მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო (პირველი ნაწილი)

მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო (პირველი ნაწილი)

დღეს ჩვენს მეგობარს, თანამოაზრეს და თანამებრძოლს, შესანიშნავ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, კახა კაციტაძეს 56 წელი შეუსრულდებოდა. ვინც კახას პირადად იცნობდა, ჰქონდა წაკითხული მისი ნაშრომები თუ პუბლიცისტიკა, მოსმენილი ჰქონდა მისი ლექციები, ყველა დაგვეთანხმება, რომ კახა კაციტაძის სახით საქართველომ, და არა მხოლოდ საქართველომ, უდიდესი მოაზროვნე დაკარგა. ოთხ ნააწილად გთავაზობთ კახა კაციტაძის დღემდე გამოუქვეყნებელ წერილს „მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო“.

For.ge-ს რედაქცია და მკითხველები მადლობას ვუხდით ბატონ გურამ სანადირაძეს და ბატონ ნიკოლოზ სანებლიძეს, რომლებმაც კახა კაციტაძის არქივში მოიძიეს და მოამზადეს აღნიშნული პუბლიკაცია.

********

ამ წერილში წამოჭრილი საკითხები და პრობლემები, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ დადგებიან საქართველოს წინაშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე საუბარი, ვინაიდან არაფერია უფრო საშიში, ვიდრე თანამედროვე მსოფლიო პროცესებიდან ჩამორჩენა, მით უფრო ჩამორჩენა აზრისმიერი, გონებისმიერი. ამასთან, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ძვრები ამტკიცებენ, საზოგადოებრივი მოვლენების წინასწარი განჭვრეტის გარეშე შეუძლებელია სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი მოქმედება.

დღევანდელი სოციოკულტურული კლასიფიკაციის მიხედვით კაცობრიობის ისტორია ტექნოლოგიებისა და მათი ცხოვრებაზე გავლენის თვალსაზრისით, სამ ტალღად შეიძლება დაიყოს: აგრარული, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული. პირველი ტალღა უკავშირდება იმ აგრარულ ძვრას, რომელმაც დაახლოებით ათი ათასი წლის წინათ, ძირეულად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესი და “ნეოლითურ რევოლუციად” იწოდება. ამ ეპოქაში კაცობრიობა მოხეტიალედან მკვიდრ ცხოვრებაზე გადავიდა. მოხეტიალე ჯოგები შეცვალეს თემებმა, რომლებიც დედამიწის გარკვეულ მონაკვეთებზე დამკვიდრდნენ. დაჩქარდა მსოფლმხედველობრივ-კულტურული განვითარება, ჩამოყალიბდა აზროვნების მითოსური წესი. უფრო მოგვიანებით შეიქმნა დამწერლობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის დაფიქსირება და დროსა და სივრცეში მისი გადაცემა.

აგრარული საზოგადოების თავისებურებანი

პირველი საზოგადოებები, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, ძველ აღმოსავლეთში ისახება. ძველი აღმოსავლეთის საზოგადოება აგრარული იყო, ანუ მისი არსებობა სოფლის მეურნეობას ემყარებოდა. სოფლის მეურნეობისათვის საჭირო საფუძველს კი დიდი მდინარეები ქმნიდნენ. თანაც მდინარეები მხოლოდ კეთილისმყოფელნი როდი იყვნენ ადამიანისათვის. წყალდიდობას შეეძლო ათწლეულების შრომის შედეგების წალეკვა. ამიტომ ადამიანის სამსახურში მდინარეთა საბოლოოდ ჩასაყენებლად მათი “მოთვინიერება” გახდა საჭირო. ეს ირიგაციული ნაგებობების ანუ არხებისა და დამბების აგების გზით მიიღწეოდა. ამ ნაგებობათა როლი ძველ აღმოსავლეთში იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს წარმოშობას, უმთავრესად, საირიგაციო ნაგებობების შენებისათვის აუცილებელი ადამიანური თუ მატერიალური რესურსების თავმოყრის საჭიროებით ხსნის. ეს თვალსაზრისი, ცხადია, გადაჭარბებულია, თუმცა ჭეშმარიტების მარცვალსაც უთუოდ შეიცავს. უეჭველია, რომ ამ ნაგებობათა გარეშე ძველი აღმოსავლეთი ვერ იქნებოდა ის, რადაც იგი საბოლოოდ მოგვევლინა.

