პუშკინის ქუჩაზე გავლა თითქმის ყოველდღე მიწევს. ახლა იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, თუმცა, საინტერესოა, როგორ? ეს კითხვა პირველად მაშინ დამებადა, როცა შევნიშნე, რომ მშენებლებმა შენობის დამპალი ხის კოჭების გარედან შელესვა დაიწყეს. ამ საქმის ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ფასადი მანამდე არ უნდა გააკეთო, ვიდრე შიდა კომუნიკაციებს არ მოაწესრიგებ. დამპალი კოჭების შელესვა ვითომ ასე საშური საქმეა? ეტყობა, თბილისის მერია "მტრებს" უვსებს თვალებს, მაგრამ ის ვერ გავიგე, მოყვარეს რაღას ერჩის?
ძველი თბილისის რეკონსტრუქციის შესაფასებლად არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან ერთად პუშკინის ქუჩას დავუყევი.
- კარგი იქნებოდა, ქალაქის მერს განემარტა, რას აკეთებენ პუშკინის ქუჩაზე, რა აქვთ განზრახული? როგორია არქიტექტურული პროექტი, რომელიც არავის უნახავს. პუშკინის ქუჩა მისი შენობებითურთ დაშენებულია გალავნის იმ კედლის ერთ მონაკვეთზე, რომელიც დღეს ბარათაშვილის ქუჩას ამშვენებს. ამ ისტორიული გალავნის ფრაგმენტულ ჩართვას ქუჩის განაშენიანებაში არა მარტო მხატვრულ-არქიტექტურული ეფექტი ექნება, არამედ ისტორიული ღირებულებების პატივისცემის გამოხატულებაც. რატომ არ აიძულებს თბილისის მერი ქალაქის ურბანული დაგეგმარების სამსახურს, მშენებლობის ნებართვა პროექტების შესწავლისა და ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გასცეს.
ქალაქს დღეს მხოლოდ მიწათსარგებლობის გეგმა და ქალაქის ზონირების რუკა აქვს, რითაც განისაზღვრება ნაკვეთზე მშენებარე ობიექტის ზომა-წონა, რომელსაც ადგენენ K1, K2, K3 კოეფიციენტებით, რომლის სასურველი ზენორმატიული პარამეტრების შეძენა შესაძლებელია დადგენილი წესით. გასაგებად რომ ვთქვა, ამათ დადგენილი კოეფიციენტების გამოსყიდვის უწესო წესი შემოიღეს, ანუ დადგენილი წესებისა და კოეფიციენტებისთვის გადახვევა შეიძლება, თუ ფულს გადაიხდი!..
ვიდრე დამპალ ხის კოჭებს გარედან შეთხიპნიან, ჯობს რამდენიმე გარემოებას მიაქციონ ყურადღება. ამ ზონაში გასულ საუკუნეებში ააშენეს გვირაბ-კოლექტორები, რომლებიც დღესაც ატარებენ წავკისის ფერდიდან მომდინარე წყლებს და სანიაღვრე კოლექტორის ფუნქციას ასრულებენ. დაუყოვნებლივ ჩასატარებელია გვირაბ-კოლექტორების მონიტორინგი და მიღებული შედეგის გათვალისწინებით შესამუშავებელია პროექტი, რათა არ დატრიალდეს ისეთივე უბედურება, როგორიც ორთაჭალაში მოხდა. ფასადების შეკეთება, როცა კოჭებიც კი დამპალია, კატასტროფას გვიქადის.
ხელისუფლება ამბობს, რომ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები ჰყავს მოწვეული.
