარი ზრდა არა ეკონომიკის ჭარბად დაკრედიტებით, არამედ ძირითადად ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. ეს ხდება იმ პირობებში, როცა დაკრედიტება პოზიტიურ ეკონომიკურ შედეგებს სულაც არ განაპირობებს და წარმოების ზრდის სანაცვლოდ ეკონომიკა ოდენ მომხმარების ხარჯზე „იზრდება“- საბოლოო ჯამში კი ქვეყანა მხოლოდ საგარეო და საშინაო ვალებს აგროვებს!

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით (იხ.http://www.mof.ge/4418) სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4,315 მლრდ. აშშ დოლარს, რაც შარშანდელთან შედარებით (შესაბამისად - 4, 2 მლრდ. აშშ დოლარი) 115 მლნ. აშშ დოლარით მეტია, ხოლო 2012 წელთან შედარებით (შესაბამისად -3, 997 მლრდ. აშშ დოლარი) საგარეო ვალი 318 მლნ. აშშ დოლრით გაიზარდა.

თუ ეროვნულ ვალუტაში ვიანგარიშებთ, ლარის გაუფასურების გამო საგარეო ვალის ზრდა გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება: 2012 წელს -6, 622 მლრდ. ლარი, 2014 წელს - 7, 826 მლრდ. ლარი, 2015 წელს - 10 334 მლრდ. ლარი. ანუ 2012 წელთან შედარებით ლარში გამოხატული სახელმწიფო საგარეო ვალი 3, 714 მლრდ. ლარით, ე.ი. – 56%-ით გაიზარდა!

მომხმარებლური ვაი-ეკონომიკა ვალების ხარჯზე ვითომ იზრდება, სახელმწიფო ვალს ვალი ემატება, ხოლო მოსახლეობა განსაკუთრებით სავალალო დღეშია. აი, რას წერდა ინტერნეტ-გამოცემა “Intermedia” 2015 წლის 2 მაისს (იხ. : http://intermedia.ge):

"კრედიტ-ინფოს ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 4 თვეში 12,4%-ით გაიზარდა. მკვეთრად მოიმატა თავად მსესხებელთა რაოდენობამაც. "კრედიტ-ინფოს" მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა 3 თვეში 500 ათასით გაიზარდა და უკვე 9 მლნ-ს შეადგენს. საკრედიტო დავალიანება კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის სესხი მთელი ქვეყნის მოსახლეობის 54%-ს აქვს და თანაც თითოს 2-3 მაინც.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამაც, რომელიც 29,4%-თაა გაზრდილი. სებ-ის მონაცემებით, 2014 წლის 1 იანვარს ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 252 654 000 ლარს შეადგენდა, 2015 წლის 1 აპრილს კი 325 631 000-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს, თუმცა მათი ნაწილი გამოსავალს ისევ სესხის აღებაში ხედავს.

საფინანსო სექტორი მუშაობს საკუთარი თავის გამდიდრებაზე და არა ეკონომიკაზე. სხვადასხვა ტიპის სესხით, რომელიც გაცემულია მოსახლეობაზე, აფინასებს იმპორტს და არა ადგილობრივ ეკონომიკას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საბანკო-საფინანსო საკითხების სპეციალისტი ლია ელიავა“.

როგორც ვხედავთ, ქვეყნის მომხმარებლური ვაი-ეკონომიკა, თავად სახელმწიფო და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საქართველოს მოსახლეობა, ყელამდე ვალშია, ხოლო ამ დროს, როგორც ირკვევა კომერციული ბანკები თურმე არნახულ ზე-მოგებას იღებენ!

აი, რას წერს ინტერნეტ-გამოცემა bpn (იხ.http://www.bpn.ge/finansebi/16560-laris-gaufasurebith-bankebma-saocari-mogeba-miighes.html?lang=ka-GE2015) ჯერ კიდევ 2015 წლის 28 ოქტომბერს (მაშ შემდგომ ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა და ბანკების ზე-მოგება 400 მლნ. ლარამდე გაიზარდა!):

„წლის მონაცემებით, ლარის გაუფასურებით ბანკებმა საოცარი მოგება ნახეს!

