წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ამ წერილის თემა საუკეთესოა საჩვენებლად იმისა, თუ რამდენად განსხვავებული შიძლება იყოს მოვლენების ძველი პარადიგმების მიხედვით შეფასებათა შედეგები ნოოლოგიის დასკვნებისგან.
საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც არ არის გაცნობილი ნოოლოგიას, დღემდე გავრცელებულია ორი, რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო შეფასება ზვიად გამსახურდიას პიროვნებისა და მისი წვლილისა საქართველოს ისტორიაში:
- ერთნი მას მიიჩნევენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მთავარ ავტორად: პოლიტიკური ბლოკის "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" ჩამოყალიბება და ოფიციალურ არჩევნებში გამარჯვება საბჭოთა კავშირის დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესად გადამქცეველ ფაქტორად მიიჩნევა, ხოლო ის უარყოფითი მოვლენები, რაც საქართველოსთვის ამას მოჰყვა, მავანთა ღალატს მიეწერება;
- საპირისპირო პოზიციის მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლა საბჭოთა სპეცსამსახურების გეგმის ნაწილადაა მიჩნეული. იგულისხმება, რომ მას მიზანმიმართულად ჩამოაშორეს უფრო კონსტრუქციული კონკურენტები, მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის სახით, და პოლიტიკური ბლოკის “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” შექმნით ეროვნული მოძრაობის გახლეჩის ტენდენციის განვითარების ხელშემშლელები რეგიონებში, როგორც, მაგ. აფხაზეთში, - ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა და სოსო ადამია, რითაც, მიიჩნევა რომ, გაადვილდა საქართველოში მოვლენების დესტრუქციული გეზით წარმართვა.
თუ იმდროისთვის ცნობილი პარადიგმების მიხედვით ვიმსჯელებთ, ზვიად გამსახურდიას ხსენებული არჩევანი მართლაც წარმოადგენდა მეტად არასასურველი ტენდენციის განვითარების წინაპირობას: ოფიციალურ ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მოსვლის შედეგად, საქართველო სანიმუშოდ დასჯის ობიექტად, ეროვნულ მოძრაობად წოდებული, ახალი პოლიტიკური ძალის კომპრომენტაციის, დესტრუქციული ხასიათის დემონსტრაციის პოლიგონად იქცა, საბჭოეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში სეპარატიზმის გაღვივების აღსაკვეთად; მაშინ როცა, “ეროვნული ფორუმის” კონცეფციის შესაბამისად მოქმედების, ანუ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებაში მონაწილეობისგან თავის შეკავების შემთხვევაში, საბჭოეთის ცენტრალურ ხელისუფლებას არ მიეცემოდა საფუძველი საქართველოზე დესტრუქციული ზემოქმედების გასაძლიერებლად - მისი მხრიდან გარკვეული დათმობებიც კი შეიძენდა გამართლებას, საქართველოში საბჭოური ხელისუფლებისადმი რადიკალურად მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ასაცილებლად, რაც შესაძლებელს ხდიდა საქართველოში სიტუაციის ეროვნული მოძრაობის ფაქტობრივი კონტროლისადმი დაქვემდებარებას.
გარდა ამისა, თუ ძველი პარადიგმებით ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება დავასახელოთ არაერთი, მოვლენათა განვითარებაზე ზვიად გამსახურდიას დესტრუქციულ გავლენად იდენტიფიცირებადი ფაქტი:
1) 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი საქართველოს ეკლესიის მეთაურის მოწოდების იგნორირება, რამაც საბჭოეთის რეპრესიულ მანქანასთან პირდაპირი შეჯახება, საიმდროოდ ქართული საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი მსხვერპლი და, შედეგად, ეროვნული მოძრაობის არაკონსტრუქციული მიმართულებით, ემოციებით ნაკარნახევი გეზით წარმართვა განაპირობა.
