იმ მარტივი მიზეზით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სივრცე ჩაკეტილია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ვირტუალურიც (დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სატელეფონო ზარების განხორციელება გამორიცხულია), ინფორმაციის სიმწირეს ვუჩივით, განსაკუთრებით, ცხინვალიდან. თუმცა, მოარული ხმებით, ვიცით, რომ ედუარდ კოკოევს შემცვლელი მოეძებნა, სავარაუდოდ, ანატოლი ბიბილოვი. ინფორმაციის გამდიდრებაში ჩვენი სეპარატისტული რეგიონების პოლიტიკური ცხოვრების შესახებ მამუკა არეშიძე დაგვეხმარება.
რატომ არის, მაინცდამაინც, ბიბილოვი კოკოითის შემცვლელის რეალური კანდიდატურა?
– ბიბილოვი არანაირად გამორჩეული კანდიდატი არ არის. ის მოიაზრება, როგორც კოკოითის გუნდის წევრი, მაგრამ მოსკოვის თვალში ხასიათდება ერთი პლუსით: გარდა იმისა, რომ კოკოითის გუნდის წევრია, არის შოიგუს კაცი. შოიგუ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელია. ბიბილოვი ყოველთვის ფუნქციონერი იყო და თავი არც ერთ ომში არ გამოუდევს.
ცხინვალელია, ანუ ჩვენებური ოსია?
– ჩვენებური ოსია. არის კლასიკური ჩინოვნიკი და მასში არ არის არაფერი განსაკუთრებულად გამორჩეული და კრეატიული, არც პროქართულობით გამოირჩევა და არც ანტიქართულობით. როგორც ჩანს, მოსკოვი მიიჩნევს, რომ ბიბილოვი უნდა გახდეს „სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელი. თუმცა კოკოითი არ ჩერდება.
კიდევ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა?
– არა, კოკოითი ისევ ვაჭრობს, რადგან, როგორც ჩანს, მოსკოვიდან ვერ მიიღო მყარი გარანტიები, რომ მისი სიცოცხლე და ქონება დაცული იქნება.
დაცული ვისგან და სად? რუსეთში?
– რასაკვირველია. უნდა გავიხსენოთ, რომ მას სისხლის აღებით დაემუქრა ძმები „დიკებიდან“ უფროსი – ჯამბულატ თედეევი. ის ძალიან გავლენიანი პიროვნებაა. არის რუსეთის თავისუფალ მოჭიდავეთა გუნდის უფროსი და შედის იმ სპორტულ-ეკონომიკურ ბრიგადაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მიხეილ მამიაშვილი, რუსეთის ჭიდაობის სახეობების ფედერაციის თავმჯდომარე. თავის დროზე ძმებმა „დიკებმა“, ანუ თედეევებმა – ჯამბულატმა და იბრაგიმმა, მოიყვანეს კოკოითი „სამხრეთ ოსეთის“ სათავეში. კოკოითიც მოჭიდავე იყო და იქიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მათ არა მარტო მოიყვანეს კოკოითი, არამედ ფულიც დახარჯეს, დაახლოებით, 100 000 დოლარამდე. შემდეგ იბრაგიმი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა, ჯამბულატი კი მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ მოგვიანებით, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. სხვათა შორის, ჯამბულატმა რამდენჯერმე კაბინეტში სცემა კოკოითი, იმიტომ რომ არ დაემორჩილა. შემდეგ კოკოითმა მოახერხა ძალაუფლების საკუთარ ხელში მოქცევა და იბრაგიმ თედეევი გააგდო ცხინვალიდან. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ ოსეთში მოაკვლევინა კიდეც. ამის გამო ჯამბულატი მას სისხლის აღებით დაემუქრა და ეს ასეც მოხდება. ვიდრე კოკოითი „პრეზიდენტი“ იყო, ჯამბულატი უფრთხილდებოდა რუსეთის ინტერესებს და არ მოქმედებდა, ახლა კი კოკოითს აშკარა საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ითხოვს მაქსიმალურ გარანტიებს. სად უნდა იცხოვროს პოლიტიკიდან წასულმა კოკოითმა? ან უნდა დარჩეს ცხინვალში, სადაც დაცული არ იქნება, ან უნდა წავიდეს რუსეთში, თორემ რომელი ქვეყანა მიიღებს ადამიანს, რომელმაც ეთნოწმენდა მოაწყო?! გარანტიები სჭირდება და ამიტომაც ფაფხურობს. რით გამოიხატება მისი ფაფხური? თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინათ აურზაური ატყდა, რომ თითქოს ახალგორისკენ უნდა დაძრულიყო ქართველი ლტოლვილების ნაკადი, რაც მტკნარი სიცრუე იყო. საინტერესოა, რომ ზუსტად იმ დღეებში „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ტარდებოდა. მე ვფიქრობ, რომ კოკოითი იქაურ რუს ხელმძღვანელობასთან ერთად პროვოკაციაზე მიდიოდა ზუსტად იმიტომ, რომ გამოეწვია სასაზღვრო კონფლიქტი მაინც. საბოლოოდ, ქართული მხარის სიმშვიდის გამო ეს პროვოკაცია რა გამოუვიდა, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს რაღაც ამგვარს, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას თავისი საჭიროება დაუმტკიცოს. ბიბილოვი კი იმიტომ შეირჩა, რომ ძალის მხრივ არაფერს წარმოადგენს. ჩიბიროვის მსგავსი პიროვნებაა, თუმცა შესაძლოა, მისი მეტამორფოზა მოხდეს, მაგრამ დღემდე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არაფრით იყო გამორჩეული და არც აგრესიული ყოფილა ქართველების მიმართ.
„იუჟნაია ოსეტიასთვის“ სახელწოდების შეცვლა რატომ გახდა აქტუალური?
– იქ სულ ცდილობენ, რომ კრეატიულები იყვნენ. ახლა „სამხრეთ ოსეთის“ საზოგადოება იმითაა დაკავებული, რომ სახელწოდება შეცვალონ. ეს უკავშირდება პატარა ადამიანის კომპლექსს: მათთვის არ არის ხელსაყრელი „სამხრეთ ოსეთი“, რადგან ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ჩრდილოეთ ოსეთი, რომელთანაც რაღაც ფორმის ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ორი ვარიანტია: ირისტონი და ალანია. სხვათა შორის, ორივე სახელს ჰპარავენ ჩრდილოოსეთს, რადგან ირისტონიც და ალანიაც არის ჩრდილოეთ ოსეთის თვითდასახელებები. უნდა ითქვას, რომ ალანები არასდროს ცხოვრობდნენ არც სამხრეთ და არც ჩრდილოეთ კავკასიაში. მათი განსახლების არეალი იყო დონისპირეთი და აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და ისიც სადავოა, არიან თუ არა ოსები და ალანები ერთი ხალხი, მაგრამ ეს სხვა თემაა. რაც შეეხება ირისტონს: თვითდასახელების მიხედვით ოსები სამ ჯგუფად იყოფიან – დიგორელებად, მთიელ ოსებად, რომლებიც ძირითადად მუსლიმანები არიან; ირონელებად, ბარის ოსებად და კუდარელებად, სამხრეთელ ოსებად. ირონელები, ანუ ჩრდილოეთ ოსეთის ბარის ოსები არაფრის დიდებით არ დათმობენ თავიანთ თვითდასახელებას სამხრეთელი ოსების სასარგებლოდ, მაგრამ ესენი მაინც ფაფხურობენ, უნდათ, რომ თავი გამოიჩინონ და აჩვენონ დანარჩენ მსოფლიოს, რომ არსებობენ.
ბიბილოვი თავისთვისაა, არც პროქართველია და არც ანტიქართველიო. დაახლოებით, ანალოგიური კანდიდატია აფხაზეთშიც. ორივე სეპარატისტული მიმართულებით ანტიქართულობის მომენტი რატომ გადავიდა მეორე პლანზე?
– ბიბილოვთან დაკავშირებით ის შემიძლია, ვთქვა, რომ მოსკოვს მოჰბეზრდა თავნება ხელმძღვანელი „სამხრეთ ოსეთში“. სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელის თავნებობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება კი ანტიქართულობის დემონსტრირებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, „სამხრეთ ოსეთში“ განსაკუთრებული ადამიანი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ შემსრულებელი, იმიტომ რომ ძალიან მოიჭრეს თავი მშენებლობის პროცესში, როცა იმდენი ფული შეიჭამა ცხინვალში. მკითხავთ, ვინ მოიჭრა თავი? არა მხოლოდ კოკოითმა, რადგან არანაკლები თანხა მოიპარეს რუსმა ჩინოვნიკებმა, ვიდრე ის ფული ცხინვალამდე ჩამოვიდოდა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და კოკოითი ამას მუდმივად აყვედრის. მოსკოვს კი სჭირდება ადამიანი, რომელიც მიიღებს იმას, რასაც გადაუგდებენ და იქნება ჩუმად.
რაც შეეხება ანქვაბს: იქ ასე მარტივად არ არის საქმე, როგორც ეს თბილისში ვინმეს წარმოუდგენია. თბილისში, რატომღაც, ლაპარაკი არ არის არჩევნების ფალსიფიცირებაზე. ზუსტად თუ დავითვლით ხმებს, ვნახავთ, რომ ძირითადად გაიყო აფხაზების ხმები, თორემ აფხაზეთში მცხოვრებმა სხვა ეთნოსებმა თითქმის ერთი პირით მისცეს ხმა ანქვაბს.
ქართველების ჩათვლით.
– დიახ. როგორც ადრეც ვთქვი, ამ არჩევნებზე რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და ძირითადად იმუშავეს არააფხაზ ამომრჩეველზე.
სომხებმა რატომ მისცეს ხმა ანქვაბს?
– საქმეც ეს არის: სომეხი ამომრჩევლის 80-მა პროცენტმა ანქვაბს მისცა ხმა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ყველამ ერთად მიიღო ბრძანება მოსკოვიდან.
მოსკოვმა გაიყვანა ანქვაბი?
– დიახ და არის სხვა მიზეზიც: ანქვაბს იმიტომ მისცა ყველამ ხმა, რომ ყველას მოჰბეზრდა კრიმინალი და კორუფცია და უნდათ რკინის ხელი. იქაც მიდის ხმები ქართული გაფიარებული რეფორმების შესახებ და მათაც იგივე უნდათ, თუმცა არ იციან აქაური რეფორმების რეალური მექანიზმები. ამიტომ უნდათ ძლიერი ხელი, რომელიც მტკივნეულად ჩაატარებს ასეთ რეფორმებს. ასეთ ადამიანად კი შამბა არ აღიქმებოდა. თუმცა ვიმეორებ, მაინც ბრძანება იყო მოსული მოსკოვიდან და იმ ბრძანებით აირჩიეს ანქვაბი. რაში სჭირდებოდა მოსკოვს ეს? იმისთვის, რომ მუდამ დაამადლოს გაწეული სამსახური. არც არძინბას და არც ბაღაფშს მოსკოვისგან დასამადლებელი არაფერი ჰქონდათ, რადგან ორივე აფხაზეთის მოსახლეობის მიერ იყო არჩეული. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ანქვაბს არ აირჩევდა აფხაზეთის მოსახლეობა, მაგრამ მას აუცილებლად დასჭირდებოდა მეორე ტური. ამ შემთხვევაში კი პირველ ტურშივე მოიგო იმ ორი მიზეზის გამო, რომლებიც გითხარით.
და მაინც, ის არ არის ანტიქართველი კანდიდატი?
