სომხეთის პრეზიდენტის მუდმივი ძრწოლა

სომხეთის პრეზიდენტის მუდმივი ძრწოლა

ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.

საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ამ ქვეყნების ახლად არჩეული პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები, პირველ ვიზიტს სწორედ მეზობელ, ისტორიულად მახლობელ ქვეყანაში ახორციელებენ.

მეორეს მხრივ, საოცრად სიმბოლურია, რომ რობერტ კოჩარიანი საქართველოში ჩამოდის მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მას ობსტრუქცია მოუწყვეს ევროპელმა პარლამენტარებმა და, ფაქტობრივად, გაუუქმეს არჩევნების შედეგი, რომელშიც მან რამდენიმე ძლიერი მოწინააღმდეგე დაჯაბნა.

ამ ტრადიციის გაგრძელების ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, უკვე მიიწვია ქართველი კოლეგა ერევანში. ეს ვიზიტები, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამჟამად ვითარება სამხრეთ კავკასიაში იმდენად დაიძაბა, რომ კოჩარიანი და შევარდნაძე რეალურ პრობლემებზეც ისაუბრებენ. ბუნებრივია, სომხური მხარისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია რკინიგზის აღდგენა. არც ერთხელ, განვლილ წლების განმავლობაში, სომხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას (პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს), ეს საკითხი ოფიციალურად არ გაუმწვავებია. რკინიგის აღდგენაზე დღენიადაგ პარლამენტის თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები ლაპარაკობენ.

მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი  ვიზიტისას უკვე პრეზიდენტიც უეჭველად ილაპარაკებს ამის თაობაზე, თუნდაც დახურულ კარს მიღმა. საქმე ის გახლავთ, რომ რკინიგზის ამოქმედება სომხეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ხდება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედება 2005 წლისთვის გარდაუვალია. შესაბამისად, აზერბაიჯანში ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად მოიმატებს და სომხეთ-აზერბაიჯანის ცივ ომში ძალთა ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაირღვევა. სომხეთს აუცილებლად (კიდევ უფრო მეტად) დასჭირდება უწყვეტი საკომუნიკაციო კავშირი თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან (რუსეთთან) მაგრამ მასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა საქართველოზე გადის. თანაც, სამხედრო დაპირისპირებისას (აგრეთვე, ომისადმი მოსამზადებელ პერიოდში, როცა მებრძოლი მხარეები პოტენციალის დაგროვებას დაიწყებენ), სომხეთსა და რუსეთს დასჭირდებათ არა უბრალოდ კომუნიკაცია, არამედ იაფი კომუნიკაცია.

სწორედ ამიტომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა რკინიგზის აღდგენას. მეორე მხრივ, კოჩარიანს, როგორც ჭკვიან სომეხს, შესანიშნავად ესმის, რომ ამჟამად რკინიგზის აღდგენა აბსოლუტურად არარეალურია. ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე რუსეთი და სომხეთი აფხაზურ მხარეს თუნდაც გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნაზე არ დაითანხმებენ. ამდენად, რკინიგზის თემის გაუთავებელი მუსირება სომხეთს საშუალებას აძლევს, კვლავ და კვლავ გაამწვავოს სამხრეთ კავკასიაში კომპლემენტარულობის კონცეფციის გატარების იდეა. ეს სომხეთის ძირითადი ეროვნული იდეა გახდა მას შემდეგ, რაც სომხეთმა ყარაბაღის ომში გაიმარჯვა, რუსეთის მეშვეობით.

რამდენიმე წლის წინათ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ეს კონცეფცია, ფორმულით – 3+3+2. იგულისხმება, რომ სამმა სამხრეთ კავკასიურმა სახელმწიფომ პრიორიტეტულად უნდა ითანამშრომლოს სამ რეგიონულ ზესახელმწიფოსთან (რუსეთი, ირანი, თურქეთი) და ორ გლობალურ ძალასთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ბუნებრივია, ეს ფორმულა თბილისშიც და ბაქოშიც აღიქვეს, როგორც მოსკოვი-ერევანი-თეირანის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის განმტკიცების და გაძლიერების საშუალება.

ერევანში კი საქართველოს პოლიტიკას აფასებენ, როგორც ფორმულას 2+2. ამ ფორმულის არსი ის გახლავთ, რომ თითქოს საქართველო ცდილობს, აზერბაიჯანთან ერთად დაუკავშირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის დაუკითხავად „შემოიტყუოს“ იგი სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია, ასეთი მითი უფრო სომხურ ისტებლიშმენტში გაბატონებულ სტერეოტიპთა გეოპოლიტიკურ სისტემაში ექსტრაპოლირების გამოხატულებაა. რეალურად კი, სომხეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უაღრესად ღრმა და შორსგამიზნული ურთიერთობები აქვს. ოღონდ, იმადვროულად, რუსეთსაც უქმნის „საუკუნო მოკავშირეობის“ ილუზიას. ყველაფრის საფუძველი კი სომხურ საზოგადოებაში გამეფებული სულისკვეთების მთავარი თავისებურებაა. ეს გახლავთ შიში! საზარელი, შემაძრწუნებელი, მუდმივი შიში იმისა, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანი და თურქეთი (განსაკუთრებით თურქეთი) სომხეთის წინააღმდეგ აგრესიას განახრციელებენ ყარაბაღის დასაბრუნებლად და „ყველაფრისთვის“ შურის საძიებლად.

სხვათა შორის, ამგვარი რამ ქართველ საზოგადოებას საერთოდ არ ახასიათებს და ჩვენთვის ძნელად გასაგები იქნება საეროთდ რაზეა აქ საუბარი. თვით ოფიციალური ვიზიტისას კი რამე კონკრეტული (მნიშვნელოვანი) გადაწყვეტილების მიღება განსაზღვრული არ არის. ყველაფერი ამოიწურება ხსენებული გეოპოლიტიკური დემონსტრაციებით, კარგად შეფუთული პროექტებით და საუკუნოვან მეგობრობაზე გულმხურვალე სადღეგრძელოებით. კაცმა რომ თქვას, თუ წინა საუკუნის ცინიკურ გამოვლინებებს არ ჩავთვლით, ქართულ-სომხური ათასწლოვანი მეგობრობა (გნებავთ, ინტერესთა თანხვედრა ვუწოდოთ) ნამდვილად არსებობს და მისი მოშლა ტაქტიკურ პრობლემებს არ ძალუძთ.