ძველი აღმოსავლეთის აგრარული ხასიათის გამო მეურნეობის სხვა დარგებზე სოფლის მეურნეობა დომინირებდა. საკითხავია როგორი იყო ეს სოფლის მეურნეობა? მას ექსტენსიური ხასიათი ჰქონდა. ექსტენსიური ტიპის სოფლის მეურნეობა ინტენსიურს უპირისპირდება. მათ შორის განსხვავების საჩვენებლად შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ, ოჯახს თავის გამოსაკვებად სჭირდება ერთი ჰექტარი მიწა, რომელსაც იგი გულმოდგინედ ამუშავებს, მაგრამ ოჯახი გაიზარდა და ამ ერთი ჰექტრიდან მოწეული მოსავალი უკვე აღარ ყოფნის. ამ შემთხვევაში მოსავლიანობის გაზრდის ორი გზა არსებობს - შეიძლება მოსავალი დავთესოთ არა ერთ ჰექტარზე (როგორც ამას აქამდე ჰქონდა ადგილი), არამედ _ ორზე. ამით მივაღწევთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაორმაგებას. არსებობს მეორე გზაც - აგრონომიული ცოდნის გამოყენებით გამოვიყვანოთ საჭირო პროდუქციის ახალი ჯიში, რომელიც ერთ ჰექტარზე მოსავალს ორჯერ გაზრდის. პირველ გზას ექსტენსიურს უწოდებენ, მეორეს _ ინტენსიურს. პირველ შემთხვევაში მატება რაოდენობრივი მაჩვენებლების (ჩვენს შემთხვევაში დამუშავებული მიწის ფართობის), ზრდის ხარჯზე მიიღწევა, მეორე შემთხვევაში კი თვისობრივი მაჩვენებლების (ჩვენს მაგალითში მოსავლიანობის), ზრდის ხარჯზე. ბუნებრივია, რომ ძველ აღმოსავლეთში, არასაკმარისად განვითარებული აგრონომიული ცოდნის პირობებში, პროდუქციის ზრდა ძირითადად ექსტენსიური მეთოდებით მიიღწეოდა.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ირიგაციის გამოყენებაზე დამყარებლი მიწათმოქმედება იმთავითვე მოიცავდა ძველი აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიებს. თავდაპირველად ირიგაციის ლოკალური ქსელები იქმნებოდა. თუმცა, მეურნეობის ექსტენსიური ხასიათის გამო, საჭირო გახდა სულ ახალი და ახალი მიწების ათვისება, რასაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი სისტემების გაზრდა-გაფართოება და ერთიანი ქსელის შექმნა მოჰყვა. ყოველივე ეს კი პოლიტიკრ სისტემაზეც სათანადოდ აისახებოდა.

როგორც უკვე ითქვა, ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების მეურნეობა უპირატესად აგრარული იყო და ნატურალურ ხასიათს ატარებდა. იგი გვერდს უვლიდა ფულადი მიმოქცევის სისტემას და საქონლის უშუალო გაცვლას ემყარებოდა. მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ხასიათი, ცხადია, არ გამორიცხავდა ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების გარკვეულ დონეს. თუმცა ვაჭრობის და ხელოსნობის პროდუქციის მოხმარების შესაბამისად, გასაღების ძირითადი არეალი ქალაქების მიმდებარე სასოფლო დასახლებები იყო. სწორედ აქ ცვლიდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ხელოსნობის აუცილებელ პროდუქციაზე. საერთაშორისო ვაჭრობა განუვითარებელი იყო და მასობრივ ხასიათს არ ატარებდა. იგი ძირითადად ფუფუნების საგნების ექსპორტ-იმპორტით შემოიფარგლებოდა. თუმცა ძველ აღმოსავლელLვაჭრებს საკმარისად ფართო თვალსაწიერი გააჩნდათ და თავიანთი სამშობლოდან კარგა შორ მანძილზე საქმიანობდნენ (სხვათა შორის ქართული სიტყვა “ვაჭარი” პართიულიდან არის ნასესხები. ანუ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაჭრობა საქართველოში ჯერ კიდევ პართიის ეპოქაში არსებობდა).

