უდავოა, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარება ქვეყნის რეგიონული პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი უნდა იყოს. ამდენად, ახლახან მიღებულ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“კანონს სათაური და მიზანი ნამდვილად არ დაეწუნება. თუმცა, ერთია კეთილი მიზანი და მეორე ამ მიზნის მიღწევის გზა. ცნობილი გამოთქმაა: „გზა ჯოჯოხეთისაკენ კეთილი სურვილებითაა მოფენილი.“ ეს გამოთქმა სწორედ რომ ზედგამოჭრილია იმ შემთხვევებისათვის, როცა ერთი, თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთის მიღწევას ხელისუფლება სხვა, არანაკლებ და ზოგჯერ უფრო მეტადაც ღირებულ სიკეთეთა უგულებელყოფის, უარესიც: დანგრევის ხარჯზე ცდილობს. ასეთ, „ჯოჯოხეთის გზაზე“, შედგომა, როგორც წესი, პოპულიზმითა და არაკომპეტეტნტურობით არის ხოლმე განპირობებული.
ძალზე სამწუხარო და სავალალოა, რომ რეგიონული პოლიტიკის სფეროში ჩვენი სამართალ-შემოქმედები ასეთ საცდურ გზას ადგანან; მათი ე.წ. შემოქმედება იმთავითვე, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, არაკომპეტენტურობის ისეთი „შედევრებით“ გამოირჩეოდა, როგორიცაა მაგ. „საქართველოს დეცენტრალიზაციის (?!) სტრატეგია“ ანდაც ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. კოდექსი, ხოლო შემდგომ - ამ კოდექსში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული მართლაც რომ საკვირველი ცვლილება-დამატებები. ამ დამატებებს თუ არა „სამართალ-მწვალებლობას“, სხვას ნამდვილად ვერაფერს უწოდებ! სამართალ-მწვალებლობაა, აბა, სხვა რა არის, როცა სოფლის საერთო კრება, რომელიც პროცედურების განსაკუთრებული უბრალოებითა და სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს, ამ ე.წ. კანონით სამ ფურცელზე გაწერილი, 15 პუნქტიანი ვრცელი და ბუნდოვანი ნორმებით იმგვარადაა „მოწესრიგებული“, რომ ამ ჩვენმა სანაქებო სამართალ-მწვალებლებმა წინასწარ გულმოდგინედ რომც „დაატრეინინგონ“, ასეთ „წესებს“ ეშმაკიც კი ვერაფერს გაუგებს! ძალიან, მეტისმეტად უნდა მოინდომო, ნემსის ყუნწში უნდა გაძვრე და თავი უნდა გადადო ასეთი „მწვალებლური წესების“ დაცვით სოფლის ერთი უბრალო საერთო კრება რომ ჩაატარო; თანაც ამ კრებას ოდენ ის შეუძლია, რომ გამგებელს მიმართოს, ისევე როგორც ყველამ, რაიმე პრობლების გადასაწყვეტად! ცხადია, ასეთ „მწვალებლურ კრებას“ ისევ ტრადიციული „სოფლის ბირჟა“ ათასგზის ჯობია; „სოფლის ბირჟა“ ხომ მართლაც სხვა არაფერია, თუ არა სწორედაც რომ თავისუფალად, მწვალებლური შეზღუდვების გარეშე, ბუნებრივად გამართული თავყრილობა; მართალია, არც მასა აქვს სოფლისათვის საჭირბოროტო რაიმე საკითხის გადაწყვეტის უფლებები, მაგრამ სამაგიეროსდ მას არც გამგებლის ნებართვა სჭირდება და არც რაიმე სპეციალური ლოცვა-კურთხევა; რასაკვირველია, არც არავინ, თუ წინასაარჩევნოდ არ დააძალეს, უუფლებო და „მწვალებლურ კრებას“ არ გამართავს; ხოლო ბუნებრივ თავყრილობას - ე.ი. „სოფლის ბირჟას“ ამ ე.წ. კანონით არც არა დააკლდება და არც შეემატება რამე; სამაგიეროდ, თვითმმართველობის ე.წ. კოდექსიცა და გამორჩეულად მისი ახალი, 854 მუხლი სამართალ-მწვალებლობის სწორუპოვარ ნიმუშად დარჩება შთამომავლობას...
