"ჯოჯოხეთის რეკლამა" და უგულავას "თბილისური ამბები

გასულ კვირას თბილისის მერიამ დედაქალაქის მთავარ ამყვავებელ-გამამწვანებელ კომპანია "გრინსერვისთან" გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა, მიზეზად ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული თანხის გაფლანგვა დასახელდა. არადა, "გრინსერვისი" ის კომპანიაა, რომლის ლობირებაშიც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი სწორედ თბილისის მერს ადანაშაულებს. რით აიხსნება უგულავას ამგვარი გადაწყვეტილება, რა უჯდება მერიას "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტული ჟურნალის, "თბილისური ამბების" გამოცემა და რით ჰგავს  ხელისუფლების ახალი ინიციატივა (ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე) "ჯოჯოხეთის რეკლამას"? - ამ საკითხებზე კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გვესაუბრება.

თინა ხიდაშელი: - ადრეც ვლაპარაკობდი თბილისის მერის უშუალო კავშირზე "გრინსერვისთან", რომელიც კორუფციული სქემებით მილიონებს აკეთებდა. ამ კომპანიის მფლობელები თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელის ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე არიან  კობა ხარშილაძე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი იყო, ლაშა ფურცხვანიძე კი გიგი უგულავას ახლო მეგობარია. საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა ის, რაც გასულ კვირას ვიხილეთ, - მერიამ "გრინსერვისთან" გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. უფრო მეტიც, უგულავამ საგამოძიებო სტრუქტურებს კომპანიაში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ტენდერით მიღებული ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა მოსთხოვა. ჰოი, საოცრებავ! თურმე თბილისის მერმა მხოლოდ ახლახან "გაარკვია", რომ კვიპაროსის ნერგები იმაზე ბევრად იაფი ღირს, ვიდრე "გრინსერვისმა" იყიდა. ჩვენთან რატომღაც ტრადიციად დამკვიდრდა (განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში) - "სკანდალურ კორუფციულ სქემას" გახსნიან, თანამდებობის პირებს დააკავებენ, რომელთა ბედს შემდგომ აღარავინ კითხულობს და მალე მათ ახალი პოსტები უკავიათ... ვიცი, რომ ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მერი უნდა დაიჭირონ ან მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ვიცით, რომ უგულავას არ დაიჭერენ. ე.ი. "გრინსერვისთან" ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ პიარაქციაა, არჩევნების შემდგომ კი მას ახალ კონტრაქტებს გაუფორმებენ, თუკი ისევ ხელისუფლება გაიმარჯვებს.

იცით, ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლა როდის დავიწყე? სწორედ მაშინ, როდესაც ახალი ესტაკადა გაკეთდა და მასზე დამონტაჟებულ-გადმოკიდებული ყვავილებიანი ქოთნები ვიხილე. თურმე მთელი ეს ჩონჩხი - ყვავილები ქოთნებიანად ნახევარი მილიონი ღირებულა. კვალს მივდიე და კომპანიის შექმნის თარიღით, დამფუძნებლებით, წლიური ბრუნვითა და სხვა ინფორმაციით დავინტერესდი. დავადგინე, რომ მასთან სახელმწიფოს 146 კონტრაქტი ჰქონია გაფორმებული. თბილისისა და ბათუმის გამწვანება მთლიანად ამ კომპანიას ჰქონია მინდობილი. მასშტაბურ ტენდერებს მხოლოდ "გრინსერვისი" იგებდა, მაშინ როცა იმავე პროფილით საქმიანობის უფლება 78 კომპანიას აქვს. "გრინსერვისის" წლიური ბრუნვა უკვე მრავალმილიონიანი იყო. მას კიდევ 1.800.000-იანი ტენდერები (სამი ტენდერი) უნდა მოეგო, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების წინ ეს ვიღაცამ პოლიტიკურად წამგებიანად ჩათვალა. თავდაპირველად, მერიის გამოცხადებული ტენდერებიდან (სადაც "გრინსერვისი" მონაწილეობდა) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხსნიდნენ კონკურენტ კომპანიებს. შევისწავლე სატენდერო დოკუმენტაციები, რომელთაც თავად ქალაქის მერი აწერს ხელს, - ისინი ერთმანეთის იდენტურია (ქალაქის მერი ერთსა და იმავე სამუშაოზე პერიოდულად აცხადებს ტენდერს და ყოველ ჯერზე, ერთსა და იმავე კომპანიას აცხადებს გამარჯვებულად). რა გამოდის? იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ცუდად არის შესრულებული და მერია იმავე სამუშაოს შესრულებაზე ახალ ტენდერს აცხადებს, იგივე კომპანია, რომელმაც ცუდად იმუშავა, ტენდერს როგორ იგებს?! ხშირად ტენდერების შემდეგ არავითარი საქმე არ სრულდებოდა (იმ მარტივი მიზეზით, რომ უკვე შესრულებული იყო). ამას ე. წ. ატკატსაც კი ვერ დავარქმევ, რაც ვიღაცისთვის ფულის გაყოფას, უკან დაბრუნებას ნიშნავს. მილიონობით ლარი უბრალოდ ქრებოდა ბიუჯეტიდან. ბათუმის ბულვარით დაწყებული და თბილისის აეროპორტის ტრასით დამთავრებული, გამწვანების ყველა ძვირად ღირებული სამუშაო "გრინსერვისის" შესრულებულია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ფურცხვანიძისა და ხარშილაძის კაბინეტებში (ძველი თბილისის გამგებლისა და მოადგილის პოსტებზე ყოფნისას) მოსასმენი აპარატურები იპოვეს. უგულავამ ისინი თანამდებობებიდანაც მალევე გაათავისუფლა, თუმცა საზოგადოების თვალის ასახვევად. იმხანად სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებაზე იყო ლაპარაკი და როგორც ჩანს, გიგი უგულავა იძულებული გახდა, მერაბიშვილთან ურთიერთობა აღარ გაემწვავებინა. რამდენიმე დღეში ხარშილაძე და ფურცხვანიძე "გრინსერვისის" 50-50%-იანი წილის მფლობელები გახდნენ და ტენდერები ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მერს ჟურნალ "თბილისური ამბების" გამოცემა და მოსახლეობაში უფასოდ დარიგება მილიონ ლარამდე უჯდება. 

- ადგილობრივ არჩევნებამდეც გამოიცა ჟურნალი "თბილისური ამბები", რომელიც უფასოდ დარიგდა. საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იყო შესრულებული, ძვირად ღირებული ქაღალდით, სქელი გარეკანით, უმაღლესი ხარისხის ფერადი ფოტოებით. მასზე გაწეულ ყველა დანახარჯს თუ გავითვალისწინებთ, ოჯახებამდე მიტანისა და გავრცელების ჩათვლით, მილიონი ლარიც ცოტაა. ახალ "თბილისურ ამბებში" მერიის "წარმატებულ" პროექტებზეა ლაპარაკი, რომელიც სინამდვილეში დიდი ხანია ჩავარდა, მაგრამ ხელისუფლებას სურს ხალხმა ვირტუალურ კეთილდღეობაში  იცხოვროს.

ამ ჟურნალში რეკლამაც ბევრია.

- ე. ი. ეს ბიზნესმენებისთვის ფულის "შეწერის" მორიგი ფაქტია. განა შეიძლება რეკლამა შეუკვეთო ჟურნალს, რომელიც არ არსებობს? მოქმედი ჟურნალების რედაქციებსაც კი არ შესდით ამდენი რეკლამა.
საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, მოვითხოვ "თბილისური ამბებისთვის" გადახდილი თანხებიც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბიუჯეტში აისახოს. მე ამ ჟურნალს ნათია მოგელაძეს გავუგზავნი, რათა გაარკვიოს "პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირების" ვინაობა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს მკითხველს ერთი ინიციატივის შესახებაც ვაცნობო, რომელიც ჯარიმების შესაძლო ჩამოწერას შეეხება. პარლამენტი აპირებს, სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს ეს შეღავათი მისცეს, რაც სწორედ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია. მოკლედ, ჯარიმები (უბილეთოდ მგზავრობისთვის, "თელასის" თუ "ყაზტრანსგაზის" წინაშე დავალიანება და ა.შ) მოსახლეობას ჩამოეწერება. თუმცა ყველამ იცოდეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ნაცმოძრაობა" მოსახლეობას თითოეულ თეთრს ძმრად ამოადენს.

ამას მოჰყვება ხალხის ჯიბიდან გაათმაგებულად ფულის ამოღება. ერთი ცნობილი ანეკდოტი მახსენდება, სიკვდილის შემდეგ კაცი დაინახავს, რომ სამოთხეში მხოლოდ ბალახი ბიბინებს და სიმშვიდეა, ჯოჯოხეთში კი ცხოვრება დუღს, - კაფე-ბარები, გართობა, არაფერი აკლია. როგორც კი იტყვის, აქ მირჩევნიაო, ყველაფერი ქრება და კაცი მყისვე კუპრში აღმოჩნდება, ზემოდან კი ეშმაკი დასძახის: "ჰაა, რას იტყვი, ხომ მაგარი რეკლამა მაქვსო!" უამრავი გაჭირვებული მოდის ჩემთან, რომელთაც დავალიანების გამო დარიცხული მაღალი ჯარიმების სიმძიმე კისერზე აწევთ. ალბათ, ეს ინიციატივა მათ დროებით შეუმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ თუ "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს, ათმაგად გაუჭირდებათ. ასე არეკლამებს ნაცმოძრაობა თავისავე შექმნილ "ჯოჯოხეთის ქვეყანაში" მაგალითად, ერთი მარტოხელა ქალის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა, შვილები დაეხოცა, მის ოჯახს ტრაგედია და უბედურება არ აკლია. რამდენჯერმე მივმართე მერიას, რომ დახმარებოდა თუნდაც ერთჯერადად და ეშუამდგომლა "თელასსა" და "ყაზტრანსგაზთან" ჯარიმების ჩამოწერისთვის, მაგრამ უარი მივიღე. როგორ დავიჯერო, რომ ახლა ხელისუფლება ერთბაშად "გულკეთილი" გახდა და არა მარტო მას, არამედ ყველა პენსიონერსა თუ სოციალურად დაუცველს ჯარიმებისგან უანგაროდ ათავისუფლებს.