– მაგრამ ანქვაბი უშიშროების კადრია. მართალია, ხაჯიმბასგან განსხვავებით, მინსკის „კაგებეს“ სკოლა არ დაუმთავრებია, მაგრამ ძალიან დიდ ხანს მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სპეცსამსახურების თანამშრომელია. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ანქვაბმა გარკვეული გარანტიები მისცა მოსკოვს. არაანტიქართველობა კი მექანიკურად გამოვიდა. ბოლოს და ბოლოს, შამბას პუშკინში აქვს დამთავრებული ასპირანტურა, დისერტაციაც აქ დაიცვა და ძალიან ბევრ ადამიანსაც იცნობს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რას მოითხოვს სიტუაცია. სიტუაცია კი მოითხოვს ადამიანს, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის მართვა და რომელიც პრობლემას არ შეუქმნის მოსკოვს. ასეთები არიან ანქვაბიც და ბიბილოვიც. მაგრამ, აფხაზის ბუნებიდან გამომდინარე, კაცმა არ იცის, როგორ მოიქცევა ანქვაბი, როდესაც აფხაზებს დასჭირდებათ. ის ისეთივე ნაციონალისტია, როგორიც ბაღაფში იყო. თან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბაღაფშისთვის, რომელიც ფიქრობდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალ კალაპოტში გადაყვანას, ხელი შეეშლა. პირდაპირ გეუბნებით ამბავს, რომელიც არასდროს მითქვამს: 2006 წელს ვენაში მიმდინარეობდა ქართულ-აფხაზური დელეგაციების შეხვედრა, თან რუსების გარეშე. ამ შეხვედრაზე ლაკობამ თქვა, ჩვენ ახლა ვიწყებთ კონფედერაციის კამპანიას, თქვენ ხელი არ შეგვიშალოთ და მოგვეცით ნიშანი, რომ თანახმა ხართო, ოღონდ თქვენ სამმა კი არა, ვინც მოლაპარაკებებს ესწრებით, არამედ თბილისმაო. თბილისმა ნიშანი არ მისცა და გაჩერდა ეს პროცესი. არადა აფხაზებს ძალიან სჭირდებათ ამ კონფედერაციით თამაში. მართალია, კონფედერაცია ორი დამოუკიდებელი სუბიექტის ერთობას ნიშნავს, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს დაიშალოს, მაგრამ ეს დაშლა ასე მარტივიც არ არის. კონფედერაცია ნიშნავს ლტოლვილების დაბრუნებას, ანუ კონფედერაცია ასე ადვილადაც ვერ დაიშლება. აფხაზები იღებდნენ გარკვეულ გარანტიებს და უკონტროლო ფინანსებს, იმიტომ რომ დასავლეთი ფულს იხდიდა ამაში. ბუნებრივია, არა პირდაპირ, არამედ ინვესტიციების სახით. რადგან ეს იყო უნიკალური შანსი დასავლეთისთვის, ეჩვენებინა კონფლიქტის მოგვარების რეალური ნიმუში. ამდენად, აფხაზეთი ბევრს იგებდა აქედან, თუმცა მათ წაყენებული ჰქონდათ პირობები: ლტოლვილების დაბრუნება, ოღონდ არა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე და გალის რაიონის ძველ საზღვრებში აღდგენა, სადაც განთავსდებოდა საერთაშორისო პოლიცია. ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ უარი თქვეს, დღესაც არიან ხელისუფლებაში. მართალია, აფხაზეთი დღეს დამოუკიდებელია, მაგრამ მათ იციან, როგორიც არის მათი დამოუკიდებლობა, ამიტომ აფხაზები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოაწყონ ქვეყანა ისე, რომ მაქსიმალური მოგება ნახონ. მათ კარგად იციან, რომ ის ფინანსები, რასაც რუსები აძლევენ, არის მათი ლოიალობის ყიდვის მცდელობა 2014 წლის ჩათვლით და არავინ იცის, რა მოხდება ოლიმპიური თამაშების შემდეგ. გარდა ამისა, პატრიოტი აფხაზებისთვის, ფული, რომელიც უბრალოდ ინახავს მათ და არ ხმარდება ეკონომიკის ამუშავებას, არ არის ხელსაყრელი. მათ უნდათ ინვესტიციები, რასაც რუსები არ აძლევენ.
ბიბილოვს აქვს კავშირები დანარჩენ საქართველოსთან?
