რას გვპირდება გია ჭანტურია

რას გვპირდება გია ჭანტურია

"ვამბობ, ტარიფები რომ შემცირდეს, შესაძლებელი და რეალურია. ვისაც ეს არ სჯერა, მზად ვარ, ავუხსნა, თუ როგორ ვაპირებ ამის გაკეთებას. თუ მაინც არ დამიჯერებენ, როცა ფაქტის წინაშე დადგებიან, ქვითრით ხელში და გადაიხდიან გაზში 10 თეთრს, დენში - 5 თეთრს და წყალი ექნებათ უფასო, აღარც მერე დაიჯერებენ? - ამბობს გია ჭანტურია.

რას ურჩევს ის ქართველ ექსპერტებს, არის თუ არა ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი, რატომ აჯობებს, თბილისის საკრებულოს ქალმა უხელმძღვანელოს, როგორ აფასებს გიგი უგულავას მერობას, რა განსხვავებას ხედავს ის მასა და მის ოპონენტებს შორის და რატომ უნდა მოვეკიდოთ დიდი სიფრთხილით რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას? - "რეზონანსი“ ბატონ გია ჭანტურიას ესაუბრება.

როდის და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყავით ქართულ პოლიტიკაში? ეს თქვენი იდეა იყო თუ "ქრისტიან დემოკრატების" ინიციატივა?

- ჩემი იდეა იყო. თუმცა დავიწყოთ თავიდან, ნამდვილად არ ვთვლი, რომ ქართულ პოლიტიკაში დავბრუნდი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში არასოდეს არ ვყოფილვარ. ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია კიდევაც, მაშინაც კი, როცა ნავთობსადენებს ვაშენებდით. როცა მეკითხებოდნენ - აპირებთ პოლიტიკაში მოსვლასო, ვამბობდი, არა ვარ პოლიტიკაში, არც ვაპირებ ქართულ პოლიტიკაში მოსვლას, ვაშენებ ნავთობსადენებს. ახლაც იგივეს ვამბობ, მე არ ვარ პოლიტიკოსი. ამას გულწრფელად გეუბნებით, არ აღვიქვამ ჩემს თავს პოლიტიკოსად.

რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ის პროექტები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, ეხებოდა პოლიტიკას, მაგრამ არა შიდა პოლიტიკას, არამედ ის იყო გეოპოლიტიკა. ის იყო დიდი სტრატეგია, რომელიც არანაირად არ ეხებოდა შიდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამიტომ ვთვლი, არც წავსულვარ პოლიტიკიდან და არც ახლა დავბრუნებულვარ. ვაკეთებდი დიდ საქმეს და ვაპირებ კიდევ გავაკეთო საქმე. "საქმემან შენმან გამოგაჩინოს" - ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო.

ბატონო გია, ექსპერტების მხრიდან თქვენს საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით უკვე გაისმა შენიშვნები. იქნებ, მოკლედ და გასაგებად აგვიხსნათ, როგორ აპირებთ 5-თეთრიანი ელექტროენერგიით, 10-თეთრიანი გაზით და უფასო წყლით თბილისელების უზრუნველყოფას?

სხვათა შორის, თქვენს გაზეთში წავიკითხე ექსპერტების შეფასებები. მინდა, ყველა მათგანს უმორჩილესად ვთხოვო, ვიდრე საექსპერტო დასკვნებს გააკეთებენ, მანამ თავად გაერკვენ, თუ რას ითვალისწინებს ჩვენი პროექტები. მესმის, რომ მათთვის ძნელი იქნება ამაში გარკვევა, რადგან თავიდან ჩვენც გაგვიჭირდა. მერე დავიქირავეთ უდიდესი იურიდიული კომპანია "ბეიკენ მაკენსი" და 5 წელი ამ კომპანიასთან ერთად ვმუშაობდით, რომ მიგვეღწია იმ ტარიფებისთვის, რაც ხელშეკრულებაშია ჩადებული. ამიტომ, მე ექსპერტების ასე ზერელე შეფასებებს ვერ მივიღებ. უბრალოდ, ვურჩევ მათ, როგორც ჩემს თანამოქალაქეებს, ჯერ გაერკვნენ, რა და როგორ ხდება და მერე გააკეთონ შეფასებები. თუ სურთ, მე მზად ვარ, დავჯდე მათთან ერთად და ყველაფერი საფუძვლიანად ავუხსნა. ამ პროექტებზე სამუშაოდ, ანუ რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, 5-თეთრიან ელექტროენერგიაზე, 10-თეთრიან გაზზე და უფასო წყალზე, აპრილის მეორე ნახევრიდან საქართველოში ჩამოვლენ ამერიკელი ექსპერტები. 

