მართალია, ამ ჩვენს განვითარებად სამშობლოში საავადმყოფო-საავადმყოფოზე იხსნება, მაგრამ, ჯანდაცვა მაინც ისეთ ფუფუნებად რჩება, რომ საუკეთესო გამოსავლად ისევ ღვთის შეწევნით კაჟივით ჯანმრთელობა რჩება. ეს რომ ასეა, გასულ კვირას გახმაურებული ფაქტიც მოწმობს.
თავდაპირველად, სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ჰიდროცეფალიით დაავადებულ 9 თვის თათია სეფერიძეს (როგორც მისი მშობლები ამტკიცებენ), იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმები სახლში არ უშვებდნენ იმ პროზაული მიზეზით, რომ ბავშვის მშობლებს 1 506 ლარი ჰქონიათ გადასახდელი. მამის განმარტებით, ბავშვი უკვე 5 თვეა, იაშვილის კლინიკაშია, მაგრამ, რაკი მისი მდგომარეობა დამძიმდა, ექიმებმა გაწერეს, ოღონდ, თანხის გადაუხდელობის გამო საავადმყოფოდან არ გაატანეს.
ძალზე საინტერესოა პრეისტორია: პატარა პაციენტს, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში პირველად 5 თვის წინათ მოხვდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამა აფინანსებდა (თანადაფინანსების პრინციპით, მკურნალობის ღირებულების 80 პროცენტს სახელმწიფო იხდის, დანარჩენ 20-ს – პაციენტი). მას ექიმებმა უმკურნალეს და გამოჯანმრთელების დიაგნოზით სახლშიც გაწერეს (თანხაც ზემოხსენებული თანადაფინანსების პრინციპით გადაახდევინეს), მაგრამ ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ იაშვილის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს. მამის განმარტებით, თეთრხალათიანებმა მას აუხსნეს, რომ მეორე ჯერზე თანადაფინანსების პრინციპი აღარ მოქმედებდა.
მას შემდეგ კი, რაც ამ ინფორმაციამ სოციალური ქსელებიდან მედიაშიც გადაინაცვლა, კლინიკის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ საკითხს უშუალოდ გაარკვევდა (მეტიც, ზედაც მოაგვარებდა). კიდევ ერთი დეტალი: თათია სეფერიძის მამის მტკიცებით, ექიმებმა თავდაპირველად 7 000 ლარი მოითხოვეს, შემდეგ კი 1 506 ლარამდე ჩამოქვეითდნენ.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული ვითარება ტიპურია ქართული სამედიცინო რეალობისთვის (ყველას გვქონია შეხება სამკურნალო დაწესებულებებთან), აშკარაა, რომ, ჯერ ერთი, ჰიპოკრატე საფლავში ბრუნავს და, რაც მთავარია, ეს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ქარვასლას ერთი-ერთში დამსგავსებია!