რამდენადაც ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებს აგრარული ხასიათი ჰქონდათ, (მითუმეტეს განუვითარებელი ფულადი სისტემის პირობებში), მათი ეკონომიკის ბაზისი, სიმდიდრისა და კეთილდღეობის წყარო, მიწის მფლობელობა იყო. ამავე დროს მიწა გამოდიოდა მალიმიტირებელი ფაქტორის, ანუ იმგვარი ფაქტორის როლში, რომელიც ხელს უშლიდა საზოგადოების განვითარებას. ექსტენსიური მეურნეობის პირობებში თვით მიწის ახალი მასივების შემომტკიცებაც კი არ იძლეოდა ახლადმიერთებული მიწის ეფექტიანი ათვისების ავტომატურ გარანტიას. მითუმეტეს, რომ მიწა ძველ აღმოსავლეთში ყოველთვის არასაკმარისი რაოდენობისა იყო.

ინდუსტრიული საზოგადოება

დაახლოებით XV-XVI საუკუნიდან დედამიწის ერთ მონაკვეთზე (დასავლეთ ევროპაში), იწყება გადასვლა ინდუსტრიულ საზოგადოებაზე. ვითარდება მანუფაქტურული წარმოება, სოფლის მეურნეობის ნაცვლად აქცენტი მრეწველობაზე გადადის. ცოტა მოგვიანებით კი მანქანური მრეწველობა იმარჯვებს. ინდუსტრიის განვითარებამ მოითხოვა შრომის ორგანიზაციის გაცილებით უფრო მაღალი დონე, ვიდრე ამას აგრარულ საზოგადოებასა და მის თანმხლებ ხელოსნობაში ვხვდებით. ინდუსტრიულ საზოგადოებაში ადგილი აქვს წარმოების საშუალებების იმგვარ განვითარებას, როდესაც გაცილებით ნაკლები დანახარჯებით დიდი ეფექტის მქონე შედეგებს ვაღწევთ. ეს კი, თავის მხრივ, რესურსების უფრო რაციონალურ განლაგებას, აგრეთვე საშუალებების არჩევისა და აზროვნების თავისუფლების ბევრად მაღალ დონეს საჭიროებს.

ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლა ემთხვევა ახალი დროის მეცნიერების და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ მექანიკურ პრინციპებზე დამყარებული ტექნოლოგიების წარმოშობას. ინდუსტრიული საზოგადოება, ტრადიციული აგრარულისაგან განსხვავებით, შეუდარებლად მეტ სარგებელს ნახულობს დაგროვილ ცოდნათაგან. ფრენსის ბეკონის გამონათქვამი “ცოდნა ძალაა” ეპოქის სულისკვეთების გამომხატველად იქცა. წარსულს ჩაბარდა ცხოვრებისეულ თუ სამყაროულ მოვლენათა პასიურად მჭვრეტელი ბრძენის ანტიკურ-შუასაუკუნეობრივი იდეალი. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევათა მხარდაჭერა უკვე XVII საუკუნიდან ოფიციალურ პოლიტიკად იქცა, რასაც შესაბამისი ინსტიტუციონალიზაცია მოჰყვა.

ამგვარმა ცვლილებებმა მოითხოვეს კადრების შერჩევის ძველ პრინციპზე უარის თქმა, რომელიც ძირითადად გვარიშვილობასა და ნათესაობას ემყარებოდა. ინდუსტრიული განვითარების ლოგიკას მინიმუმამდე დაჰყავს კარიერის არაპროფესიული ელემენტები. ეკონომიკური, ტექნიკური, კულტურული და პოლიტიკური მართვის პროცესებისათვის ოპტიმალურად მიიჩნევა არა გარედან ჩარევა, არამედ პროცესების მართვა მათი შინაგანი კანონზომიერებების შეცნობის საფუძველზე.

ინდუსტრიულ საზოგადოებას აგრარულთან შედარებით გააჩნია თვითორგანიზაციის ბევრად მაღალი დონე. ეს გულისხმობს რესურსების უფრო რაციონალურ და კონცენტრირებულ მობილიზებასა და გამოყენებას. ინდუსტრიული საზოგადოების საწყის ეტაპზე დაგროვებასა და ინვესტირებას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე პროდუქციის მოხმარებას (გავიხსენოთ გობსეკი, ადრეული ინდუსტრიული ხანის ლიტერატურის ეს კლასიკური პერსონაჟი). საზოგადოების ორგანიზაციის უფრო მაღალმა დონემ განვითარებული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და რესურსების დაგროვება გახადა აუცილებელი.