...აწ უკვე განთქმულ სამართალ-მწვალებელთა „შედევრების“ ნუსხას მთის კანონიც შეემატა. დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ მიზანი, როგორც უწინაც იყო (მაგ. თვითმმართველობის სისტემის რეფორმირება, ანდაც მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა), ამ შემთხვევაშიც უდავოდ მისასალმებელია. რომელი ქართველი იტყვის უარს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის პრიორიტეტულ განვითარებაზე? ასეთი კეთილშობილური მიზანი პატრიოტულიც არის, სახელმწიფოებრივად გამართლებულიც და ამიტომაც ძალზე პოპულარულიც. მით უმეტეს გულდასაწყეტია, როცა პოპულარული იდეა და სასიკეთო მიზანი ხელისუფლების ამგვარ იაფფასიან პოპულიზმად იჩენს თავს!
პირწავარდნილი პოპულიზმია, აბა, სხვა რა არის, როცა მთიანი რეგიონების განვითარება კანონის ძირითადი შინაარსის მიხედვით არა რეგიონული ეკონომიკური ზრდაა, არამედ დუხჭირი მოსახლეობის ოდენ დამატებითი შემწეობა! რა განვითარებაზე შეიძლება საუბარი, როცა სინამდვილეში ამ კანონით ერთი გამორჩეული კატეგორიის მოსახლეობას, რომელიც ისევე გაღატაკებული და მთავრობის დახმარებების ხელის შემყურეა, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა, ოდენ სოციალურ და საგადასახო შეღავათებს დაუწესებ? რეგიონული განვითარება არა სოციალურ და საგადასახო პრივილეგიათა შემოღება, არამედ სულ სხვა რამ არის - რეალური ეკონომიკური აღმავლობა, რაც რეგიონის კონკურენტულ უპირატესობებსა და მისი პოტენციალის რაციონალურ, გეგმაზომიერ გამოყენებაზე, გაპარტახებული ინფრასტრუქტურის თავიდან გამართვაზე, თავისუფალ მეწარმეობაზე, მოწინავე ტექნოლგიების დანერგვაზე და ა.შ. არის დაფუძნებული. რაც მთავარია: დღეს, როგორც არასდროს, განვითარებას განაპირობებს ინტენსიური, ნაყოფიერი, უწინარესად ცოდნასა და ინფორმირებულობაზე, ინოვაციებსა და მაღალ ტექნოლოგიებზე დამყარებული პროდუქტიული შრომა და არავითარ შემთხვევაში - მთავრობისაგან დახმარებებისა თუ შეღავათების მათხოვრობა, რაც კიდევ უფრო იზრდება ამ ე.წ. კანონით!
ეს კანონი არა განვითარების, არამედ სინამდვილეში ღატაკთა მთაშივე დარჩენის ანდაც იქ გადასახლების სტიმულებს ქმნის. არსებითად ის „ღატაკებისა და გაჭირებულების მთაში რეზერვაციის შესახებ“ კანონია, მას არაფერი აქვს საერთო განვითარებასთან და ასეც უნდა იწოდოს! მართლაც, ეს ე.წ. კანონი მკაფიოდ მხოლოდ ერთადერთ რამეს ამბობს: „გაღატაკებულო მთიელო, მანდვე დაეტიე, ხოლო ბარის ქართველო, თუ შენ არ გყოფნის სამოწყალო პენსია, მასწავლებლის და ექიმის მათხოვრული ხელფასი, ანდა უმწეო-უპოვარის საარსებო შემწეობა, გადასახლდი მთაში და იქ ცოტა მეტს მიიღებ!“ - აი, სულ ესაა ამ კანონის მიხედვით „განვითარების“ მთელი ფილოსოფია. რაღა თქმა უნდა, ასეთი ფილოსოფია, თანაც საპარლამენტო არჩევნების წინ, მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმია და სხვა არც არაფერი!
პოპულიზმი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ რა ვუყოთ იმ საარაკო არაკომპეტენტურობას, როცა ამ ე.წ. კანონით საერთოდაც სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა და პატივსცემააა საეჭვო?!
