გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხვალინდელი სხდომა აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატისა და მთლიანად, სამშვიდობო ოპერაციის შემდგომი გაგრძელების საკითხს განიხილავს.
ბუნებრივია, ყველაფერი ძველებურად დარჩება, ვინაიდან უშიშროების საბჭო დღეს მეტად კმაყოფილია იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში (განსხვავებით კოსოვოსაგან) შეძლო შეენარჩუნებინა „მუნდირის ღირსება“ - ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედება შეწყვეტილია, მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ, - მეტი რა უნდა გაეროს მმართველ ბიუროკრატიას? მას ისევე აღელვებს მთელი საქართველოსა და აფხაზეთის ბედი, როგორც ჩვენ - სამხედრო კონფლიქტი ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის.
ან კი რატომ უნდა იყოს სხვაგვარად? ვინ და რატომ არის ვალდებული, ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს პრობლემა? ვინ და რატომ არის ვალდებული ჩვენს ნაცვლად ეომოს აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც ნამდვილად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ თავიანთი დამოუკიდებლობისა და ეთნიკური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად?
აშკარად დავემსგავსეთ ლუარსაბ თათქარიძეს, რომელიც მხოლოდ ბუზებს ითვლიდა ჭერზე და პოლიტიკურ ჰიპოთეზებს მეუღლე დარეჯანს უზიარებდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ სურს აღიაროს ქართველთა გენოციდი აფხაზეთში და ეთნიკური წმენდის ფაქტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის წესდების მეშვიდე თავის შესაბამისად, იგი უკვე ვალდებული იქნება მხარი დაუჭიროს ძალის გამოყენებას. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები აქტიურად ამოქმედდებიან იმ გეოპოლიტიკურ ზონაში, რომელიც კვლავ რუსეთის „გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის“ სივრცედ მიაჩნიათ. ეს კი ნამდვილად არ ეპიტნავებათ.
აქედან გამომდინარე, ტყუილად „ვიმშვიდებთ“ თავს იმით, თითქოს გენოციდისა და ეთნიკური წმენდის აღიარებას ხელს მხოლოდ რუსეთი უშლის. სინამდვილეში, ამ საკითხში არსებობს სრული თანხვედრა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრებს შორის არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს აფხაზეთის საკითხში.
გამოსავალი ამ ჩიხიდან არ არსებობს.
რომც მოხდეს სასწაული და უახლოეს წლებში დასავლეთის სახელმწიფოები აფხაზეთის საკითხში დაუპირისპირდნენ რუსეთს, რეალურად, გაეროში ეს არაფერს შეცვლის, ვინაიდან რუსეთი, უეჭველად, გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ხოლო ნატოს სამართლიანი ინტერვენცია (კოსოვოს დარად) აფხაზეთში შეუძლებელია - არა მხოლოდ რუსეთის შიშით, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ამას მხარს არ დაუჭერენ თურქეთი (რომლის შემადგენლობაშიც საუკუნეობით შედიოდა აფხაზეთი) და ჩრდილოეთ კავკასია.
ერთი სიტყვით, აუტკივარ თავს საქართველოსთვის არავინ აიტკივებს. კოსოვოშიც იმიტომ ჩაერივნენ, რომ იქ ხოცვა-ჟლეტა არ წყდებოდა. თანაც, სად? - ევროპის ცენტრში! ენგურზე კი ჩვენ თავად შევქმენით იდილიური ვითარება, როდესაც „დაპირისპირებულ მხარეებს“ ჰყოფს რუსეთის „სამშვიდობო ჯარი“, ხოლო გაეროს დამკვირვებლები გულმოდგინედ აკვირდებიან მშვიდობას.
თუ ამ იდილიურ ვითარებას საქართველო დაარღვევს - გაერო, უეჭველად, ჩვენ განგვიცხადებს პროტესტს.
ამ მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია დღესაც და პერსპექტივაშიც.
ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა წონასწორობის დარღვევა პარტიზანული შენაერთების მეშვეობით, რომლებიც სეპარატისტებს (თუნდაც მხოლოდ გალში) მოსვენებას არ მისცემენ, მაგრამ...
ეს რომ შეგვძლებოდა, სულაც არ იყო საჭირო გაერო, - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საბოლოო ჯამში, ისევე გულგრილად მოეკიდებოდა სეპარატისტთა პროტესტს, როგორც დღეს საქართველოს ხვეწნა-მუდარას ეკიდება.
აქედან გამომდინარე, ჭკუათმყოფელმა ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მოლაპარაკება „სეპარატისტებთან“ გაეროს ეგიდით და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რითაც დღეს მხოლოდ ვადასტურებთ დე-ფაქტო დამოუკიდებელი აფხაზეთის საერთაშორისო სამართალსუბიექტობას და ხელი შეუწყოს პარტიზანული მოძრაობის კვლავ გაშლას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საერთოდ დავანებოთ თავი არძინბას. რას ვერჩით? ჩაატაროს „საპრეზიდენტო არჩევნები“ და იყოს მშვიდად „დამოუკიდებელ აფხაზეთში“!
ჯერჯერობით ვერავინ დაუპირისპირა რაიმე არგუმენტი იმ დებულებას, რომ აფხაზეთის პრობლემა შეიძლება მხოლოდ ძალით გადაიჭრას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია (ანუ შეუძლებელია ომის დაწყება), მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ აღარ გადაიჭრება და აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია.