იმის შესახებ, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია, ქართული არასამთავრობო სექტორი, კარგა ხანია, ლაპარაკობს. ისიც ფაქტია, რომ, მაგალითად, „ავერსის“ მიერ გამოშვებული მედიკამენტები სომხეთშიც კი იმაზე იაფად იყიდება, ვიდრე საქართველოში ღირს, თუნდაც, „ავერსისვე“ აფთიაქებში. უფრო მეტიც, მაგალითად, „პე ეს პეს“ მიერ გამოშვებული მედიკამენტები „ფარმადეპოს“ ქსელში იმაზე იაფად იყიდება, ვიდრე „პე ესპეს“ აფთიაქებში. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ქართული ფარმაცევტული ბაზრის ეს ორი „გიგანტი“ (გიგანტი, ბუნებრივია, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მასშტაბების გათვალისწინებით) ირწმუნება, რომ მონოპოლისტები არ არიან და ვერც ის აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ წამალი არათუ შემოაქვთ და ამზადებენ, თავადვე ყიდიან, შემდეგ იმ წამლებით თავიანთსავე საავადმყოფოში მკურნალობენ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობაც, ასევე, საკუთარ სადაზღვევო კომპანიებში აქვთ დაზღვეული.
მეორე მხრივ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიზნესმენებს, ჯერ ერთი დაჰპირდა, რომ მონოპოლიებს გააუქმებს და კარტელურ შეთანხმებებს აღარ დაუშვებს და, მეორე, მათ მოუწოდა, თავიანთი ნებით დაეწიათ ფასები. ფასებმა კლება იწყო და, მათ შორის, მედიკამენტებზეც, თუმცა „ავერსიც“ და „პე ეს პეც“ აცხადებს, რომ ფასთა კლება მათ ქსელებში მუდმივი პროცესია. საქართველოში მედიკამენტების ფასის ბედსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კარტელური გარიგებების შესახებ თინა ტურძილაძე გვესაუბრება.
ივანიშვილის სიტყვიერი განცხადების შემდეგ წამლებზე ფასის დაწევა, რის ნიშანია: აღიარეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომ ფასები ხელოვნურადაა დაწესებული და არა კონკურენციის შედეგად?
– მე ამ ფაქტს უფრო ბიზნესის მხრიდან რევერანსად შევაფასებდი, მაგრამ, ცხადია, არა მაქვს მოლოდინი, რომ ამ გზით ხელმისაწვდომობას უზრუნველვყოფთ, რადგან, თუ რეალური ცვლილებები გვინდა და ამაში ეჭვი არ მეპარება, კალაპოტის ცვლილება დაგვჭირდება, ამის გარეშე დინების მიმართულების შეცვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია...
ვიდრე ანტიმონოპოლიური სამსახური შეიქმნება, შევაფასოთ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული რეალობა: რა მიუთითებს კარტელური გარიგებებისა და ოლიგოპოლიების არსებობაზე, რასაც ფარმაცევტული კომპანიები კატეგორიულად უარყოფენ?
– ფარმაცევტული სექტორი ზოგადადაც მონოპოლიისკენ მიდრეკილი სექტორია, როგორც წესი, გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარზე იყენებენ მთელ რიგ შეზღუდვებს, ესენია: საპატენტო უფლებები, კლინიკური კვლევები, მათ შორის, გენერიკების ბიოეკვივალენტურობაზე, ლიცენზიები, ნებართვები, ავტორიზაცია და ასე შემდეგ. ცხადია, ეს შეზღუდვები ართულებს ბაზარზე მანევრირებას, მიუხედავად ამისა, მთელი მსოფლიო იყენებს მათ, როგორც ხარისხის დადასტურების საგარანტიო ინსტრუმენტებს და ამ მოცემულობაში ზრუნავენ მონოპოლიების რეგულირებისთვის.
