პანწკალა პაპა ახლაც მიგზავნის პურის ფულს

პანწკალა პაპა ახლაც მიგზავნის პურის ფულს

თბილისის მაისის კაშკაშა მზე დანათოდა, ბატონ გივი ბერიკაშვილს რომ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ქალაქში არ ვარო, - მითხრა. ორიოდე დღის შემდეგ ისევ დავუკავშირდი. ისევ სოფლად იყო. ახლა ისეთი ამინდებია, საქმეს ვერ მოვცდები, იწვიმებს და ჩამოვალო, - დამაიმედა.

წვიმის მოლოდინში კარგა ხანს მომიწია. მერე ისეთი თავსხმა მოვიდა, სოფელში მართლა ვეღარაფერს გააკეთებდა კაცი და ბატონი გივიც ჩამოვიდა. თვალის შევლებითაც ეტყობა, რომ გამრჯე კაცის სიალალე და დიდი, კეთილი გული დაამადლა უფალმა, ამიტომაც პოულობს საერთო ენას გლეხკაცთან თუ ქალაქელთან, ამიტომაც გრძნობს ქართული მიწის მადლს. წვერში აქვს პატარა მიწის ნაკვეთი და იქიდან დიდგორს გადაჰყურებს.

- ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სოფელი არ დამიკარგავს, ისიც ჩემი იყო და ესეც. ქალაქში გაზრდილი კაცი სოფელს თუ არ იცნობ, რაღაც უთუოდ გაკლია... ასეა ეს ცხოვრება, - მითხრა ბატონმა გივიმ, - მაგრამ მთავარი მაინც მიწასთან სიახლოვე მგონია. ერთხელ რეზო ლაღიძემ მითხრა და ის არ დამავიწყდება. კომუნისტების დროს ცხვარიჭამიაში ნაკვეთები დაარიგეს, მერე ჩამოართვეს. ძალიან სევდიანი და ჩაფიქრებული რეზო იჯდა. კინოსტუდიის შენობის წინ. ჯოხზე იყო დაყრდნობილი. ვკითხე, რა დაგემართათ-მეთქი. გივი, იცი, ჩემი დარგული ხე წამართვესო. იმას კი არ დარდობდა, სახლი თუ კარმიდამო რომ წაართვეს, ხეს დარდობდა.

თუ გახსოვთ, პირველი ხე როდის დარგეთ?

- ვერ გეტყვით. არდადეგები რომ დაიწყებოდა, ერთ დღეს არ ვჩერდებოდი თბილისში. ასეთი იოლი არ იყო მაშინ მისვლა-მოსვლა. ახლა იქ ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ.

ის სახლი გენატრებათ?

- არა, იმიტომ რომ ისევ ჩავდივარ, იქ ჩემი ოთახი მაქვს, კედლებზე ძველებურად კიდია ჩემი სურათები, აფიშები. ასაკთან ერთად ისეთი სიხარულით ვეღარ გავრბივარ სოფელში, ჯანი აღარ მომდევს.

და ამ ჯანით გადასარევად მუშაობთ წვერში, თქვენს ნაკვეთში.

- მიყვარს ცელიც, ბარიც და თოხიც. იქ ჩემი დარგული ხეხილია, ყვავილებია. ადრე მეტს ვასწრებდი. სკოლაში რომ ვსწავლობდი, კახეთიდან ჩამოდიოდნენ ბიჭები. იცოდნენ, როდის ვამთავრებდი გამოცდებს და მაკითხავდნენ, რომ არდადეგებზე სხვაგან არ წავსულიყავი. ორი-სამი დღე აქ ვატარებდით დროს, ვსეირნობდით. მერე წავიდოდით სოფელში. როგორც კი ნავთლუღს გავცდებოდით - ბიჯო, რა გაძლებინებს ამ დახუთულ ქალაქშიო, - მომიბრუნდებოდნენ. ჩავიდოდით და მეც ამოვისუთქავდი. მართლა დავისვენებდი. ახლა თბილისშია ნახევარი საქართველოს მოსახლეობა.

თქვენი მეგობრებიც თბილისში ჩამოვიდნენ?

- არა, ისინი ისევ კახეთში ცხოვრობენ. მე რომ ისეთი პროფესია მქონოდა, სოფელში ცხოვრება და მუშაობა შემძლებოდა, აუცილებლად წავიდოდი. არც ერთ სოფელში კლუბი არ დარჩა, მე რომ მის სცენაზე არ მეთამაშა. ახლა კლუბები აღარ არსებობს. უჭირს ხალხს, ერთი ლარიც კი არ აქვთ, კონცერტს რომ დაესწრონ. რამდენჯერ მოსულან და უთხოვიათ, ხმის გამაძლიერებლები ჩართეთ, მოვისმენთ მაინცო.

თქვენი სხარტი სიტყვა-პასუხი აშკარად კახეთისსაჩუქარია“.

- კახეთში უფრო დიდ იუმორსა და გონების სისხარტესაც ნახავთ.

ჯერ მარტო მეტსახელები რად ღირს! ერთხელ, თელავში დამანახვეს ძალიან პატარა კაცი. ახლა ამას რა უნდა ერქვასო, - მკითხეს ბიჭებმა. ჩამოვთვალე: კურკა, წრიპა. არაო. აბა რა ჰქვია, გამაგებინეთ-მეთქი. ცოტაო. წარმოგიდგენიათ?

სტუდენტობისას მე და თენგიზ არჩვაძე ჩავედით კოლაგში. რთველი იყო. გაიშალა სუფრა. უცებ თენგიზმა იყვირა: - კარგით რა! ნამუსი არა გაქვთო, ამ თაფლივით კაცს შხამას რად ეძახითო! მართლაც ჩემს ბიძაშვილს, წარმოუდგენლად ტკბილსა და კარგს, შხამას ეძახდნენ.

თქვენ რას გეძახდნენ

- მე პაპაჩემის სახელის გამო პანწკალას ბიჭს მეძახდნენ. მაინც მოაგარაკე კაცი ვიყავი და ჩემი სახელი არ „მომიპოვებია“.

ახლა ძალიან სევდიანია სოფელი.

- აბა, რატომ უნდა იყვნენ გახარებული. ბაზარში შეხვალ და შეგრცხვება: არც ერთი ღერი მწვანილი და კაკალი ხილი ქართული არ არის. რა ქნას ქართველმა გლეხმა? მახსოვს, სოფელში სირაჯები ჩამოდიოდნენ, ღვინოს ყიდულობდნენ. პაპა დამსვამდა, მეტყოდა, თვალი ადევნე, შენც დათვალე, რამდენ ჩარექა ღვინოს ამოიღებენ, ვაჭრობა სხვანაირი საქმეაო. მეც მეწყო ლობიოს მარცვლები და ვითვლიდი. მაშინ მითხრა პაპამ: არის ქვეყნები, შვილო, ბაზარზე ჩამოსაჯდომი ადგილიც არ აქვთო, ჩვენა კიდევ წამოსაწოლი ადგილიც გვაქვსო. ახლა დაგვიდგა ის დრო, ჩვენც აღარა გვაქვს ჩამოსაჯდომი ადგილი. განა თურქული ცუდია, შეიძლება კარგია, მაგრამ მე რომ ქართული მინდა. ახლა გამახსენდა: ერთმა ბიჭმა თქვა, თურქეთიდან პომიდორი მომაქვს, ზედა ვწევარ და ისეთია, არ იჭყლიტებაო, ქართული კი იჭყლიტება და ლპება კიდეც, ვერა ყიდიან გლეხები. ამას უნდა მიხედვა.

ხომ მოგყავთ წვერში ქართული ხილი და ბოსტნეული.

- მომყავს. ერთ რამეზე მწყდებოდა გული აქამდე, ცაცხვი მინდოდა გამეხარებინა და რამდენიც დავრგე, ვერ გავახარე. წელს კი საოცრება მოხდა, სამი ცაცხვი დავრგე და სამივემ იხარა. ფოთლები გამოიტანა. რომ მივდივარ, პირველ რიგში იმას ვუსხამ წყალს. მეორე ჭაც გავთხარე. ბიჭებმა მკითხეს, რამდენ მეტრზე გათხარეო. ათზე-მეთქი. ახლა იხადე გადასახადიო. ოთხ მეტრზე ქვემოთ რაც გაქვს დაბურღული, თითო მეტრზე ლარი იხადე თვეშიო. სამეგრელოში ჭები ვიცი, 15-20 მეტრზეა გათხრილი. იმათ რა უნდა ქნან?

ხელზე იარა გაქვთ, ანცი ცხოვრების დანატოვარი ხომ არ არის?

