ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ასწლეულების განმავლობაში ხშირად ტოვებდა სამშობლოს. ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებდა. მთავარი კი ის იყო, რომ რადგან პოლისი ვეღარ იტევდა და ვერ აკმაყოფილებდა ჭარბ მოსახლეობას პროდუქციითა და ნედლეულით, ვეღარ ასაქმებდა საკუთარ მოსახლეობას, ამ ვითარებაში ბერძენთათვის გამოსავალი სამოქალაქო დაპირისპირების ნაცვლად, ერთმანეთთან კონსენსუნსის მიღწევის გზით ახალ მიწებზე დასახლება, ახალი კოლონიებისა და ახალშენების დაარსება იყო.
ახლა ისიც ვიკითხოთ თუ როგორ წყვეტდნენ ელინები ამ ურთულეს პრობლემას, რომლის აღსანიშნავადაც ბერძენი ავტორები ტერმინ „სტენოხორიას“ იყენებდნენ. თავად განსაჯეთ ეს ყველაფერი რა ადამიანურ ტკივილთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და ამავდროულად რა დიდ რისკებთან. მას შემდეგ, რაც კოლონიზაციის პროცესში მოსახლეობის მეათედიდან ერთ მეოთხედამდე დატოვებდნენ ქალაქს, ისინი კარგავდნენ უკან დაბრუნების უფლებას. თავად დედაქალაქი კი კოლონისტებს არავითარ დახმარებას არ უწევდა, რომ ამით ახლო თუ შორეულ მეზობლებთან კონფლიქტისგან თავი აერიდებინა.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, არჩევანის კრიტერიუმებს, მას თავად ელინები აფიქსირებდნენ სახალხო კრებაზე მსჯელობით, სადაც იკვეთებოდა პრაგმატულობა და საღი აზრი. ეს ყველაფერი კი ბოლოს წყდებოდა და მთავრდებოდა საერთო კენჭისყრით. მთელი ამ ხნის მანძილზე მისი გაყალბება არა თუ არ უცდია ვინმეს, აზრადაც არ მოსვლია არავის. ამის თუნდაც ერთი შემთხვევა რომ ყოფილიყო ბერძენი ისტორიკოსები მას აუცილებლად საცნაურს გახდიდნენ. ხდებოდა კი პირიქით.
მაგალითად, ლაკედემონელმა მოქალაქემ, ვინმე პედარეტმა სამასკაციანი სათათბიროს წევრობა ითხოვა და უარი როცა უთხრეს, ის კი არ გააპროტესტა ხმები გამიყალბესო, აღტაცებული იყო, რომ სპარტაში მასზე ღირსეული სამასი კაცი აღმოჩნდა.
ამ ყველაფერს რატომ ვიხსენებთ? დღევანდელობისთვის მარტო ის კი არაა სიმართლე, რაც უთუოდ მოხდა და ზუსტი თარიღი, მისამართი და გვარ-სახელი აქვს, არამედ ისიც, რისი საჭიროებისთვისაც გვჭირდება ისტორიიდან ამათუ იმ ამბის გახსენება.
როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ჩვენთაგანისთვისაც დღესაც დიდ სირცხვილად მიმაჩნია ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ჩამორჩენილი ყირგიზეთიც კი არჩევნებს ე.წ. ციფრული (ელექტრონული) საარჩევნო ყუთებით და ამომრჩეველთა ციფრული (ელექტრონული) სიებით ატარებს, თითის ანაბეჭდით და ფოტოთი (ბიომეტრიკით) უზრუნველყოფილს. ჩვენ კი, ისევ როგორც წინა წლებში გაყალბებული ხელით (თუ კლავიატურით) ნაჩხაპნი სიებით ვაძლევთ ხმას არჩვენებზე. ხოლო ის ადამიანები, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად იბრძვიან და მის შეცვლას ითხოვენ, საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან, არათუ მხარდაჭერას, ელემენტარულ ყურადღებასაც კი ვერ იღებენ.
საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შევადარებდი ანტილოპების ჯოგზე ლომების შეტევას. როდესაც მტაცებელი ანტილოპას მოიხელთებს, მისი თანამოძმეები მხოლოდ კუნტრუშობენ და ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც მოელით მტაცებლის კლანჭებში სულის დალევა. ამიტომ არ უნდა გადავიქცეთ ჩლიქოსნებად!.. ერთმანეთის მხარდაჭერის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცვლილებები სოლიდარობის განცდის გარეშე არ ხდება. ქვეყანაში წლობით დამკვიდრებულ მახინჯ სისტემას, რომელიც თავისუფალი არჩევანის უფლებას გვართმევს, რის შედეგადაც ამორჩეულს არა ამომრჩეველზე, არამედ კაცის კაცებზე დამოკიდებულს ხდის, მხოლოდ ერთობით თუ შევცვლით!