ქართველი ჯარისკაცები ლილოს ბაზაზე რადიოაქტიურად დაისხივნენ

ქართველი ჯარისკაცები ლილოს ბაზაზე რადიოაქტიურად დაისხივნენ

ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ლილოს სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის ყველა გარემოება, სადაც ქართველი ჯარისკაცები რადიოაქტიულად „დაისხივნენ“.

აღნიშნული სამხედრო ობიექტი 1992 წელს დაიკავეს (ძალით) ქართველმა გვარდიელებმა. მსგავსი რამ ხდებოდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. მაშინ რუსები იმაზე უფრო ფიქრობდნენ, რა გაეზიდათ საქართველოდან, როგორ მოეხერხებინათ სამხედრო ტექნიკის გაყვანა და ა.შ. თუ რაიმეს ტოვებდნენ, მხოლოდ ასეთ მომწამვლელ და შხამიან ნივთიერებებს, რომლებიც მათთვის უკვე სრულიად უსარგებლო იყო. ცეზიუმის კონტეინერები, რა თქმა უნდა, წინასწარგანზრახულად არის დატოვებული. სხვა საქმე იქნებოდა, ბაზის ტერიტორიაზე არსებულ რომელიმე სათავსოში რომ ყოფილიყო მიგდებული, მაგრამ რაკი მიწაში იყო დაბალ სიღრმეზე ჩაფლული (უფრო ზუსტად, მიწა ჰქონდათ მიყრილი), მაშასადამე პატრონებს ესმოდათ, რასაც ტოვებდნენ.

ის არგუმენტი, რომ რუსებმა ვერ მოასწრეს ქართული მხარის გაფრთხილება, ვერანაირად ვერ ამართლებს მათ ქმედებას, ვინაიდან 1992 წლის შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მოსკოვშიც და თბილისშიც ქართველი სამხედროები უამრავჯერ შეხვდნენ რუს კოლეგებს. საყურადღებოა ერთი გარემოებაც, არც ერთ ყოფილ „მოკავშირე რესპუბლიკაში“ ამგვარი რამ არ მომხდარა - იქ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მომწამლავი და რადიოაქტიული ნივთიერებები გაიტანეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

არავინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი კონტეინერია დაფლული სხვადასხვა „ბაზაზე“ და როდის მოხერხდება მათი გაუვნებლება. თუ, რასაკვირველია, ზემოხსენებული კომისია საერთოდ შეძლებს რაიმეს პოვნასა და აღმოჩენას. ამგვარ ძიებას დიდი თანხა და უახლესი აპარატურა ესაჭიროება, თანაც მარტო აღმოჩენა არ კმარა - აუცილებელია რადიაციული, მომწამლავი ობიექტის ტრანსპორტირება ან ნეიტრალიზება. რადიაციული ნივთიერებების შენახვა-უვნებელყოფა კი არანაკლებ ძნელია, ვიდრე მისი დამზადება. არავინ იცის, რა მოხდება ტრანსპორტირებისას. ვის აქვს იმის უფლება, ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს და ვინმეს ამგვარი კონტეინერების გადატანა უბრძანოს?! ან სად უნდა წავიღოთ იგი? დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თუ რადიაციულ ნარჩენებს შევთავაზებთ რუსებს, ისინი სწორედ ამ შემთხვევაში აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. რისი გატანაც მოასწრეს, უკვე მათი კუთვნილებაა, ამგვარ კონტეინერებს კი უმალვე გამოაცხადებენ „საქართველოს კუთვნილებად“ - თქვენია და თქვენვე მიხედეთო. როგორც ჩანს, აქ მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებს თუ შეუძლიათ ქმედითი დახმარების აღმოჩენა. დიდი ხვეწნა-მუდარაც არ იქნება საჭირო. როგორც კი ცნობილი გახდა რადიაქტიული მოწამვლის შესახებ, უამრავმა სპეციალისტმა გამოთქვა სურვილი დაეხმაროს ქართველ კოლეგებს. აქ იმდენად ალტრუისტულ მოსაზრებებთან არა გვაქვს საქმე, რამდენადაც რაციონალურ განსჯასთან - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია რადიაციასთან, დასავლეთში, საკუთარი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს. რადიაცია საზღვრებს რომ არ ცნობს, ეს ჩერნობილის კატასტროფამაც დაადასტურა.

საეჭვოა, „ნინო ჩხობაძის კომისიამ“ რამე მნიშვნელოვანის გაკეთება შეძლოს - მან მხოლოდ უნდა დაადგინოს (თუ მოახერხებს), საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ სად არის ან სად შეიძლება იყოს ამგვარი ნივთიერებები.

ის, რომ ჯერჯერობით ვერაფერი იპოვა, ძალიან ცუდი ნიშანია: წარმოუდგენელია რუსებს მხოლოდ ლილოს ბაზაზე ჰქონოდათ ქიმიური და ატომური იარაღი. და ეს მაშინ, როდესაც „ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი“ იყო პირველი სტრატეგიული ეშელონი, რომელსაც მტრის შეტევა უნდა მოეგერიებინა.