ბიზნესის დატერორების ახალი ეტაპი იწყება

ბიზნესის დატერორების ახალი ეტაპი იწყება

“ნაციონალურ მოძრაობაში” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით გამოწვეული პანიკა ნელ-ნელა სრულდება. ელდანაკრავი “ნაციონალები” კონკრეტულ ქმედებებზე გადადიან, რაც, ცხადია, ასევე კონკრეტულ, გაწერილ გეგმას ეფუძნება. სავარაუდოდ, ამ გეგმის შეცვლა-კორექტირება არაერთგზის მოუწევთ, რადგან ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ არაორდინალური პიროვნებაა და პოლიტიკაშიც თავად “ნაციონალებიც” მისგან ბევრ სიურპრიზსა და მათთვის უჩვეულო ნაბიჯს ელიან. “ნაციონალური” კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სიტუაციის სრული ბატონ-პატრონები გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან. მიხეილ სააკაშვილი მათ გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს. შესაძლოა, სააკაშვილი არაერთმა ადამიანმა მიატოვოს საკუთარი გარემოცვიდან, რომლებიც მას დღენიადაგ ერთგულებას ეფიცებოდნენ. ბოკერიაც ცდილობს, სააკაშვილის ამ მდგომარეობით ისარგებლოს და მისმა გუნდმა მაქსიმალური მოგება ნახოს - ვინც გასაქცევად მზადაა ან ეჭვმიტანილია, დატოვოს ნაციონალური ერთობა, ეს ადამიანები თავისი კადრებით ჩაანაცვლოს.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილი ახალ მინისტრთა კაბინეტს შესთავაზებს საზოგადოებას. ნიკა გილაურის საერთოდ გაშვებას არ აპირებს, ის გუნდში რჩება, მაგრამ ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. კანდიდატურაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შესაძლოა, ეს უშიშროების საბჭოს მდივნის - გიგა ბოკერიას მოადგილე ბათუ ქუთელია იყოს. ის ბოკერიას კადრია და ამერიკაში ელჩადაც მუშაობდა. ამ პოსტზე განიხილება ასევე ამერიკაში ნაელჩარი, მცირე ხნით თავდაცვის მინისტრის, დავით სიხარულიძის კანდიდატურაც. გილაურს, სავარაუდოდ, ისეთ პოსტზე გადაიყვანენ, სადაც წმინდა ფინანსური საქმეები ექნება საკეთებელი და პოლიტიკურ დატვირთვას მოუხსნიან, ანუ პოლიტიკურ სამზარეულოში არ ჩაახედებენ. ნიკა გილაურს ჩინებულ მენეჯერს უწოდებდა მიხეილ სააკაშვილი. ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შექმნილი პირველი მინისტრთა კაბინეტიდან დღემდე შემორჩა ამ კაბინეტს, პრემიერ-მინისტრიც გახდა, მაგრამ სააკაშვილი ახლა კვალიფიკაცია-პროფესიონალიზმის მიხედვით არ ირჩევს კადრებს, მათ მხოლოდ ერთგულების ნიშნით აწინაურებს და ათავისუფლებს.

გამორიცხული არ არის ლევან ვარშალომიძის გაპრემიერება, მაგრამ ამის დიდად მოსურნე ბოკერია და მერაბიშვილი არ არიან, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს, თავისი გაიტანოს.

შესაძლოა, სტრასბურგიდან ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოიწვიონ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობა ჩააბარონ. ახლა ეს ვარიანტი განიხილება. ადმინისტრაციის ამჟამინდელ უფროსს, დათო ტყეშელაშვილს გაუშვებენ. ბოკერიამ კიდევ ერთხელ შეახსენა სააკაშვილს - ზურაბ ჟვანიას გუნდის ბოლომდე ნდობა არ შეიძლებაო. ცხადია, დიდი ეჭვი აქვს ოთხეულს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე სათავეში ჩაუდგებიან სააკაშვილის გუნდის ნარჩენებს და ივანიშვილის ბანაკში გადაბარგდებიან.

სასწორზეა შეგდებული გოგა ხაჩიძეც. გარემოს დაცვის მომავალ მინისტრს სააკაშვილი არასამთავრობო სექტორში ეძებს, ცხადია, იმ “ენჯეოებში”, რომლებიც ბოკერიას კონტროლქვეშაა.

ხათუნა კალმახელიძე მინისტრთა კაბინეტში დარჩება, მაგრამ, შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობა დატოვოს - კალმახელიძე ვიცე-პრემიერად, გიორგი ბარამიძის მაგიერ, განიხილება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობას, ალბათ, მამუკა ახვლედიანი გამოემშვიდობება, თუმცა მას უფრო მაღალი პოსტისთვის ამზადებენ. მინიმუმ, ის ისევ თბილისის ვიცე-მერი გახდება და გიგი უგულავას დაუბრუნდება ან, შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გახდეს. აშკარაა, “ნაციონალები” საკანონმდებლო ორგანოებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ძირითადი დარტყმა ივანიშვილთან ბრძოლაში აღმასრულებელი ხელისუფლების განშტოებებს მოუწევს - სამინისტროებს, პრეზიდენტის რწმუნებულებსა და მათ აპარატებს, გამგეობებს.

აქტიურად განიხილება პარლამენტიდან აკაკი მინაშვილისა და გიორგი კანდელაკის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლა. მათ, შესაძლოა, გივი თარგამაძეც მიჰყვეს და უკვე მინისტრის პოსტს შეუთავსოს ბიზნესის მთავარი სახელისუფლო რეკეტიორის საქმიანობა. პოლიტიკაში, შესაძლოა, დაბრუნდეს დავით კეზერაშვილი. ყოველი შემთხვევისთვის, სააკაშვილი და სამეული შეხვედრიან მას და ამ თემაზე უსაუბრიათ. გიგი თევზაძესაც, ალბათ, ილიას უნივერსიტეტის რექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. ის უშიშროების საბჭოში, სავარაუდოდ, ბათუ ქუთელიას შეცვლის, თუ ქუთელია გაპრემიერმინისტრდება.

თანამდებობის დატოვება ვერა ქობალიასაც მოუწევს. “ნაციონალური” ელიტა უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ დადებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროექტს და აუცილებლად დადებს, ის უზადო და ეფექტური პროექტი იქნება. ასეთ პროექტს კი ისეთ მინისტრს ვერ დაუპირისპირებ, რომლის მთელი ეკონომიკური ხედვა ტურიზმის განვითარება და პრივატიზაციაა. ქობალიას დღემდე რეალურად და  დამოუკიდებლად არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია და მის ნაცვლად მისი მოადგილეები და მრჩევლები მუშაობენ. ყველა ეკონომიკური პროექტის ავტორები ისინი არიან და ქობალიას ამ პროექტებში ელემენტალური კორექტივების შეტანაც არ შეუძლია. ქობალიას საკითხი, შესაძლოა, მარტივად გადაწყდეს - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ გაერთიანდება და მას რამაზ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს.

უკვე დღის წესრიგში დგას პრეზიდენტის რწმუნებულების გამოცვლის საკითხი. ჯერ უცნობია, თუ რომელ მათგანს მოხსნის სააკაშვილი, მაგრამ დაწინაურება “ემუქრება” კახეთის რწმუნებულს. სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება. მას თითქმის 20-წლიანი პროკურორობის სტაჟი აქვს და, ასე თუ ისე, ძალოვან უწყებაშია ნამუშევარი. რწმუნებულთა კადრებს სააკაშვილი პარლამენტსა და საკუთარ ადმინისტრაციაში ეძებს. მათ შეცვლას თავისთავად მოჰყვება გამგებლებისა და ქვემდებარე უწყებების შეცვლაც. მოკლედ, მთელი ატრაქციონია ამჯერად მოსალოდნელი ტრადიციული სამთავრობო კარუსელის ნაცვლად.

მიხეილ სააკაშვილს კადრებთან ერთად ფულიც უჭირს. ამ დღეებში შავი დღე დაადგებათ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც “ნაციონალთა” ფავორიტობით ჩაწყობილ ტენდერებს იგებდნენ და, ძირითადად, საბიუჯეტო სახსრებით მდიდრდებოდნენ. რამდენიმე უწყება ერთდროულად მუშაობს ამგვარ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების სიების შედგენაზე. დიდი ალბათობით, ამ ფირმებისა თუ კომპანიების მესვეურთ დიდძალ ფულს შეაწერენ. მალე დაიწყება ახალი ანტიკორუფციული ტალღა - დაჭერები. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში მალე გამოავლენენ ათასგვარი ტენდერების ხელის დამფარებლებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. ფულს ცალკე ბიზნესმენებს დააბრუნებინებენ და ცალკე - მათ ხელშემწყობ ჩინოვნიკებს. ოთხეულმა (სააკაშვილი-მერაბიშვილი-ბოკერია-ადეიშვილი) დაასკვნა, რომ 1 თვეში ერთი მილიარდი დოლარი უნდა შევიდეს ანტიკორუფციული ღონისძიებებით ბიუჯეტში. ეს კი ნიშნავს, რომ, გარდა სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისა, ნებისმიერი დონის ბიზნესზე დიდი ზეწოლა განხორციელდება. უმცირეს დარღვევას არ აპატიებენ არავის. სასამართლო და საარბიტრაჟო უწყებებმა უკვე მიიღეს მითითება - ნებისმიერი სახის დავა ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებას (საგადასახადო, ფინანსური პოლიცია, მერია, საბაჟო...) შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვიტონ.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი, საბიუჯეტო 1 მილიარდის გარდა, კიდევ 1 მილიარდს ითხოვს თავისი პარტიისთვის - “ნაციონალური მოძრაობის” ყულაბისთვის.

ამ ფულს კი დაჭერებითა და საპროცესო გარიგებებით ვერ ამოიღებ. ეს უკვე გივი თარგამაძის კომპეტენციაა, ცხადია, პროკურატურისა და შს სამინისტროს ხელშეწყობით. ამ ფულს უკვე ბობოლა ბიზნესმენები გაიღებენ, ზოგი პარლამენტშიც ზის (დავით ბეჟუაშვილი, კახა ოქრიაშვილი, კობა ნაყოფია, ბეჟან ბუცხრიკიძე, გოჩა ენუქიძე). არ არის გამორიცხული, ეს უკვე ისეთი სახის ზეწოლა იყოს ბიზნესზე, რომ ბევრმა ბიზნესმენმა უკვე მერამდენედ შეწერილი ხარკის გადახდაზე უარი თქვას და ბიძინა ივანიშვილთან გადაბარგდეს ან უცხოეთში გაქცევით უშველოს თავს.