ქვეყნის 2016 წლის ბიუჯეტის მიღებისას სახელმწიფო ბიუროკრატიის შესანახი ხარჯი კვლავაც დებატების ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად რჩება.
ამთავითვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება იმდენად ბიუჯეტის პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენადაც ქვეყნაში არსებული წეს-რიგისა და მეტიც: წეს-წყობილებისას. მართლაც:ბიუჯეტისათვის ეს იმდენად გადამწყვეტი არ არის, რადგანაც ქვეყნის მიერ გასაწევ მთლიან ხარჯში მოხელეთა შენახვის ხარჯს არც თუ დიდი ხვედრითი წილი უჭირავს.
სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუროკრატიის შენახვასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა საბიუჯეტო პრობლემათა სფეროს შორს სცილდება და იგი გაცილებით მეტად მნიშვნელოვანია:
ბიუჯეტის პროექტმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ პრემია-დანამატების გაანგარიშების არც რაიმე ობიექტური კრიტერიუმები და არც მათი განაწილების რაიმე რაციონალური პრინციპი არ არსებობს. ქვეყანას დღემდე არ გააჩნია მოხელეთა შრომის ანაზღაურების სისტემა. ბიუროკრატიის შენახვა წეს-რიგს კი არ ემყარება, არამედ პატრონთა იმ სუბიექტურ ნებას, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად პრემია-დანამატებსაც განაგებს!
ამ სფეროში გამეფებული უწესრიგობა და სუბიექტურობა პირდაპირ მიუთითებს: ქართველი მოხელე იმდენად გაწეული შრომის სათანადო საზღაურს კი არ იღებს, რამდენადაც ჯილდოსა და სასყიდელს მმართველი პოლიტიკური კლასისგან!
პრემია-დანამატების უწეს-რიგობა თვალსაჩინო ნიშანია, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური ბიუროკრატია ძალაუფლება მოპოვებული პოლიტიკური კლასის მსახურია და არა ქართველი ერის მოსამსახურე!
ამიტომაც: თუნდაც მხოლოდ პრემია-დანამატებითაა გამოაშკარავებული არსებული წეს-წყობილება: პატრონ-კლიენტელიზმი, რომლის დაცვასა და კიდევ უფრო განმტკიცებას პატრიმონიალური ბიუროკრატია კვლავაც ერთგულად ემსახურება!
პატრიმონიალური ბიუროკრატიის არსი
ბიუროკრატიის ტიპოლოგია დიდი გერმანელი მეცნიერის, „სოციოლოგიის მამად“ წოდებული მაქს ვებერის მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დადგინდა. ვებერის თანახმად, ბიუროკრატიის ორი იდეალური ტიპი არსებობს - პატრიმონიალური და რაციონალური. “Patrimonium” – ლათინური სიტყვაა და იგი ძველი რომის სინამდვილეში იმპერატორის პირად განკარგულებაში არსებულ რესურსს აღნიშნავდა. ამ რესურსის გამოყენება იმპერატორს თავიდან-ბოლომდე ნება-სურვილისამებრ შეეძლო და სენატს არავითარ ანგარიშს არ აბარებდა.
ვებერმა ეს ლათინური სიტყვა პატრონის პირად განკარგულებაში არსებული სამსახურის აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად გამოიყენა. ამით ასეთი ტიპის ბიუროკრატიის უმთავარეს ნიშან-თვისებას გაუსვა ხაზი: პატრიმონიალური ბიუროკრატია მაშინ და იმდენად არსებობს, როდესაც და რამდენადაც იგი პატრონის პირად სამსახურშია! ასეთ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ პატრონსა და მის ხელქვეითებს შორის ჩამოყალიბებული პირადი ურთიერთობებით და არა წინასწარ გათვლილი წესებით, როგორც ეს რაციონალური ყაიდის ბიუროკრატიისას ხდება, განისაზღვრება.