უწინარესად, ამ ე.წ. კანონით საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი ილახება! კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად ყველა ადამიანი განურჩევლად რაიმე კერძო ნიშნისა და მათ შორის, საცხოვრებელი ადგილისა, კანონის წინაშე თანასწორია! ხოლო ამ ე.წ. კანონით მოქალაქეთა უფლებრივი და სწორედაც კანონის წინაშე დიფერენციაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება. შემოღებულია ე.წ. „მაღალმთიანი რეგიონის დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი“, ე.ი. მოქალაქის იმგვარი სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც ფორმალურად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრივილეგიას განაპირობებს. მთაში ცხოვრება ხდება ფორმალური ნიშნით განპირობებული პრივილეგია, ხოლო ბარში დასახლება, შესაბამისად - დისკრიმინაციის საფუძველი; რა დააშავა ბარში მცხოვრებმა პენსიონერმა, ექიმმა თუ მასწავლებელმა? განა იმიტომ, რომ იგი ბარში ცხოვრობს, მეტად დალხენილია და ამიტომაც მთიელთან შედარებით დასაჩაგრი ?! თუკი კანონით პენსია ან ხელფასი უნდა გაიზარდოს და ვთქვათ, საშემოსავლო გადასახადი ანდა კომუნალური ტარიფი შემცირდეს, ეს მას რატომ არ ეხება?! მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთაში არ ცხოვრობს?!
ნუთუ არ დაფიქრებულან ჩვენი ღრმად პატივცემული კანონ-მდებლები, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქალაქეთა განსხვავებული სტატუსების შემოღება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპის - კანონის წინაშე თანასწორობის ხელყოფაა?! თუნდაც განვითარების სტიმულირების მიზნითაც რომ იყოს (არადა, არც არის!), ამ პრინციპის ხელყოფა, ე.ი. მოქალაქეთა მთიელებად და ბარელებად „დახარისხება“, როგორც ეს ამ კანონით ხდება, ყოვლად დაუშვებელია და დამღუპველ ნაყოფს გამოიღებს!
განვითარება თუ გვსურს, დიფერენცირებული უნდა იყოს არა მოსახლეობა, არამედ რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში და განვითარების მიზნებისათვის სხვადასხვა, ურთიერგანსხავებული პირობებისა და პოტენციალის მქონე რეგიონები! ცხადია, ასეთ შემთხვევაშიც რეგიონის სტატუსი, ე.ი. მისი სამართლებრივი მდგომარეობა ფორმალურ პრივილეგიას არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ ქმნიდეს წინაპირობებს, რომ მისი განსხვავებულობის შესაბამისად ასევე განსხვავებული შესაძლებლობები და რესურსები გამოიძებნოს მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
ასე მაგალითად: რასაკვირველია, უმწვავესი დემოგრაფიული კრიზისის გამო დაცარიელებული მთიანეთის ხელახლა დასახლება უაღრესად მნიშვნელოვანია და იგი სახელმწიფოს მიერ უდავოდ უპირატესად სტიმულირებული უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უფლებრივი თანასწორობის ხელყოფის გზით! სტიმულირება გაცილებით უფრო ეფექტიანადაა შესაძლებელი თუნდაც მთაში ბინათმშენებლობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით, მთაში განსახლების ხელმისაწვდომი დაკრედიტებით, ანდა ეკოლოგიური და ინოვაციური სოფლის მეურნეობისა თუ ეკო-ტურიზმის ეკონომიკური (და ნაკლებად საგადასახადო!) მხარდაჭერით!
ასევე, განა აშკარა არ არის, რომ მთის მოსახლეობის განსაკუთრებული სიღატაკე ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ მთიელი უფრო მეტად მოკლებულია საბაზისო საზოგადოებრივ სიკეთეებს, როგორებიცაა: მაგ. გზა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა ანდა განათლება, თუნდაც ინტერნეტი და სხვ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრება თუკი გვსურს, მთიელს განსაკუთრებული მოქალაქის სტატუსი კი არ უნდა მივანიჭოთ, როგორც ეს ამ ე.წ. კანონით ხდება, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ ეს საბაზისო საზოგადოებრივი სიკეთეები მთაში „მივიყვანოთ“; ე.ი. მთიელთა სიღატაკის დასაძლევად სწორი გამოსავალი იქნებოდა არა მათი მექანიკური კომპენსაცია ფორმალურად პრივილეგირების გზით, რაც ეკონომიკურადაც არა სიმდიდრის შექმნა-დაგროვებას, არამედ მეტ სიღარიბეს წაახალისებს, როგორც ეს კანონშია, არამედ სწორედაც გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამედიცინო მომსახურეობის ორგანიზება, ინტერნეტით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულებათა მშენებლობა და ა.შ. თუ მართლაც განვითარება გვსურს, ამით უნდა დაკავდეს როგორც ცენტრალური, ასევე, უწინარესად ადგილობრივი ხელისუფლება და არა პრივილეგიების სახით დამატებითი დახმარებებისა თუ შემწეობების ჩამორიგებით!