ქართველი ექსპერტები არ მონაწილეობენ ამ პროექტების რეალიზებაში?

კი, ქართველი ექსპერტებიც მონაწილეობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ, ალბათ, არავინ ეკითხებათ ამის შესახებ. თქვენ ჰკითხეთ სანდრო თვალჭრელიძეს, რომელიც უმაღლესი კატეგორიის ექსპერტი და სპეციალისტია და გეტყვით, თუ რა მძიმე პროცესები აქვს მას ჩემთან ერთად გამოვლილი ამ პროექტებთან დაკავშირებით. კიდევ ვამბობ, მზად ვარ, ნებისმიერ ექსპერტთან ერთად დავჯდე და ავუხსნა მას, თუ როგორ ვაპირებ ტარიფების შემცირებას, რას ვეყრდნობი და ასევე ავუხსნა ისიც, რომ ეს არის რეალური. ძალიან მარტივად ვამბობ, დღეს ამის მიღწევა შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახელშეკრულებო ბაზა იმ ნავთობსადენების მეშვეობით, რაც ავაშენეთ, იძლევა უკეთეს პირობებში ჩადგომის საფუძველს. ადრე ამის თქმის საფუძველი არ იყო, თუმცა დღეს გატარებული გაზის მოცულობით, გატარებული ნავთობის მოცულობით, სუფსის რეგიონში ენერგეტიკული პროექტის განვითარების პერსპექტივით, რეალურად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. უკვე აპრილის მეორე ნახევრიდან ჩამოვლენ ამერიკელი ექსპერტები.

ვაპირებთ შევქმნათ სერიოზული ჯგუფი ქართველი ენერგეტიკოსებისა. არის ხალხი, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ქართულ ენერგეტიკაში. მათ ააშენეს ენგურჰესი, ააშენეს - ჟინვალი, ზუსტად ამ ხალხის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობთ, სავსებით რეალურია, რომ დენის გადასახადი იყოს 5 თეთრი. ასევე სერიოზულად შესაძლებელია 10-თეთრიანი გაზის ტარიფი. რადგან გვაქვს ჩვენ გაზის ისეთი უფასო მოცულობა, რაც იძლევა ამის შესაძლებლობას. ასევე გვაქვს სპეციალური ვალდებულებები, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფიქსირებული ფასი, 55 დოლარად შესასყიდი 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი. გვაქვს უფასო გაზი 370 მილიონი კუბური მეტრი. კიდევ გვაქვს უფლება, წინასწარ მოვახდინოთ რეზერვირება შესასყიდი გაზისა, რაც ჩვენი ხელშეკრულების უფლებაა. გარდა ამისა, არის მოცულობები, რაც გაივლის ბაქო-თბილისის გაზსადენში. ვაპირებთ სუფსაში თხევადი გაზის არხის გაკეთებას. მოცულობები გაიზრდება, ეს მილსადენი 30 მილიარდ კუბურ მეტრზეა გათვლილი. ესეც ჩვენ შევცვალეთ, გავაორმაგეთ. თავიდან 15 მილიარდ კუბურ მეტრზე იყო გათვალისწინებული. ამის შედეგადაც 5% უფასოდ მივიღებთ, რაც იქნება მთლიანად მილიარდ ნახევარი კუბური მეტრი. დღეს სულ საქართველო მოიხმარს მილიარდ 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს. კიდევ 300 მილიონით ზედმეტი გაზი გვექნება სრულიად უფასოდ. იმ ექსპერტებს ვეუბნები, რომლებიც ახლა დგანან და მაკრიტიკებენ, რომ ჩვენ მილსადენის პროექტში, ხელშეკრულებაში ნავთობის შესყიდვისა და ყიდვა-გაყიდვის შესახებ, გვიწერია, დიდი მოცულობისას თურქეთის საზღვრის გადაკვეთის წერტილამდე, გაზის ტრანსპორტირება იქნება უფასო. ყველაფერ ამას ხომ გამოყენება სჭირდება? მთავარია - მიზანი არსებობს, ვამბობ, ტარიფები რომ შემცირდეს, შესაძლებელია. ვისაც მაინც არ სჯერა, მზად ვარ, ავუხსნა, თუ როგორ ვაპირებ ტარიფების შემცირებას. თუ მაინც არ დაიჯერებენ, როცა ფაქტის წინაშე დადგებიან და გადაიხდიან დენში 5 თეთრს, გაზში 10 თეთრს და წყალი უფასო ექნებათ, მერეც აღარ დაიჯერებენ? 

