რელიგია და ტექნოლოგიები, ანუ სულიერება და მეცნიერება

რელიგია და ტექნოლოგიები, ანუ სულიერება და მეცნიერება

აქ შევეცდები დღევანდელი არეული მსოფლიოს ფონზე, ამ ქაოსის მომწესრიგებელ ფაქტორებზე, სხვადასხვა ეპოქებში მათ დომინანტობაზე და ცივილიზაციათა განვითარების ან დასუსტების მიზეზებზე ვისაუბრო.

ცალკეული საზოგადოების, სახელმწიფოების თუ მთელი ცივილიზაციების განვითარებაში წყალგამყოფ მიჯნას - შემაკავებელ ან მასტიმულირებელ ეფექტს, ორი ფაქტორი განაპირობებს, ესაა რელიგია და ტექნოლოგიები, ანუ სულიერება და მეცნიერება, სხვა სიტყვებით - დოგმატური და ინოვაციური აზროვნება. ერთის გავლენის ზრდა ყოველთვის მეორის დაკნინებას იწვევს და პირიქით. ამა თუ იმ ეპოქაში, ამა თუ იმ ცივილიზაციის აყვავება ან დაცემა პირდაპირაა დამოკიდებული რელიგიის გავლენის, მისი ძლევამოსილების ხარისხზე. რაღაც ეტაპზე ეს ერთი ფაქტორი აწესრიგებდა ადამიანთა საზოგადოებას, სხვა ეტაპზე კი - მეორე. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია და დღევანდელობა.

ამასთან, დგება მომენტი, როცა რელიგიური ფუნდამენტალიზმი აფერხებს ტექნოლოგიურ პროგრესს, ხოლო ტექნოლოგიური აღმოჩენები ასუსტებს რელიგიურ ფუნდამენტალურ იდეოლოგიას. დასაბამიდან დღემდე სწორედ ასე იყო.

იყო დრო, როდესაც ქრისტიანული სამყარო განვითარების დონით ბევრად ჩამორჩებოდა ჩინეთის და მუსლიმანური სამყაროს ცივილიზაციებს. ამის მიზეზები სწორედ რელიგიური და ტექნოლოგიური ფაქტორების დომინანტობაში უნდა ვეძებოთ.

ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ ამ ფენომენს აანალიზებს და წარსული ეპოქის ცივილიზაციათა რეტროსპექტულ შედარებას გვთავაზობს.

სამიზნე, გამყოფი მიჯნა - დედამიწა, ქრისტეშობიდან 1500 წელი.

„რომელი ცივილიზაცია იყო დაწინაურებული და ვის ჰქონდა შანსი მსოფლიოში უსაზღვრო, უკონკურენციო ლიდერობისა? ალბათ ნებისმიერს, გარდა ევროპულისა“, - აცხადებს კაკუ.

იმ ეპოქაში (1500 წელს), აღმოსავლეთით უკვე 1000 წელია ყვაოდა დიდი ჩინური ცივილიზაცია. აქ დაიბადა უდიდესი ტექნოლოგიური აღმოჩენები - ქაღალდი, საბეჭდი პრესი, დენთი, კომპასი და ა.შ. ჩინელი მეცნიერები პლანეტაზე საუკეთესოები არიან. ქვეყანა ერთიანი და ძლევამოსილია, საზოგადოებაში სიმშვიდე სუფევს, ის ვითარდება.

სამხრეთით, ოსმალეთის იმპერიაა, რომელმაც თითქმის მთელი ევროპა დაიმორჩილა. დიდმა მუსლიმანურმა ცივილიზაციამ შექმნა ალგებრა, ხოლო აღმოჩენებმა ოპტიკაში და ფიზიკაში დაამკვიდრა ვარსკვლავთა თანამედროვე დასახელებები. აქ ყვავის კულტურა და მეცნიერება.

ევროპაში კი, ამ დროს, უსუსური სახელმწიფოებია, რომლებიც დაკნინებული არიან რელიგიური ფუნდამენტალიზმით, ურთიერთმტრობით, ინკვიზიციით და ჯადოქრებზე გამართული სასამართლო პროცესებით. დასავლეთი ევროპა, რომის იმპერიის დაღუპვის შემდგომ, უკვე 1000 წელია სრულიად უნიათო და საღი აზრისგან დაცლილია. ის იმდენად ჩამორჩება ეპოქას, განვითარებულ ცივილიზაციებს, რომ საკუთარ ტექნოლოგიებს ვერ ქმნის და პროგრესული აზროვნების ნაყოფს სხვაგან - აღმოსავლეთით ან სამხრეთით ეძებს. აქ შუასაუკუნეების ნამდვილი შავი ხვრელია - რომის იმპერიის ცოდნა ამ ხვრელშია დაკარგული და ის სულისშემხუთველი დოგმებითაა შეცვლილი. ოპოზიცია და ნებისმიერი საღი აზრი კი „მწვალებლობად“ აღიქმება და უმკაცრესად ისჯება.