პატრიმონიალურ ბიუროკრატიაში თანამდებობებიცა და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობებიც ხელქვეითებს შორის პატრონის მიერ პირადად ნაწილდება; ნაწილდება არა კომპეტენციების, ე.ი. იმის მიხედვით, ვის რა უნარი აქვს და რისი შემძლეა, არამედ - როგორაცაა დავალებული პატრონისაგან ხელქვეითი და რა წყალობასაც იგი პირადი მსახურებისას მოიპოვებს.
რასაკვირველია, მსახურის კარიერაცა და მისი მატერიალური უზრუნველყოფაც უშუალოდ პატრონის სუბიექტურ ნებაზეა დამყარებული; ამ დროს პატრონის მიმართ პირადი ერთგულებაა გადამწყვეტი და არა პროფესიული ცოდნა-გამოცდილება. პატრიმონიალური ბიუროკრატია ძირითადად კონკრეტული პირადი ინტერესებისა და განწყობების შესაბამისად ირჯება. მსახურის ქცევის უცვლელი წესია: პატრონს ერთგულება და თავდადება რეგულარულად, ყოველ ჯერზე თავიდან დაუმტკიცოს; იმდენად საქმე კი არ შეასრულოს, რამდენადაც პატრონი დატოვოს კმაყოფილი და ნასიამოვნები, რათა მისგან სარგებელი ნახოს, პატრონისგან ერთგული სამსახურისათვის სათანადო სასყიდელი და თუ გაუმართლა, ჯილდოც მოიპოვოს; ასეთი ჯილდო-სასყიდელი კი პატრონის წყალობაა და არა პროფესიული საქმიანობისათვის მიღებული ჯამაგირი.
პატრიმონიალურ ბიუროკრატიაში უწინარესად პატრონის კეთილგანწყობა ფასდება და არა პროფესიული განსწავლულობით მიღწეული ეფექტიანი მუშაობა; მსახურის შეფასებაც, რაღა თქმა უნდა, სუბიექტურია და არა ობიექტური; შეფასების კრიტერიუმები ირაციონალურია - მსახურის მიერ პატრონზე მოხდენილი შთაბეჭდილებით და შესაბამისად, მსახურის მიმართ პატრონის პოზიტიური ან ნეგატიური ემოციური განწყობებით განიზომება.
პატრიმონიალურის საპირისპიროდ რაციონალური ყაიდის ბიუროკრატიაში საქმის ინტერესები, უფლება-მოვალეობათა რაციონალური დანაწილება, მოხელეთა პროფესიული განსწავლულობა და დაოსტატება, საქმისათვის გარჯის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება, მკაფიო წეს-რიგის მიხედვით მოქმედება, ასევე მკაფიო შრომის ანაზღაურების სისტემაა დამახასიათებელი და არა პირადი ერთგულების საზომით დაფასებული ემოციური ურთიერთდამოკიდებულებანი.
ძალზე მოკლედ რომ დავახასიათოთ განსხვავება პატრიმონიალური და რაციონალური ყაიდის ბიუროკრატიებს შორის, შეგვიძლია ასეც ვთქვათ:
პატრიმონიალური ბიუროკრატია პატრონის პირად მსახურთა ინსტიტუტია, ხოლო რაციონალური ბიუროკრატია საჯარო საქმის ინტერესების სამსახურში ჩაყენებულ პროფესიონალთა ინსტიტუტი.
ბუნებრივია, იქ, სადაც დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო არსებობს, პატრიმონიალური ბიუროკრატიის - ე.ი. პატრონთა პირადი მსახურების ინსტიტუტის ადგილი არ არის და პირიქით: იქ, სადაც რაციონალური საჯარო სამსახური ვერ ყალიბდება, დემოკრატიულ წეს-წყობილებასა და სამართლებრივ სახელმწიფოსაც არა აქვს ადგილი!
პოსტ-ნომენკლატორული ქართული ბიუროკრატიის ისტორიული წარმომავლობა და დღევანდელი სახე
დღევანდელი ქართული ბიუროკრატიის ტიპოლოგიისათვის მისი ისტორიული წარმომავლობა არსებითია. დამოუკიდებელმა საქართველომ გვიან-საბჭოური კლანურ-ნომენკლატორული, კორუმპირებული ბიუროკრატია მემკვიდრეობით მიიღო და აგერ უკვე 20 წელზე მეტია ვერაფრით მოახერხა მისი კანონიერების ფარგლებში მოქცევა და დემოკრატიული ტრანსფორმაცია.
ნომენკლატურა თანამედროვე ქართული ბიუროკრატიის წინარე სახე და ერთგვარი არქეტიპია. ნომენკლატურა ფორმალურად ლენინმა შექმნა ჯერ კიდევ 1920 წელს. ეს იყო პატრიმონიალური ტიპის ბოლშევიკური ბიუროკრატიის ახალი მოდელი, რომელიც პარტიული იერარქისადმი ერთგულებისა და უსიტყვო მორჩილების დრაკონულ წეს-რიგს ეფუძნებოდა.
ნომენკლატურა წარმოადგენდა ბოლშევიკური იერარქიის შესაბამისად დალაგებულ პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობების იერარქიულ რიგს. ამ რიგის ყოველ საფეხურს თავისი ბოლშევიკი გამგე-პატრონი ჰყავდა; თითოეულ ნომენკლატორულ თანამდებობაზე გამწესება ამ გამგე-პატრონის პირად ნებას წარმოადგენდა; დანიშვნა-გათავისუფლებაში ჩარევა მხოლოდ ზემდგომ ბოლშევიკს შეეძლო; ყოველი ქვემდგომი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ზემდგომს; რაც მთავარია, ვალდებული იყო ამ მორჩილების რეგულარული და ერთგვარად „ლიტურგიული“ დემონსტრირება მოეხდინა; სხვა ფორმალურ მოთხოვნებს თანამდებობაზე დასანიშნად და ზოგადად, კარიერის გასავლელად მხოლოდ დამხმარე, ტექნიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ლენინის "დემოკრატიული ხედვა" ბოლშვიკურ დარაზმულობას ვერ გასცდა - მისი ე.წ. "დემოკრატიული ცენტრალიზმის" პრინციპი ამის ნათელი დასტურია; იერარქიულობა და ცენტრალიზმი - სწორედ ეს იყო როგორც პარტიული, ისე საბჭოთა (ფორმალურად სახელისუფლებო) და ე.წ. სამეურნეო მმართველობის უმთავრესი პრინციპი, რის შედეგადაც ნომენკლატურა ბოლშევიკური სისტემის კარკასად, მის ძირითად "მზიდ კონსტრუქციად" განიხილებოდა.
ლენინის ანდერძის ამსრულებელი ბელადი - თავად სტალინი ნომენკლატურას ასე განმარტავდა: "ეს არის ხალხი, რომელიც მუდმივად მზადაა უსიტყვოდ მიიღოს, გაითავისოს და განუხრელად განახორციელოს დირექტივები"...
სტალინურ ეპოქაში ნომენკლატორული სისტემა პრაქტიკულად შეიქმნა როგორც მანამდე არნახული, ხისტად ზე-ცენტრალიზებული დრაკონული მანქანა: უმაღლეს საფეხურზე იდგა გენერალური მდივნის და პარტიის ცკ-ს ნომენკალტურა; შემდგომზე - ცკ-ს წევრებისა; უფრო ქვემოთ - მოკავშირე რესპუბლიკის ცკ-ს მდივნის, ცკ-ს წევრების ნომენკლატურა, შემდეგ რაიკომის მდივნებისა და ა.შ. ბუნებრივია, ხისტ ზე-ცენტრალიზმსა და ავტომატურ მორჩილებას სტალინი რელიგიის რანგში აყვანილი კომუნისტური იდეოლოგიით, აგრეთვე, სისტემური და რეგულარული რეპრესიების გამოყენებით უზრუნველყოფდა. თავად იდეოლოგიური და რეპრესიული აპარატი (მაგ. ენ-კა-ვე-დე), ცხადია, მის პირად ნომენკლატურას წარმოადგენდა.