რას გვეტყვით ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებულ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებაზე?

- სამწუხაროდ, ეს არის კონსტიტუციის ცვლილებაში რამდენიმე ცვლილების მორიგი ცვლილება! მსჯელობენ, თუ რამდენი წელი უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. ხან ითქვა, ათი წელიო, ხანაც ხუთიო, ზოგიერთმა ორი წელიც საკმარისად ჩათვალა. შემიძლია ამდენი მუშაობით "დაღლილ" პარლამენტარებს შევთავაზო: ისე ხართ გზას აცდენილი, ბარემ კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რომ "ბიძინა ივანიშვილს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება". ეს ორიგინალურიც იქნება და სააკაშვილსაც ექნება საფუძველი თქვას, რომ პირველად მსოფლიოს ისტორიაში შევიდა ასეთი უპრეცედენტო ცვლილება კონსტიტუციაში!

სინამდვილეში, მინდა გითხრათ, რომ უკვე შეცვლილია საერთაშორისო საზოგადოებრიობის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მაგალითად, ფილიპ გორდონი არასდროს გამოირჩეოდა სააკაშვილის მთავრობის კრიტიკით, ახლახან კი განაცხადა, საქართველო არ არის მზად ნატოს წევრობისთვისო. ალბათ, ხელისუფლება დამეთანხმება, რომ ფილიპ გორდონი არც "გაზპრომის" აგენტი და არც მისი დაქირავებულია. მისი განცხადება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.

არ შემიძლია, ყურადღება არ გავამახვილო პრეზიდენტის გამონათქვამებზე, ვინაიდან მას რაციონალური აზროვნება დიდი ხანია დაკარგული აქვს. ვფიქრობდი, ბათუმში მისი გამოსვლის შემდეგ არაფერი გამიკვირდებოდა. მხედველობაში მაქვს მისი ფრაზები: "ტრამპმა "ლუსტრა" ნახა და ყბა ჩამოუვარდა", "ჩვენი პალმები იმდენად მოეწონა, რომ ფლორიდაში (რომელიც პალმების სამშობლოა) და კალიფორნიაში აპირებს ასეთი პალმების დარგვას და 500 ბროშურის დაბეჭდვა შეუკვეთა საქართველოს(?!)". მაინტერესებს, რას ეხება ეს ბროშურები?! აღარაფერს ვამბობ, ლას-ვეგასის რუკიდან წაშლის სურვილზე, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს პერიოდულად უჩნდება...

ბოლო დღეებში კი მისმა ინიციატივამ ელექტრონული მთავრობის შექმნის თაობაზე რეკორდი მოხსნა. ის, რომ "ღილაკს დააჭერთ თითს და მსხვილი მასშტაბით ადეიშვილი გამოგეცხადებათ", მართლაც ჰალუცინაციის მწვერვალია. წარმომიდგენია, რა ხასიათზე დადგებოდნენ ბიზნესმენები, რომლებიც პრეზიდენტს უსმენდნენ. მათ უღილაკოდაც ეცხადებათ ადეიშვილი, რაც არა მგონია, ძალზე სასიამოვნო იყოს. და კიდევ ერთი, - პრეზიდენტმა გასულ კვირას გოგო-ბიჭებს (ვერა ქობალიასა და დიმიტრი შაშკინს) მივლინებებში უსაქმურად სიარულის გამო უსაყვედურა, - ახალგაზრდებს ბრაზილიაში მოუნდათ გასეირნება, ჯობს, საქართველოში ისეირნონო. პრეზიდენტს რატომღაც დაავიწყდა, როცა თავად დადის მივლინებებში, ორი თვითმფრინავი თან დაჰყვება, ქართული დელეგაცია იმხელაა, რომ ერთი ავიატრანსპორტი არ ჰყოფნის. საზღვარგარეთ ვიგებ ხოლმე მათი ვიზიტის ამბებს.