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით, ბანკების რეკორდული მოგება პირდაპირ უკავშირდება ლარის გაუფასურებას

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელმა 377 მილიონ ლარს (!) მიაღწია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი 2,643 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ერთ თვეში 283-მილიონიანი ზრდა აღინიშნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულ ბანკებს წარმატებული კვარტალი ჰქონდათ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი შემოსავალი და მოგება გაიზარდა. ბუნებრივია, ბანკების შემოსავლის ყველაზე დიდი წილი სესხებზე მოდის. 9 თვეში სესხებიდან მიღებული შემოსავალი - 1,452 მილიონი ლარია, ანუ 276 მილიონი ლარით მეტი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებული ზრდა პროცენტულ შემოსავლებში აღინიშნება, ერთ თვეში ბანკებმა პროცენტებიდან - 190 მილიონი ლარით მეტი მიიღეს. აქედან ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 97,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირებიდან - 73 მილიონი ლარით. გარდა ამისა, 40 მილიონ ლარამდე იმატა საკომისიოებიდან მიღებულმა შემოსავალმა.“ (იხ.http://www.bpn.ge/finansebi/16560-laris-gaufasurebith-bankebma-saocari-mogeba-miighes.html?lang=ka-GE).

აშკარაა, რომ ეკონომიკის დოლარიზაციის, ლარის გაუფაურებისა და ვალების ზრდის პირობებში, თუ, ცხადია, არ ჩავთვლით დანამატებზე დახარბებულ სახელისუფლებო ჩინოვნიკებს, მხოლოდ ბანკები, ბანკირები და მათთან დაკავშირებული კერძო მევახშეები მდიდრდებიან!

თვალსაჩინოა, რომ რაც უფრო მაღალია ეკონომიკის დოლარიზაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურების, შესაბამისად - ეკონომიკისა და მოსახლეობის ბანკების მიმართ დავალიანების ზრდის ტემპი, მით უფრო მეტია ბანკების ზე-მოგება!

ვითარება იმგვარია, რომ თუკი ფული ეკონომიკის სისხლია, ხოლო დღევანდელი ვაი-ეკონომიკა არა შემოსავლებისა და წარმოების, არამედ ოდენ ვალებისა და მოხმარების ზრდას ემსახურება, ბანკები სწორედაც რომ წურბელის როლს თამაშობენ! რეალური ეკონომიკა სულს ღაფავს, სისხლისგან იცლება და სწორედ ამ სისხლის წოვით სუქდებიან და იბერებიან ბანკები!

განსაკუთრებით საშიშია, რომ დოლარიზაცია ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკურ სუვერენიტეტს. ეკონომიკური სუვერენიტეტის საფუძველთა საფუძველი ლარის, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალების, სტატუსია! ეს სტატუსი სამართლებრივად გარანტირებულია (იხ. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქარტველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი), მაგრამ თავად ეროვნული ბანკიცა და ქვეყნის ხელსუფლებაც თითს თითზე არ აკარებს, რომ უწინარესად სწორედაც იქ, სადაც ფული ბრუნავს და ინახება, ე.ი. საბანკო სექტორში იქნეს დაცული ეროვნული ვალუტის ეს სტატუსი!

აშკარაა, რომ საქმე პირიქითაა - ე.ი. არსად სხვაგან, როგორც ეს საბანკო სექტორში ხდება, საქართველოს ეროვნული ვალუტა და მისი სტატუსი ფეხქვეშ ისე არ ითელება!

სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც საკუთარი ფულის ერთეული გააჩნია, განა შესაძლებელი უნდა იყოს უცხოურ ვალუტაში ბანკებიდან სესხის ასე განუკითხავად აღება?! რასაკვირველია, არა! ბანკმა სესხი, თუ იგი საგარეო ეკონომიკური მიზნებისათვის არ არის განკუთვნილი, აუცილებლად მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა გასცეს, ხოლო თუ კლიენტს მაინცადამაინც სხვა ვალუტა სჭირდება, მაგ. აშშ დოლარი, კეთილი ინებოს და ეს დოლარი ეროვნული ვალუტით შეიძინოს! აქქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ შიდა ბაზარზე დოლარისა და აგრეთვე სხვა ნებისმიერი უცხოური ვალუტის საგადასახადო საშუალებად გამოყენება (გარდა ინდუსტრიული თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა) კანონით აკრძალულია და ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (იხ. ამ კოდექსის 1531 მუხლი). ამ ელემენტარული წესრიგის დაცვა ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის (მისი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს) უნიათობა-წაყრუების გამო იმთავითვე მეტად პრობლემური იყო და დღეს განსაკუთრებით პრობლემურია!

ბუნებრივია, როგორც სესხების, ასევეე მთლინად ვაი-ეკონომიკის ამგვარი კატასტროფული დოლარიზაცია ზრდის ეკონომიკური აგენტების ვალდებულებებს უცხოურ ვალუტაში, ე.ი. უცხოურ ვალუტაზე, განსაკუთრებით კი დოლარზე მოთხოვნას და უარყოფით საგარეო ბალანსთან ერთად ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია!

მანკიერი წრე შეკრულია: რაც მეტადაა ეკონომიკა დოლარიზებული, მით მეტად მცირდება ლარისადმი ნდობა და იგი უფასურდება, ხოლო რაც მეტად უფასურდება ლარი, მით უფრო მატულობს დოლარიზაცია!

ამ მანკიერ ვითარებაში ბანკები სწორედაც საბედისწერო როლს თამაშობენ: ისინი განაპირობებენ ეკონომიკის ჭარბ დოლარიზაციას, ლარის გაუფასურებასა და რეალურად ეკონომიკური სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაზე მუშაობენ. როგორც ირკვევა ეს მანკიერი წრე მათ ზე-მოგებას აძლევს და ამიტომაც მათ პირდაპირ ინტერსესშია!

მარტო გასულ წელს სესხების არნახული დოლარიზაციისა და ლარის გაუფასურების პირობებში ბანკებმა 400 მლნ-მდე ლარი (!) „გააკეთეს“ და როგორ გგონიათ, საიდან? ეს ხომ სწორედ ის 400 მლნ-ია, რაც მოსახლეობამ დოლარის 1,73-დან 2, 5 ლარამდე გაძვირების გამო იზარალა! რასაკვირველია, ბანკებმა 400 მლნ. სწორედაც კლიენტების ჯიბეებიდან ამოიღეს! რაიმე სხვა საფუძველი, თუ არა მოსახლეობის აშკარა ძარცვა, ბანკების ამგვარ გასაოცარ ზე-მოგებას არ შეიძლება ჰქონოდა და არც გააჩნია!

კომერციული ბანკების ამგვარი „საქმიანობა“ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის სრული უმოქმედობის გამო მათი მხრივ ფაქტიურად სანქცირებულია, ე.ი. დაკანონებულ, როგორც მოდურად იტყვიან - „ლეგიტიმურ“ ყაჩაღობას წარმოადგენს!

ყოველივე ამის შემდეგ ხელისუფლებას ყოფნის ნამუსი და გვარწმუნებს - ჩვენს გარშემო ისეთი საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისია, რომელსაც ვერავინ უმკლავდება, თქვენც ამ კრიზისის გამო ხართ დუხჭირ დღეში და ჩვენ ხელებიც დაგვიბანიაო!

არადა, როგორც ხელისუფლების, ასეევე ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა მოსახლეობის გაყვლეფას, ისევე, როგორ ლარის დამცირებასა და შეურაცხყოფას, ბოლო მოუღოს! რადგან ამას არ აკეთებენ, ან უსუსურები, უმაქნისები და ბრიყვები, ანდაც უარესი: მოსახლეობის გაყვლეფაში ბანკების მოზიარეები არიან და ამ ბინძურ საქმეში თავიანთი წილი უდევთ! აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?!