რასაკვირველია, ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლა სრულიადაც არ გულისხმობს აგრარულ სექტორზე უარის თქმას. ეს უკანასკნელი არათუ შენარჩუნებულია, არამედ მანქანური ტექნიკის დანერგვის წყალობით ძალზე ინტენსიურადაც ვითარდება. იგივე ითქმის სავაჭრო სექტორზე. ჯერ დიდი იალქნიანი ხომალდების, ხოლო შემდეგ ორთქლის გემის და რკინიგზების გაჩენა მნიშვნელოვნად ამცირებს სავაჭრო ტვირთის გადაზიდვის საფრთხეს და დროს, თანაც საგრძნობლად ზრდის გადასაზიდ მასას. ხელოსნობის სფერო კი თანდათანობით მომსახურების სფეროდ ყალიბდება. ინდუსტრიულ საზოგადოებაში მოსახლეობის სოციალური წილი ჯერ თანაბრდება, შემდეგ კი განუხრელად იზრდება ქალაქის სასარგებლოდ.

საქართველო და ჰოლანდია ანუ რატომ ვერ მივაღწიეთ

ქართველებმა განვითარების ინდუსტრიულ დონეს

აქ იბადება ყველა ქართველისათვის უაღრესად აქტუალური, დამაინტრიგებელი და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ ვერ მოახერხა საქართველომ განვითარების ინდუსტრიულ დონეზე გადასვლა, რაც არა მხოლოდ წინსვლის, არამედ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიც იქნებოდა? დეგრადაციის მიზეზად, როგორც წესი, საგარეო ფაქტორები მიიჩნევა: თემურ-ლენგის შემოტევები, უზუნ-ჰასანის ლაშქრობები, ბიზანტიის დაცემა. აგრეთვე ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მტერი რიცხვობრივად გვჭარბობდა და ტექნიკური აღჭურვილობითაც გვჯობნიდა. რიცხოვნება მართლაც შეიძლება მხედველობაში მივიღოთ, მაგრამ განა ამითვე აიხსნება ჩვენი ჩამორჩენა ტექნიკურ აღჭურვილობასა და ტაქტიკაში? (ნიშანდობლივია, რომ ინდუსტრიული ეპოქის გარიჟრაჟზე მსოფლიოში საუკეთესო არმიები დიდ ერებს, ინგლისელებს, ფრანგებს ან ესპანელებს კი არ ჰყავდათ, არამედ ჰოლანდიელებსა და შვედებს).

მხოლოდ რიცხოვნობაზე მითითება საქმეს ვერ შველის. რამდენჯერ აღემატებოდნენ ესპანელები ჰოლანდიელებს ნიდერლანდების რევოლუციის ხანაში? და ვინ გაიმარჯვა? არც გეოგრაფიული თვალსაზრისით იყვნენ ჰოლანდიელები უკეთეს მდგომარეობაში _ ბოლოს და ბოლოს თავშესაფრად მთებიც კი არსად იყო! ამტკიცებენ, რომ ქართველების მარცხს ჩვენი სამიწათმოქმედო და ჩვენი მტრების მომთაბარული ცხოვრების წესების განსხვავება განაპირობებდა, თითქოს ქართველები უფრო კულტუროსნები ვიყავით და ძირითადად ამიტომ ვმარცხდებოდით. მაგრამ განა ესპანელთა და ჰოლანდიელთა ცხოვრების წესი ერთმანეთიდან ნაკლებად დაშორებული იყო? იქნებ ესპანელებს სისასტიკე აკლდათ? მაშ რა ვუყოთ მათ მოქმედებას სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში? არა, საქმე რაღაც სხვაშია. ძაღლის თავი სადღაც სხვაგანაა დამარხული.

საინტერესოა რა მოხდებოდა უფრო ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ გარემოში რომ გვეცხოვრა? ევროპასთან კავშირისათვის მხოლოდ კონსტანტინოპოლზე რომ არ ვყოფილიყავით დამოკიდებულნი? ან თუნდაც თემურ-ლენგსა და ოსმალებს ჩვენამდე ხელი რომ არ მოწვდომოდათ? ეტყობა განსაკუთრებული არაფერი. ალბათ, ისევე განვიცდიდით დეგრადაციას, როგორც აგრარულმა ესპანეთმა ან პორტუგალიამ განიცადეს ინდუსტრიული ინგლისისა და ჰოლანდიის აღზევების ფონზე.