ამ რეპრესიული აქტის ქართული ეროვნული მოძრაობის დეზორიენტაციზე და არა მისი გაქნების შეზღუდვაზე გამოზნულობის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეროვნული მოძრაობის არც ერთი ლიდერი არ დაშავებულა იმ ინციდენტში. (ლიდერების სელექციის პროცესი დაიწყო მოგვიანებით, ეროვნული მოძრაობის ახალი კურსის სტაბილიზაციის გამოხატულებად, ანუ რაციონალიზმისკენ შემობრუნების შესაძლებლობის აღსაკვეთად)
9 აპრილის ინციდენტის შედეგად საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა პოლიტიკურ ძალად დარჩენის მორალური უფლება, რამაც დიდად შეაფერხა ახალ მდგომარეობაში ევოლუციური გადასვლის, კორექტული პოლიტიკური შეჯიბრის ტრადიციის ჩამოყალიბება საქართველოში.
2) შემოქმედებითი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილის იდეური დევნა, ეროვნული მოძრაობისგან მათი გამიჯვნის მცდელობა და არასწორი საკადრო პოლიტიკა, რომლის შედეგადაც მისი გარემოცვა თანდათან დაიცალა მოვლენათა განვითარებაზე კონსტრუქციული გავლენის გატარების შემძლე და ქვეყნის სასიკეთოდ უანგარო სამსახურისთვის განწყობილ პირთაგან, გარეგანი ძალისთვის სასურველი პირებით მათი ჩანაცვლებით. მისი უახლოესი გარემოცვის არაერთი წევრი მის გარშემო ახალშემოკრებილთა (ომანიძე და სხვები) მხრიდან დევნის ობიექტად იქცა.
აქვე უნდა გავიხსენოთ მისი ინიციატივით დაწინაურებული ასლან აბაშიძე და ვლადისლავ არძინბაც, რომლებიც შემდგომში დიდ პრობლემად იქცნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის. უსაფუძვლოა ის აზრი, რომ ეს ორი პიროვნება სხვაგვარად მოიქცეოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლო ბის პირობებში.
3) სეპარატისტებთან შეთანხმება აფხაზეთში ფაქტობრივად აპარტეიდული სისტემის ფორმირებაზე (აფხაზეთის პარლამენტში ეთნიკური კვოტების დაწესება), რამაც შემდგომში სეპარატისტები პოლიტიკური პროცესების მათი მიზნების შესაბამისად წარმართვისთვის საკმარისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველჰყო.
სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ამ ფაქტის საქართველოს სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ გამოყენებაცაა შესაძლებელი, როგორც აფხაზთა უფლებების ქართული ეროვნული მოძრაობის მხრიდან შეზღუდვის გარდაუვალობის შესახებ აზრის საწინააღმდეგო არგუმენტისა.
4) საქარველოს ფაქტობრივ ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკური რეფორმების შეჩერება.
5) 1990 წლის აგვისტოს თვეში მოსკოვში სამთავრობო გადატრიალების ხელმძღვანელ "საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის" მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაშლის ბრძანების გაცემა (მას არ უცდია დროის მოგება), რაც გვარდიის დიდი ნაწილის განდგომის და შემდგომი დესტაბილიზაციის საფუძველი გახდა. არასწორი საკადრო პოლიტიკის გავლენაც შეიძლება დავინახოთ ამ მოვლენაში: გვარდიის მეთაურად პროფესიონალი სამხედრო პირი რომ ყოფილიყო არჩეული, ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა მოვლენების ამგვარად განვითარება.
6) ბელოვეჟის აქტით საბჭოთა კავშირის ოფიციალურად გაუქმების შედეგად ჩამოყალიბებულ, ახალ ვითარებაში საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტების ახალი არჩევნების ჩატარების იურიდიულად გამართლებული მოთხოვნის უარყოფა, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის განწყობის მიხედვით, "მრგვალი მაგიდის" ბლოკის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, სამართლიანად ჩატარებული ახალი არჩევნები კი პოლიტიკური სტაბილიზაციის რესურსს გაზრდიდა, ეროვნული განხეთქილების ესკალაციის შესაძლებლობას შეამცირებდა.
