ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ იყიდის ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია აქვს, მედიის წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ამ წინადადებას "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა "უხამსი" უწოდა.
- ჩვენ თანამშრომლობაზე არასდროს ვამბობთ უარს, მაგრამ ივანიშვილის წინადადება შეურაცხმყოფელი იყო. ჩვენთან უამრავი ჟურნალისტური გაერთიანება და სტუდია თანამშრომლობს. ივანიშვილს დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების ან სხვა გადაცემების დაფინანსება რომ შემოეთავაზებინა, სხვა საქმე იქნებოდა.
შემოთავაზების ფორმამ გაგაღიზიანათ მხოლოდ თუ შინაარსმაც?
- ავტორიტეტი, პატიოსნება, ღვაწლი, ყველაფერი თუ ფულით იზომება, არ ვიცი... ჩემთვის პირადად ასე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია "მაესტროს" ჟურნალისტების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი, არც საეთერო დროის 50%-ის შენარჩუნება დაგვაკმაყოფილებს, ვინაიდან ჩვენთან, როგორც უკვე მოგახსენეთ, დამოუკიდებელი სტუდიები და მედიაჯგუფები თანამშრომლობენ. ვერ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტები ჰაერში გამოკიდებული, უმუშევარი დარჩნენ.
ე. ი. თქვენ თვლით, რომ ეს არ არის ტელევიზიაში ინვესტიციის ჩადების შემოთავაზება?
- არა, ეს ინვესტიციის ჩადება არ არის. როგორ გითხრათ, კახპას რომ ყიდულობენ, აი, ისეთი შეთავაზებაა. საკმაოდ ცუდი ფორმაა შერჩეული მედიასთან ურთიერთობისთვის.