– ქართველებთან კავშირი აქვს ყველა ოსს, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ ცხოვრობს. რა, კოკოითს არ ჰქონდა?! მან 2004 წელს გამომიგზავნა კაცი, ქართველი, თუმცა მათ აპარატში მუშაობდა, რომელმაც მითხრა, ჯაბიევიჩმა შემოგითვალა, ამა და ამ ადამიანთან მინდა შეხვედრაო, თუმცა მე კოკოითს არ ვიცნობ პირადად. ის ადამიანი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა მაშინ, მზად იყო შესახვედრად, მაგრამ ხელმძღვანელობამ ისევ უარი თქვა. ასე რომ, კოკოითსაც ჰყავდა ასეთი მეგობრები თბილისში, მაგრამ ეთნოწმენდის შემდეგ ეს მეგობრობა დამთავრდა. 30 წელზე უფროსი ასაკის ყველა ცხინვალელ ოსს ჰყავს სანათესაო დანარჩენ საქართველოში.
როგორ შეიძლება, ვისარგებლოთ ბიბილოვისა და ანქვაბის არაანტიქართველობით?
– ბიბილოვი შეასრულებს ყველაფერს, ანქვაბი არა, იმიტომ რომ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აფხაზური ეთნოსის გადარჩენას.
ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვისაც ასეთი გარანტიების მიცემა და შესრულება შეუძლია?
– საქმეც ეს არის, რომ ეს უნდა იცოდეს აფხაზმა საზოგადოებამ. ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ აფხაზები არ არიან ისეთები, როგორებიც სხვები. ისინი ჩაციკლულები არიან თავიანთ ეთნოსზე. შეაწყდებიან ყველას, ოღონდ თავი გადაირჩინონ. ძალიან საყურადღებო იყო მათი ჩერქეზებთან ურთიერთობა. ჩერქეზები გადაყვნენ და მათ მართლაც აქვთ დასამადლებელი აფხაზებისთვის, მაგრამ, როდესაც საქართველომ დაიწყო ჩერქეზების გენოციდის ცნობის პროცესი, ჩერქეზების ბატალიონის მეთაური ჩავიდა აფხაზეთში და მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა აფხაზებმა ძალიან უხეშად გააბრუნეს. აფხაზები თავის გადასარჩენად ყველაფერზე წავლენ. ქართველების მიმართ ხომ აქვთ ანტაგონიზმი, მაგრამ რამდენი აფხაზია აქ ჩამოსული სამკურნალოდ?! იმიტომ რომ თავის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. ჩვენ თუ აფხაზებთან მომავალ ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, თავი უნდა დავანებოთ დეკლარაციებს, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. აფხაზებს ეს არ აინტერესებთ, ხმამაღლა უნდა ითქვას, თუ რას ვთავაზობთ მათ. თუ კრეატიულები არ ვიქენით, არანაირი ლაპარაკი არ შედგება. ვიდრე ვართ ოცწლიანი იდეების ტყვეობაში, ვიდრე ერთი ადგილის ტკეპნას განვაგრძობთ, არაფერი გამოვა. დიალოგის რეჟიმი უნდა შევქმნათ როგორც აფხაზებთან, ისე რუსებთან ნებისმიერ ფასად: თუ საჭიროა, საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ! აფხაზებმა გაუძლეს ოცწლიან ბლოკადას, ახლა უძლებენ რუსების ასეთ დამცირებას და მათზე საყოფაცხოვრებო დონეზე იყრიან ჯავრს. რუსების ტურისტული საიტები აფხაზების გინებითაა სავსე. ფაქტობრივად, თვითონ აფხაზებმა ჩაშალეს ტურისტული სეზონი. ურთულეს მდგომარეობაში არიან და ჩვენ უნდა გადავუგდოთ მათ მაშველი რგოლი, ოღონდ ეს მაშველი რგოლი ისეთი უნდა იყოს, რომ ხელის მოჭიდებად უღირდეთ. ოსებთან ამ პროცესს ახლა ვერ დავიწყებთ, რადგან ისინი საზღვარზეც კი არ უშვებენ არავის. ბავშვი მოკვდა, იმიტომ რომ რუსებმა არ გამოატარეს, თუმცა ცხინვალის ბრძანებით.