გერმანელი მესაზღვრეების ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს საქართველოს საზღვრის გაძლიერება უმთავრეს პრიორიტეტად მიაჩნიათ. ეს არც არის გასაკვირი, რაკი ზოგიერთი მეზობელი ქვეყნისაგან განსხვავებით, ისინი სავსებით გულწრფელად არიან დაინტერესებულნი საქართველოს სახელმწფიოებრიობის გაძლიერებით. სახელმწიფო კი საზღვრიდან იწყება. უფრო მეტიც:. საზღვარი სახელმწიფოს უმთავრესი ნიშან-თვისებაა - კიდევ უფრო მეტად, ვიდრე არმია, ეროვნული ვალუტა და ასე შემდეგ.
გერმანელები გვპირდებიან, რომ, მატერიალური დახმარების გარდა, ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად შეიმუშავებენ „სასაზღვრო კონცეფციას“, რასაც უიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის. მატერიალურ დახმარებაში კი იგულისხმება აღჭურვილობის გადმოცემა, სპეციალური საშუალებები, ოპტიკა, კავშირგაბმულობა, მსუბუქი შეიარაღებაც კი და ასე შემდეგ.
ჩვენი საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ესეც ძალიან დიდი დახმარებაა. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, ვერავინ, თვით საქართველოს გარდა, საზღვარს ვერ შექმნის. ვგულისხმობთ, სახელმწიფო საზღვარს ყველა მისი ატრიბუტით. დღეს ქვეყანას „მოღიაღებული“ სახელმწიფო საზღვრები აქვს, კონტრაბანდა 70 პორცენტს აჭარბებს და ამ პირობებში რაღაც ეკონომიკური ორგანიზაცია ქვეყანაში თუ მაინც არსებობს, ესეც გასაკვირია.
საზღვრის ორგანიზების იდეალურ მაგალითად არის მიჩნეული ისრაელი, რომელიც 700-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვრის თითოეულ სანტიმეტრს აკონტროლებს (პირდაპირი მნიშვნელობით) ელექტრონული მოწყობილობებით. დანადგარების საერთო ღირებულება 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ბუნებრივია, ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელია საქართვლოსთვის – ასეთი მაშსტაბის დახმარებაც წარმოუდგენელია. გარკვეულწილად, ეს არც არის აუცილებელი, საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული რეალიებიდან გამომდინარე.
საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი უკანასკნელ წლებში ძალზე ღირებულ დახმარებას იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ვერც გერმანული აღჭურვილობა და ვერც ამერიკული კატარღები ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ.
როდესაც იგივე, გერმანელი და ამერიკელი სპეციალისტები გაეცვნენ უწყებისთვის გამოყოფილი სახსრების რაოდენობას, თავდაპირველად ხუმრობა ეგონათ: ამდენი ჩვენი სასაზღვრო ძალების ერთ პატარა, საშუალო მნიშვნელობის სასაზღვრო პოსტზე იხარჯება წლის განმავლობაშიო.
არადა, სინამდვილეში, დღევანდელი საქართველოსთვის სასაზღვრო ჯარი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტია. მისი გაძლიერება და ქმედითობა უამრავი ეკონომიკური და სოციალური პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს – სახელმწიფოებრივ პრობლემებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.
მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პიროვნულ ფაქტორს: სასაზღვრო ჯარებს დღეს ხელმძღვანელობს გამოცდილი და ჭკვიანი პროფესიონალი, გენერალი ვალერი ჩხეიძე. ამ თვალსაზრისით, იგი ბევრს აღემატება ჩვენს ძალისმიერ სტრუქტურებში. მიზერული დაფინანსების პირობებშიც კი, მან მეტნაკლებად ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება მოახერხა.
უეჭველია, თუ დაფინანსება ექნება, სასაზღვრო დეპარტამენტი საზღვრის იმ მონაკვეთებზე, სადაც საქართველოს იურისდიქცია რეალურად ვრცელდება, ქმედითი კონტროლის დაწესებას შეძლებს.
გერმანელი და ამერიკელი სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთს და პანკისის ხეობას, რომელიც საზღვრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ჩეჩნეთის საზღვარზე ეუთოს დამკვირვებელთა ყოფნა.
მოსალოდნელია დახმარება სხვა მონაკვეთებზე სასაზღვრო პუნქტების ორგანიზებაში და ტექნიკური თანადგომა, თუმცა, ამ სახის დახმარების განსაკუთრებული აუცილებლობა შეიძლება არც იყოს, ვინაიდან, პროფესიონალები სასაზღვრო უწყებებში მრავლად არიან.
მთავარია, მათ ჰქონდეთ სათანადო დაფინანსება და ტექნიკური უზრუნველყოფა, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს მაინც აუხდენელი ოცნებაა – ქართველ მესაზღვრეებს კვლავინდებურად უწევთ „პარტიზანობა“ საზღვრის იმ მონაკვეთებზეც, კი, სადაც არავითარი კონფლიქტი არ არის, ანუ „ჩასაფრების“ მეთოდით საზღვრის აშკარა დარღვევის აღკვეთა მეზობელ სახელმწიფოთა მხრიდან.
და მაინც, ჩვენს უბედურ, მშიერ მესაზღვრეს ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან იგი სახელმწიფოებრიობის უმთავრესი გარანტია – ასეთიც კი, ანუ მშიერი და ჩაუცმელი.