როგორც ჩანს, ოპოზიცია გვიან გამოერკვა სამურზაყანოს მოვლენათა შემდეგ. საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ „მთავრობის გადადგომა“ უეჭველად (იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ) აღიქმება ძალაუფლებისათვის ბრძოლად. ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა „რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანის“ მოთხოვნა, მაგრამ რადიკალებს ეს ლოზუნგი რატომღაც დაავიწყდათ. საპარლამენტო ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ თვით გარესაპარლამენტო ოპოზიციონერებსაც კი აზრად არ მოსვლიათ ამ ლოზუნგის გახსენება და შესაბამისი „აქციების“ ორგანიზება.
რას მოვესწარით! - მგონი, 9 აპრილისა და თვით „ეროვნული მოძრაობის“ სულისჩამდგმელებსაც კი აშინებთ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა, ვინაიდან შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ მიუჩვეველ და ჯერ კიდევ იდუმალებით მოცულ, გაურკვეველ „ლხინს“.
მთლიანობაში ეს ჩვენი „ეროვნული ოპოზიცია“ ერთობ თვალსასეირო საყურებელია - სად გაქრა მათი რადიკალიზმი, გულმხურვალება, რომლითაც ნოემბრისა და აპრილის „მრისხანე აქციებს“ აწყობდნენ 1988-1989 წლებში?!
მგონი, სულ მალე კიდევ უფრო დიდი სენსაციების მომსწრენი გავხდებით - ყოველ შემთხვევაში, სამურზაყანოში რუსეთის სავსებით აშკარა აგრესიის ფონზე ოპოზიციის მთელი რადიკალიზმი დსთ-დან საქართველოს გასვლის მოთხოვნაში გამოიხატა. არადა როცა ოპოზიცია თანამეგობრობიდან გამოსვლას მოითხოვს, იგი თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს: არ აუქმებ რუსეთის სამხედრო ბაზებს, არ მოითხოვ კონფლიქტურ ზონებში ჩაყენებული ე.წ. „სამშვიდობო ჯარების“ გაყვანას და მაინცდამაინც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა გინდა? გამოდის, იმისთვის, რაც მოხდა, პასუხისმგებლობა დსთ-ს წევრ იმ სახელმწიფოებსაც მიუძღვით, ვისაც საქართველოს უბედურებასა და დამცირებაში ხელი არ ურევია, მაგრამ რუსეთს - ყველაზე ნაკლებად. განა ეს აბსურდი არ არის?
თუ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიათა „მცოცავ ანექსიაზე“ - დსთ აქ არაფერ შუაშია. აფხაზეთში რუსის ჯარი დგას არა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა გადაწყვეტილების, არამედ 1994 წლის მაისის სამმხრივი (რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის) შეთანხმების საფუძველზე, რომელიც „მხარეთა დაშორიშორების და ცეცხლის შეწყვეტას“ ითვალისწინებდა, ხოლო ცხინვალის რეგიონში რუსეთის „სამშვიდობო ჯარები“ შემოვიდნენ 1992 წლის ივნისის დაგომისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების აღსასრულებლად. სხვათა შორის, მაშინ საქართველო დსთ-ს წევრი საერთოდ არ იყო, რუსი მესაზღვრეები საქართველო-თურქეთის საზღვარს „დამოუკიდებლად, მაგრამ ერთობლივად“ იცავენ 1994 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა და საქართველოს მეთაურმა თბილისში მოაწერეს. რუსეთის ბაზები საქართველოში იმყოფებიან 1995 წლის სექტემბრიდან - ვიქტორ ჩერნომირდინისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ პარაფირებული ცნობილი დოკუმენტის საფუძველზე. მაშ რა შუაშია აქ СНГ?
უკრაინაც СНГ-ს წევრია, მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება იმის მტკიცება, რომ უკრაინა რუსეთის სატელიტია? უზბეკეთიც თანამეგობრობის წევრია, მაგრამ ტაშკენტი რუსეთის მიმართ დღეს ყველაზე დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს - ლატვიაც კი არ არის, მიზეზთა გამო, იმდენად დამოუკიდებელი რუსეთისაგან, როგორც კარიმოვის უზბეკეთი! მიუხედავად ამისა, კარიმოვიც, ნაზარბაევიც, კუჩმაც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ დსთ-ს სამიტებში. მართალია, ხშირად დოკუმენტების ხელმოწერაზე უარს აცხადებენ და შეთანხმებასაც აინუშში არ აგდებენ, მაგრამ ფორმალურ მხარეს ყოველთვის იცავენ - მათ აზრად არ მოუვათ დსთ-დან გასვლა, ვინაიდან მიზანშეუწონლად მიიჩნევენ ამგვარი ნაბიჯის გადადგმას.
„თანამეგობრობა“ სრულიად უმაქნისი, ამორფული, ეფემერული ორგანიზაციაა. მიუხედავად ამისა, იგი გარკვეულწილად მაინც ქმნის ასპარეზს მრავალმხრივი ურთიერთქმედებისათვის თუნდაც იმავე რუსეთის გავლენის დასაბალანსებლად. ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც დსთ აკისრებს წევრ ქვეყნებს, არის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეკრება, ელცინის სიმბოლური თავმჯდომარეობით და უსაგნოდ, უმიზნოდ საუბარი ჰიპოთეტურ პროექტებზე, რომლებიც არასდროს განხორციელდება.
კი ბატონო, რუსეთი ამით თავის „გეოპოლიტიკურ სივრცეს“ ნამდვილად აფიქსირებს, მაგრამ ჯერჯრეობით ამ გარემოებას რაიმე სერიოზული საფრთხე დსთ-ს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისათვის არ შეუქმნია. რუსეთს „რომ უნდა“ - სხვა საქმეა, მთავარი ის არის, აღწევს თუ არა მიზანს.
სრულიად სხვაგვარი რეალობა იქნებოდა, დსთ-ს წევრობა იმთავითვე რომ ნიშნავდეს (უეჭველად გულისხმობდეს) რუსეთის ჯარების დაკანონებას, გარე საზღვრების ერთობლივ დაცვას და ა.შ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში თანამეგობრობის წევრობა ასეთ ვალდებულებებს არ შეიცავს. „კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებაც“ კი მხოლოდ დამატებითი დოკუმენტია.
მაგალითად, შესაძლოა, ქვეყანა იყოს დსთ-ს წევრი და არ შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას. უკრაინა, მოლდოვა და თურქმენეთი სწორედ ასე მოიქცნენ. მაშასადამე, ფორმალურად და იურიდიულად შეიძლება დსთ-ს წევრი იყო და ნატოშიც კი გაერთიანდე. ყოველ შემთხვევაში, თანამეგობრობის წესდება ამას არ კრძალავს.
ანუ, დსთ-ს მოწინააღმდეგე ოპოზიციამ უპირველესად კონფლიქტის ზონებიდან „რუსის ჯარის“ გაყვანა და რუსეთის სამხედრო ბაზების გაუქმება უნდა მოითხოვოს და მხოლოდ ამის შემდეგ - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა.