გურამ შარაძის ოჯახის წევრები ადრეც ამბობდნენ, რომ გიორგი ბარათელი შარაძის მკვლელი არ არის, ბარათელმაც ახლახან აღიარა, რომ შარაძე მას არ მოუკლავს. მეტიც, მისი თქმით, ის მკვლელობის ადგილზე არც ყოფილა. მისი სკანდალური აღიარება შესაძლოა საქმის ხელახალი გამოძიებისა და გახსნის საფუძველი გახდეს. სავარაუდოდ, მომავალ კვირას გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, მამის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდება. "კვირის პალიტრა" გთავაზობთ გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებულ ახალ დეტალებს, რამაც შესაძლოა ნამდვილი მკვლელების სახელები და დანაშაულის რეალური მოტივი გამოააშკარაოს.
"წინასწარ გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა"?
2007 წლის 20 მაისს, 20 საათზე, 30 წუთსა და 50 წამზე პროფესორი გურამ შარაძე ხალხმრავალ ადგილას, მელიქიშვილის პროსპექტზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პროფესორის გასისხლიანებული ცხედარი თითქმის ყველა ტელეარხმა აჩვენა, საზოგადოება გაოგნებული იყო.
ნინო ნიშნიანიძე, გურამ შარაძის ადვოკატი: "გურამ შარაძეს აფრთხილებდნენ, რომ მოკლავდნენ, რასაც დაშინებად აღვიქვამდით. ფარული ნომრით ზარი ჩემს ტელეფონზეც შემოვიდა მკვლელობამდე 10-15 წუთით ადრე. უცნობმა პირმა მითხრა, შარაძე მოკლესო. "ეს რა ბოროტი ხუმრობაა?!" - შევყვირე და ტელეფონი გავთიშე. არადა, მკვლელობის დრო, როგორც იცით, "ალდაგის" ვიდეოთვალმა დააფიქსირა. მე წინდაწინ დამირეკეს, შესაძლოა, ვინმეს ამ ზარით ჩემი გაყვანა უნდოდა იქ, სადაც მალე საზარელი მკვლელობა მოხდა".
ნაწყვეტი გიორგი ბარათელის ახალი აღიარებიდან: "მე მანამდე დამაკავეს, ვიდრე ბატონ გურამ შარაძეს მოკლავდნენ. რამდენიმე საათით ადრე ამიყვანეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც ჩემგან ამ მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ".
ნინო ნიშნიანიძე: "ბარათელი რომ მკვლელი არ იყო, სასამართლო პროცესზევე მივხვდი, მან მოსამართლეს ვერ მიუთითა მკვლელობის ზუსტი ადგილი, მან რუსთაველის პროსპექტი დაასახელა. მოვითხოვე ოქმში ჩანაწერის გაკეთება, რომ მკვლელმა არ იცოდა შემთხვევის ზუსტი ადგილი".
საზარელი მკვლელობის ბუნდოვანი მოტივი
გამაოგნებელი იყო ბარათელის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივიც. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბარათელს გურამ შარაძის შვილზე, გიორგი შარაძეზე, წლების წინ წყენა გულში ჩაუდვია, რამაც თურმე ბოლოს და ბოლოს, თავი იჩინა და გურამ შარაძე ამიტომ "მოკლა"(?!). ბარათელის მაშინდელი ჩვენებით გიორგი შარაძემ ის შვეიცარიაში ფილმში გადასაღებად მიიწვია, იქ კი უყურადღებოდ მიატოვა (გავრცელებული ინფორმაციით, ბარათელმა შვეიცარიაში ყოფნის დროს იქურდა, რის გამოც სამართალდამცავებთან პრობლემა შეექმნა).
სასამართლოს შეკითხვით არ მიუმართავს შვეიცარიაში შესაბამისი ინსტანციისთვის, მართლა იღებდა თუ არა ფილმს გიორგი შარაძე, ვინ და რა მიზეზით მიიწვია ბარათელი შვეიცარიაში, გადალახა თუ არა ამ უკანასკნელმა შვეიცარიის საზღვარი, რა მისამართზე დარეგისტრირდა და ა.შ. მას ეს შეკითხვები 2010 წელს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაუსვა ციხეში და ბარათელს წერილობითი პასუხი გააცემინა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: "მაშინ ბარათელის პასუხები ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს გადავეცი. ბარათელი ამ პასუხების გაცემის დროსაც "გაიჭედა", - მკვლელობის სხვა და უფრო აბსურდული მოტივი დაასახელა. თქვა, რომ ვიღაც ალბანელთა ჯგუფი მისი შინაგანი ორგანოების ყიდვით
იყო დაინტერესებული და შარაძე მათთან რაღაც კავშირში იყო. თავადაც არ იცოდა, რას ამბობდა".
ნინო ნიშნიანიძე: "ბატონი გურამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელობის შემკვეთებს მასზე პერსონალურად განაწყენებული პირის პოვნა გაუჭირდათ. ალბათ, ფსიქოლოგიური ტიპაჟიდან გამომდინარე შეარჩიეს ბარათელი. ის ბუნდოვანი პერსონა იყო, თანაც იმ დროისთვის იძებნებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ის პირად ექიმს, გრიგოლ ტირზიკიანსაც მიუვარდა სახლში და კარის გაღებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, დაჭრა. ბარათელის დანაშაულის მოტივად კი ის დასახელდა, რომ წლების წინ ჰქონდა ვენერიული დაავადება, რაზეც ტირზიკიანმა არასწორად უმკურნალა".
გიორგი ბარათელი ტირზიკიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, უკანონოდ იარაღის შეძენა-ტარება-გამოყენებისა და გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით არის გასამართლებული. სასჯელის შეკრებითობის პრინციპით მას 27 წელი მიუსაჯეს.
სკანდალური აღიარება
მამუკა ნოზაძე, გიორგი ბარათელის ადვოკატი: "ბარათელი ამბობს, რომ რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, ვიდრე გურამ შარაძეს მოკლავდნენ. აიყვანეს დაახლოებით 5-6 საათზე ტელევიზიის შენობასთან, წაიყვანეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციელებმა, ვინმე ნოდარმა და გივიმ ხელთათმნიანი ხელით ამოიღეს იარაღი, დააჭერინეს ბარათელს და უბრძანეს, გაესროლა, მერე ამოიღეს ტყვიის გულა, რომელიც მოგვიანებით მელიქიშვილის პროსპექტზე დააგდეს. გიორგი ბარათელმა თურმე თბილისის ზღვის ტერიტორიიდან გაქცევა სცადა და სწორედ ამ დროს დაჭრეს. მერე რამდენიმე წუთით იქვე ერთ-ერთ ავტოფარეხში ჩაკეტეს, სადაც ესმოდა, პოლიციელები როგორ აძლევდნენ ერთმანეთს ინსტრუქციებს, სად უნდა წასულიყვნენ, რა უნდა ექნათ და ა.შ. შემდგომ ბარათელი მიიყვანეს ვერაზე, სადაც ეს უკანასკნელი თავისუფლად დადიოდა, ერთ-ერთ ოჯახში შევიდა, იქიდან ფეხით წამოვიდა, ჩაჯდა მიკროავტობუსში, საიდანაც ისევ პოლიციელებმა ჩამოიყვანეს და დააკავეს. ამის შემდეგ ბარათელი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც ისე სცემეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაც დასჭირდათ. ბარათელი ამბობს, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მნახეს, როგორი ნაცემი ვიყავიო.
არადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი ბარათელი მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე ირაკლი გიორგობიანიც მივიდა.
- ეს სიცრუეა. ბარათელი არავის მიუყვანია საავადმყოფოში და შესაბამისად, არც ირაკლი გიორგობიანი უნახავს. სხვათა შორის, ბარათელს ისეთი კარგი მეხსიერება აქვს, უმნიშვნელო ნიუანსებსაც იხსენებს.
ტელევიზიით გამოცხადდა, რომ ბარათელი მარცხენა მხარში იყო დაჭრილი, შესაბამისად, მის პერანგზეც მარცხენა მხარეს იყო სისხლიანი კვალი. მაგრამ ნაჭრილობევი მარჯვენა მხარეს აქვს, რომელიც ბარათელმა თბილისის ზღვაზე მიიღო. მოწმეების ჩვენებით, ასევე "ალდაგის" ვიდეოთვალის ფირის ხელახალი ექსპერტიზით იოლია სიმართლის დამტკიცება. მაშინ სასამართლომ ვიდეოფირი ექსპერტიზისთვის უვარგისად გამოაცხადა, მაგრამ ახლა შეიძLლება მისი ხელმეორედ გადაგზავნა ექსპერტიზაზე.
ვინ ჩაიდინა მკვლელობა?
ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. თუმცა, როგორც გურამ შარაძის ადვოკატი ირწმუნება, "ალდაგის" ვიდეოთვალით გადაღებულ ფირზე ორი მკვლელი იქნება აღბეჭდილი: პირველი - ვინც გაისროლა და მეორე - რომელმაც პროფესორს საკონტროლო ტყვია დაახალა.
ნინო ნიშნიანიძე: "20 საათსა 30 წუთზე შემოდის ვიდეოფირში ბატონი გურამ შარაძე, რომელსაც უჭირავს ჩანთა და ნელი ნაბიჯებით მიდის. მისგან 4-5 მეტრის დაშორებით მოდის ახალგაზრდა მამაკაცი, ეს არის მკვლელი. მისი იდენტიფიკაცია შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. ის ძალიან განსხვავებულია ბარათელისგან. უპირველესად მისი სიმაღლე იწვევს ეჭვს. ბატონი გურამი მეტრი და 75 სმ-ზე მეტი სიმაღლის კაცი იყო, ბარათელი - დაბალია (მეტრი და 57 სმ იქნება). ის ახალგაზრდა, რომელიც ბატონ გურამს მიჰყვება, ერთი თავით მაღალია მასზე, მხარბეჭიანი, სპორტული აღნაგობისა.
ერთ მომენტში როგორც ბატონი გურამის, ასევე მკვლელის სხეულები კადრში პატარავდება. ვფიქრობ, აქ ფირი განზრახ არის დაზიანებული. წამების ქრონომეტრაჟი აჩვენებს, რომ ფირი ამოჭრილია. ასეა თუ ისე, ჩანს, რომ მდევარი ბატონ გურამს ცეცხლსასროლ იარაღს ესვრის და ბატონი გურამი ძირს ეცემა. სავარაუდოდ, მაშინვე კვდება, მერე შემოდის ფირში მეორე პირი (ჩემი აზრით, არა ზემოთ აღწერილი მკვლელი), რომელმაც საკონტროლო ტყვია დაახალა. ეს მოხდა 20 საათზე, 30 წუთსა და 50 წამზე. ამასთან, დიდი ეჭვი გამოიწვია იმანაც, რომ ფირში ჩანს ავტომანქანაც, რომელიც 20 საათზე, 27 წუთსა და 21 წამზე ჩნდება და 20 საათს, 31 წუთსა და 46 წამამდე იქ დგას, ე. ი. მკვლელობის აღსრულებამდე. მასში მკვლელობის უშუალო მოწმეები სხედან. არ არის გამორიცხული, ისინი მკვლელობის ხელმძღვანელები იყვნენ. გამოძიებამ არ დაადგინა ამ ავტომობილის ნომრები და არ დაჰკითხა მკვლელობის მოწმეები.
გურამ შარაძის საქმეში არის ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლის, გიორგი ჩიხლაძის საინტერესო ჩვენებაც. ის 2011 წლის 31 ივნისს დაიჭირეს, მიიყვანეს კუდ-ში, ახალაიას კაბინეტში, სადაც სცემეს. როგორც გიორგი ჩიხლაძე აჩვენებს, ახალაია ეუბნებოდა, აღიარებაში დაწერე ის, რასაც გეტყვი, თორემ კარგად იცი, ვინცა ვარ და რა შემიძლია. ისე მოგკლავ, როგორც გურამ შარაძე მოვკალიო. უფრო ადრე ოქრუაშვილმაც განაცხადა ტელეიმედის ეთერში, ცნობილი ადამიანების მკვლელობას მიკვეთდნენო. ოქრუაშვილს აღარ დაუზუსტებია, მაგრამ შესაძლოა შარაძის მკვლელობის შეკვეთასაც გულისხმობდა. ეს განცხადება მან 2007 წლის სექტემბერში გააკეთა, შარაძე კი მაისში მოკლეს".
რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი: "ძალიან მინდა ბარათელი ვნახო და გავამხნევო. მინდა მისგან მოვისმინო დეტალები: როდის დააკავეს, სად წაიყვანეს, რას ეუბნებოდნენ და ა.შ. რასაკვირველია, "ალდაგის" ვიდეოფირიც ბევრი რამის მთქმელია. ვხვდები, რომ ფირი განზრახ დაზიანებულია. სწორედ ამის გამო აჩვენეს ის "რუსთავი 2"-ის ეთერში. ალბათ, ორიგინალი უკვე განადგურებულია. თუმცა, რაც აჩვენეს, ისიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ექსპერტებს მისი ხელახლა შესწავლა და დასკვნის გაკეთება მოუწევთ. მე ფოტოკადრებად ამოვბეჭდე მკვლელის სახე და შეუიარაღებელი თვალითაც მივხვდი, რომ ბარათელისგან განსხვავებულია. პროკურორმა გიორგი ჩივიაშვილმა ზეწოლის შედეგად მოაწერინა ბარათელს ცრუჩვენებაზე ხელი. ამ "დამსახურების" გამო ის დააწინაურეს კიდეც. იმედი გამიჩნდა, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება და მკვლელობის რეალური მოტივიც გამოიკვეთება. მე კი ვიტყვი იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, - მამაჩემის მკვლელობის მიზეზი გახდა "ენა, მამული, სარწმუნოება", ყოველივე ის, რასაც ყოფილი ხელისუფლება პათოლოგიურად ებრძოდა. ასე რომ, უნდა შემოწმდეს, გატანილია თუ არა ქვეყნიდან ეროვნული საგანძური, გაირკვეს, რატომ, რის ფასად და ვის მიჰყიდეს ლევილი. უამრავი თემაა, რასაც, მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, აუცილებლად შეაკვდებოდა.