ქართულ რეგულაციებზე, ფაქტობრივად, უარი ითქვა მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით! შედეგად ეფექტიანი რეგულაციები, ანუ მიზანზე ორიენტირებული რეგულაციები არ გვაქვს და მონოპოლია მაინც არის... მთავარი ნიშანი მონოპოლიის, რაზეც თქვენ მეკითხებით, მაინც წამლის ფასწარმოქმნაში ლიდერის გავლენის არსებობაა, თუმცა სხვა ნიშნებიცაა პროდუქციის დიფერენცირებასთან დაკავშირებით: ბაზარზე შეღწევისთვის მსხვილი კაპიტალდაბანდების აუცილებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უფრო ეკონომისტების კომპეტენციაა და ჯობია, ბაზარი სამართლებრივად და კვალიფიციურად მათ შეაფასონ, კერძოდ, მათ უნდა განსაზღვრონ რა ტიპის მონოპოლია გვაქვს: ტრესტი, კარტელი თუ სხვა.
მანამდე კი კრიზისი ღრმავდება: ბაზრის მონოპოლისტებმა, რომლებიც ფლობენ ფარმაცევტულ წარმოებებს, სადისტრიბუციო და სააფთიაქო ქსელებს, პარალელურად, განახორციელეს დივერსიფიცირება ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორში, ფარულად გადაინაწილეს ბაზრის მომწოდებლები და გარიგდნენ ფასებზე. ამის ღია მტკიცებულება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბაზარზე წამლის ფასებია, რომლებიც სავსებით თავისუფალია სახელმწიფო რეგულაციისგან და, იმავდროულად, თითქმის იდენტურია მთელ ბაზარზე. დღეს ამ მიმართებით არის ცვლილებების ტენდენცია, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან სუსტად გამოხატული.
ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, როგორ არის დღეის მდგომარეობით გადანაწილებული ფარმაცევტული ბაზარი? ბიზნესმენთა ზემოხსენებულ შეხვედრაზე კურტანიძემ აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე უამრავი ფარმაცევტული კომპანია ყოფილა წარმოდგენილი. რის საფუძველზე აკეთებს ის ამ განცხადებას, თქვენი აზრით?
– ბაზრის ძირითად წილს „ავერსი“ და „პე ეს პე“ ფლობენ და ეს მხოლოდ იმპორტში მათი წილებით არ ითვლება. ბაზარზე იმპორტის გარდა, ისინი თავად აწარმოებენ ფარმაცევტულ პროდუქციას; გარდა იმპორტისა და წარმოებისა, ახორციელებენ დისტრიბუციას, სააფთიაქო საცალო გაყიდვებს, ჰოსპიტალურ სერვისებს, ეს ყველაფერი ზრდის ბაზარზე მათ ხელთ არსებული ბაზრის წილის მასას... რა თქმა უნდა, „ავერსი“ შეგნებულად აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ხელს იშვერს იმპორტის მონაცემებისკენ, თუმცა აქაც არ არის მის მიერ მოწოდებული ციფრები ზუსტი. ვინაიდან, როგორც წესი, ეს ჯგუფები სხვადასხვა იურიდიული პირების სახით არიან წარმოდგენილი ბაზარზე. მაგალითად, „ავერსი“ იმპორტს ახორციელებს „ავერსი ფარმას“, „ავერსი რაციონალის“, კომპანია „AB“ სახელით და ასე შემდეგ.
რაც შეეხება იმას, რომ ბაზარზე ბევრი სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს: რა თქმა უნდა, ფუნქციონირებენ, მაგრამ მათი წილი ძირითადად, 1-2 პროცენტია. მონოპოლიას დისტრიბუტორების რაოდენობა კი არ განსაზღვრავს, არამედ ბაზარზე წილის მასა.
უაღრესად შეზღუდულია მონოპოლისტების მიერ ბაზარზე დისტრიბუცია და საცალო რეალიზაცია, ვინაიდან სააფთიაქო სეგმენტშიც სადისტრიბუციო მარჟების საშუალებით ფასების ტოტალური კონტროლი ხორციელდება და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათი გაკოტრება და თუ ამას არ აკეთებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მათი ინტერესია ამ აფთიაქების არსებობა.
ჩემი აზრით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რამ განაცხადა კურტანიძემ, როდესაც ლაპარაკობდა ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმზე – წამლები არ იბეგრება საბაჟო გადასახადით და, ასევე, არ ვიხდით დღგ-სო, აბა, რატომ ღირს მედიკამენტები საქართველოში ძვირი? რა კომპონენტებისგან შედგება წამლის ფასი საქართველოში და რის მიხედვით დგინდება ფასნამატი?