მხოლოდ იდეოლოგია და რეპრესიები, რასაკვირველია, ძალაუფლების სიმყარესა და სტაბილურობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა; „ტვინების გამორეცხვასა“ და „მათრახთან“ ერთად „თაფლკვერიც“ საჭირო იყო. სწორედ ამიტომ, ნომენკლატორული პრივილეგიების მყარი სისტემაც შეიქმნა: იერარქიულად დანაწილებული ეს პრივილეგიები, მაგ. გამორჩეული სტანდარტით შექმნილი სპეციალიზებული, დახურული სასადილოები თუ სანატორიუმები, საცხოვრებელი ბინითა თუ სამსახურებრივი ავტომანქანით უფასოდ უზრუნველყოფა, ძვირფასი დელიკატესებითა თუ უცხოური მოდური ტანისამოსით სპეცსაწყობებიდან მომარაგება და რაც მთავარია - მაღალი სოციალური სტატუსი, რაც, ცხდია, რიგითი მუშაკისათვის ყოვლად მიუწვდომელი იყო, ერთგულ მსახურთა სასყიდელსა და ჯილდოს წარმოადგენდა...
...სტალინის სიკვდილის შემდგომ მის არაადამიანურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებაზე დაფუძნებული ზე-ცენტრალიზმი მოიშალა; კომპარტიის იერარქებსა და მათ დაჯგუფებებს შორის დაიწყო ძალაუფლებისათვის ფარული, მაგრამ გააფთრებული ბრძოლა. ბუნებრივია, ამ ბრძოლებში ნომენკლატურას, როგორც ერთდროულად საშუალებასა და მიზანს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. პოსტ-სტალინური საბჭოთა ისტორია დიდი და მცირე „ნომენკლატორული ომების“ ისტორიაა. საბოლოოდ ერთიანი და ხისტად ზე-ცენტრალიზებული სტალინური, დრაკონული სისტემა გვიან საბჭოთა პერიოდში კლანურ-ნომენკლატორულ, კორუმპირებულ კვაზი-სისტემად გადაგვარდა და სსრკ-საც ბოლო მოეღო....
...საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ვითომ რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა შეიქმნა, რომელიც ჯერ 1994 და შემდეგ - 1997 წლებში მიღებულ „სჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს უნდა დაფუძნებოდა; მაგრამ რაციონალური სისტემის ასაგებად მხოლოდ კანონი, ცხადია, არ აღმოჩნდა საკმარისი. სინამდვილეში, ძალაუფლებისათვის ბრძოლის ციკლების მიხედვით საქართველო „ნომენკლატორული ომების“ ციკლებსაც თავიდან იმეორებდა და „ახალ“ პოსტ-ნომენკლატურას ყოველ ჯერზე თავიდან ქმნიდა...
...სააკაშვილის დროს ფაქტობრივად დაშლილ-დაქუცმაცებული შევარდნაძისეული ნომენკლატურის ახალგაზრდა კადრებით თავიდან დაკომპლექტება და ერთი პატრონის ხელში ვერტიკალურად „სწორება-დალაგება“ განხორციელდა; იერარქიული რიგის ქვედა და საშუალო ეშელონებში კორუპცია მართლაც მოისპო; რეალურად ეს იყო ნაბიჯი გვიანი პერიოდის საბჭოური ტიპის კლანური ნომენკლატურის "სტალინიზაციისაკენ". „სტალინიზაცია“ ნაცადი დრაკონული ხერხებით - რეპრესიებითა და ნომენკლატორული პრივილეგიების დანერგვით, რაც პირწავარდნილი პროპაგანდით იყო გამართლებულ-მხარდაჭერილი, ხორციელდებოდა; იდეოლოგიის ერთგვარი სუროგატის შექმნა სააკაშვილმა მოხერხებული ფიარისა და ტოტალური მედიის გამოყენებით შესძლო; ბუნებრივია, საბოლოო ჯამში სააკაშვილის მასშტაბი სტალინური ტიპის ნომენკლატურის შესაქმნელად სასაცილოდ მცირედი იყო და მან ნომენკლატურის ოდენ ბოროტი კარიკატურა შექმნა; თანაც:სააკაშვილი საკუთარ კორპორაციასა და მის მსახურ ნომენკლატურას ნიღბავდა „დემოკრატიული მოდერნიზაციით“. ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, მაინც იძულებული გახდა დემოკრატიისათვის მძიმე ხარკი გადაეხადა - იგი სწორედ დემოკრატიული არჩევნებით დამარცხდა და ხელისუფლებას ჩამოშორდა, რაც, ცხადია, ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა ნებისმიერი ვარიაციის საბჭოურ ისტორიაში.
სააკაშვილის დამარცხების შემდგომ თვალს ვადევნებთ პროცესს, როდესაც მისი ცენტრალიზებული ნომენკლატორული სისტემა ისევ ცალკეულ ნომენკლატორულ კლანებად იშლება; ვერტიკალი, ცხადია, ჯერ ისევ შენარჩუნებულია, მაგრამ საგრძნობლად შესუსტებული; რეპრესიები და პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ფიარი აღმოიფხვრა, თუმცა ნომენკლატორული პრივილეგიების როლი სისტემის შესანახად არამც თუ შეირყა, არამედ გაცილებით გაძლიერდა კიდეც. პრემიები და დანამატები ფაქტიურად ძირითადი ინსტრუმენტია, რითაც ახალი პატრონი ცდილობს პატრიმონიალური ბიუროკრატიის უხვი ჯილდო-სასყიდელით შენარჩუნებას, ვინძლო: „უხვსა მორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია!“
კლანურ-ნომენკლატორული კვაზი-სისტემა სტრუქტურული ხასიათით დღეს ასეთია:
უმაღლეს საფეხურზე დგას ივანიშვილის პირადი ნომენკლატურა: მთავრობის ხელმძღვანელი და წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, სხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები - პრეზიდენტისა და თვით დედაქალაქის მერის ჩათვლითაც კი - ფორმალური არჩევნების მიუხედავად ივანიშვილის მიერ პირადად დასანიშნ თანამდებობებს განეკუთვნება და ცხადია, დანიშვნისას წამყვანი პრინციპი პირადი ერთგულება და პატრონის კეთილგანწყობაა;
შემდეგ საფეხურზეა პრემიერის ნომენკლატურა; შემდეგზე - გუბერნატორებისა; ბოლო საფეხურზე კი მერებისა და გამგებლების ნომენკლატურებია. „ბოროტი ენები“ იმასაც ამბობენ, რომ თავად გუბერნატორები, მერები და გამგებლები „ძალოვნების“, ე.წ. სუს-ის ნომენკლატურაა; ისიც აღსანიშნავია, რომ განკერძოებული კლანის სახით კოაბიტაციურ რეჟიმში შენარჩუნებულია სააკაშვილის პირადი ერთგულებით შეპყრობილი ბიუროკრატიული კადრებიც. ასევე, კოალიციაში შემავალ წვრილ-წვრილ პარტიებსაც თავიანთი კლანური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ხელი მიუწვდებათ საშუალო და ქვედა რგოლის ნომენკლატორულ ეშელონებში საკუთარ კლიენტთა დასასაქმებლად....
....საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა აშკარად აჩვენა, რომ დღევანდელი პოსტ-ნომენკლატურის მისია მყარი და უცვლელია - ე.წ. არჩევნებში პატრონის გამარჯვების უზრუნველყოფა, რათა შემდგომ გამარჯვებულმა პატრონმა ერთგული სამსახურისათვის წყალობა გაიღოს, მსახურთა სასყიდელი გადაიხადოს, გამორჩეულნი დააჯილდოვოს, ხოლო ურჩნი განდევნოს და დასაჯოს!
თავისთავად ეს კლანურ-ნომენკლატორული სისტემა პატრონ-კლიენტელური სოციალური ურთიერთობების ბიუროკრატიულ-სტრუქტურული დასაყრდენია.
რასაკვირველია, პატრონ-კლიენტელიზმისა და კლანურ-ნომენკლატორული ბიუროკრატიის პირობებში როგორც დემოკრატია, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მხოლოდ მოჩვენებითი შეიძლება იყოს.
„გვერდზე“ ანდა სამომავლოდ გადადებული კანონი
პატრონ-კლიენტელურ სისტემაში კანონს ოდენ დამხმარე მნიშვნელობა აქვს; აქ პატრონია უზენაესი და არა კანონი. პატრონის ნებაა და არა კანონი პოსტ-ნომენკლატორული ბიუროკრატიის შენახვის საფუძველიც. დღევანდელი პატრონები ცდილობენ თავიანთ მსახურთა ჯილდო-სასყიდელი კანონით შენიღბონ ან უსამართლო პრემია-დანამატების მოხვეჭა-გაცემა ვითომცდა არასრულყოფილი კანონმდებლობით გაამართლონ, მაგრამ ყალბი და ფუჭია ეს ვერაგული მცდელობა.
მართლაც: დღეს მოქმედი კანონის მიხედვით დანამატი და მისი შემოღების უფლება ასე განიმარტება (იხ. მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი): „სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.“
როგორც ვხედავთ, კანონის თანახმად, დანამატების (გარდა საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატისა, რომელიც ისედაც არ არის პრაქტიკულად შემოღებული!) დაწესების უფლება, მოქმედი კანონით მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს აქვს! სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებას ეს კანონიცა და მთლიანად კანონმდებლობაც ერთი-მეორისგან მკაფიოდ მიჯნავს! გამომდინარე, ყველა ის დანამატი, რაც მუნიციპალური და არა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელთა მიერ, მათ შორის მერი ნარმანიას მიერ, არის შემოღებული, იმთავითვე უკანონოა!
აქ მუნიციპალური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დანამატების შემოღების უკანონობაზე მსჯელობას თავიც რომ გავანებოთ, ის არის ყველაზე არსებითი, რომ მოქმედი კანონის თანახმად დანამატების დაწესება მხოლოდ „ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებშია“ შესაძლებელი. ე.ი. დანამატი რომ შემოიღო, სახელფასო ფონდში აუცილებლად ეკონომია უნდა გასწიო. ლოგიკურად ასეთ ეკონომიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასწევ, თუკი დაწესებულების ან საშტატო რიცხოვნობას ანდაც თანამდებობრივ სარგოებს შეამცირებ. სხაგვარად ეკონომია ვერასგზით ვერ წარმოიშობა! მოქმედი პრაქტიკა კი სრულიად საპირისპიროა - წლის დასაწყისში დადგენილი საშტატო რიცხოვნობაცა და თანამდებობრივი სარგოებიც წლის განმავლობაში არსად, არც ერთ დაწესებულებაში არ მცირდება - პირიქით: იზრდება კიდეც! მაშ ეკონომია და შესაბამისად, ეს დანამატები საიდან?! ალბათ „ღმერთის კრიშიდანო“ - როგორც ამ დროს ამბობენ ხოლმე?!
დანამატის მაგალითზეც სავსებით ცხადია, რომ დღევანდელი პატრონების მიერ მოქმედი კანონი გვერდზეა გადადებული, რადგან ამ კანონის მიხედვით დანამატების დაწესების არსებული პრატიკა ცალსახად დაუსაბუთებელი და მაშასადამე, უკანონოა! კანონი რომ კანონობდეს და გვერდზე არ იყოს გადადებული, მერი ნარმანიასა და სხვა ხელმძღვანელთა მიერ უკანონო დანამატების შემოღება თანამდებობრივ დანაშაულად შეფასდებოდა და მათ სისხლის-სამართლებრივი პასუხისგება არ ასცდებოდათ ბიუჯეტის გაფლანგვისათვის!
უაღრესად მნიშვნელოვნია, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო და თითქოს საჯარო სამსახურში არსებულ პატრიმონიალურ სისტემას რეფორმირებისათვის ახალი მძლავრი სტიმული უნდა მისცემოდა. ახალი კანონი ნამდვილად იძლევა ამის საფუძველს, რადგან იგი გაცილებით უფრო გამართული და სრულყოფილია, ვიდრე დღეს მოქმედი.
მაგრამ რად გინდა?! უკეთესი ახალი კანონის ამოქმედება 2017 წლამდეა გადადებული! ასევე, ახალი კანონის თანახმად: „მოხელის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით“ (იხ. ახალი კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი), ხოლო ახალი კანონის 126-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით: „2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები სპეციალურ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“
მაშასადამე, რადგან ახალი კანონის მოქმედება 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიდო და საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების სისტემა 2016 წლის 1 სექტემბრამე არასგზით არ მოწესრიგდება, გამოდის, რომ მოქმედი კანონი გვერდზე გადადებულია, ხოლო ახალი - დროში გადადებული!
რატომ?! ალბათ იმიტომ, რომ 2016 წელს კვლავაც არჩევნებია მოსაგები და დღევანდელ პატრონებს სხვაგვარად არჩევნების მოგება, თუ არა პოსტ-ნომენკლატორული ბიუროკრატიის ხარჯზე, უბრალოდ არ ძალუძთ! ხოლო პოსტ-ნომენკლატურის ამგვარ მოხმარებას კი სათანადო ჯილდო-სასყიდელი უეჭველად სჭირდება! პრემია–დანამატები დღეს სხვა არაფერია, თუ არა კანონით დაუსაბუთებელი პრივილეგიები, რაც პატრიმონიალურ ბიუროკრატიას პატრონის ერთგული სამსახურისათვის სჭირდება!
როგორც აქ მოყვანილი ამ მცირე „საკანონმდელო ანალიზიდანაც“ ჩანს, აშკარაა - პრემია-დანამატების უსამართლობისა და უკანონობის შენარჩუნება ვირ-ეშმაკულად, ე.ი. კანონის გვერდზე ან სამომავლოდ გადადების გზით ხდება!
...სავარაუდოდ, ისევე, როგორც წელს საგარეჯოში, დღევანდელი პატრონები მომავალი წლის არჩევნებშიც გაიმარჯვებენ!
რა იქნება არჩევნების შემდეგ?! როდესაც პოსტ-ნომენკლატურა ერთგული მსახურებისათვის უფრო მეტ ჯილდო-სასყიდელს მოითხოვს?!
სავარაუდო პასუხი ახალი კანონისაგან განსხვავებით იმედის მომცემი სულაც არ არის: ჯილდო-სასყიდელის, ე.ი. პრემია-დანამატების პრაქტიკა სავარაუდოდ კვლავაც გაგრძელდება, ხოლო საჯარო სამსახურის რეფორმაცა და შესაბამისად, კანონიც, როგორც ეს გამუდმებითხდებოდა და დღესაც ხდება, ისევ გვერდზე ანდაც უფრო გაურკეველი და ბუნდოვანი მომავლისათვის იქნება გადადებული!
როდემდე? აღარ კმარა?!