ასე არ სჯეროდათ ადრეც, როცა ვამბობდი, ბაქო-ჯეიჰანს ავაშენებდი, არ ეგონათ, თუ ავაშენებდით ბაქო-სუფსის ნავთობსადენს, შარდენის პროექტს თუ განვახორციელებდით, არც ეს ეგონათ, მაგრამ დღეს ხომ ყველაფერი ეს რეალურია? ამიტომ ახლა ვამბობ, ეს არის შესაძლებელი და იმის გამო, რომ ვიღაცას არ სჯერა, აღარ ვთქვა? ჩვენ ვეცდებით, ყველა თბილისელს ავუხსნათ, ამას როგორ გავაკეთებთ, დავბეჭდავთ, დავურიგებთ მოსახლეობას, გვექნება შეხვედრები. მალე საექსპერტო ჯგუფის წევრები შეიმუშავებენ დოკუმენტს. სადღაც აპრილის ბოლოსთვის დავდებთ ისეთ პაკეტს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, გია ჭანტურიას აირჩევენ თუ არა თბილისის მერად, ვისაც აირჩევენ, იმას მივცემთ და ის იხელმძღვანელებს ამ დოკუმენტით.

ანუ ეს პროექტები, თქვენი თბილისის მერად არარჩევის შემთხვევაშიც განხორციელდება?

- აბა, რა! ყველა შემთხვევაში განხორციელდება. მე ამას საერთოდ არ ვუკავშირებ არჩევნებს. ვამბობ, რომ ეს არის შესაძლებელი და რომ შემიძლია ამის გაკეთება. მინდა, ჩემმა ქვეყანამ ეს შანსი გამოიყენოს, ეს არის იმ პროექტების აშენებით მიღებული შედეგი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ. თუ ვერ გამოვიყენეთ, მაშინ. რად გვინდოდა, რომ ვაშენებდით?

ხომ შეიძლება, მართლა არ ესმოდეთ ეს იმ ექსპერტებს, რომლებიც გაკრიტიკებენ?

მაგას ვამბობ, თვითონ პროექტები არის ძალიან რთული. ხელშეკრულებათა ბალანსი ძალიან რთულია. ეს პრეცედენტული სამართლის ხელშეკრულებებია. თავიდან ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა ამაში გარკვევა, მერე იძულებული გავხდით და მოვიწვიეთ ისეთი დიდი უცხოური კომპანია, როგორიც არის "ბეიკერ-მაკენსი", რომელიც იცავდა ჩვენს ინტერესებს. სხვანაირად შეუძლებელი იყო მუშაობა, რადგან ასეთი დონის ხელშეკრულებები ჯერ სხვა არ შექმნილა საქართველოში. პარლამენტმა დაამტკიცა სამივე ხელშეკრულება და უკვე ეს არის საქართველოს კანონი. ამიტომ მარტო წაკითხვა არ შველის ამ ხელშეკრულებებს, სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება, რადგან ბრიტანული პრეცედენტული კანონმდებლობა ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტყვას, გარდა სიტყვის მნიშვნელობისა, აქვს იურიდიული ძალა. ამიტომაც ჩვენ პრეცედენტის შექმნის ისტორიას, ვაკეთებთ ხელშეკრულების დაშვებაში და ვამბობთ, აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ამის მერე იქნება. საქართველოს ექნება 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი 55 $-ად.

ახლა ამბობენ, ნავთობის ფასმა თუ აიწია ან თუ დაიწია, რა იქნებაო? სანამ ექსპერტი ამას იტყვის, მან ჯერ უნდა ნახოს ხელშეკრულება. ჩვენი მთავარი მიღწევა ამ ხელშეკრულებაში ის კი არ გახლავთ, რა ფასი გვაქვს მიღებული, ეს არის ერთადერთი პრეცედენტი ნავთობისა და გაზის სფეროში, როცა ჩვენ გაზი მიბმული არ გვაქვს ნავთობის ფასზე. აქ ეს არის მთავარი და არა ის, გია ჭანტურია გახდება თუ არა თბილისის მერი. ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა ეს სტრატეგია და მივცე ამას გზა. დიდი სურვილი მაქვს, ეს ჩემს თანამოქალაქეებს გავუკეთო. ამისთვის ავაშენეთ ჩვენ ის პროექტები და ზუსტად ამ შედეგს ველოდით.

გეთანხმებით, ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, ძალიან კარგია, მაგრამ ამისათვის ხომ უნდა არსებობდეს დღევანდელი ხელისუფლების კეთილი ნება? ალბათ, თქვენც გსმენიათ ხმები იმის შესახებ, რომ თქვენ ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი ბრძანდებით. რას იტყვით?