– წამლის ფასის სტრუქტურაში შედის მისი თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები, მოსაკრებლები და მოგება. საქართველოს ფისკალური პოლიტიკა წამლებთან დაკავშირებით უაღრესად ლიბერალურია და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ამ ფონზეც კი წამალი ჩვენთან უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში, სადაც დღგ 18 პროცენტი და უფრო მეტია, მაშინ, როდესაც ჩვენთან წამალი არ იბეგრება. ასევე, იქ მოქმედებს საბაჟო მოსაკრებელი და სარეგულაციო მოსაკრებლებიც, რომლებიც ჩვენთან ან საერთოდ მოხსნილია, ან ძალიან დაბალია. მაგალითად, ძალიან ძვირია ამერიკული რეგულაცია, უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც ძვირია ევროპული რეგულაცია, მაგალითად ინგლისში: წამლის რეგისტრაცია – 74 667 ფუნტი სტერლინგი ღირს, ჩვენთან – 500 ლარი; წარმოების ლიცენზია ინგლისში 2 236 ფუნტი სტერლინგი ღირს, ჩვენთან – 50 ლარი; კლინიკური კვლევის სერტიფიცირება ინგლისში 15 940 ფუნტი სტერლინგი ღირს, ჩვენთან – 50 ლარი, წარმოების ინსპექტირება ინგლისში ზონის მიხედვით – 8 000-დან 14 000 ფუნტ სტერლინგამდეა, ჩვენთან კი უფასოა, ანუ ნული ლარი ღირს. და ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
თუ ზოგადად რეგულირება აძვირებს წამალს, ჩვენს შემთხვევაში, ეს ფასები სიმბოლურია, შესაბამისად, სიმბოლური ხასიათისაა ქართული ადმინისტრირების ხარისხი, მოსაკრებლების ადეკვატურია და ეს ცალკე დიდი პრობლემაა.
თუ დავუჯერებთ „ავერსს“, რომ კომპანია მხოლოდ 5-პროცენტიან მოგებაზე მუშაობს; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო მოსაკრებლები ლამის ყველაზე მინიმალური გვაქვს მსოფლიოში, მაშინ კითხვები ჩნდება საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებით – ლოჯისტიკის, პერსონალის, მენეჯმენტის, რეკლამირების ხარჯებს ყველა იხდის მსოფლიოში, მაშინ რა საოპერაციო ხარჯს ეწევიან ასეთს, რომ ჩვენთან წამალი ასე ძვირია?!
ცხადია, ნაწილობრივ ეს სადაზღვევო და ჰოსპიტალური ბიზნესის ხარჯებია, რომლებიც, ერთი მხრივ, აძვირებს და, მეორე მხრივ, ასაღებს წამალს და მაქსიმალურად შეიწოვს პირადი თუ სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსებს. ამ პრობლემას მხოლოდ სადაზღვევო სისტემა ვერ მოხსნის, მით უფრო – სახელმწიფო დაზღვევა. სახელმწიფო მხოლოდ ხარჯ-ეფექტიან ჯანდაცვას უნდა აფინანსებდეს და არა მონოპოლისტურს.
რა რეზერვი არსებობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებისთვის და რომელ მედიკამენტებს შეიძლება, შეეხოს ის?
– გაიაფების რესურსი ძალიან დიდია, არათუ საქართველო, მსოფლიო გეგმავს გლობალური ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარი ტრილიონი დოლარით შემცირებას წამლების საშუალებით. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ, თუ წამლებზე ხარჯები არ შეაკავეს, ფაქტობრივად, ვეღარ დააფინანსებენ კვლევებს და ტექნოლოგიურ პროგრესს ჯანდაცვაში და მსოფლიო დგება კატასტროფის წინაშე. მართალია, ჩვენი უპირველესი პრობლემა ღ&D არ არის, სამაგიეროდ, ჩვენ, ამ თვალსაზრისით, ფინანსური კატასტროფა გვაქვს, ხალხი გვეხოცება უწამლოდ.
რას ნიშნავს ფინანსური კატასტროფა?
– ფინანსურ კატასტროფად მიჩნეულია სიტუაცია, როდესაც ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ, უშუალოდ სამედიცინო სერვისების დაფინანსება აჭარბებს ოჯახის ბიუჯეტის 40 პროცენტს. რიგ სახელმწიფოებში მოსახლეობის 11 პროცენტს აქვს ეს პრობლემა და მათგან 5 პროცენტი ხდება ღატაკი. ამ პირდაპირმა გადახდებმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ კენიასა და სენეგალში მხოლოდ ერთ წელიწადში სიღარიბის ზღვარს მიღმა 100 000 ოჯახი აღმოჩნდა. სამხრეთ აფრიკაში მსგავს სიტუაციაში იმყოფება, დაახლოებით, 290 000 ოჯახი.
ეს არ ნიშნავს, რომ წამალი უფასო ან ძალიან იაფი უნდა იყოს. წამლის ფასი უნდა იძლეოდეს ამ ბიზნესის კეთების მოტივაციასაც და მისი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობასაც. როგორც წესი, განვითარებული ბაზრები ამ მიზნით იყენებენ ხარჯების შეკავების კომპლექსურ ღონისძიებებს და დაზღვევით თანადაფინანსებას.
ეს პრობლემა ძირითადად ემართება მათ, ვინც ჯანდაცვის დაფინანსებისთვის თანხების მობილიზებას პირდაპირი გადახდებით ცდილობს. პირდაპირი გადახდების გამო მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 150 მილიონი ადამიანი დგება ფინანსური კატასტროფის წინაშე, მათგან 100 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა გადადის.
გარდა ფასისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხის პრობლემაც. რა დოზით აკმაყოფილებს ხარისხს დღეს საქართველოში შემოსული მედიკამენტები და როგორ მიგაჩნიათ, უნდა აკონტროლებდეს თუ არა უშუალოდ ჩვენი სახელმწიფო ქვეყანაში შემოტანილ წამლებს?
– დღევანდელი ქართული სახელმწიფო სისტემა უუნაროა, აღმოაჩინოს და, მით უფრო, შეაკავოს უხარისხო წამალი. თუ წამლის ფასი აისბერგის წვერია, ხარისხი აისბერგის ფსკერია; ჩვენ გლობალური ბაზრის ნაწილი ვართ, მცირე, მაგრამ მაინც მისი ნაწილი. ფაქტობრივად, გახსნილი გვაქვს ბაზარი, პრაქტიკულად დარეგულირებულია სისტემა, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ჩავანაცვლეთ ხარისხის კონტროლის ფსევდოსისტემით და ეს მაშინ, როდესაც კატასტროფულია ფალსიფიცირების პრობლემები.
თქვენც აღნიშნეთ, რომ საქართველოში გვაქვს რეალობა, როდესაც მედიკამენტების არათუ შემომტანი, დისტრიბუტორი და გამყიდველი, საავადმყოფოების მფლობელი და მზღვეველიც კი ერთი და იგივე კომპანიაა. თქვენი აზრით, გულისხმობს თუ არა ღონისძიებების გატარება, რომ ეს რგოლები უნდა განცალკევდეს?
– ეს ბაზარზე ამ კომპანიების წილის მასას ზრდის და მონოპოლიასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნის, და არ არის გამორიცხული, ანტიმონოპოლიური რეგულაციის საგანი გახდეს, თუმცა პროგნოზირებას მოვერიდები, ეს უფრო ეკონომისტების კომპეტენციაა.
და მაშინ, რა ბედი ელის ამ ბაზარზე წარმოდგენილ მსხვილ ბიზნესებს – „პე ეს პესა“ და „ავერსის“ სახით? და, რაც მთავარია, საქართველოს კანონმდებლობა ახლაც კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამის სასჯელებსაც ითვალისწინებს. ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა, დადგეს რიგ კომპანიათა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?
– მონოპოლიასთან მიმართებაში არა მგონია, ვინაიდან, რომც მოხდეს მათი მონოპოლისტებად კვალიფიცირება, კანონს უკუქცევის ძალა ვერ ექნება.
და, ალბათ, მთავარი კითხვა: მოახდენს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე გავლენას ფარმაცევტული ბაზრის დემონოპოლიზაცია?
– წარმატებული სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო საშუალო და წვრილი ბიზნესია, მონოპოლიები, როგორც წესი, ყველგან და ყოველთვის ხელისუფლების დაფინანსებისკენ არიან უფრო მიდრეკილი, ვიდრე ბიუჯეტის. მართალია, ჩვენ ღარიბი სახელმწიფო ვართ, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის პირობებში.