„რა? სად? როდის?“ სკამებიდან - პირდაპირ პარლამენტში?!

„რა? სად? როდის?“ სკამებიდან - პირდაპირ პარლამენტში?!

„ქართულმა ოცნებამ“ ინტელექტკლუბის წევრებთან კონსულტაციები გამართა და გადაწყდა, რომ ინტელექტუალები პარტიულ საქმიანობაში ჩაერთვებიან. როგორც ირკვევა,  თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება, რადგან საამისოდ ორმხრივი თანხმობა არსებობს.

რაც შეეხება ლიდერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის- ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის იერარქია კარგად არის ცნობილი - ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილია და ამ გუნდით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეიძლება. პარტიის ძირითად ბირთვში კი დარჩებიან ის ლიდერებიც, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ 2011 წლიდან მოჰყვებიან.

„რა? სად? როდის?“ წევრების მიმართ არც ნაცმოძრაობა იყო გულგრილი. თავის დროზე ნიკა გვარამია სწორედ ამ კლუბის წევრი იყო. ინტელექტკლუბის წევრების გარდა, ნაციონალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ოკეანის გაღმა განათლებამიღებულები. თუმცა როგორც შედეგმა აჩვენა, მაინცდამაინც დიდი სარგებელი უცხოეთში განათლებამიღებულებს ქვეყნისთვის არ მოუტანიათ.

ინტელექტკლუბთან თანამშრომლობაზე არც ახალ ხელისუფლებას უთქვამს უარი.  „ოცნებამ“ ფსონი გედევან ფოფხაძეზე დადო, რომელმაც, ასევე, ამ ინტელექტკლუბიდან დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ამჟამად კი საკადრო სიმწირის პირობებში მყოფი „ოცნება“  „საზოგადოება 2030“-ის წევრებზე ამყარებს იმედს. თუმცა ექსპერტები დაობენ იმაზე, „ოცნების“ წიაღში რა პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ ინტელექტუალები მმართველმა გუნდმა შეინარჩუნოს?!

ზოგადად, საინტერესოა ისიც, რატომ ხდება ყოველი არჩევნებისთვის ინტელექტკლუბის წევრთა მიზიდვა და რატომ არის ქართული პოლიტიკური ელიტა საკადრო ჩიხში მოქცეული?

ექსპერტ არჩილ გამზარდია„რა? სად? როდის?“ ინტელექტუალებით გუნდის დაკომპლექტების იდეა მოსწონს და For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წინა არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიაში ტენდენციურად შეიყვანა სხვადასხვა პროფილის ადამიანები, რომლებიც მათ ნაციონალებთან ომში გამოადგნენ. ამის გამო მოგვიანებით ბევრი სირთულე შეხვდა „ქართულ ოცნებას“.

„ამიტომ კარგი გადაწყვეტილებაა, მართლაც ინტელექტუალური და კვალიფიციური რესურსით დააკომპლექტონ პოლიტიკური პარტია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამავე ინტელექტკლუბთან იყვნენ ასოცირებულნი, მაგრამ ისინი პოზიტიური იმიჯით ვერ დაიკვეხნიან. ამიტომ ცალკეული პიროვნებების იმიჯმეიკინგის წარმოება კიდევ ცალკე თემაა და ის არ არის მარტივი პროცესი. ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ადამიანურ რესურსთა მწვავე დეფიციტი აქვთ. არსებობენ ერთი ადამიანით დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიები. კადრების სიმწირის მხრივ არც „ქართული ოცნებაა“ გამონაკლისი.  გარკვეული ხნის განმავლობაში საშუალება მომეცა, უფრო ხშირი ურთიერთობა მქონოდა მმართველ ძალასთან და დავრწმუნდი, რომ ისინი საკადრო და ადამიანური რესურსების მწვავე დეფიციტში არიან. თუმცა რამდენად შეძლებენ, გაუფრთხილდნენ უკვე მათთან მყოფ ადამიანებს, ეს ცალკე თემაა.

თვითონ „საზოგადოება 2030“-ის ფარგლებშიც მიმდინარეობს ძალთა ბალანსის გადანაწილება და იქ არიან საინტერესო ადამიანები, მაგრამ „საზოგადოება 2030-მა“ თავად ამ ადამიანებს არ შეუქმნა დიდი მოტივაცია, რომ იქ დარჩენილიყვნენ და თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. არაერთი ადამიანი ვიცი, რომელმაც აღარ არჩია „2030“-თან თანამშრომლობა.

საქართველოში ერთი ცუდი ტენდენცია გვაქვს, ადამიანებს სამუშაო მოტივაციას არ ვაძლევთ. ხშირად ვაწყდებით რთულ და მახინჯ საკომუნიკაციო სივრცეს პარტიის აღმასრულებლებთან, ეს არის ინტრიგები, არასასურველი დინება, რაც აფრთხობს იქ მყოფ საინტერესო ადამიანებს. ან არწივი უნდა იყო, რომ ცაში აფრინდე, ან ქვემძრომი, რომ აძვრე, ამიტომ ასეთ სივრცეს ღირსეული ადამიანები განერიდებიან. ადგილზე კი რჩებიან ადამიანები, რომლებიც არასასურველი დინებებით ცდილობენ ფონს გასვლას“,-აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

მანვე განმარტა, რომ დღევანდელ მმართველ ძალას (ისევე, როგორც ძველ მმართველ ძალას)  ინტრიგის მხლართავი ადამიანები დიდი რაოდენობით ჰყავს შემოკრებილი. თუ მმართველ ძალაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებად კვლავაც აქტიურად დარჩებიან ასეთი ადამიანები, მათთან შესული ნებისმიერი სუბიექტი მხოლოდ დროებით შევა და მერე ეს ხალხი თავადვე დაუპირისპირდება ამ ძალას.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში კადრების დეფიციტია, მით უმეტეს, ინტელექტუალური კადრების დეფიციტი. ჩვენი პარტიული და სახელისუფლო ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, რომ ბუნებრივად ხდებოდეს კადრების შერჩევა.

თუ რატომ კეთდება აქცენტი ინტელექტუალურ შემადგენლობაზე, ამას პოლიტოლოგი შემდეგ ახსნას უძებნის - პირველ რიგში, ეს არის ცნობადობა. ამ ადამიანების გაპიარება და საზოგადოების წინაშე წარმოჩენა უფრო ადვილია. შესაბამისად, ინტელექტუალური კლუბის წევრები ხდებიან ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ თუ სხვა.

„ფაქტობრივად, ეს კარგ საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას უთხრას, რაც ქვეყანაში რესურსია, სწორედ იქიდან ვიზიდავთ საუკეთესოს, ვიზიდავთ იმ ინტელექტუალებს, რომლებსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად პატივს სცემს, რომლებიც ჯერჯერობით არ ყოფილან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულნი და გამოცდილება დაგროვილი არ აქვთ, მაგრამ არც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მათდამი საზოგადოებას.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, მიიზიდოს ეს კადრები. საინტერესოა მეორე მხარეც, რასაც ყურადღებას აქამდე არავინ აქცევდა. კერძოდ ის, რომ ინტელექტუალებს მხოლოდ ხელისუფლებისკენ გაურბით თვალი. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა, ალბათ, „ქართული ოცნების“ წევრები გახდებიან, რადგან „ოცნებაა“ ხელისუფლებაში.

ეს სამწუხარო რეალობაა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ქართულ რეალობაში და, ალბათ, ეს პროცესი გაგრძელდება. პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში იმგვარადაა მოწყობილი, რომ პარტიული დემოკრატიაც არ არსებობს. ისეთი პოლიტიკური მოღვაწე, როგორიც ჩერჩილია, დღეს ვერ დაიკავებდა პარტიის ლიდერის პოსტს. ამ დროს მთელი სისტემები მუშაობს დასავლეთში, რომ შერჩეულ იქნას პარტიული და საკადრო რესურსი და გუშინდელი ინტელექტუალი ხვალ არ გახდეს პარლამენტის წევრი.

მით უფრო, რომ პარლამენტარის სამუშაო ძალზე განსხვავდება სხვა ნებისმიერი პროფესიისგან - თუ პოლიტიკაში გინდა, რაღაც სკოლა უნდა გაიარო. სამწუხაროდ, არ დამთავრდა პროცესი, როცა ქუჩიდან ხდებიან პარლამენტის წევრები. მერე გვიკვირს, რომ პარლამენტში არ მიმდინარეობს მუშაობა, აღარაფერს ვამბობ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, საქართველოში არსებული პარტიული თუ პოლიტიკური რესურსი ორი პარტიისთვისაც არ არის საკმარისი. ჩვენთან კი რამდენი პარტიაა და ეს რესურსი გადანაწილებულია ძირითადად პარტიულ ლიდერებზე.

„ნიკა გვარამიასგან განსხვავებთ, გედევან ფოფხაძეს რაღაც ეტაპები გავლილი აქვს. იგი საკმაოდ დიდი ხანია, პოლიტიკაშია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც „რა? სად? როდის?“ სკამიდან შეიძლება პირდაპირ გახდნენ პარლამენტარები ან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. ეს არც მათთვისაა კარგი და არც ქვეყნისთვის. ამ კომპლექსურ პრობლემას საარჩევნო სისტემის შეცვლა სჭირდება, რადგან პროპორციული სისტემა კადრების კიდევ უფრო დიდ დეფიციტს აჩენს“.