„სავალუტო ფონდის წინაშე ვფიცავ“

„სავალუტო ფონდის წინაშე ვფიცავ“

ორიოდე კვირის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით, 150 ქვეყანას შორის 58-ე საპატიო ადგილი დაიკავა.

ამ მონაცემმა ქვეყნის ეკონომიკური გუნდი კიდეც აღაფრთოვანა და მომავალი წარმატებების იმედითაც შეაფრთიანა,

თანაც იმდენად, რომ ოპონენტებს, მიუხედავად ქილიკისა, რა ეკონომიკურ ზრდაზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი შიმშილობსო, ამ ცნობით მოგვრილი სიამოვნება არ ჩააშხამებინა.

თუმცა, მოგვიანებით „პეიზაჟი“ კინაღამ სავალუტო ფონდმა გააფუჭა. მოგეხსენებათ, ვარდების რევოლუციის შემდგომ ჩვენს ქვეყანასა და ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას შორის შესაშურად ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდა: ჩვენი ეკონომიკური გუნდი მათ მიერ მოცემულ დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდა, რის სანაცვლოდაც მთავრობა ტრანშებით მარაგდებოდა, რომლებიც ლარის გამყარებასა და კიდევ რაღაც-რაღაცეებს ხმარდებოდა.

საბოლოო ჯამში, დღიდან თანამშრომლობისა ჩვენს ქვეყანას ამ ორგანიზაციის სოლიდური ვალიც დაუგროვდა, კერძოდ, 232 მილიონი დოლარი (სხვა მსხვილ მევალეთა შორის არიან:  მსოფლიო ბანკი - 706 მილიონი დოლარი, ევროგაერთიანება - 107 მილიონი დოლარი და რუსეთი - 150 მილიონი დოლარი, დანარჩენი თოთხმეტი მოვალისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა 400 000-დან 91 მილიონ დოლარამდე მერყეობს).

სავალუტო ფონდმა 2004-2007 წლებში საქართველოსთვის 144 მილიონი დოლარის 7 ნაწილად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისიის ხელმძღვანელობა ლარის ინფლაციამ (ეს მაჩვენებელი 13 პროცენტია, თუმცა სავალუტო ფონდის ჩამოსვლამდე ჩვენ გვაჯერებდნენ, ჰა და ჰა, 6 პროცენტიაო) შეაფიქრიანა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ყველაფერში დამნაშავე საერთაშორისო პროცესებია და ღვთისა და სავალუტო ფონდის წინაშე ფიცავს, რომ ინფლაციას უმოკლეს ვადაში ერთნიშნა რიცხვამდე დაიყვანს.

სავარაუდოდ, სავალუტო ფონდისა და საქართველოს ურთიერთობა „ჰეფი ენდით“ დასრულდება, თუმცა სრულიად გაუგებარია, თუკი ლარს ისევ ხელოვნურად ამყარებენ, რა ზრდის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელს და, თუკი ეკონომიკური განვითარება უპრეცედენტოა, რატომ აქვს საქართველოს 700 000 მოქალაქეს ღატაკის სტატუსი, ერთი ამდენი კი ამ სტატუსის მოპოვებაზე მეოცნებეა?!