თურქეთის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები, სისხლიანი დაპირისპირება თურქეთის სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს იწირავს, არ წყდება სისხლიანი შეტაკებები სირიაშიც, სადაც სცენაზე რუსეთის გარდა, კიდევ ერთი ახალი მოთამაშე „ისლამური სახელმწიფო“ გამოჩნდა, რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებს. სისხლიანი დაპირისპირება გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის. რა ხდება დღეს რეგიონში, სად აღმოჩნდება ამ დროს საქართველო და როგორ გადაწყვეტს პრობლემას დასავლეთი - ოფიციალურად ჩაერევა თუ არა „აღმოსავლეთის ფრონტის“ ორომტრიალში? For.ge სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ დღეს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და იმ სისხლიან დაპირისპირებას, რომელიც თურქეთის ტრიტორიაზე მიმდინრეობს?
-ეს არის არა მარტო ჩვენი მეზობელი ქვეყნის, არამედ მთლიანად, რეგიონის და ვიტყოდი,მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემაა. ეს არ არის ლოკალური დაპირისპირების გამოვლინება, ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შედეგია ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და განსაკუთრებით „ისლამური სახელმწიფოს“ სცენაზე გამოსვლის შემდგომ.
საქართველოსთვის ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. ვფიქრობ, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისგან ეს მოითხოვს ბევრად უფრო სერიოზული ნაბიჯების გააზრებას და გადადგმას.
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის შემდგომ, უკრაინამაც გადაუკეტა საჰაერო სივრცე რუსეთს, რომელსაც სირიის სახელმწიფოს იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებენ. რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში სულ უფრო მეტი ქვეყნები ჩაებმებიან?
-ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის ორომტრიალში, ფაქტობრივად, რეგიონის ყველა სახელმწიფოა ჩართული. საფრთხე ამწუთას უშუალოდ „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებიდან მომდინარეობს, უკანასკნელ დღეებში მეტად შემაშფოთებლად ვითარდება მოვლენები ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთს სურს ისარგებლოს შექმნილი პრობლემებით რეგიონში და თავისი დიდი ხნის სტრატეგიული მოკავშირის - ასადის რეჟიმი გადაარჩინოს, როგორც ჩანს, იგი საკმაოდ დესტრუქციულ მოქმედებაზეც არ იტყვის უარს. ამასობაში უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ იგი ინტენსიურად ამარაგებს იარაღით, ასევე, ინსტრუქტორებით სირიის რეჟიმს და სულ უფრო ძლიერდება ინფორმცია იმის შესახებ, რომ რუსეთის გაძლიერებული კონტიგენტი პირადად ჩაერთოს სირიის მოვლენებში.
რა თქმა უნდა, ამას საერთო არაფერი აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს არის რუსეთის მცდელობა, გაიძლიეროს სამხედრო პოზიციები ახლო აღმოსავლეთში და დაიბრუნოს ის, რაც მან 90-იან წლებში დაკარგა.
დასავლეთი ამჯერადაც მხოლოდ ისევ შეშფოთებას და აღშფოთებას დასჯერდება?
-ძნელი სათქმელია, რეაქცია რა შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ რეაქცია ბევრად მწვავე და აქტიური უნდა იყოს, რადგან ფსონი უფრო სერიოზული პრობლემის გამწვავებაზე იდება. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება, დღემდე შეუდარებლად მწვავე ფაზაში გადავიდეს.
ზოგიერთი მიმომხილველი ცივ ომსა და მის ახალ ეტაპზე საუბრობს; საუბრობენ დაპირისპირებაზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ნატოსა და რუსეთს შორის, მაგრამ სჯობს, თავი შევიკავოთ კონკრეტული პროგნოზების კეთებისგან. სიტუაცია საკმაოდ რთულია და მარტივად მისი გადაწყვეტა ძნელი იქნება; მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია, უდავოა.
თურქეთი ბევრ საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტშია ჩართული; მის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირება შექმნის თუ არა ეკონომიკურ პრობლემებს და სად აღმოჩნდება ამ დროს საქართველო, როცა რამდენიმე ასეულ კილომეტრში სისხლიანი დაპირისპირებაა?
-რეგიონში დესტაბილიზაციის ყოველი ფაქტი ჩვენს ინტერესებს აზიანებს. თურქეთში არასტაბილურობა ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოა და არა მხოლოდ ეკონომიკური -დევნილების შესაძლო გამოჩენით - დასრულებული, ექსტრემისტული ძალების გადაადგილებით რეგიონში.
შესაძლო დესტაბილიზაცია არ აწყობს ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც - ამიტომ არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები მეტად შემაშფოთებელი.
რაც შეეხება ბიზნეს-პროექტებს, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი, უსაფრთხოების პრობლემებს ითვალისწინებს და ა.შ - ამგვარ პირობებში, რა თქმა უნდა, ხელი შეეშლება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას - ვგულისხმობ ყველა ქვეყანას, ასევე, დაწყებულ, შეჩერებულ და მომავალი, პერსპექტიული პროექტების განხილვასაც; ამიტომ არის აუცილებელი ზომების მიღება სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
აუცილებელ ზომებში რას გულისხმობთ და ვინ უნდა მიიღოს?
-ყოველგვარ მცდელობას პოლიტიკურიდან დაწყებული და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც დამთავრებული. ისეთი აგრესიული მოვლენა, როგორიც „ისლამური სახელმწიფოა“, „მგლის თავზე სახარების კითხვით“ არ დამორჩილდება. ამ აგრესიას მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ; ასევე, მტკიცე პოზიციაა საჭირო და ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე დღემდე, იმ აგრესიის აღსაკვეთად, რომელსაც რუსეთი ახორციელებს; ეს აგრესია მარტო უკრაინის წინააღმდეგ როდია მიმართული, ის მთელ რეგიონს აზიანებს.