გულწრფელად გეუბნებით, თუ კარგად ვიმუშავებთ და პროცესებს სწორად წარვმართავთ, ნება იქნება - ხალხის. როცა ყველა ადამიანი დაიჯერებს, რომ ამის გაკეთება რეალურად შეიძლება, ისინი მერე თვითონ მოთხოვენ ხელისუფლებას. მე არც ხელისუფლების პროექტი ვარ და არც - სოროსის. მე არ ვარ პოლიტიკიდან მოსული კაცი, საქართველოს პოლიტიკაში არასდროს მიმოღვაწია. ახლა ვერ წამომაძახებენ, იცით, თქვენ ამის განაყოფი ხართ, ან იმის თანმდევი ხართ. მე ვარ თბილისელი კაცი, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს საქმე. მე უკვე გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის საქმე და კიდევ მსურს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას.

დიახ, მსურს, ჩემი გამოცდილება, ენერგია, საქმის კეთების უნარი მოვახმარო თბილისელებს. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. კაცს რომ ასეთი სურვილები ქონდეს, ამას არ სჭირდება არც ხელისუფლების პროექტობა და არც ვინმეს ფავორიტობა. ამას სჭირდება ქვეყნის სიყვარული. როცა ვხედავ, ძალიან უჭირთ ცხოვრება ჩემს თანამოქალაქეებს, მინდა, კაცურად გვერდში დავუდგე მათ. ეს ბევრჯერ გამიკეთებია და მინდა, კიდევ სიკეთე ვაკეთო. 

ალალად გეუბნებით, წილი არა მაქვს არც ტერმინალში, არც გაზში და არც ნავთობში, მაშინ სულელი ვყოფილვარ, ეს რომ მიშენებია არა? მაგრამ ზუსტად ეს განსხვავებაა ჩემსა და ყველა სხვა პოლიტიკურ ოპონენტს შორის. ისინი ფსონს დებენ პოლიტიკურ კარიერაზე, მე პოლიტიკურ კარიერაზე ფსონს არ ვდებ. დავწერე და გამოვაქვეყნე, რომ თუ მე ვიქნები არჩეული თბილისის მერად, 15 წლის განმავლობაში კენჭს არ ვიყრი არც ერთ სხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე.

თქვით, არ აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ, ეს არჩევნები განიხილება, როგორც გზა პრეზიდენტობისკენ. სხვა კანდიდატებსაც ხომ არ მოუწოდებთ, მათაც დადონ ასეთი პირობა?

მე დავდე ასეთი პირობა და მოვაწერე ამას ხელი. სხვათაშორის, არავინ არ გამოეხმაურა ჩემს ინიციატივას, რაც ძალიან გამიკვირდა. 15 წელს იმიტომ ვამბობ, რომ ვთვლი, ერთი არჩევით მერი ვერ შესძლებს იმის განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას, რასაც დაიწყებს. ელემენტარულად იმ საქმეებს ვერ დაამთავრებს, რაც არის გასაკეთებელი. მე ნამდვილად არა მაქვს პოლიტიკური ამბიციები, საქართველოს პრეზიდენტობის ამბიცია მით უმეტეს არა მაქვს. მაქვს ამბიცია ვემსახურო ჩემს ქალაქს, მინდა თბილისში შევქმნა ის მოდელი რასაც ადამიანების ყოფის შემსუბუქება ჰქვია.

თქვენ ისიც განაცხადეთ, რომ მოხსნით თქვენ კანდიდატურას, თუ რომელიმე კანდიდატი დაგიმტკიცებთ, რომ თქვენზე უკეთესი მეურნეა. ხომ არ გქონიათ რომელიმე ოპონენტთან ამ თემაზე კონსულტაცია?

- თუ დავინახავ, კაცს უნდა საქმის გაკეთება, მე მოგებული ვიქნები თუ წაგებული, მზად ვარ, მას გვერდში დავუდგე. გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ვასწავლო ამ სამი კომპონენტის გადაწყვეტა, რომ ტარიფები შეამციროს და ამით ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სხვანაირად სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება. ნურავინ ნუ მოატყუებს ხალხს, სხვანაირად შევქმნი სამუშაო ადგილებსო. აშშ-ის ეკონომიკის 90% დამყარებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე. საქართველოში ეს არის - 0%. პირადად მე ყველა კანდიდატს დიდ პატივს ვცემ, დაწყებული ირაკლი ალასანიათი, დამთავრებული გოგი თოფაძით. მე მჯერა, რომ ეს ხალხი თავის ქვეყნის პატრიოტები არიან. მაგრამ ვურჩევ მათ, რადგან ჩემზე ახალგაზრდები არიან, ბევრი დრო აქვთ წინ და ნუ ჩქარობენ. ჯერ იმუშაონ, გააკეთონ საქმე და თავის ცოდნა და ენერგია მოახმარონ თბილისს. მერე პრემიერ-მინისტრებიც გახდებიან, პრეზიდენტებიც გახდებიან და გამოცდილებაც მოემატებათ.