შეძლებს თუ არა საქართველო, იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო განვითარების ვექტორი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და მომავალი არჩევნების ძირითადი კონკურენტების - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებისა“ და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ „საქართველო და მსოფლიოს“ ფილოსოფოსი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი ესაუბრება.
ჟურნალ „ლიბერალში“ დაიბეჭდა თქვენი წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის შესახებ არსებულ რამდენიმე ვერსიას განიხილავთ. წერთ, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, რუსეთის სახელისუფლო წრეებთან შეთანხმებული პროექტი იყოს, თუმცა ამ ფაქტს მიესალმებით, რადგან, თქვენი აზრით, შესაძლოა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. ვინაიდან ეს არის შემთხვევა, როდესაც რუსეთი გვთავაზობს, „არა ძალადობით, არა ტანკებით ქართულ პოლიტიკაში წარმოადგინოს მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალა“.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლაც ასეა და თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროექტია, რამდენად ეროვნული ძალა იქნება ის და რამდენად შეძლებს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები?
- აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გავავლოთ ზღვარი რუსეთის სახელისუფლო პროექტს, უშიშროების მიერ შექმნილ პროექტსა და რუსეთის პოლიტიკური ძალებისთვის მისაღებ ფიგურას შორის. მე იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი არ არის მიუღებელი რუსეთის პოლიტიკური წრეებისთვის და ის არ არის სააკაშვილის გაუგებარი პოლიტიკის მატარებელი.
აქ თვისობრივად მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ საქართველოს ინტერესები და მისი რეალური შესაძლებლობები. ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს გვერდით არსებობს და, ცხადია, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. ერთი ვარიანტია, გვქონდეს სააკაშვილის გუნდის მსგავსი გეოპოლიტიკური შეხედულება, რომ რუსეთის ადგილზე ოკეანე უნდა წარმოვიდგინოთ. მეორე ვარიანტია, გვქონდეს რეალისტური მიდგომა. მე იმედი მაქვს, რომ ივანიშვილის რუსეთში კონტაქტები, თუნდაც მისი ბიზნესუნარიანობიდან, მისი სახელიდან გამომდინარე, მასაც და ჩვენს პოლიტიკურ ელიტასაც რაციონალური პოლიტიკის აგების საშუალებას მისცემს. ბიძინა ივანიშვილი არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც, რუსეთში თავისი სერიოზული წარმატებებიდან გამომდინარე, შეძლებს რაციონალური ურთიერთობა დაამყაროს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. რუსეთი რომ საქართველოს დაელაპარაკება, ეს ფაქტია, მაგრამ ეს ლაპარაკი იქნება ან იარაღის მეშვეობით, ან დიალოგი.
ეს ხელისუფლება თუ შეძლებს რუსეთთან დიალოგს?
- ამ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ყველასთვის წარუმატებული სცენარი გაითამაშა. 2008 წელს ჩვენ მივიღეთ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი და ამ კონფლიქტში ყველა წაგებული აღმოჩნდა. ეს არ ყოფილა რუსეთისთვის წარმატება, პირიქით... საქართველომ კი სერიოზულად იზარალა, რაც გამოიწვია სიტუაციის უცოდინარობამ, ჩვენ, უბრალოდ, ვერ ავიცილეთ კონფლიქტი.
საქართველო ვერ შეძლებს, იყოს დამოუკიდებელი - ვერც აშშ-ისგან, ვერც ევროპისგან და ვერც რუსეთისგან და ამას ვერც ივანიშვილი და ვერც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ვერ მოახერხებს. თანამედროვე სამყაროში მცირე ქვეყნის დამოუკიდებლობა და გარკვეული ფაქტორების არგათვალისწინება არის არარეალური პოლიტიკა, რომელსაც ფუნდამენტი არ გააჩნია.
ბუნებრივია, მცირე ქვეყანა ვერ იქნება ისეთი დამოუკიდებელი, რომ არ გაითვალისწინოს მეზობელი ქვეყნების პოზიცია. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო რესურსები რეალურად იმის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რომ საქართველო არ დაიპყროს, მაგალითად, ირანმა, თურქეთმა, რუსეთმა - რომელიმე მოკავშირე ქვეყანამ და ასეც იქნებოდა, მსოფლიოში გარკვეული შეთანხმება რომ არ არსებობდეს. რუსეთს, მაგალითად, ვერ დაიპყრობს თურქეთი, არა შეთანხმებული თამაშის წესების გამო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი თუნდაც სერიოზული ბირთვული ძალის მატარებელია.
შევხედოთ თუნდაც ჩვენს ეკონომიკურ წონას საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებსა თუ მოლაპარაკებებში, ჩვენი უნარი, საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ შეთანხმებას ჩვენი დამოუკიდებლობის ფაქტზე და ეს შეთანხმება მუდმივად უნდა გავამყაროთ, იქნება ეს აშშ-თან, სხვადასხვა ალიანსთან თუ რაღაც ფორმით დიალოგი რუსეთთან. ეს არის ჩვენი ყოველდღიური არსებობის წესი.
უშუალოდ ნატოს რაც შეეხება: რუსეთი არ მალავს, რომ საქართველოს ნატოში შესვლის მცდელობაც კი გამორიცხავს, დათანხმდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?
- მე არ ვარ ნატოს თემატიკის ექსპერტი, მაგრამ რუსეთის პოზიცია ყოველთვის ერთმნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რუსეთისთვის საქართველოს წარმატება, რომელ ასპექტშიც არ უნდა იყოს, რუსულ საგარეოპოლიტიკურ მენტალიტეტში არასასრურველი წარმატებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ამ კურსთაგანი უნდა შევცვალოთ.
უნდა ვთქვათ თუ არა უარი ნატოში ინტეგრაციაზე, თუ სანაცვლოდ შესაძლებელი გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
- რეალურ პოლიტიკაში ასე საკითხს არავინ სვამს - ან ნატო ავირჩიოთ, ან რუსეთი.
შესაძლოა, ასე აშკარად არავინ სვამს საკითხს, მაგრამ რუსეთის რეაქციიდან ეს ნათელია...
- რუსეთის რეაქციიდან არ ჩანს ასე. ეს არის მუდმივად პოლიტიკური თამაშის თემა, როგორც რუსეთთან, ისე ქვეყნის შიგნით.
მინდა ბოლო დღეების ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე გკითხოთ: რამდენიმე დღის წინ თბილისში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შეკრება გაიმართა. როგორ ფიქრობთ, მართლა ასე იზღუდება მათი უფლებები?
- ეს მოვლენები, მე მგონია, მაინც იყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მტკივნეული თემის - დავით გარეჯის თემის გადაფარვის სურვილი. რადგან ეს არის ის, რაზეც წარმოუდგენელია, რომელიმე ქართველს არ ჰქონდეს მძაფრი, ემოციური რეაქცია და რთულია, მშვიდად ვუსმინოთ, რომ თურმე ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარ დროს მოხდა ჩვენივე სიწმინდეებისა და ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა, თან ომით კი არა, რაღაც გარიგების შედეგად, რომელიც, არავინ იცის, სად და როდის მოხდა. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვისი წყალობით ჩაიწერა ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი. როცა შენს ტერიტორიას სამზარეულოში ხელმოწერილი გაუგებარი გარიგების შედეგად კარგავ, ისტორიას მაინც უნდა შემორჩეს იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩვენი სიწმინდეები ასე გაასხვისა, რათა ვიცოდეთ, ვინ არის ყველაზე სამარცხვინო ადამიანი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც სერგო ორჯონიკიძის გზა გააგრძელა.