შეეძლოთ თუ არა ბანკების მიერ წარმოებული ყაჩაღობისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება და აღკვეთა? რასაკვირველია! არათუ შეეძლოთ, არამედ ვალდებულნიც იყვნენ, ეს დროულად გაეკეთებინათ! როგორ, რა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით?

უწინარესად, ლარის სტატუსის დასაცავად მათ უნდა აეკრძალათ ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში კრედიტის გაცემა, თუ ეს კრედიტი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მიზნით არ იქნებოდა გამოყენებული! გარდა ამისა, მკაცრად უნდა აღეკვეთათ უცხოური ვალუტის საგადასახადო საშუალებად გამოყენება. ამის მაგივრად მათ დაუშვეს, რომ სესხების სტრუქტურაში 65 % უცხოურ ვალუტას უჭირავს, ხოლო ლარი, როგორც საგადასახადო საშუალება ოდენ საკვების, პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და კომუნალური გადასახადებისათვის თუ გამოიყენება! სხვა მიზნებით - მაგ. ბიზნესის საწამოებლად, თუნდ ავტომანქანებისა ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის ქვეყანა ტოტალურად დოლარზეა გადასული! აღარაფერს ვამბობთ, რომ ლარს საერთოდაც დაკარგული აქვს დაგროვების საშუალებად გამოყენების ფუნქცია! ლარს არავინ შეინახავს, თუ შესანახად აქვს საქმე, უმალ დოლარს იყიდის!

მანკიერ წრეში მოუსავლეთისაკენ მსრბოლავი ვაი-ეკონომიკის სულ უფრო მეტად მზარდი ნგრევის შესაჩერებლად, პირველ ყოვლისა, მადაზე მოსული ბანკების შეჩერებაა აუცილებელი! თუ გადამჭრელი ზომები არ იქნება მიღებული, ბანკები თავიანთი ზე-მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად კვლავაც გააგრძელებენ მოსახლეობის „ლეგიტიმურ“ ძარცვას და ლარის დამცირება-შეურაცხყოფასაც!

რა ვიღონოთ, როცა ხელისუფლებაცა და ეროვნული ბანკიც ხალხის წინააღმდეგია და კომერციული ბანკების მოკავშირე?!

მიუხედავად ყველაფრისა, ძალა მაინც ხალხშია! საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქეს, თურმე, ბანკების დავალიანება აქვს და ამ ვალის 65% დოლარშია დასაბრუნებელი! ეს ორი მილიონი მოქალაქე თუ გაერთიანდა, მას წინ ვერც ბანკები და ვერც ხელისუფლება ვერ დაუდგება!

რაც მთავარია, ბანკების შესაჩერებლად ხალხის მხარესაა სამართლიანობაცა და კანონიც! ის 400 მლნ. ლარი, რაც ბანკებმა ყოვლად უსაფუძვლოდ ჩვენი ჯიბეებიდან მარტო შარშან წაიღეს, უკან უნდა დაბრუნდეს!

როგორ?!

როგორ და - კანონის თანახმად და ხალხის ძალით!

მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში შავით თეთრზე წერია:

მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას

თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.“

ეს ნიშნავს, რომ ბანკის ყველა მოვალეს, რომელსაც ლარის გაუფასურებამდე აქვს დოლარი სესხად აღებული, კანონი აძლევს შესაძლებლობას უკან დაიბრუნოს კურსის ცვლილების გამო მიღებული ზარალი, რადგან კანონის თანახმად ვალი უნდა დაიფაროს არა იმ კურსით, რომელიც გადახდის დროსაა, არამედ იმ კურსით, რომელიც სესხის აღებისას არსებობდა!

საუბედუროდ, კანონის ეს ნორმა ტოტალურად არის დარღვეული და ყველა სასესხო ხელშკრულებაში სწორედ ამის საწინაარმდეგო გადახდის პირობა წერია.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია ბანკთან დადებულ სასესხო ხელშეკრულებაში, კანონის ეს ნორმა ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ამოქმედდეს, რადგან სამართლის ძალით ბათილია ყველა ის ხელშეკრულება ან მისი ნაწილი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება!

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ სკ-ის ამ ნორმის გამოყენება ბანკების წინააღმდეგ 1999 წელს (მაშინაც კატასტროფულად გაუფასურდა ლარი!) უშედეგოდ დამთავრდა, რადგან სასამართლომ ამ ნორმის საფუძველზე შეტანილი არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

შესაძლოა, სასამართლო პრეცენდენტი ხალხის სასარგებლოდ არ არის, მაგრამ სამართლისათვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენს ქვეყანაში სწორედ კანონსა აქვს იურიდიული ძალა და არა სასამართლო პრეცენდენტს!

თუ გახსოვთ, მოქალაქე ივანიშვილი თავის დროზე (მაშინ პრემიერ-მინისტრიც იყო!) გვმოძღვრავდა - სესხის აღებისას კვალიფიციური მენეჯერი დაიქირავეთ, ის გირჩევთ ვალი რომელ ვალუტაში უნდა აიღოთ, წაგებული რომ არ დარჩეთო! რადგან კანონი გვიცავს, მაგრამ იგი ბანკების მიერ უხეშად ირღვევა, თურმე არა მენეჯერის რჩევა, არამედ უწინარესაად სამართლის დაცვა გვჭირდება! მთავრობა კი სწორედ იმიტომ გვყავს დაქირავებული, რომ სამართალი დაიცვას და აღასრულოს!

როცა ვინც დაქირავებულია, ევალება და სამართალს მინც ვერ ან არ იცავს, მაშინ მის დასაცად ხალხმა ყველას, მათ შორის ხელისუფლებასაც და ბანკებსაც საკუთარი ძალა უნდა უჩვენოს, რათა კანონი აღსრულდეს!

სწორედ სამართალი და კანონი უნდა იყოს გაერთიანებული ხალხის ხელში ის მათრახი, რაც მადაზე მოსულ ბანკებს შეაჩერებს და მოსახლეობის ძარცვისაგან ხელს ააღებინებს!

სამართალი და კანონი კი იმას მოითხოვს, რომ დოლარში გაცემული ყველა სესხი სესხის გაცემის მომენტში არსებული კურსით ლარში იქნას გადაყვანილი, ხოლო ბანკების მიერ ლარის გაუფასურების გამო ხალხისგან ზედმეტიდ წაღებული ფული უკან დაბრუნდეს, ან ვალის ძირი თანხის დაფარვაში გაიქვითოს!

ეს უნდა გახდეს კანონით შეირაღებული გაერთიანებული ხალხის მოთხოვნა ბანკების წინააღმდეგ!

თუ ბანკებისაგან დაზარალებული მოვალეები გავერთიანდებით, თვითორგანიზებას შევძლებთ და კანონის საფუძველზე მოვითხოვთ უკანონოდ წართმეულის დაბრუნებას, საქმე შეიძლება სასამართლო დავამდე არც მივიდეს, ისე შევაჩეროთ მადაზე მოსული გაყაჩაღებული ბანკებიც, დამცირებულ ლარსაც ამითი ვუშველოთ და უნიათო ხელისუფლებასაც ჭკუა ვასწავლოთ, რომ ხალხის ღირსებასა და ინტერესებს სათანადო პატივი სცეს!

მთავარია ხალხმა ვირწმუნოთ ჩვენი ძალა და ის, რომ გასამათრახებელი ყაჩაღების უებარი წამალი - ე.ი. თავად მათრახი, სამართლიანობისა და კანონის სახით, ასევე ჩვენს ხელთაა!