- მოწვეულებს შორის ერთი-ორი ავტორიტეტული სპეციალისტი მართლაც არის, მაგრამ ამ საქმეშიც პიარგათვლა დომინირებს, - ავტორიტეტული ფირმები ლოგოთი ვაჭრობენ და სინამდვილეში სამუშაოებს სხვები ასრულებენ. მინახავს ავტორიტეტული ლოგოთი გაკეთებული რამდენიმე ესკიზი. რომ დავხედე, მივხვდი, რომ პროექტი ავტორიტეტების გაკეთებული არ იყო, მათი მხოლოდ ლოგო და სახელია გამოყენებული... არქიტექტურამ უნდა შექმნას კომფორტული გარემო ადამიანის არსებობისთვის. მისაღები უნდა იყოს როგორც ესთეტიკურად, ასევე ფუნქციურადაც. არქიტექტურა ხვალინდელი დღის პროგნოზირებასაც ნიშნავს. ყველაფერი ეს კი უსაფრთხოების გარანტიით უნდა კეთდებოდეს. დღეს სად არის გარანტია? წესია, შენობის მშენებლობასა თუ რეკონსტრუქციაზე პროექტის ავტორია პასუხისმგებელი. თუ ავტორი შეამჩნევს, რომ რაღაც სწორად არ კეთდება, ვალდებულია მიუთითოს მშენებლებს, ხარვეზი გამოასწორონ. ამ სტანდარტების დასაცავად კი უნდა არსებობდეს საბჭო და საექსპერტო კომისია.
ჩვენთან პროექტს არც ავტორის გვარი აწერია და არც დაწესებულებისა. არც იმას კითხულობენ, ავტორი მუსიკოსია, მეწაღე თუ არქიტექტორი. რომელ ლიცენზიასა და კვალიფიკაციაზეა ლაპარაკი? უკვე ჩემი სტუდენტებიც არიან პროექტის ავტორები. ვეკითხები, ვინ გაძლევთ სამუშაოს, თქვენ ხომ ჯერ სპეციალისტები არა ხართ-მეთქი? მეუბნებიან, ამას არავინ გვეკითხებაო.
პროფესიონალიზმი და კომპეტენცია იმ ორგანოსთვის, რომელიც პროექტებს ამტკიცებს, მეორეხარისხოვანია. შესაბამისად, არც დამკვეთი კითხულობს ამას, რადგან არაკვალიფიციური არქიტექტორის მომსახურება გაცილებით იაფი უჯდება. აუცილებლად უნდა შესწავლილ იქნეს საძირკვლების, ყამირის მდგომარეობა. ყამირი შეიძლება თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ შემდგომ მოუვლელი კომუნიკაციების გამო გამოირეცხა. შესასწავლია კედლის მდგრადობა, კონსტრუქციების მდგომარეობა. ხის კოჭები, რომლებიც დაახლოებით 70-100-წლიანია, მხოლოდ შუა წელშია საღი - იმ ადგილას, სადაც კედელშია შესული, დაშლილი და მომპალია. დამპალთავიანი კოჭების დატოვება შენობის რეკონსტრუქციის დროს დაუშვებელია. რეკონსტრუქციას ასე მარტო ჩვენში აკეთებენ. ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებს არქიტექტორი და კონსტრუქტორი ერთად სწავლობენ, ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ შენობის უსაფრთხოება დაცული იქნეს. ამასთან, ის ესთეტიკური შედეგი მიიღონ, რომელიც ქალაქს მიესადაგება... ჩვენთან არც არქიტექტორის გვარ-სახელია ცნობილი, არც კონსტრუქტორი ვიცით ვინ არის, არც მათი პროფესიული ცენზის შესახებ გვსმენია რამე და რა პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ? პასუხისმგებლობის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული!
გამარტივებული წესით პროექტის დამტკიცების პროცედურა აბსურდამდეა დასული. არ ტარდება საზოგადოებრივი განხილვები მნიშვნელოვანი პროექტებისა, არც სახელმწიფო პროფესიული საბჭო მუშაობს. ექსპერტიზა არ უტარდება პროექტების საინჟინრო ნაწილს და შედეგად ვიღებთ აკვიატებული სურვილების მატერიალიზებას. მინდა ქალაქის მერს ვკითხო, როდემდე?!