- მარჯვენა ხელისგულზე დიდი ნაიარევი მაქვს. იმ დღეს ტელევიზორში მოვისმინე რეკლამა, ფეხბურთია და მოდით, გვეწვიეთო. ამდენი პატიჟი რად უნდოდა. ეგ კი არა, ოღონდ ბილეთი გვეშოვა. ეს სტადიონზე გადაპარვისას ჩამოვახიე გისოსებს. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი. მილიცია ხომ იდგა შიგნით. მივადგებოდით რკინებს და ვიხვეწებოდით: გაიხედე, რა ბიძია, გაიხედე, რა! მილიციელიც გაიხედავდა და გადავხტებოდით ეზოში. მერე დაგვიყვირებდნენ, მაგრამ ხალხში შევერეოდით. ხელი რომ გავიფუჭე, მედპუნქტში შემიყვანეს, ჭრილობა დამიმუშავეს და მითხრეს, ახლა კამოს ქუჩაზე, საავადმყოფოში წადი, გაგიკერავენო. ვერ წავედი. პირველ ტაიმს მაინც ვუყურე. მერე ისე ამტკივდა, ვეღარ გავძელი. წავედი და გავიკერე. მივედი შინ. პერანგი ვეღარ გავიხადე. მეზობლებმა - გავჭრათო. რა უნდა გაჭრათ, ხვალ რაღა ჩავიცვა-მეთქი. გავიხდიდი ღამე პერანგს. ცალ ხელზე დაკიდებული დამრჩებოდა და ისე მეძინა. აბა, რა მექნა.

არ მქონდაო, ბრძანეთ, ამის გამო თავი უბედურად ხომ არ გიგრძნიათ?

- არა, ბატონო. ახლაც არა მგონია, ჩაუცმელობას ვინმე ძალიან წუხდეს. ამას წინათ მანქანა გამიჩერა ერთმა ქალბატონმა, - წაგიყვანთ, ბატონო გივიო. ჩავიხედე მანქანაში - თითქმის ტიტველი იჯდა. ხალხი ტიტველი დადის და უხარიათ. ჩვენს დროს ეგრე არ იყო. მისაღებ გამოცდაზე ეტიუდი არ გავაკეთე. დაწექი და გახოხდიო. როგორ გავხოხებულიყავი, მეორე დღეს გარეთ ვეღარ გამოვიდოდი. პიჯაკს ჯიბე ხომ მარცხნივ აქვს, ჩემსას სულ მარჯვნივ ჰქონდა. სხვა რომ იხმარდა და დაუძველდებოდა, მე მომცემდა. წავიღებდი ძმაკაცის დედასთან, მკერავი იყო. გადმომიბრუნებდა. გულის ჯიბე მარჯვნივ რჩებოდა. მაშინ თბილისში ბევრი დადიოდა მარჯვენა „პისტონჩიკიანი“ - ასე ეძახდნენ იმ ფასონის პიჯაკებს. პაპა მკითხავდა ხოლმე: - ზამთარში დაკრძალვაზე ყოფილხარო? ვყოფილვარ-მეთქი. პალტოიანი მკვდარი გინახავსო? არა-მეთქი. ეგრეა, ათი პალტო გქონდეს, რომ მოკვდები, ერთს არ ჩაგაცმევენო, აქ უნდა დატოვოო. ეგ არის ყველაზე დიდი სიმართლე. ამიტომ ჩაცმაზე დარდი არ ღირს.

საოცარი კაცი ყოფილა პანწკალა პაპა.

- რამდენი დრო გავიდა და ერთი „იუმორინა“ არ გასულა, პაპაჩემის სიტყვა არ გამომეყენებინოს. ახლაც მიგზავნის პურის ფულს. შებინდებისას მოდიოდა ვენახიდან. მეც ველოდებოდი, გარეთ არ გავიდოდი იმ დროისთვის. მოვიდოდა, დაიბანდა და სავახშმოდ დავსხდებოდით. სულ სამ ჭიქას დალევდა ხოლმე. პირველ ჭიქას ასწევდა - ჩვენ გაგვიმარჯოსო. მეორით წასულების შესანდობარს იტყოდა, მესამით კი აუცილებლად - ხვალინდელი დღის გათენებას გაუმარჯოსო.

ერთხელაც, ისეთ გუნებაზე ვიყავი, შევეპასუხე: რა ხვალინდელი დღის გათენებაზე მელაპარაკები, არ გაგიგონია, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო. შემომხედა. არაფერი მითხრა, ისე წავიდა დასაძინებლად. მეორე დილით რიჟრაჟზე, რიბირაბოს რომ ვეძახით კახეთში, დამიძახა. ისე ადრე დგებოდა, რომ მზის ამოსვლისთვის დაესწრო ვენახში მისვლა. იქამდე კაი ორი კილომეტრი იყო. წამოვხტი. მარანში შევედით, პურითა და ყველით ვისაუზმეთ. 50-გრამიანი ყანწი ჰქონდა, არაყი ჩამოასხა და დავლიეთ. მერე გარეთ გავედით. ალაზნის ველი აელვებული მოჩანდა, მზე ამოდიოდა. აბა, შეიძლებოდა, რომ ეს არ დაგენახა მე და შენო, გათენებაზე ლამაზი რა არისო. მერეღა მივხვდი, რას ნიშნავს ხვალინდელი დღის გათენების სადღეგრძელო და ეს ჩემი უსაყვარლესი სადღეგრძელოა.