7) ცალსახა საგარეო პოლიტიკა, შეუფარავი პანიბერიულ-კავკასიური სტრატეგია და საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი სუბიექტების ინტერესების იგნორირება, რამაც საბჭოურ იმპერიას, შემდეგ კი, მის მემკვიდრე - რუსეთს ამარიკასთან ერთად, საქართველოს საკითხზე შეთანხმებული პიზიციის შემუშავების შესაძლებლობა მისცა.
8) საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კონტაქტის უარყოფა, რამაც ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიქართული ძალების კონსოლიდაციას, აფხაზეთში საქართველოს ახალი ხელისუფლების გავლენის შესუსტებას, საქართველოს დანარჩენ ნაწილში კი სამოქალაქო ომის გაჭიანურებას შეუწყო ხელი.
ამით განსაკუთრებით სამეგრელო დაზარალდა, რომელიც, აფხაზეთის მოსაზღვრედ მისი მდებარეობის გამო, 1991-1993 წლებში მრავალჯერ განახლებულ სამხედრო მოქმედებათა არედ და, შედეგად, ხან ერთი ხან მეორე მხარის ზურგში მოქმედ, სამოქალაქო ომის გაჭიანურებით დაინტერესებულ, გარეგან ძალათა აგენტების საგანგებო (სამაგალითო სისასტიკის პრეცედენტების შემქმნელი) რაზმებისა და პოლიტიკურად განურჩეველ მძარცველთა შეიარაღებული ჯგუფების სათარეშო ასპარეზად რჩებოდა: ძველი ხელისუფლების მომხრეები კვლავ და კვლავ იკავებდნენ ამ რეგიონს, ახალი ხელისუფლების მიერ ძალების მობილიზაციის შემდეგ კი უკან იხევდნენ და თავს აფარებდნენ აფხაზეთს, დროებით, რადგან ახალ ხელისუფლებას არ შეეძლო საჭირო ძალების ხანგრძლივი დროით მობილიზება.
ზვიად გამსახურდიას რომ მოეხერხებინა მისი მომხრეების მოქმედების აფხაზეთში ლოკალიზება, სამაგრელოში მათ ლაშქრობათა აღკვეთა, მაშინ, სეპარატისტებთან შეთანხმებით აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსგან ჩამოცილების და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემთხვევაშიც კი, რაც იბერიულ-კავკასიური სამყაროს კონსოლიდაციის ზვიად გამსახურდიასეული კონცეფციის მიხედვით აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას არ ეწინააღმდეგებოდა (ალბათ ამის გამო დათანხმად ის აფხაზეთში ფაქტობრივად აპარტეიდული რეჟიმის ჩამოყალიბებას), მივიღებდით ქართველი ერისთვის ხელსაყრელ მდგომარეობას, ორ ქართულ სახელმწიფოს აფხაზეთს და ცალკე დანარჩენ საქართველს, შესაბამისად, “დე ფაქტო” და “დე იურე” საერთაშორისო სტატუსებით, ამ უკანასკნელის დესტაბილიზაციით რუსეთის დაინტერესების მოხსნის პირობებში (ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითაც კი იქნებოდა დაინტერესებული, ჩრდილოეთ კავკასიელთა სეპარატისტული მოძრაობის გარე სამყაროსგან იზოლაციის სანაცვლოდ). მაგრამ ამ გეგმის რეალიზაციას საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებათა შორის ფარული გარიგების არსებობა სჭირდებოდა. ზვიად გამსახურდიას მხრიდან ამგვარი შეთანხმების მიღწევიის მცდელობის შესახებ კი დღესაც არაფერია ცნობილი.
9) 1993 წელს ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების შედეგად ხელისუფლებისთვის ბრძოლის განახლების უაღრესად ნეგატიური გავლენა აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობაზე: მისი მოწოდებით დაირღვა საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებათა მომხრე სამხედრო შენაერთებს შორის არსებული, ტამიშის დესანტის ლიკვიდაციის ოპერაციის შემდეგ მოქმედი შერიგება, რამაც აფხაზეთში თავდაცვის ფრონტის დაშლა და ცხენისწყალზე სამოქალაქო ომის ახალი ფრონტის სრულმასშტაბიანი ამოქმედება განაპირობა.
როგორც ირკვევა, ის თავდ არ ყოფილა ინიციატორი ცხენისწყალზე ახალი ფრონტის გახსნისა (რასაც მოჰყვა აფხაზეთში ომის განახლება), მაგრამ, ცუდად შერჩეულ დროის მომენტში, აქ, მისი დაბრუნება გამოყენებულ იქნა მოვლენების საქართველოს საზიანოდ განვითარებისთვის. აფხაზეთში ომის განახლებამ მხოლოდ დროებით შეაჩერა ცხენისწყალზე დაწყებული დაპისისპირების ესკალაცია, თუმცა მოხდა არა ახლად შერიგება, არამედ განხეთქილების კონსერვაცია, უფრო სწორად კი, ძველი და ახალი ხელისუფლების მომხრე სამხედრო ძალების მიერ ურთიერთ განეიტრალება (უმოქმედობა ერთი მეორისსგან ზურგში დარტყმის მიღების შიშით) და ისიც, მხოლოდ, აფხაზეთის დაცემამდე. შემდეგ კი, აფხაზი სეპარატისტები და მათ გარეგან მხარდამჭერთა რაზმები უშუალოდ ჩაებნენ სამეგრელოსა და იმერეთში ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებში. შეიქმნა რეალური საფრთხე ყორნისი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხის ხაზზე საქართველოს ახალი და ძველი ხელისუფლებების კონტროლის არეებად გაყოფისა, ცენტრებით, შესაბამისად, თბილისსა და ქუთაისში, რომელთა შორის, აღნიშნული ხაზის გასწვრივ, ბუფერული ზონის სახით რუსეთი მიიღებდა საკუთარ დერეფანს არმენიისკენ.
ეს შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული, რადგან რუსეთის მესვეურებმა იმჟამად “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” პროექტით ყოფილი საბჭოეთის სივრცის რეკოსოლიდაციის სტრატეგიას მიანიჭეს უპირატესობა, დაითანხმეს რა საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ პროექტში თანამონაწილეობაზე.
მისი ძის, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას განცხადებულის მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ აღნიშნული ნაბიჯი (საქართველოში დაბრუნება) თავისი გარემოცვის ზეწოლით გადადგა. ზეწოლამ გადასწონა ჯოხარ დუდაევის რჩევა, გროზნოში დარჩენის შესახებ. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში, რუსეთის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის გავლით რუსეთისთვის არასასურველი ვიზიტის განხორციელება შეუძლებელი იყო.
ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს ერთი, უფრო ადრეული ფაქტიც: როგორც უკანასკნელ ხანს გავიგე, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას უარუყვიათ არმენიელ ნაციონალისტთა წინანდადება, ყარაბაღში განვითარებულის მსგავსი პროცესის საინგილოშიც სინქრონულად ინიციირების შესახებ, რასაც (ძველი პარადიგმების მიხედვით) სადღეისოდ საქართველოსთვის უკეთესი ფაქტობრივი მდგომარეობა შეიძლება მოეტანა (საქართველოს ხელისუფლების მიერ არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შენარჩუნება ეფექტური კონტროლის), რადგან ამ შემთხვევაშიც არ ექნებოდა საქართველოზე დესტრუქციულად ზემოქმედების გაძლიერების საფუძველი რუსეთს: საქართველოს გავლით ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის დიდი თურანის იდეის აქტუალიზაციის ფქტორად განხილვა შეუძლებელი იქნებოდა.
დაბოლოს, ზვიად გამსახურდიას მიერ, მისი დისიდენტური საქმიანობის საჯარო მონანიების ფაქტიც უნდა გავიხსენოთ.
ეს არგუმენტები იმდენად ნათელი და ცალსახად მეტყველია, რომ წარმოუდგენელი სჩანს ის ფაქტი, რომ ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ზვიად გამსახურდიას თაყვანისმცემლად რჩება. ამის რაციონალურად ასახსნელად იძულებული ვართ უახლოესი ხანის ისტორიულ პროცესებში ვიგულვოთ მნიშვნელოვანი, ჯერაც ბოლომდე ვერიდენტიფიცირებული, მაგრამ დღემდე აქტუალური ასპექტის არსებობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ფენომენთან ასოცირდება და რომელსაც ჯერ კიდევ არ გამოუჩნდა სხვა პერსონიფიკაცია.
პირადად ჩემი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას პიროვნებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დასახელებულ უარყოფით არგუმენტს ვიზიარებდი, არასოდეს ყოფილა ცალსახად უარყოფითი. ამაში გარკვეულ როლს მისი შესანიშნავი, სრულიად ორიგინალური, ინტელექტუალისტური პოეზიის ხიბლიც თამაშობდა, მაგრამ დღეს შემიძლია საამისოდ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორიც დავასახელო - მისი მემკვიდრეობის სხვა ასპექტი, რომელიც ნოოლოგიის წანამძღვართა შორის იმსახურებს ადგილს.
კერძოდ, მეტწილად ზვიად გამსახურდიას დამსახურებად უნდა ჩაითვალოს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაწყებული პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის საქართველოში საბჭოეთის დისიდენტური მოძრაობის საპირისპირო გეზით განვითარება - ნაცვლად პიროვნების თავისუფლების პრობლემატიკაზე კონცენტრაციისა და ვესტერნიზაციის გზების ძიებისა, ქართველი ერის იდენტიფიკაციისა და თვითგამორკვევის საკითხის აქტუალიზაცია და აწმყო მდგომარეობის ისტორიულ წარსულთან ორგანულ ერთიანობაში წარმოდგენის მცდელობა. ამასთანავე, ქართველი ერის საიდენტიფიკაციო ფორმულის ძიებაში, სწორედ, მის მიერ მხარდაჭერილი პოზიცია აღმოჩნდა კონსტრუქციული. ვგულისხმობ ქართველი ერის წარმოშობის საკითხის არა წინააზიურ, არამედ ეგეოსურ სამყაროსთან მიმართების ასპექტით წარმოდგენას, რასაც, დღესაც კი, უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგება ქართველ ისტორიკოსთა უმეტესობა, და ერის იდენტიფიკაციაში რასობრივი (ბიოლოგიური) ფაქტორიდან მსოფლმხედველობრივ ფაქტორებზე გადატანა ყურადღებისა. ის ცდილობდა ერებს შორის თვისებრივი სხვაობის არსებითი მნიშვნელობის წარმოჩენას, ერების თვისებრივი კლასიფიკაციის კრიტერიუმების შემუშავებას, რაშიც, მარათალია, მითოსური და რელიგიური პარადიგმებით შემოიფარგლა.
ნოოლოგიამ, რომელიც სწორედ, ქართველი ერის იდენტიფიკაციის მცდელობის შედეგად ჩამოყალიბდა (მისი საწყისი ელემენტები 1994 წლის მონაპოვარია), ამ პრინციპებს ზუსტი მეცნირეული ფორმულირება და დასაბუთება მოუძებნა.
ახლა უკვე შეიძლება გადავიდეთ საკითხის ნოოლოგიის პოზიციიდან განხილვაზე.