და შემდეგ რა მოხდა?

1500 წლის შემდგომ პერიოდში, ჩინეთი და ოსმალეთის იმპერია 500 წლოვანი ტექნოლოგიური უძრაობის ეპოქაში შევიდა. განვითარება შეჩერდა, გაიყინა. ევროპაში კი მეცნიერების უპრეცედენტო აღმავლობა დაიწყო.

ჩინეთმა გაუგებარი მიზეზების გამო საკუთარი უძლიერესი ფლოტის განადგურება „მოახერხა“ და გაემიჯნა დანარჩენ მსოფლიოს - საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა.

დაახლოებით ასევე მოხდა ოსმალეთის იმპერიაშიც. ის გაემიჯნა პროგრესს და რელიგიურ ფუნდამენტალიზმში ჩაიკეტა. მუსლიმანმა მეცნიერებმა ჭეშმარიტების ძიების ინტერპრეტირება დაიწყეს წმინდა რელიგიური აზრით, როგორც ეს ყურანშია გაწერილი. ყველა დანარჩენი ცოდნა მათთვის არაისლამური, ე.ი. არასწორი გახდა. მათ უარი თქვეს ზოგადად მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, მედიცინაზე და სხვა მოწინავე დარგებზე. ხელი მიჰყვეს ისლამის სწავლების დოგმატურ ახსნა-განმარტებას და გაუთავებელ მსჯელობას „ისლამური“ (განსაკუთრებული) იურისპუდენციის და მისი „ისლამური“ პრაქტიკის შესახებ. შედეგად, აქ დაირღვა რელიგიური ერთობა და წარმოიშვა მრავალრიცხოვანი მიმდინარეობები - სექტები, კულტები, სკოლები...

ევროპაში კი ამ დროს დიდი აღმავლობა იწყება. იბადება რევოლუციური (სოციალური და ტექნოლოგიური) იდეები, რაც გუტენბერგის საბეჭდი მანქანის წყალობით მასობრივად ვრცელდება.

ეკლესიის ძალაუფლება კი საზოგადოებაზე მისი ათასწლოვანი უპირობო გავლენის შემდეგ, თანდათან სუსტდება. უნივერსიტეტები ბიბლიის სწავლებიდან გამოყენებითი მეცნიერების - ფიზიკის, ქიმიის და სხვ. სწავლებაზე გადავიდნენ. მეცნიერება გახდა არა უბრალოდ გონების ინტელექტუალური სავარჯიშო, არამედ საშუალება - შეექმნათ ახალი ტიპის იარაღები და მიეგნოთ ახალი გზისთვის ფულის შოვნისა.

რა მოხდა? ღრმა, დოგმატური „სულიერებისგან“ თავდახსნილ ევროპაში მოხდა ახალი მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების დაბადება!

მსოფლიო ვერ იდგება სამუდამოდ ერთ ადგილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაჟინებით კითხულობს მხოლოდ რელიგიურ ტექსტებს და მისი გონება მხოლოდ „სულიერებითაა“ დაკავებული. თუ ვიღაც მეცნიერების ახალ მიღწევებს არ დაეუფლება, მის მაგივრად ამას სხვა - მისი კონკურენტი გააკეთებს. დაახლოებით ასეთია თანამედროვე მეცნიერთა, მათ შორის მიჩიო კაკუს ლოგიკა.

ცხადია, ევროპის აღორძინება და ამ კონტინენტზე თანამედროვეობის უძლიერესი ცივილიზაციის შექმნა, ტექნოლოგიურის გარდა, სხვა - სოციალურმა და ეკონომიკურმა (სავაჭრო, საგზაო, სატრანსპორტო) ფაქტორებმაც განაპირობა. ასევე, მნიშვნელოვანია ქრისტიანული მსოფლმხედველობის ლიბერალური შინაარსის ფაქტორიც, რამაც ხელი შეუწყო დასავლურ სამყაროში უმნიშვნელოვანესი „სოციალური კაპიტალის“ დაგროვებას. მაგრამ, ფიზიკოსები ამ დიდ გარდასახვას განიხილავენ ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედების პრიზმაში, რაც მართავს მთელ სამყაროს. ეს ოთხი ძალა უდევს საფუძვლად ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა - მანქანებიდან და ბომბებიდან დაწყებული, ვარსკვლავების და მთელი სამყაროს ჩათვლით.

ეს ფუნდამენტური ურთიერთქმედების ოთხი ძირითადი ძალა ევროპაში იქნა აღმოჩენილი. ამ ძალების საიდუმლოთა დაუფლების გარეშე, ევროპა ვერასოდეს შეძლებდა მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე გასვლას.

თუ რა არის ეს გიგანტური ოთხი ძალა, დაინტერესებული მკითხველი მას ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსის, სამყაროს „ანატომიის“ შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიის ავტორის - მიჩიო კაკუს წიგნებში გაეცნობა!!

http://scisne.net/a-1110