სწორედ ასეთი რეგიონული პოლიტიკა იქნებოდა ეფექტიანი და არა შემწეობებისა და შეღავათების ფორმალურადაც უთანასწორო და გამომდინარე, იმთავითვე უსამართლო გადანაწილება, რაც ეკონომიკურად სინამდვილეში სიღარიბის დისტრიბუციაა!
გამართული რეგიონული პოლიტიკის შემუშავებას კომპეტენტურ, საქმიან ადამიანთა შრომა და ძალისხმევა სჭირდება - რეგიონების მიხედვით განვითარების მიზნების ჩამოყალიბება, განვითარების სწორად დაგეგმვა, რაც, ცხადია, დაკავშირებულია თუნდაც მოსახლეობის განსახლების, ასევე, ტერიტორიების სივრცით დაგეგმარებასა და მიწათმოწყობასთან, რეგიონების კონკურენტული უპირატესობებისა და რისკების ობიექტურ შეფასებასთან, ამის შესაბამისი მონაცემების საფუძველზე და მათი ანალიზით - სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრასთან, ამ პრიორიტეტების მიხედვით შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამათა, საინვესტიციო პროექტების შემუშავება-მიღებასთან, მათ ეფექტიან განხორციელებასთან და სხვ. და სხვ. მაგრამ ეს ხომ რთულია და მართლაც უნარიან ადამიანთა თავდაუზოგავ გარჯას მოითხოვს? რასაკვირველია! სამაგიეროდ, „განვითარების“ სახელწოდებით სინამდვილეში სიღარიბის გადანაწილებისა და რეზერვაციის შესახებ კანონის მიღებაა ადვილი! ჰოდა, არცაა გასაკვირი - პრემიებსა და დანამატებს დახარბებული პოპულისტი სამართალ-მწვალებლები ყოველთვის უფრო იოლ გზას ირჩევენ!
ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც საცხოვრებელი ადგილის ფორმალური ნიშნით პრივილეგიების შემოღებას შეიძლება მოჰყვეს, ის იქნება, რომ გაღარიბებული მოსახლეობა ეცდება არა მთის ასაღორძინებლად შრომით ფერხულში ჩაებას, არამედ ეს პრივილეგიები როგორმე მოიპოვოს და სარგებლის განმაპირობებელი ფორმალური ნიშნები თუნდაც მოჩვენებითად როგორმე დააკმაყოფილოს. როგორც ჩანს, ეს შედეგი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები ე.წ. კანონ-შემოქმედებს კარგად დაუნახავთ, ამიტომაც ამ პრივილეგიის, ე.ი. როგოროც კანონი უწოდებს: „მაღალმთიანი რეგიონის დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის“ მოპოვება გვარიანად გაურთულებიათ და შეუზღუდავთ. შეუზღუდავთ და აქაც ისევ იურიდიულ აბრაკადაბრაში გადაცვენილან!
საქმე ის არის, რომ ამ ე.წ. კანონის თანახმად სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში ფორმალური რეგისტრაცია არა კმარა, არამედ წელიწადში არანაკლებ 9 თვის განმავლობაში „ფაქტობრივად ცხოვრებაა“ აუცილებელი! ხოლო ამ ე.წ. კანონით „ფაქტობრივი ცხოვრება“ განიმარტება, როგორც: „ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით“ (იხ. კანონის 1-ელი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი).
ამგვარ განმარტებას მოფიქრება ხომ უნდოდა?!
კურიოზია, სამართლებრივი ნონსენსია, რომ პრივილეგირებული სტატუსის მისანიჭებლად მაღალმთიანი რეგიონის დასახლებაში პირის წელიწადში 9 თვის განმავლობაში „მუდმივად ყოფნა“ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებით უნდა დამტკიცდეს! კონსტიტუციით ყველასთვის გარანტირებულია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება(იხ. კონსტიტუციის 22-ე მუხლის 1-ელი პუნქტი) და ეს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებათაგანია. ამდენად, ნებისმიერი ადმინისტრაციული პროცედურა, რომლის მიზანი იქნება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში პირის „მუდმივად ყოფნის“ დადასტურება ან უარყოფა, ე.ი. ფაქტობრივად პირის გადაადგილების კონტროლი, თუ ეს ამ ძირითადი უფლების ლეგიტიმურ შეზღუდვასთან (მაგ. სისხლის სამართლებრივ დევნასთან) არ არის დაკავშირებული, ყოვლად დაუშვებელია!
სამართლებრივი ნონსენსი იმიტომაცაა, რომ დასახლებაში „მუდმივად ყოფნა“ ქართულ ენაზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პირმა დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი არ უნდა დატოვოს, ხოლო ამის დადასტურება, როგორც კანონი ამბობს: „ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით“ უნდა მოხდეს! ასეთი რამ, თუ ეს ჩვენი სამართალ-მწვალებლები ბოლომდე თანმიმდევრულები იქნებიან, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუკი დასახლების ადმინისტრაციული საზღვარზე საგუშაგოებს დავაწესებთ, ანდაც სხვა ტექნიკური საშუალებებით დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაზე და პირთა შესვლა-გასვლაზე მუდმივი კონტროლი და ზუსტი აღრიცხვა იქნება შემოღებული! 9 თვეში 270 დღე-ღამე და ზუსტად 6480 საათია. მაშასადამე, სტატუსი რომ მოიპოვოს, წლის განმავლობაში არანაკლებ 6480 საათი პირმა აუცილებლად დასახლების ტერიტორიაზე უნდა დაჰყოს; „ადმინისტრაციული წარმოებით“ ეს ვერასგზით დამტკიცდება, თუკი მისი გადაადგილების ზუსტი საათობრივი აღრიცხვა არ იქნება შემოღებული.
გადაადგილების ასეთ დრაკონულ შეზღუდვას რეზერვაცია ეწოდება! თუ გახსოვთ, არც ინდიელებს ჰქონდათ რეზერვაციის ადგილის დატოვების უფლება და ახლა არც ქართველ მთიელებს ან მთაში გადასახლებულებს ექნებათ! უფრო სწორედ, წელიწადში არანაკლებ 6480 საათის განმავლობაში არ ექნებათ! სხვაგვარად მთიელის სტატუსსა და გამომდინარე, დამატებითი შემწეობების პრივილეგიას ვერ ეღირსებიან!
მადლობა უფალს, იმის გამო, რომ ეს ჩვენი ცოდვით სავსე სამართალ-მწვალებლები თანმიმდევრულნი არ არიან, კანონის საფუძველზე მთავრობის მიერ დადგენილი „სტატუსის მინიჭების წესი“ „რეზერვაციის“ პერიმეტრის ამგვარ დრაკონულ, საათობრივ კონტროლს, რაც კანონიდან გამომდინარეობს, არ ითვალისწინებს. მაგრამ რა ბედენაა? სამაგიეროდ, ამ „წესის“ თანახმად თავად ის პირი, რომელსაც სურს სტატუსი მოიპოვოს, ვალდებულია დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ არანაკლებ 9 თვე (ანუ 6480 საათი!) მაინც დასახლებაში „ფაქტობრივად ცხოვრობდა“, ე.ი. როგორც ამას კანონი განმარტავს - „მუდმივად იმყოფებოდა“. როგორ დაადასტუროს? კონკრეტულად რა დოკუმენტებით? ამ დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი „წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტშია მოცემული, თუმცა პირს სხვა ნებისმიერი დოკუმენტითაც შეუძლია ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურება. რასაკვირველია, ესეც კურიოზია, რომ ნუსხაში მითითებული ვერცერთი დოკუმენტით და თუნდაც ნებისმიერი სხვა წერილობითი დოკუმენტითაც „მუდმივად ყოფნა“ ობიექტურად ვერ დადასტურდება. ეს რომ მართლაც დადასტურდეს, პირმა 6480 საათის უწყვეტი ვიდეო ჩანაწერი, ან სხვა მსგავსი მტკიცებულება უნდა წარადგინოს! წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონიერად ექნება საშუალება ეჭვს ქვეშ დააყენოს პირის „მუდმივად ყოფნა“ და მას სტატუსზე უარი უთხრას. ანუ, სინამდვილეში გამგებელს არა ობიექტურად, არამედ პირადი შეხედულებებით, თავისი დისკრეციით შეუძლია ვისაც სურს ეს სტატუსი მიანიჭოს და ვისაც არა, შეედავოს - საკმარისი მტკიცებულება არ გაგაჩნიაო და უარით გაისტუმროს! როგორ მოგწონთ ამგვარი „მექანიზმი“ წინასაარჩევნოდ? ხომ მართლაც მშვენიერია?
სამართლებრივად თუ შევაფასებთ, კონსტიტუციიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან:
(ა) პირი თავადვე თავისუფლად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს;
(ბ) საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად მას თავისუფლად შეუძლია გადაადგილდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე;
(ბ) პირს აქვს ვალდებულება ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გაიაროს რეგისტრაცია;
(გ) საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ პირადობის ან რეგისტრაციის მოწმობა,
სრულიად აშკარაა იურიდიული პრეზუმფცია, რომ პირის რეგისტრაციის ადგილი, თუკი საწინააღმდეგო არ დადასტურდება, წარმოადგენს მის ე.წ. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსაც.
სრული სამართლებრივი კატასტროფა იქნება, თუკი იმ დროს დაუბრუნდებით, როცა საცხოვრებელი ადგილის მტკიცების ტვირთი პირმა უნდა იკისროს და მან გარდა პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობისა კიდევ სხვა მტკიცებულებითი დოკუმენტები უნდა „იჩალიჩოს“.
ამრიგად, ე.წ. წესის მე-5 მუხლი, რომლითაც დგინდება პირის მაღალმთიან დასახლებაში „ფაქტობრივად ცხოვრების“ დამადასტურებელი დოკუმენტების, გარდა კანონით განსაზღვრული პირადობის და რეგისტრაციის მოწმობისა, ნუსხა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამასთან, გარკვეული პრივილეგიის მიღების პირობით ზღუდავს პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და თავისუფალი გადადგილების კონსტიტუცით გრანტირებულ ძირითად უფლებას!
სამართლებრივი აბსურდის გარდა, საერთოდაც გამაოგნებელია, როცა ჩვენი სამართალ-მწვალებლები თანამედროვე ულტრა-მობილობის საუკუნეში მთის განვითარებას იმაში ხედავენ, რომ ფაქტობრივად მთიელების რეზერვაციასა ქმნიან და გარკვეული სარგებელის პირობით მათ კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას უსპობენ! როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ადამიანი, რომელსაც კანონმა მიუსაჯა, თუნდაც რაიმე სარგებლის პირობით, რომ წელიწადში არანაკლებ ცხრა თვე კონკრეტულ დასახლებაში იყოს გამოკეტილი?! და ესაა განვითარება?!
ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდიელების რეზერვაცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია აშშ-ს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზერვაცია ინდიელებისათვის გარკვეული სასყიდლით მოხდა, მისი სამარცხვინო ხასიათი არ შეცვლილა! აშშ-ს ისტორიაში ეს მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ხდებოდა, ხოლო ჩვენში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მათხოვრული სასყიდლით ახლა, 21-ე საუკუნეში ხდება და თანაც „განვითარების“ სახელით!
ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ პოპულიზმისა და არაკომპეტენტურობის გამო ჩვენი სამართალ-მწვალებლების დამსახურებით საქართველომ, ცრუ სათაურის მიუხედავად არა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“, არამედ სინამდვილეში „ღარიბი მოსახლეობის მთაში რეზერვაციისა და რეზერვაციაში მყოფ პირთა შემწეობების შესახებ“ კანონი მიიღო! მიღებული კანონი აუცილებლად უნდა გაუქმდეს, არადა მას სწორედ ასეთი სამარცხვინო სათაური უნდა დაერქვას, რადგან მისი შინაარსი სწორედაც საარაკოდ სამარცხვინოა!
სავალალოა, რომ განვითრების ნაცვლად ხელთ ისევ შეგვრჩა რეგიონული პოლიტიკის მორიგი კრახი!
ბოლო-ბოლო, მართლაც როდემდე? აღარა კმარა?!