სწორედ ჰოლანდიის ისტორიის ერთი ეტაპის შესწავლა ქმნის სათანადო საფუძველს ჩვენი ისტორიის ზოგიერთი სტერეოტიპის გადასასინჯად. საკითხავია, მაინც როგორ მოახერხეს ჰოლანდიელებმა საკუთარი რესურსების იმგვარი მობილიზება, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გაიმარჯვეს და ჩვენ რატომ დავმარცხდით ასეთივე გადამწყვეტ ბრძოლაში? ნუთუ ქართველები, როგორც ერი, მართლა არ ვვარგივართ? - სისულელეა! ერთადერთი რაც საკუთარ თავს უნდა ვუსაყვედუროთ ის არის, რომ ვერ შევქმენით იმგვარი სოციოკულტურული სისტემა, რომელიც დაგვიცავდა და ჩვენსავე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მაგრამ რატომ ვერ მოვახერხეთ ეს?

ერთი რამ ახლავე ცხადია. ჰოლანდიელებს პოლიტიკურ ორგანიზაციაში ჰქონდათ რაღაც იმგვარი, რაც ჩვენ გვაკლდა და ამ რაღაცამ ლამის ყველაფერი განსაზღვრა. საქმე ისაა, რომ მათი საზოგადოება სამოქალაქო ხასიათისა იყო. “სამოქალაქო” უზოგადესი აზრით, გულისხმობს ისეთ სოციუმს, რომლის ცხოვრებაშიც გადამწყვეტ როლს ქალაქი და შესაბამისად, ინდუსტრია თამაშობს. ამისგან განსხვავებით შუა საუკუნეების სოციუმი უპირატესად აგრარული იყო, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა სასოფლო თემს ენიჭებოდა. თუმცა “სამოქალაქო” მხოლოდ ამას როდი ნიშნავს. აქ იგულისხმება მმართველობის გარკვეული წესი, რომელიც ხელმძღვანელ პირთა არჩევითობას და ანგარიშვალდებულებას ემყარება. ამას გარდა “სამოქალაქო” ზემოთ ნახმარი მნიშვნელობით ისიცაა, რაც სამხედროს, უფრო ზუსტად სამხედრო-ფეოდალურს უპირისპირდება.

მაგრამ რატომ გაჩნდა ამგვარი სამოქალაქო ანუ ბურჟუაზიული სისტემა ჰოლანდიაში და ჩვენთან კი - არა? (“ბურჟუაზიული” ქართულად ხომ სწორედ სამოქალაქოს ნიშნავს და მეტს არაფერს). ეროვნული ხასიათების განსხვავებაზე მითითება გულუბრყვილობაა. XIV საუკუნის ჰოლანდიელის ეთნოფსიქოლოგია დიდად არ განსხვავდება იმავე ეპოქის ქართველისაგან (ვისაც არ სჯერა წაიკითხოს დიდი ჰოლანდიელი კულტუროლოგის იოჰან ჰოიზინგას ნაშრომი “შუა საუკუნეების შემოდგომა”). მაშასადამე, მიზეზი სოციოკულტურულ სისტემაში უნდა ვეძიოთ, რაც სამყაროსადმი გარკვეულ მიმართებას გულისხმობს. იმ სოციოკულტურული სისტემის არსი, რომელიც ჰოლანდიაში შეიქმნა, ერთი სიტყვით შეიძლება გამოხატოს: შ რ ო მ ა.

შრომა და წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ საქონლის მასობრივ წარმოებას სათანადო ფინანსური საშუალებების (კაპიტალის), მოზიდვის გზით და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შრომის არსი უფრო ძირეულია და აუცილებლად მოითხოვს საკუთარი თავისადმი ახლებური მოთხოვნების წაყენებას და შრომის ორგანიზაციის თვისობრივად ახალ კულტურას. საბოლოო ჯამში ეს იგივეა, რაც საკუთარი თავის ხელახლა ჩამოყალიბება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, შრომა ამგვარი თვითჩამოყალიბების უწყვეტი პროცესია. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ გერმანული ფილოსოფია (განსაკუთრებით გ. ვ. ფ. ჰეგელი), ორ ტერმინს, Arbeit (შრომა) და Bilding (ჩამოყალიბება, სახის მიცემა, განათლება), ორგანულ მთლიანობაში გაიაზრებს. ვინც შრომაში სხვა რამეს ხედავს (ბურჟუა - ექსპლუატატორებს და რაღაც ასეთებს), მაცთურიდან (უკაცრავად, მარქსიდან) ამოდის.

მტკიცება რომ ჰოლანდიელები საკუთარ თავზე (ისევე როგორც გარესამყაროზე), მიმართული შრომის წყალობით ჩამოყალიბდნენ ერად და თავისი გაიტანეს, სულაც არ გულისხმობს, რომ ჩვენი წინაპრები ზარმაცები იყვნენ. უბრალოდ განსხვავებულ ეპოქებში შრომას (ისევე როგორც ბრძოლას ან გართობას), სრულიად განსხვავებული ფუნქციონალური დატვირთვა აქვს. შუა საუკუნეების სოციოკულტურულ სისტემაში შრომა ნიშნავდა საკუთარი თავისათვის ან სხვისთვის გარჯას. მისი ძირითადი ფუნქციაც კვლავწარმოებით ამოიწურებოდა. ახალ დროში კი იგი გულისხმობს საკუთარ თავზე შრომასაც, აგრეთვე, საკუთრივ თავსა და გარესამყაროს შორის ურთიერთობის განუწყვეტლივ, კვლავ და კვლავ ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ შეიძლებოდა, რომ ჩვენი წინაპრები სულაც არ ყოფილიყვნენ ზარმაცნი (ბოლოს და ბოლოს ვაზის სამასი თუ ხუთასი ჯიში გამოიყვანეს), მაგრამ ჩვენს სოციოკულტურულ სისტემაში შრომას არ ჰქონდა ისეთივე ფუნქცია, რაც დასავლეთში.

რა გზით მოახერხეს ჰოლანდიელებმა შრომის იმგვარი ორგანიზაცია, რომ მკვეთრად გასცდნენ უბრალო კვლავწარმოების ფარგლებს? ჯერ ერთი იმით, რომ შექმნეს თვითმმართველობა; ეროვნულ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლის თამაში ქალაქებმა დაიწყეს (მათი ფუნქციონერების წესი ძირეულად განსხვავდებოდა შუასაუკუნეებისდროინდელი ქალაქებისაგან). ჰოლანდიელებმა განავითარეს საფინანსო ურთიერთობები, კრედიტი, რენტა; გარდაქმნეს ვაჭრობის სისტემა. ძირეულად შეიცვალა ვაჭრის სოციალური სტატუსი, ვაჭრობა საპატიო ხელობად იქცა. განვითარდა მრეწველობის ახალი დარგები (მაგალითად სამთო-მომპოვებელი, მეტალურგიული და სხვა). ძირეულად გარდაიქმნა სოფლის მეურნეობაც. თავისუფალი გლეხის მიერ წარმოებული პროდუქტი გამიზნული აღარ იყო მხოლოდ საკუთარ (და მით უფრო სუზერენის) უშუალო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. მიწათმოქმედებამ სავაჭრო ხასიათი შეიძინა. იგი ექსპორტზე გახდა ორიენტირებული. შედეგი კი ის იყო, რომ გლეხების ნაცვლად ფერმერთა კლასი ჩამოყალიბდა. შეიქმნა წარმოების ახალი ორგანიზაციული ფორმა - მანუფაქტურა, რამაც შეუდარებლად გაზარდა შრომის ნაყოფიერება. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა შრომის ის კულტურა, რომელსაც ქართველები “გერმანულს” ვეძახით. თუმცა ეთნიკური მომენტი აქ არაფერ შუაშია, XIII საუკუნის გერმანელები არაფრით არ იყვნენ უფრო ბეჯითი მშრომელები ვიდრე, ვთქვათ, ამავე ეპოქის იტალიელები (ღმერთმანი პირიქით იყო). აქ არსებითია არა ეთნიკური კუთვნილება, არამედ ახალი სოციოკულტურული სისტემა.

(პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება)