არჩევნებში მონაწილე პარტიების დანახარჯი

არჩევნებში მონაწილე პარტიების დანახარჯი

რესპუბლიკის კონტროლის პალატა საყოველთაო არჩევნების შემდეგ თანხების ხარჯვის მართლზომიერებას ამოწმებდა.

კანონით არჩევნებში მონაწილეობისთვის თანხის ხარჯვის ზღვრული ოდენობა იყო დადგენილი: მაჟორიტარებისთვის 2000 ლარი, პარტიებისთვის პარტიულ სიაში არსებულ კანდიდატთა რაოდენობის 2000-ზე ნამრავლი, და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის კი 150 000 ლარი.

თუ რუსეთში პოლიტიკოსებმა დადგენილ ზღვარს კიდეც გადააჭარბეს, ამ მხრივ ქართველები ვერ დაიკვეხნიან. პირიქით, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მიზერული თანხებით მონაწილეობდნენ არჩევნევნებში და ზოგიერთმა მათგანმა გამარჯვებაც მოახერხა.

არჩევნებში მონაწილე პარტიები სამ კატეგორიად იყოფა: მდიდრები, საშუალო და ღარიბები. მდიდრების სახელს უდაოდ მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი ისაკუთრებენ. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მკ-მა აშკარად მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ასლან აბაშიძის ერთგულმა პარტიამ. თუმცა, ისიც გასარკვევია, „აღორძინებამ“ (თურქეთში დაბეჭდილი მაღალხარისხოვანი რეკლამების მიხედვით) მართლა ამდენი დახარჯა? მაგრამ ფაქტი ჯიუტია და რესპუბლიკის კონტროლის პალატამ ზედმეტი თანხა ვერ აღმოაჩინა. ახლა თქვენს ინტერესს დავაკმაყოფილებ და გაგიმხელთ, რომ მკ-მა საერთო ჯამში 115 600 ლარი, ხოლო „აღორძინებამ“ 85 350 ლარი დახარჯა.

შემდეგი კატეგორია საშუალო ფენაა. ამ ჯგუფში ტრადიციონალისტთა კავშირის აშკარა უპირატესობა იგრძნობა. მათ საარჩევნო ფონდში 13 180 ლარი ჰქონდათ, საერთო ჯამში შემოწირულობების ჩათვლით 16 000 ლარამდე დახარჯეს, შემდეგ სხვების ფონდზე, ასევე აშკარა უპირატესობით სოციალისტური პარტია გამოირჩევა (ვახტანგ რჩეულიშვილის მეთაურობით). მათ საარჩევნო მარათონი სულ რაღაც 14 685 ლარით გაიარეს. თითქოს ბედის ირონიაა, ედპ-მ მათთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები ფინანსებით გამარჯვება შეძლო. ედპ-ს ანგარიშზე 6 545 ლარია. ფულის ხარჯვაში მათ ღვთისშვილთა კავშირმა სულ რაღაც 1000  ლარით გადააჭარბა, მაგრამ ამომრჩეველი დაუნდობელია და მათ პარლამენტში ადგილი არ მოუწიათ. ამომრჩეველთა აშკარა სიმპათია, ვერც ღარიბებმა დაიმსახურეს, როგორც წესი, ღარიბებს ღარიბი არ მოწონს! თუმცა ამ ფაქტს არჩევნების შედეგებზე დიდად არ უმოქმედია. „ღარიბებში“  ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელსაც საარჩევნო ფონდში არც ერთი თეთრი არ აქვს ჩარიცხული. სულ არარაობას მაინც სჯობიაო და საგვარეულოღა კავშირმა თავის ანგარიშზე სიმბოლურად 30 ლარი „დასვა“.  მეორე, მესამე ადგილები ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ 500 ლარით  და გაერთიანებულმა რესპუბლიკურმა პარტიამ  611 ლარით გაიყვეს.

ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ დახარჯული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ მათგანს გადახარჯვა არ ჰქონია. პირიქით, პანტელეიმონ გიორგაძეს საარჩევნო ფონდში არც ერთი თეთრი არ ჰქონდა. ჯუმბერ პატიაშვილმა, პრეზიდენტობა 2 953 ლარით მოინდომა. სამაგიეროდ, ამჟამად უკვე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მათ ფონზე საკმაოდ სოლიდური თანხა 126 000, 26 ლარი დახარჯა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბატონმა ედუარდმა გამოუყენებელი თანხები უკან დააბრუნა, ბუღალტრული აღრიცხვა კი გერმანული სიზუსტით არის დაცული.

როგორც ხედავთ, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთის არჩევნების ფონზე საკუთარი არჩევნები მიზერული თანხებით ჩაატარეს.

კონტროლის პალატა, კი ფარატინა ქაღალდებით ჭეშმარიტების დადგენას ცდილობს. ამჟამად, საარჩევნო კანონშემოქმედნი გათვლის სიზუსტეში მოტყუვდნენ, რადგან უკვე ვერც თავის დროზე ქუჩაში გაკრულ რეკლამებს და ვერც სტამბებში მათ რაოდენობას ვეღარ დაადგენენ. როგორც იტყვიან წასულ მატარებელს ვეღარ დაეწევიან.

რესპუბლიკის კონტროლის პალატის ცნობით, გამოყენებული ფინანსების რაოდენობა არჩევნებში მონაწილეთაგან მხოლოდ 27-მა პარტიამ წარმოადგინა. არსებული კანონით დანარჩენებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. მათ შეუძლიათ ბლოკები და პარტიები დაშალონ და ოთხი წლის შემდეგ ახალი სახელწოდებებით მოგვევლინონ.